ეკუთვნოდა მესის ოქროს ბურთი? - კვირის პალიტრა

ეკუთვნოდა მესის ოქროს ბურთი?

შეიძლება სათაურში დასმულმა კითხვამ ზოგი გააკვირვა, ზოგიც გააბრაზა, მაგრამ ფაქტია, რომ ფიფას მიერ ლიონელ მესის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ზოგიერთი სკეპტიკურად შეხვდა. უბრალო გულშემატკივრებს თავი რომ დავანებოთ, 1991 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, გერმანელმა ლოთარ მათეუსმა თქვა:

- რომ არა ჩავი ერნანდესი მესი "ბარსელონაში" ასეთი ბრწყინვალე არ იქნებოდა. მესი ჩავის გარეშე ნახევარი მესია! ამის დასამტკიცებლად ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო: შეხედეთ ლეოს ჯერ "ბარსელონას" ფორმაში, შემდეგ არგენტინის ნაკრებში, მაშინვე მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ამიტომაც ვისურვებდი, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჩავის მიეღო, რომელსაც მართალია, გოლები იშვიათად გააქვს, მაგრამ "ბარსელონის" თითქმის ყველა გოლში ლომის წვლილი შეაქვს.

ლოთარ მათეუსი ორიგინალური ფრაზებით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცვით, ფიფას გამოკითხვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. უეფას პრეზიდენტი, ფრანგი ექსვარსკვლავი მიშელ პლატინი მესის საუკეთესოდ აღიარებას ეთანხმება, მაგრამ იქვე შეგვახსენებს: - მართალია, დიეგო მარადონამ "ბარსელონასა" და "ნაპოლისთანაც" ბევრს მიაღწია, მაგრამ იგი ყველას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ახსოვს, როცა არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს თასი მოაგებინა, მესის კი ნაკრებთან ერთად არაფერი მოუგია.

ოქროს ბურთის მიღების შემდეგ ლეო მესიმ ლოთარ მათეუსსაც უპასუხა და მიშელ პლატინისაც.

- ოქროს ბურთი ჩემს მეგობარ ჩავის არანაკლებად ეკუთვნის. მეოთხედ მიწევს ამ ცერემონიალზე გამოცხადება და ოთხჯერვე ჩავისთან ერთად ვდგავარ. ის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია.

არგენტინის ნაკრების შესახებ კი ლეომ თამამად თქვა:

- ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტული არ მომიგია. 24 წლისა ვარ და მჯერა, რომ არგენტინასთან მსოფლიოზე ჯილდოს აუცილებლად მოვიპოვებ.

***

დავუბრუნდეთ ფიფას გამოკითხვას. საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად რჩეული სამეულის ჩამოწერა ყველა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელს, კაპიტანსა და ჟურნალისტს სთხოვეს. პირველი ადგილისთვის 5 ქულა იყო განკუთვნილი, მეორესთვის - 3, მესამესთვის - 1.

ლიონელ მესიმ ხმების 47.9% მიიღო, რაც მის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მეორე ადგილი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ერგო, რომელსაც საერთო ხმების 21.6% ერგო. მესამე იყო ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონის" გამთამაშებელი ჩავი (9.2%).

სხვათა შორის, საუკეთესო ფეხბურთელმა მესიმ (არგენტინის ნაკრების კაპიტანია) გამოკითხვაში პირველ ადგილზე სწორედ ჩავი დაასახლა: 1. ჩავი, 2. ინიესტა, 3. სერხიო აგუერო.

არანაკლებ საინტერესოა, ვის ერგო ქართული ხმები. სპორტულ ჟურნალისტთაგან "სარბიელელი" ზურაბ ფოცხვერია და ვახტანგ ბზიკაძე გამოჰკითხეს. მათი სამეული ასეთი იყო: 1. კრიშტიანუ რონალდუ, 2. ლიონელ მესი, 3. იკერ კასილასი.

საქართველოს ნაკრების გადამდგარმა კაპიტანმა კახა კალაძემ პირველი ორი ფეხბურთელი გამოიცნო: 1. ლიონელ მესი, 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. ვესლი სნეიდერი.

არც ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გასჭირვებია ორი საუკეთესოს გამოცნობა: 1. ლიონელ მესი; 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. უეინ რუნი.

***

90-იან წლებში მსგავსი გამოკითხვის შედეგებში ბევრი უცნაურობა გვხვდებოდა, მაგალითად, ჯიბუტის მთავარ მწვრთნელს მსოფლიოში საუკეთესოდ მისი ნაკრების წევრი მიაჩნდა. გერმანელი ლოთარ მათეუსი ახლაც უჩივის სპეციალისტთა გაუთვითცნობიერებლობას:

- თუნდაც ფილიპინებში მხოლოდ ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატების თამაშებს უჩვენებენ, გერმანია და იტალია უყურადღებოდაა. სწორედ ამიტომაა, ბოლო წლებში ფიფას გამოკითხვაში მხოლოდ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატის წარმომადგენლები რომ იმარჯვებენ.

ერთი შენიშვნის შეტანა შეიძლება: ფილიპინებზე ინგლისსა და ესპანეთს იმიტომ უჩვენებენ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ალბიონზე და პირენებზე არიან თავმოყრილი. არ დავმალავ, მირჩევნია "ბარსელონა"-"ესპანიოლის" თამაშს ვუყურო, ვიდრე მათეუსის თანამემამულე "ბაიერნისა" და "ვერდერის" დაპირისპირებას.

საინტერესო სტატისტიკაა: 2008 წლის შემდეგ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში საუკეთესო სამეულში ესპანეთისა და ინგლისის ლიგების მოთამაშეები ხვდებიან. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერიდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა, საუკეთესოები მხოლოდ ესპანეთიდან სახელდებიან.

მართალია, წლეულს გამოკითხვას ბევრი უცნაურობა არ ახლდა, მაგრამ "ზიმბაბვე ნიუსის" ჟურნალისტებმა მაინც შენიშნეს: ჩვენი ნაკრების კაპიტანი ტინაშე ნენგომაშა მესიზე წინ კარიმ ბენზემას აყენებს. ეს სასაცილოაო. აი, ბატონი ტინაშეს სამეული: 1. ანდრეს ინიესტა; 2. უეინ რუნი; 3. კარიმ ბენზემა.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)