ჭაობში აღმოჩენილი ხელოვნება - "ლადო გუდიაშვილი ცდილობდა, მამაჩემი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა"
ვაჟა ვერულიძე წლების განმავლობაში, ჭაობში, ბუნებისგან შექმნილ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს პოულობდა: ე.წ. შავი ხის ფესვებში ქანდაკებას ხედავდა, მერე მათ გასუფთავებას თვეებს, ზოგჯერ წლებსაც ანდომებდა, რათა ამ ქანდაკებისთვის ბუნებრივი სახე არ დაეკარგა... ამჟამად ბატონი ვაჟა 83 წლის გახლავთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, საუბარი არ შეუძლია. ამიტომ ჭაობში აღმოჩენილი ხელოვნების შესახებ ბატონი ვაჟას შვილს - დავითს ვესაუბრეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"მამა 16 წლის იყო, როცა ჭაობში პირველი ქანდაკება აღმოაჩინა და იქიდან იწყება მისი ხელოვნება... ყველა ხეს თავისი ფორმა აქვს, მაგალითად - მამაკაცის, ქალის სხეულის.... აქვს სიურრეალისტური, აბსტრაქტული ქანდაკებები... ბევრი მათგანი გააჩუქა... ხელოვან ხალხს თავისებური ხედვა აქვს. ე.წ. შავი ხის ფესვებს მამა ჭაობიდან იღებდა და იქიდან ხელოვნებას ქმნიდა იმის მიხედვით, რასაც ხის ფესვში ხედავდა..."
"ნამუშევრების სანახავად, ხელოვანი ხალხი რომ შემოდიოდა, ახსნა არ სჭრდებოდათ, თუ რომელი ქანდაკება რა სახელწოდების იყო... მამამ პირველ ქანდაკებას "სამშობლო" უწოდა... ერთი ქანდაკება საუკეთესო მეგობრის მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც 9 აპრილს დაიღუპა... სხვათა შორის, ლადო გუდიაშვილი მამას ახლოს იცნობდა - დიდ პატივს სცემდა. სანამ ცოცხალი იყო, უყურადღებოდ წამითაც არ ტოვებდა... მან მამაჩემის ნახელავები რომ ნახა, აღფრთოვანდა და უთხრა: იცოდე, ერი შენი ხელოვნებისთვის მომზადებული არ არისო. მისი სიტყვები მამას აუსრულდა კიდეც..."
"10 წელზე მეტი იქნება, რაც ყელზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ონკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. ვეღარ საუბრობს, თუმცა ჩვეულებრივად ცხოვრობს, იკვებება... მამაჩემი თავისუფალი კაცია, ავადმყოფობისაც არ ეშინია. ახლა მამა ან მიწერს, ან - მიმიკებით მახვედრებს, რისი თქმაც უნდა... 4-5 წელია, რაც ვეღარ მუშაობს, ჭაობში სიარული აღარ შეუძლია..."
"მართალია, ხელოვნებას ვეღარ ქმნის - ვეღარ მუშაობს, მაგრამ ქობულეთის პარკში არსებულ გალერეაში, სადაც მისი ნამუშევრებია გამოფენილი, ყოველდღე დადის. ხელოვანი ხალხის ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია, ხომ იცით..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი