საგანგაშო და საშიში სიგნალი დასავლეთისთვის?! - რატომ მიიღო სი ძინპინმა პუტინი ისე, რაც ენტონი ბლინკენს არ ღირსებია - Newsweek
"ჩინეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულიად განსხვავებულად მიიღო, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი",- ნათქვამია აშშ-ის ჟურნალ „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ჩინეთი პუტინს განსხვავებულად მასპინძლობს, ვიდრე - ენტონი ბლინკენს“ (ავტორი - ბრენდან კოული).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„რუსეთის პრეზიდენტს პეკინის საერთაშორისო აეროპორტში წითელი ფიანდაზით და საპატიო ყარაულით შეხვდნენ, რაც არ ღირსებია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, როცა იგი „ცისქვეშეთის“ დედაქალაქს ივნისში ეწვია.
მართალია, სახელმწიფოს მეთაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღება-დახვედრის წესები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ, ზოგადად, ორი სტუმრის მიღებას თუ ერთმანეთს შევადარებთ, აშკარად ჩანს, რომ პუტინი ჩინეთმა პომპეზურად მიიღო, ბლინკენს კი, როგორი დახვედრაც მას ეკუთვნოდა, ისიც კი არ აღირსა. ეს გასაგებია, რადგან გარკვეულწილად, დიპლომატიური პროტოკოლიდან გადახვევა იმით იყო განპირობებეული, რომ ენტონი ბლინკენის ჩინეთში ჩასვლა რიგი ინციდენტების ფონზე მოხდა - გავიხსენოთ ჩინური „საჰაერო ბურთ-ჯაშუშის“ გამოჩენა აშშ-ის საჰაერო სივრცეში, რამაც პეკინ-ვაშინგტონს შორის ცუდი კვალი დატოვა.
როგორც უფლებადამცველმა ჯენიფერ ძენმა აღნიშნა სოციალურ ქსელში, ენტონი ბლინკენს მხოლოდ აშშ-ის ელჩი დახვდა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წვრილფეხა ჩინოვნიკი, რომელიც კომუნისტურ ჩინეთში ყველაზე დაბალი რანგის მქონე მოსამსახურეს წარმოადგენს. „არავითარი ფიანდაზი და ხალიჩები. არავითარი მისასალმებელი შეძახილები, არავითარი ორკესტრი. ამერიკელი სტუმრის ესოდენ ცივი მიღება, ჩინური კულტურის მიხედვით, „წინასწარგანზრახულ დამცირებას“ ნიშნავს“.
იმ ხანებში „ნიუსვიქის“ კორესპონდენტმა კომენტარისათვის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია.
პეკინში ჩასვლამდე ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხს, რომელშიც მან ისაუბრა მოსკოვისა და პეკინის მტკიცე კავშირებზე და რომ 2024 წელს რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუში თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს „მეგობარი“ უწოდა, რაც გასაგებია: რუსეთს იმედი აქვს რომ ჩინეთი თავისი მოკავშირის დიპლომატიურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს უკრაინის ომის ფონზე.
სხვათა შორის, ეს ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის პირველი ყოფნაა საზღვარგარეთ, ყოფილი საბჭოთა სივრცის მიღმა, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოწერა. კრემლის საბედნიეროდ, ჩინეთს ხელი არ აქვს მოწერილი სასამართლოს რომის სტატუტზე და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ამ მხრივ რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორდღიანია. იგი მონაწილეობს ფორუმში „ერთი გზა - ერთი სარტყელი“. რა თქმა უნდა, რუსეთის ლიდერი თავის ჩინელ კოლეგასაც შეხვდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