"თვალები დახუჭული მქონდა, ყურებზე ხელები ავიფარე, ვლოცულობდი, ჩემს შვილებს ჩავხუტებოდი" - დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი ისრაელში ყოფნის უმძიმეს დღეებს ემოციურად იხსენებს - კვირის პალიტრა

"თვალები დახუჭული მქონდა, ყურებზე ხელები ავიფარე, ვლოცულობდი, ჩემს შვილებს ჩავხუტებოდი" - დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი ისრაელში ყოფნის უმძიმეს დღეებს ემოციურად იხსენებს

7 ოქტომბერს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე, ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო პალესტინურმა დაჯგუფებამ - "ჰამასმა" და თქვა, რომ 2 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს... 50 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის მიმართულებით თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან განხორციელდა...

"იომ-ქიფურის" ომის შემდეგ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ასეთი მძიმე ვითარება ქვეყანაში არასოდეს ყოფილა...

"ვიდრე თვითმფრინავში ჩავსხდებოდით, თვალები დახუჭული მქონდა და ვფიქრობდი, ახლა თუ რამე მოხდება, ჯობია ვერ დავინახო-მეთქი... ყურებზეც ხელები ავიფარე და ვლოცულობდი, ჩემი შვილები ჩამახუტა და ჩემს ქვეყანაში დამაბრუნა-მეთქი. ამას ჩემს გულში იმდენად ხმამაღლა ვამბობდი, ღმერთს რომ გაეგონა... მხოლოდ ეს ერთი სურვილი და ოცნება მქონდა, ღმერთმა შემისმინა", - ამბობს წარმატებული ქართველი დიზაინერი - ფატუნა ბუშიჰედი, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში ისრაელში მიწვევით იმყოფებოდა...

იგი "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ რისი გადატანაც მოუხდა, რის შემდეგაც, სტრესიდან გამოსვლას ერთ კვირაზე მეტხანს ცდილობდა...

- საქართველოდან ისრაელში ბატონმა მიშა ბარამაშვილმა მიგვიწვია ბევრი ქართველი, რომელიც ანსამბლის „ფესვები“ დამფუძნებელი გახლავთ. იგი ქართულ ცეკვებს თავის ულამაზეს მეუღლესთან - ნინა გულკაიშვილთან ერთად ასწავლის.

ერთი დღე ქალბატონ ვერიკო დგებუაძესთან დავბინავდით. საოცრად ამაღლებული განწყობით ვიყავით, იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობდით... შემდეგ სასტუმროში გადაგვიყვანეს, სადაც ჩვენი მასპინძელი, ქალბატონი თეა სირაძე გვესტუმრა, თავის მეუღლესთან, ბატონ გოგიტა სვანიძესთან ერთად... თეა სირაძე და გოგიტა სვანიძე ქართველები არიან, ძალიან დიდი ხანია ისრაელში ცხოვრობენ და ჩვენ მიმართ უდიდესი ყურადღება გამოიჩინეს.

მათ მოგვატარეს ისრაელი. ჩვენს გადაყვანას და ექსკურსიის მოწყობას პალესტინაში აპირებდნენ.... ვიყავით იმ სკვერში, სადაც ქრისტე დააპატიმრეს, ასევე, ქრისტეს საფლავზე, გოლგოთას მთაზე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში...

იმდენად საოცარი ენერგეტიკა, ღვთიური ძალა ტრიალებდა, სიტყვებით აღწერა ძალიან გამიჭირდება. ასე სასიამოვნოდ დაღლილები სასტუმროში რომ დავბრუნდით და დასვენება გადავწყვიტეთ, გამთენიას, ექვს საათზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. საშინელი, ენით აღუწერელი ხმაური იყო ბომბების, რომელიც ბომბის გამანადგურებლისგან ნადგურდებოდა. ის ნაწილები შეიძლებოდა შენობებს ან ადამიანებს მოხვედროდა, ამიტომაც იძულებული ვიყავით სასტუმროს კიბის უჯრედში ან ბუნკერში ჩავსულიყავით, სადაც თავს დაცულად ვიგრძნობდით. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ხდებოდა დაბომბვა... შემდეგ ისრაელის დაცვამ პატრულირება გააძლიერა. ჩვენს თავზე უამრავი ვერტმფრენი დაფრინავდა. ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი ქალბატონი, მათ შორის, ერთ-ერთი ორსული მომღერალი იყო. მის გამო განსაკუთრებულად ვღელავდი, რამე არ დამართნოდა, ღვთის წყალობით გადავრჩით...

შემდეგ ჩვენივე მასპინძლებმა გამოგვამგზავრეს. ისრაელში საქართველოს ელჩმა - ლაშა ჟვანიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ასევე, თეა სირაძემ, გოგიტა სვანიძემ... მათ მიგვიყვანეს აეროპორტში, თან გადაგვყვნენ, ისე გამოგვაცილეს... აეროპორტში უკვე ურთულესი ვითარება იყო, ძალიან ბევრი ხალხი და აბსოლუტურად ყველა შეძრული მომხდარით, ყველა განიცდიდა, რადგან მონიტორებზე სულ წითლად ენთო, გაუქმებული რეისები რომ იყო. ასევე, დაგვიანებული რეისები... უდიდესი შიში იმისა, რომ აეროპორტზე საჰაერო ან სახმელეთო თავდასხმა არ მომხდარიყო...

მოკლედ, რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვენი თვითმფრინავი მოფრინდა, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა და ჩვენი ტრანსპორტირება უზრუნველყო...

ვიდრე თვითმფრინავში ჩავსხდებოდით, თვალები დახუჭული მქონდა და ვფიქრობდი, ახლა თუ რამე მოხდება, ჯობია ვერ დავინახო-მეთქი... ყურებზეც ხელები ავიფარე და ვლოცულობდი, ჩემს შვილებს ჩამახუტა და ჩემს ქვეყანაში დამაბრუნა-მეთქი. ამას ჩემს გულში იმდენად ხმამაღლა ვამბობდი, ღმერთს რომ გაეგონა. მხოლოდ ეს ერთი სურვილი და ოცნება მქონდა, ღმერთმა შემისმინა...

განვიცდიდი იმას, რომ იქ უამრავი ქართველი დარჩა, მათ შორის, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი - ფიქრია მეგრელაძე. მასთან ერთად ვარ ყოველ წამს, ვიდრე ჩამოვა... ფიქრია უნდა ყოფილიყო წამყვანი იმ ულამაზესი ღონისძიებისა, სადაც მოწვეული უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრი საპატიო სტუმარი, ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა იგეგმებოდა, რამდენი რამ და ზუსტად რამდენიმე საათში ყველაფერი ასე შეიცვალა...

ჩემმა ძალიან ბევრმა ქართველ-ებრაელმა მეგობარმა გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოვიდნენ, ან ბავშვები გამოუშვან, რომლებმაც უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს. მეც ამ ყველაფრის შემდეგ ერთ კვირაზე მეტხანს სტრესში ვიყავი, ურთულესი გადასატანი იყო.

ვლოცულობ, რომ სიმშვიდე იყოს სამყაროში.

ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამ ჯოჯოხეთის მსხვერპლია. ვფიქრობ, ყველამ გაცილებით მეტი უნდა ვილოცოთ...

მიყვარხართ!

(სპეციალურად საიტისთვის)