"ცხინვალური ფეიკი" "ჰამასის" სამსახურში - არც ცხინვალში დაღუპულა 2000 ოსი და არც ღაზის საავადმყოფოში - 1000 პალესტინელი
17 ოქტომბრის საღამოს ღაზის სექტორში მდებარე ალ-ახლის ბაპტისტურ საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების თემა არ ჩამოდის მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ახალი ამბების ლენტიდან...
და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ ტრაგედიამ ისე შესძრა მსოფლიოს დიდი ნაწილი, რომ ბევრ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლებიც ისრაელისა და აშშ-ის საელჩოების შენობებზე თავდასხმაში გადაიზარდა - ანტიისრაელური განწყობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა და - არა მარტო მუსლიმურ ქვეყნებში, ევროპის ბევრ დედაქალაქშიც პალესტინელების მხარდაჭერა ერთი-ათად გაიზარდა - ისრაელმა ღაზის სექტორში ამ საავადმყოფოს „დაბომბვით“ ათასამდე იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა - სწორედ ასეთი შეძახილები ისმოდა პალესტინელების მხარდამჭერ მრავალრიცხოვან მიტინგებზე მსოფლიოს ბევრ ქალაქში...
მაგრამ... არის კი ეს ყველაფერი სიმართლე?
ერთ პარალელს გავატარებ:
2008 წლის 7 აგვისტოს მიწურულს ცხინვალის რეგიონში ქართული არტილერიის მიერ გახსნილი ცეცხლის (რომელიც ოსი სეპარატისტების იმ საცეცხლე პოზიციების ჩასახშობად იყო მიმართული, საიდანაც ქართულ სოფლებს პერიოდულად ბომბავდნენ) შემდეგ, რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ მთელ მსოფლიოს მოსდო, ქართველებმა „გრადების“ რაკეტები დაუშინეს „მძინარე“ ცხინვალს და ორი ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე მოკლესო...

მაშინ მსოფლიოს ნაწილმა დაიჯერა ეს უდიდესი ტყუილი, მით უმეტეს, რომ ის გამაგრებული იყო ქართული ტელეარხების (რომელთა უმეტესობა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლდებოდა) მიერ გადაღებული ვიდეოკადრებით, როდესაც გორის მისადგომებიდან ღამისეულ ცაში „გრადის“ რაკეტები იღებდნენ ზალპს...
მაგრამ ვის შეეძლო ზუსტად, დანამდვილებით დაემტკიცებინა, რომ ეს რაკეტები მაინცდამაინც სწორედ ცხინვალისკენ მიფრინავდა და არა - ძარის შემოვლითი გზის დასაბლოკად ან ოსი-რუსი არტილერისტების საცეცხლე წერტილების ჩასახშობად?
ან რომელი პროფესიონალი არტილერისტი დაიჯერებს, რომ ქალაქის პირობებში, თუნდაც ორი ასეული „გრადის“ ჩამოვარდნა ორი ათას კაცს შეიწირავს, რომლებიც დაცული არიან შენობების კედლებით ან სარდაფებში იმყოფებიან?
რეალურად კი, მაშინ ცხინვალში არც ასეულობით „გრადი“ ჩავარდნილა და, რა თქმა უნდა, არც ორი ათასამდე „მძინარე“ მშვიდობიანი მოსახლე დაღუპულა, საბედნიეროდ...
აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, თავად რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად აღიარა, რომ ხუთდღიან ომს ცხინვალის რეგიონში შეეწირა...162 ოსი ეროვნების ადამიანი, თუმცა აღარ დააკონკრეტა, რომ მათი ნაწილი... ბრძოლაში დაიღუპა.
ხომ დიდი განსხვავებაა ორი ათას და 162 დაღუპულს შორის?
ზუსტად ასეთივე „საინფორმაციო ბომბი“ ააფეთქეს რუსეთის მოკავშირე „ჰამასმა“ და ირანმა 17 ოქტომბერს, ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შემდეგ, როდესაც მთელ მსოფლიოს მოსდეს, რომ ამ ტრაგედიას იქ მყოფი ათასამდე ლტოლვილის დაღუპვა მოჰყვა...
სინამდვილეში კი, საბედნიეროდ, ამხელა მსხვერპლი არ არის, პალესტინის მხარემ მსხვერპლის რიცხვი მართალია 500-მდე „შეამცირა“, მომდევნო დღეებში, მაგრამ ესეც „ცხინვალური ფეიკის“ გამეორებაა და აი, რატომ...
