ბაიდენის დანგრეული ოცნება და 3 მოვლენა, რომელიც ადასტურებს, რომ პუტინს ვეღარაფერი გადაარჩენს - კვირის პალიტრა

ბაიდენის დანგრეული ოცნება და 3 მოვლენა, რომელიც ადასტურებს, რომ პუტინს ვეღარაფერი გადაარჩენს

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ვლადიმერ პუტინის რუსეთს ახლა ვერაფერი გადაარჩენს“ (ავტორი - რიჩარდ კემპი) განხილულია საკითხი, თუ რამდენად შეუძლია კრემლს ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამოყენება თავის სასარგებლოდ და მოახდენს თუ არა ახლოაღმოსავლური კრიზისი გავლენას უკრაინის ომზე. როგორც ავტორი ასკვნის, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მოკლევადიან სარგებელს მიიღებს, რადგან კრემლს გავლენა რეგიონში, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ინტერესები, ალბათ, არავისთვის სიურპრიზი არ არის: ვლადიმერ პუტინს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი სურს, თავისი ინტერესებისათვის გამოიყენოს. იგი ტელეფონით ესაუბრა როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, ასევე, ეგვიპტის, სირიისა და ირანის ლიდერებს, რომლებსაც ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისაკენ მოუწოდა. წარმოიდგინეთ: კაცი, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, უკრაინაში დაღვრილი სისხლის გამო, ახლა ამბობს - „შეჩერდით, სისხლისღვრა უნდა შეწყდეს!“

მაგრამ თუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისი ჩარევა რაიმეს შეცვლის, იგი ამით საკუთარ თავს იტყუებს. იდეა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზე, ფარსს წარმოადგენს. რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ოდნავ მაინც თუ ჰქონდა შემორჩენილი რაიმე ნორმალური რეპუტაცია, ის მან უკვე უკრაინაში დაკარგა. ამ კვირაში ამის დამადასტურებელი კიდევ რამდენიმე მოვლენის მოწმენი გავხდით:

პირველი - სამშაბათს კიევმა მოსკოვს მოულოდნელად ამერიკული რაკეტებით - „ატაკამსებით“ (ATACMS) დაარტყა: დაბომბა ოკუპირებული ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომები, უამრავი საბრძოლო ტექნიკა (ვერტმფრენები) და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტები გაანადგურა. უკრაინელები ამ ოპერაციას ბოლო თვეებში განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციად თვლიან. დარტყმის შედეგად რუსები იძულებულნი არიან, თავიანთი ავიაცია ფრონტიდან უფრო შორს, ზურგის სიღრმეში განალაგონ. ფაქტობრივად, ეს არის კრემლის დიდი დამცირება და სირცხვილი;

მეორე - უკრაინის არმიამ უკუაგდო რუსეთის ჯარის მიერ წამოწყებული შეტევა, ე.წ. მინიატურული ბლიცკრიგი კუპიანსკის რაიონში, რომლისთვისაც კრემლი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა. ფაქტობრივად, მოსკოვის იმედები დაიმსხვრა, ვლადიმერ პუტინმა ვერაფერს მიაღწია;

მესამე - რუსეთი ისევ იზოლირებულია საერთაშორისო მასშტაბით - როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ასევე - სამხედრო თვალსაზრისით. კრემლის ერთადერთი დამხმარე და იმედი ჩინეთია, რომლის ლიდერს ვლადიმერ პუტინი ამ დღეებში ეწვია პეკინში. რუსეთი პოზიციებს კარგავს სირიაში და ირანში. რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ უძლებს ომის დატვირთვას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, სამ კვირაში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ უკვე 18 თვეა, გრძელდება და დასასრული არ უჩანს.

ობიექტურად ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სუსტდება. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი საერთაშორისო პოლიტიკაშიც უკან იხევს, კრემლი გავლენებს კარგავს, მათ შორის - ახლო აღმოსავლეთშიც.

ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კრემლი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულ ომს იმ ხელსაყრელ მომენტად განიხილავს, როცა მას შეუძლია, დამარცხება თავიდან აიცილოს და გამარჯვების იმედი განუმტკიცდეს. მართლაც და, ამერიკის ყურადღება ამჟამად უკრაინიდან ისრაელზეა გადართული და ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია ჯო ბაიდენის წინაშე მდგარი რთული საგარეოპოლიტიკური დილემით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. ერთი მხრივ, ამერიკა იძულებულია, მხარი დაუჭიროს ისრაელს ამ ომში, რომელიც ერთ-ერთი უმძიმესია 1948 წლიდან - დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან. მხარი რომ არ დაეჭირა, პრეზიდენტი ამერიკის ელექტორატში არაპოპულარული გახდებოდა. მეორე მხრივ, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელის მიმართ სოლიდარობაზე მკვეთრ კრიტიკას იწვევს არაბულ სამყაროში.

მოსკოვის დიდად გასახარად, დაინგრა ჯო ბაიდენის ოცნება ისრაელსა და საუდის არაბეთის შერიგების საკითხში. კრემლისთვის სასიამოვნო იქნება, თუ ომში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება „ჰამასის“ მხარეს, ისრაელის წინააღმდეგ, ამით დასავლეთი გაჭიანურებულ ომებს მიიღებს, რამდენიმე ფრონტზე. პოტენციურად, შესაძლებელია ირანთან აშშ-ის პირდაპირი კონფრონტაციაც.

არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურად წააქეზა ირანი იმისთვის, რომ თეირანს ბიძგი მიეცა თავისი სანდო პირებისათვის - „ჰამასისა“ და „ჰეზბოლასათვის“ აგრესიის დაწყებაზე ისრაელის წინააღმდეგ და რეგიონში აშშ-ის შესავიწროებლად.

მართალია, ამერიკის ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში აქტიურად კურსირებს და მზად არის სამოქმედოდ, მაგრამ ვაშინგტონი მაინც ფრთხილობს - თეთრ სახლს არ სურს, შეაჩეროს ირანისა და არაბული ქვეყნების შერიგებისაკენ მიმართული ბარაკ ობამას დაწყებული საქმე, რომელსაც ჯო ბაიდენი აგრძელებს.

საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი გვაქვს:

ბოლო მოვლენები ცხადჰყოფს, რომ დასავლეთი ისრაელის მხარდამჭერად მტკიცედ გამოდის. რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს რეგიონში მხარეთა დასაპირისპირებლად, მაგრამ მას აშშ თავისი პოლიტიკით ანეიტრალებს. კრემლი დღეს უფრო მეტად რჩება აუტსაიდერად, ვიდრე - ადრე იყო. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა დამღუპველ გავლენას ახლო აღმოსავლეთზე, მაგრამ ამჯერად ის ისეთ სიტუაციაშია, რომელიც კრემლმა ვერ გაითვალისწინა. მოსკოვს შეუძლია, სხვებს თავი მოაჩვენოს, რომ რეგიონში, თითქოს და, მთავარი მოთამაშეა, მაგრამ ის სასურველს სინამდვილედ ასაღებს - ფაქტობრივად, მას გავლენა აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ვლადიმერ პუტინი ახლოაღმოსავლურ კრიზისს უკრაინის ომში გამარჯვების საშუალებად განიხილავს, ეს მისთვის აუსრულებელ ოცნებას წარმოადგენს: ასეთ პერსპექტივაზე მხოლოდ სასოწარკვეთილი დიქტატორი თუ იფიქრებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო