4 საათში „დაბადებული“ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი და პასუხი კითხვაზე: დაიჭერს თუ არა პროკურატურა სალომე ზურაბიშვილს?! - კვირის პალიტრა

4 საათში „დაბადებული“ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი და პასუხი კითხვაზე: დაიჭერს თუ არა პროკურატურა სალომე ზურაბიშვილს?!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტმა თანამდებობიდან ვერ გადააყენა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია - თითქოს „ოცნებამ“ შეძლო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაბირება.

პარლამენტის სხდომის დეტალებზე, რომელიც 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, საუბრისგან თავს არ შეგაწყენთ - ალბათ, უყურეთ პირდაპირ ეთერში. თუმცა ორ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

კერძოდ, სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტთან დაკავშირებით პროკურატურა ახსენა. დაახლოებით ასე - თუ პრეზიდენტმა მაინც გააგრძელა ვიზიტებით სიარული მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ეს საკითხი შესაძლოა, პროკურატურის პრეროგატივა გახდესო. თუმცა იქვე დაამატა, რომ შესაძლოა, სცდებოდეს.

მოკლედ, საზოგადოებამ ეს ასე გაიგო - თუ პრეზიდენტი გააგრძელებს „არასანქცირებულ“ ვიზიტებს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევად სცნო, შესაძლოა, პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას და ის...დააკავონ კიდეც.

ამ კითხვაზე პასუხს მარტივად სცემს საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლი.

1. საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია . თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა .

2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.

ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ტყეში ყაჩაღადაც რომ გავიდეს, მას ვერანაირად ვერ დაიჭერენ. პარლამენტმა უნდა გადააყენოს პრეზიდენტი თანამდებობიდან და შემდეგ კი ბატონო...ყოფილი პრეზიდენტის დაკავების უფლება სამართალდამცველებს აქვთ. ეს კი ვერ მოხდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 100 ხმა არ აქვს და ეს 18 ოქტომბრის სხდომამაც დაადასტურა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პარლამენტში, რამდენიმე საათში, „დაიბადა“ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი. ეს მოხდა, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილის რიტორიკიდან გამომდინარე. მან „ოცნებასთან“ ყველა ხიდი დაწვა(მანამდე იგივე გააკეთა უმრავლესობამ ზურაბიშვილთან მიმართებაში) და შესაბამისად, აქვს ორი გამოსავალი - ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდეს პარიზში ან დარჩეს აქტიურ პოლიტიკაში.

99 პროცენტით სალომე ზურაბიშვილი მეორე ვარიანტს აირჩევს. შესაბამისად, დიახ, მივიღეთ ოპოზიციის ახალი ლიდერი. აბა გამოიცანით, ვინ ნერვიულობს ყველაზე მეტად? მიხეილ სააკაშვილი - ის გრძნობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. სწორედ ამიტომ, თვითონაც წერს და თანაგუნდელებსაც აიძულებს, რომ შეთქმულების თეორია განავითარონ - თითქოს „ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმდნენ, რომ იმპიჩმენტის შოუ მოაწყონ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს - ორი პოტენციური კანდიდატია:“ლელო“ და გახარიას პარტია. ან ერთ-ერთთან ითანამშრომლებს ან ორივესთან ერთად. თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

P.S. სალომე ზურაბიშვილს მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა(როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან) კითხვები დაუსვეს, რაზეც პრეზიდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ეს, ალბათ, არასწორია და შემდეგ თუ "ოცნება" პრეზიდენტს პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულებს, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა გაუკვირდეს.