"თითქოს რაღაც საყრდენის გარეშე დავრჩი, მათი გარდაცვალებით, დიდი სიცარიელე გაჩნდა..." - ნინი ბადურაშვილი რეჟისორ მამასა და მისი ფილმის თურქულ პრემიერაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობს
2023 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კინოსტუდია ქართული ფილმისა და თურქული კომპანია "AISI“ ფილმის პირველი ქართულ-თურქული კოპროდუქციის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმის "ხიდი" პრემიერა შედგა.
ფილმის დასრულება რეჟისორის - ერეკლე ბადურაშვილისა და ოპერატორის - თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო დაგვიანდა… ბევრი პრობლემის მიუხედავად 'ხიდი“ მაყურებელმა მაინც იხილა. სურათი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც ცნობილმა, ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ-მიქელაძემ რეჟისორს მოუთხრო, რამაც მას შთაგონება მისცა ფილმად ექცია.
ნამუშევარში გადმოცემულია ქართველი არქიტექტორის ცხოვრება, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში თურქეთში გაიქცა. იქ სხვა ცოლი შეირთო იმიტომ, რომ უკან ვერ ბრუნდებოდა, საბჭოთა პერიოდში ეს არ შეიძლებოდა. დაბრუნება თანამედროვე ეპოქაში შეძლო და აქაურ ცოლ-შვილთან ჩამოვიდა... სევდიანი ამბავია. ფილმს „ხიდი“ ჰქვია, რადგანაც არქიტექტორი ხიდების მშენებელია.
სურათში ქართული და თურქული კინოს ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მთავარ როლს მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი ასრულებს.
AMBEBI.GE ნინი ბადურაშვილს ფილთან, როლთან დაკავშირებით ესაუბრა და ასევე მამაზე, ვინაიდან ერეკლე ბადურაშვილი მისი მამა იყო:
- ძალიან ბევრი ვიწვალეთ ყველამ, რომ საბოლოოდ ის შედეგი მიგვეღო, როგორიც იმედია, ერეკლეს გაუხარდებოდა. ეს დღეც დადგა და შედგა პრემიერა! მადლობა ყველას, ვინც ფილმზე იმუშავა" - რამდენიმე დღის წინ დაწერე სტატუსი...
- კი. პრემიერამ კარგად ჩაიარა, არ ველოდი, თუ მაყურებლით 4 დარბაზი გაივსებოდა... იყვნენ ქართველები, მათ შორის, ემიგრანტებიც, იყო თურქი მაყურებელი... მოეწონათ, კმაყოფილები დარჩნენ. სამწუხაროა, რომ ეს ერეკლემ, მამაჩემმა ვერ ნახა... "ხიდის" გადაღებები 6 წელი მიმდინარეობდა...
ერთ-ერთ გადაღებებზე ერეკლე გაცივდა. ამბობდა, საშინელ ქარში მოვყევიო. რომ მირეკავდა, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. მაშინ კორონა ჯერ არ იყო, ამიტომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ის გაციება მისი გარდაცვალების მიზეზი გახდებოდა.
- როგორც ჩანს, ძალიან გაურთულდა...
- საერთოდ თირკმელები ჰქონდა სუსტი, ადრეც რაღაც პრობლემამ თირკმელებზე იჩინა თავი. მაშინაც ძლივს მოაბრუნეს. მოკლედ, იმ ვირუსმა, თუ გაციებამ ისევ გაუმწვავა. ექიმები კლინიკაში მკურნალობას სთავაზობდნენ და არ დათანხმდა. ყველაფერი საბოლოოდ ცუდი შედეგით დასრულდა...
ისე მოხდა, რომ მაგ პერიოდში ეგვიპტეში გავფრინდი, მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. თან ერთი კვირით ადრე დამეწყო ეგ ცუდი წინათგრძნობა. ვერ ვხდებოდი, რა მჭირდა. წასვლა არ მინდოდა. ეგვიპტეში ქრისტინე იმედაძე და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი მივდიოდით - სამივეს ისეთი განწყობა გვქონდა, ვამბობდით კიდეც, რამე ცუდი არ მოხდეს-თქო. ერეკლეზე საერთოდ არ მიფიქრია.
რომ ჩავფრინდი, იმ ღამეს ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე - რაღაც დიდი სიმაღლიდან გადმოვვარდი, წყალში ჩავვარდი და ვერ ამოვისუნთქე... როგორც მერე გავიგე, ერეკლე მაგ პერიოდში გარდაცვლილა. ამ სიზმარმა გამაღვიძა... საათს დავხედე და 4 იყო.
დილით ერეკლეს მივწერე და არ მიპასუხა, არც ლალიმ (ლალი ბადურაშვილი ნინის ბებია - ავტ.). მერე დედაჩემს, ეკას დავურეკე, სიმშვიდეა-მეთქი? ჩვეულებრივად მიპასუხა, მაგრამ გული კარგს მაინც არ მიგრძნობდა და მამაჩემთან გადავრეკე. ტელეფონი ჩვენმა ნათესავმა აიღო (ლალის დის ქმარმა). მივხვდი, რაღაც ცუდი ხდებოდა. მაგ პერიოდში ლალიც უკვე ცუდად იყო, კიბო ჰქონდა და ამიტომ, პირდაპირ ვკითხე - რომელი-მეთქი? - ერეკეო. ამის გაგება ჩემთვის საშინელი რამ აღმოჩნდა - ისეთი შოკი მივიღე, რომ იმის მერე არაფერი მახსოვს... იმ ღამეს ბილეთები არ იყო და მეორე დღეს გამოვფრინდი... გააგრძელეთ კითხვა