პირველი - რაკეტის ჩამოვარდნა და აფეთქება მოხდა საავადმყოფოს ეზოში (სადაც ათასი კაცი, უბრალოდ, ვერ დაეტეოდა) და არა - უშუალოდ საავადმყოფოს შენობაზე, რომელიც დიდად არც დაზიანებულა;
მეორე - საავადმყოფოს ეზოში აფეთქებამ ქვაფენილზე დატოვა მხოლოდ მცირე ზომის ღრმული, რაც შედარებით მცირე სიმძლავრის აფეთქებაზე მიუთითებს;

მესამე და მთავარი - დიდი ალბათობით, საავადმყოფოს ეზოში ჩავარდა და აფეთქდა არა ისრაელის ავიაციის მიერ ზუსტი დამიზნებით ჩამოგდებული მძლავრი მართვადი საავიაციო ბომბი, არამედ - იქ ჩავარდა... თავად პალესტინელების მიერ გაშვებული ის რაკეტა, რომელმაც სტარტის შემდეგ მალევე ავარია განიცადა, ძირს დაიწყო ვარდნა და საავადმყოფოს ეზოში შემთხვევით ჩავარდნის შემდეგ მოხდა მისი სარაკეტო ძრავის გამოუყენებელი მყარი საწვავის აალება-აფეთქება, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ საავადმყოფოს ეზოში მდგარი ხალხი და ავტომობილები, ძირითადად, მაინც ცეცხლის ალმა დააზიანა, ვიდრე - ნამსხვრევებმა...
ისრაელის პოზიციის დაცვას არ ვაპირებ (მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოს ომის შემდგომ, ისრაელის მაშინდელმა მთავრობამ კრემლთან ფარული გარიგება დადო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რითაც მაშინ ოფიციალური თელ-ავივი რუსეთის მხარდამჭერი „ჰამასისა“ თუ „ჰესბოლას“ გვერდით აღმოჩნდა, ჩვენთან მიმართებაში), მაგრამ დიდი ალბათობით, ის ტრაგედია, რაც ღაზის სექტორის ამ კონკრეტული საავადმყოფოს ეზოში 17 ოქტომბერს დატრიალდა, მაინც თავად „ჰამასის“ ან მისი რომელიმე თანამებრძოლი დაჯგუფების კისერზეა, მით უმეტეს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სტარტაღებული 6-7 ათასი რაკეტიდან, არანაკლებ 450-მა გაშვებისთანავე მალევე განიცადა ავარია და ისევ ღაზის სექტორში ჩავარდა, რაც ხშირ შემთხვევაში დადასტურებულია არა ერთი ვიდეოკადრით...
ასევე, 17 ოქტომბრის საღამოს ცაშიც, „ალ ჯაზირას“ კამერამ დააფიქსირა, რომ სტარტაღებული რაკეტის ძრავის საქშენში ხდება აფეთქება და რამდენიმე წამში მეორე აფეთქება უკვე მიწაზე, საავადმყოფოს ეზოში ფიქსირდება...
დამოუკიდებელ ექსპერტებს არ გაუჭირდებოდათ ადგილზე იმის დადგენა, თუ რა აფეთქდა საავადმყოფოს ეზოში - ისრაელის თვითმფრინავის მიერ ჩაგდებული მართვადი ბომბი თუ თავად პალესტინელების მიერ გაშვებული და ავარიაგანცდილი, ნახევრად კუსტარული რაკეტა, მაგრამ ასეთ ექსპერტებს „ჰამასი“, გასაგები მიზეზების გამო, შემთხვევის ადგილს ახლოსაც კი არ მიაკარებს, სამაგიეროდ, მსოფლიოს დიდი ნაწილი ისევ დაიჯერებს, რომ ღაზის სექტორის საავადმყოფოში ისრაელმა ათასი ადამიანი მოკლა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ქართულმა „გრადებმა“, თურმე, ორი ათასი „მძინარე“ ცხინვალელი „იმსხვერპლეს“...
ასე რომ, არც ცხინვალის „დაბომბვისას“ დაღუპულა ორი ათასი და არც ღაზის საავადმყოფოში - ათასი, ორივეჯერ „საინფორმაციო ბომბი“ „ააფეთქეს“ მსოფლიოში მცდარი საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად...