ერთი გუნდის პრინციპი ანუ ქარქაში და ხმალი - კვირის პალიტრა

ერთი გუნდის პრინციპი ანუ ქარქაში და ხმალი

სომალელი მეკობრეების ტყვებაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, კარგად გამოჩნდა ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური სკეპტიციზმი. თან იმდენად მძაფრი, რომ ნაწილმა მეზღვაურების, თითქმის, ერთნაირ ჩაცმულობაზეც კი გაამახვილა ყურადღება და, მიუხედავად იმისა, რომ კედებსა და სვიტრებზე არც ფარულად და არც ცხადად „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო - ციფრი ხუთიანი ყოფილა დაშიფრული, აქაც ხელისუფლების პიარი დაინახა,

მეზღვაურების გათავისუფლებასა და სამშობლოში ჩამოყვანაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე - გიორგი კარბელაშვილი ზრუნავდა. რა თქმა უნდა, როცა ასეთი საქმე წყდება, მთავარი შედეგია, გარდა ამისა, კარგად მესმის ერთი გუნდის პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ, ეკონომიკის უწყების საგარეო საქმეთა უწყებაში ჩარევა, ცოტა არ იყოს, მეხამუშა.

მეხამუშა ზუსტად ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადება, რომელიც ცხინვალში მყოფ ოს მეომრებს უსაფრთხო დერეფნის გახსნის შესახებ აცნობა. ეს მაშინ, ომი რომ მოგებული გვეგონა.

მეხამუშა ისე, როგორც ზარი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როცა კომენტარი აფხაზეთში ჩატარებულ დომინოს მსოფლიო ჩემპიონატზე მინდოდა და აღმოვაჩინე, რომ თურმე არავინ ყოფილა ამ საკითხზე კომპეტენტური, რადგან ჩვენ დომინოს ფედერაცია არ გვაქვს. ისე კი, თურმე ფაქტზე რაღაც კომენტარი გაუკეთებია საგარეო საქმეთა სამინისტროს.

გუნდური მუშაობა პროდუქტიული იმიტომ არის, რომ აქ ერთი საქმის სხვადასხვა მიმართულებების მცოდნე, კომპეტენტური ადამიანები არიან თავმოყრილნი, რომლებსაც შესაბამისი მოვალეობები აბარიათ. მექანიზმი მაშინაა გამართული, როცა, ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. საქმე მაშინ რთულდება, თუ ერთი მეორის კომპეტენციაში იჭრება, მეორე სამი კაცის მოვალეობას ასრულებს, ხუთი კაცი კი სულ უბრალოდ ზის და კარგად იკვებება.

ჩემი აზრით, ეს ცოტა გაუგებარია. თუ აღნიშნული ადამიანები ერთ თანამდებობაზე არიან და, რეალურად, სხვა მართულებებით მუშაობა შეუძლიათ, მაშინ დანიშნონ შესაბამის თანამდებობაზე. მაგრამ თუ საქმე ისეთია, რომ ყველა შეძლებს თავის გართმევას, უკეთესი არ იქნება, რომ კომპეტენციების მიხედვით გადაინაწილონ?

მაგრამ საქართველო პარადოკსების ქვეყანაა. ამიტომ, როცა საგარეო საქმეებში ეკონომიკას, კონფლიქტებში დედაქალაქს, სპორტში კი დიპლომატიურ უწყებას ვხედავ, ჩემდაუნებურად მახსენდება ის ურცხვი ანეკდოტი ხმლებსა და ქარქაშებზე, რომელსაც, რატომღაც, არავინ მიყვება ბოლომდე.