მოხდა ის, რისიც კრემლს ძალიან ეშინოდა - ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა 17 ოქტომბერს რუსებს შავი დღე გაუთენეს - კვირის პალიტრა

მოხდა ის, რისიც კრემლს ძალიან ეშინოდა - ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა 17 ოქტომბერს რუსებს შავი დღე გაუთენეს

მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოს მთელი ყურადღება ისრაელ-პალესტინის მორიგი დიდი ომის შესაძლო დაწყებისკენაა გადატანილი, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების დაინტერესება მაინც გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომის 601-ე დღეს მომხდარმა ფაქტმა, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდნენ-ამ ომში ბოლოს და ბოლოს გამოჩნდნენ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც...

17 ოქტომბრის გამთენიისას, უკრაინის მხარემ ოკუპირებული ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომებს ზუსტი სარაკეტო დარტმები მიაყენა, რის შედეგადაც რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს სხვადასხვა ტიპის არანაკლებ 9 შვეულმფრენი, აჰაერო თავდაცვის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და აეროდრომებზე განთავსებული სპეციალური ტექნიკა, ამასთან მოხდა იქ დასაწყოებული საავიაციო რაკეტებისა და ბომბების დეტონაციაც, რამაც საერთო ჯამში რამდენიმე ათეული ოკუპანტის დაღუპვა და დაჭრა გამოიწვია...

1-ata-1697613056.png
HIMARS -დან ATACMS -ის გაშვების მომენტი...

ეს გახლდათ რუსი ოკუპანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი ომის ბოლო პერიოდში, რაც თავიდან მათთვის დაუჯერებლად მოჩანდა, რადგან ოკუპირებულ ბერდიანსკთან განთავსებული აეროდრომი 90 კმ-ზე მეტადაა დაშორებული ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზიდან და უკრაინელები ამერიკული HIMARS -ებიდან და MLRS-ებიდან გაშვებული GMLRS -ის ტიპის მართვადი რაკეტებით ვერ სწვდებოდნენ მას, რადგან ამ რაკეტების ფრენის მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 84 კმ-ს შეადგენს. ამასთან რაკეტების ზალპისთვის „ჰაიმარსის“ დანადგარის მიყენება უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს, მოწინააღმდეგის მიერ მისი აღმოჩენისა და განადგურების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც უკრაინელების „ჰაიმარსები“, როგორც წესი ფრონტის ხაზიდან 10-20 კმ-ის სიღრმიდან მაინც ახორციელებენ რაკეტების გაშვებას. ბერდიანსკის აეროდრომზე რუსული შვულმფრენების აფეთქებისა და დაწვის შემდეგ, ოკუპანტებმა აეროდრომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რამდენიმე რაკეტის მსხვილი ფრაგმენტები, რომლებზეც ინგლისურად ძალზე გარკვევით ეწერა-MGM-140A ATACMS Block 1...

ანუ მოხდა ის, რასაც კრემლი ასე უფრთხოდა-აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს, თითქმის ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ, მაინც დაურთვია ნება უკრაინის არმიისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ATACMS -ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის თაობაზე!

შესაბამისად, თუკი აქამდე რუსეთის საოკუპაციო ძალები „ჰაიმარსებიდან“ გაშვებულ და 84 კმ-ზე მფრენ GMLRS -ის რაკეტებს უფრთხოდნენ, რის გამოც თავიანთი შტაბები,შეიარაღების საწყობები და შვეულმფრენების სადგომები ფრონტის ხაზიდან ზურგში 100 კმ-ზე „ჩააჩოჩეს“, ამ ომში ATACMS -ების გამოჩენის შემდეგ,მათთვის უკვე არც ეს 100 კმ დარჩება უსაფრთხო მანძილად...

მაგრამ რა სიშორემდე შეიძლება უფრთხოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის არმიაში გამოჩენილ პირველ ამერიკულ ბალისტიკურ რაკეტებს, ნუთუ 300 კმ-ის სიღრმემდე?

2-ata-1697613121.png
მიზანთან მიახლობისას ATACMS-ის კასეტური საბრძოლო ქობინი ბრუნვას იწყებს და ჰაერში გამოყრის 950 ერთეულ საბრძოლო ელემენტს, რომელთაგან თითოეული მიწაზე დაცემისას 15 მ-ის რადიუსში აზიანებს ცოცხალ ძალას და შეუჯავშნავ ტექნიკას...

და აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რადგან როგორც აღმოჩნდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლომდე მაინც ვერ „გარისკა“ კრემლთან მიმართებაში და უკრაინელებს მიაწოდა არა 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე MGM-140B ATACMS Block 1A ტიპის რაკეტები, არამედ მისი სულ პირველი მოდიფიკაცია MGM-140A ATACMS Block 1-ი,რომელიც მხოლოდ...165 კმ-ზე მიფრინავს!

ამასთან, ამ პირველი მოდიფიკაციის ATACMS -ები დამიზნების მხოლოდ ინერციული სისტემით არიან აღჭურვილნი და არ უყენიათ GPS-ის თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა, რაც მათი მიზანში მოხვედრის სიზუსტეს მნიშვნელოვნად ამცირებს...

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს:

პირველი - ბერდიანსკის აეროდრომისკენ გაშვებული სამივე ATACMS -ი(რომლებიც სხვათაშორის,1996 წელს იყო წარმოებული) მიზანს-აეროდრომის დიდ ფართობს არ ასცდა, შეიძლება იმიტომაც, რომ არ „სარგებლობდა“ GPS-ის დამიზნების სისტემით, რადგან რუსეთს ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მისადგომებთან ძლიერი რადიელექტრონული ბრძოლის საშუალებები ჰყავთ განთავსებული, რომლებიც ახშობენ GPS-ის სიგნალს, მაგრამ ვერაფერს აკლებენ საფრენი აპარატის ინერციული ნავიგაციის ხელსაწყოებს.

3-ataa-1697613172.png
4 ივნისს, უკრაინული კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომზე 27 შვეულმფრენი გადაისროლა, მათ შორის ის Ка-52 „ალიგატორებიც“, რომლებმაც შორსმოქმედი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეტევაზე გადასული არაერთი უკრაინული ჯავშანტექნიკა ააფეთქეს, უკრაინელებს მაშინვე რომ ჰქონოდათ ATACMS -ები, მათი კონტრშეტევები შეიძლება წარმატებული აღმოჩენილიყო...

მეორე - უკრაინელებისთვის გადაცემული პირველი მოდიფიკაციის ATACMS -ები მართალია მხოლოდ 165 კმ-ზე მიფრინავენ, მაგრამ სამაგიეროდ მათი კასეტური საბრძოლო ქობინები 560 კგ-ს იწონიან და მათში 950 საბრძოლო ელემენტია განთავსებული, 300 კმ-ზე მფრენ გაუმჯობესებული მოდიფიკაციის რაკეტის 160 კგ-იან კასეტურ საბრძოლო ქობინში კი მხოლოდ 275 საბრძოლო ელემენტია.

ასე რომ, უკრაინელებმა ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომების დაბომბვისას(როდესაც ძალიან დიდი სიზუსტეც არ არის საჭირო, რადგან ჯერ კიდევ ჰაერში გაშლილი 950 ერთეული საბრძოლო ელემენტის აფეთქება დიდ ფართობს ფარავს და განკუთვნილია შეუჯავშნავი ან მცირედშეჯავშნული შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების დასაზიანებლადაც) გამოიყენეს ყველაზე ოპტიმალური იარაღი, მაგრამ რას იზამენ, თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალები კიდევ უფრო უკან „ჩააჩოჩებენ“ თავიანთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს ან როგორ მისწვდებიან ყირიმის ხიდს, რომლამდეც ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 260 კმ-ია?

ამ ომში პირველი ATACMS -ების ბოლოს და ბოლოს გამოჩენის მიუხედავად, უკრაინის არმიას მაინც სჭირდება ამ ბალისტიკური რაკეტების 300 კმ-მდე მფრენი მოდიფიკაციებიც, რომლებსაც ამერიკული მხარე იმედია, ადრე თუ გვიან მაინც მიაწვდის კიევს...

P.S. არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება...

4-ata-1697613220.png
ბერდიანსკის აეროდრომზე განხორციელებული წარმატებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუს ოკუპანტებს გულის მოსაოხრებლად, ATACMS-ების მხოლოდ ეს ფრაგმენტები დარჩათ დასათვალიერებლად და ფოტოების გადასაღებად...

4 ივნისს, როდესაც უკრაინის არმიამ დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონტრშეტევები წამოიწყო, მათ შორის ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთზეც, შეტევაზე გადასულ უკრაინულ ჯავშანტექნიკას მარტო რუსული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და არტილერია როდი აფეთქებდა, რუსი ოკუპანტები სწორედ ბერდიანსკის აეროდრომიდან აფრენილი „ალიგატორებიდან“ გაშვებული „ვიხრის“ მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითაც წვავდნენ უკრაინელების „ლეოპარდებსა“ და „ბრედლებს“...

სწორედ მაშინ, ჯერ კიდევ ამ კონტრშეტევების დაწყების წინ რომ გადაეცათ ამერიკელებს ეს, თუნდაც მხოლოდ 165 კმ-მდე მფრენი ATACMS -ები, ხომ აქამდე არაერთხელ დაბომბავდნენ უკრაინელები ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომზე განთავსებულ რუსულ შვეულმფრენებს და შესაბამისად, შეამცირებდნენ მათგან წამოსულ საფრთხეს შეტევაზე გადასული თავიანთი ტანკებისთვის?

უბრალოდ, ძალიან ბევრი უცნაურობები ხდება რუსეთ-უკრაინის ომში, მათ შორის დასავლეთის მხრიდან, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ ამ ომის დროში რაც შეიძლება დიდი ხნით „გაჭიმვა“ სურთ, თუნდაც რუსეთის ომის ჭაობში ჩარჩენის გამო, მაგრამ გაუძლებს კი ომის წლებით გახანგრძლივებას თავად უკრაინა, თუნდაც მხოლოდ ადამიანური რესურსით?