მაწანწალა ღორები და მშიერი მელა
ვინც წინა "პროვოკაცია" წაიკითხა, ემახსოვრება, რომ ერთი კვირით დედაქალაქიდან ისეთ ადგილას ვიყავი წასული, სადაც "რუსთავი 2"-სა და "იმედის" გარდა ვერაფერს უყურებ...
ჰოდა, ჩამოვედი და მაშინვე დეპრესია დამეწყო - არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ყოფნა მირჩევნია და გურიაში ქეიფი და უსაქმურობა სჯობს მუშაობას, არამედ იმიტომაც, რომ ის საქართველო მენატრება, რომელსაც სერიალებს შორის გამომკრთალ "კურიერსა" და "ქრონიკაში" ვხედავდი!
...ყველაზე ძნელი, ჩემგან არ გესწავლებათ, "პახმელიაა"; ნარკომანებისგან ვიცი (მე არ გამომიცდია, არ მომადგეს ახლა პოლიცია) - კაიფის ამბავშიც ეგრეა და საერთოდ: "აზრზე მოსვლა" ყველაზე მეტად მტკივნეულია, თვით ავადმყოფობაზე მტკივნეულიც კი მორჩენის პროცესია - ეს კი იმიტომ გამახსენდა, რომ ალბათ იქ დარჩენილსაც მალე მომიწევდა "გამოფხიზლება" და მეც სერიალებს "ჩავუჯდებოდი", რადგან იქაურებივით, მათში მეც მეტ სიმართლეს ვიპოვიდი, ვიდრე "კურიერებში"...
ისე კი გურიაში მხოლოდ დასასვენებლად არ ვყოფილვარ, "წავიმუშავე" კიდეც - ჩვენი, ჟურნალისტების მუშაობა რა არის: კარგ, წესიერ გლეხკაცს ველაპარაკე ამ ცხოვრების ავან-ჩავანზე და მშვენიერი ინტერვიუ გამოვიდა, რომელსაც "კვირის პალიტრას" შევთავაზებ, მაგრამ იმ კაცის მიერ ნათქვამი ერთი შედარება რომ "პროვოკატორის" მკითხველს ექსკლუზიურად არ გავუმხილო, არ შემიძლია: სწორედ "ქრონიკაში" ვუყურებდით, ერთი მღვდელმთავარი ერთ პრეზიდენტს "აღმაშენებელს" რომ უწოდებდა და მონასტრის თაფლს ჩუქნიდა, - ასე ტკბილად დამიბერდი და სულ პრეზიდენტი იყავიო, - მერე ამ ჩემმა მეზობელ-ნათესავ-რესპონდენტმა ის გაიხსენა, ბავშვები რომ "მიშა-მიშას" ძახილით ხვდებიან ხოლმე და მკითხა:
- შენ ახლა ჭკვიანი კაცი გონიხარ ხალხს და გეცოდინება: სადმე სხვაგან თუა, ასე რომ ხვდებოდენ ვინმეს, ბაღნები დასდევდეს და სახელს უძახოდეს და იმას უხაროდეს?
ავატრიალე თვალები, "ვეძებე" ტვინში და ვერ გავიხსენე. არ ვიცი-მეთქი, - ვუთხარი. - არც გეცოდინება, "იმიზა, რომე" არსად არ იქნება ეგეთი რამეო, და ასეთი ამბავი გაიხსენა:
- ახალგაზრდობის მერე არ მინახავს მაგფერი ამბავი: სოფლის გიჟი გვყავდა ერთი, საწყალი ქალი იყო, მაშიკო ერქვა. სადაც გამოჩნდებოდა, დასდევდა ბაღნები და "მაშიკო, მაშიკო" - უძახდა... მარა იმას არ უხაროდა; ტიროდა, საცოდავი...
ეს ისე - "ლირიკული გადახვევისთვის". უფრო სერიოზულად კი უფრო ცუდ ამბავს გეტყვით: "კვირის პალიტრის" ბლოგებში ერთი ნიჭიერი გოგონა წერს ხოლმე და აქ უკვე ნახსენები ამბის თავისებური ხედვაც გამოაქვეყნა. დღეს კი რედაქციაში იმ მღვდელმთავრის "პირადმა სტიქაროსანმა" (ასე გაგვეცნო) დარეკა და ჭკვიანად იყოსო, დაგვიბარა!!!
დამეთანხმებით, რომ არასოდეს მითქვამს და დამიწერია რამე ამ ადამიანების საწინააღმდეგო, ამიტომ ახლაც თავს ვიკავებ კომენტარისგან (მაინც "ბებერი, დაკომპლექსებული" თაობის კაცი ვარ), უბრალოდ, ფაქტი გაგაცანით...
ახლა კი ცოტა რამ ცხოველებზე. დიახ, ცხოველებზე - ღორებსა და მელაზე... არა, საკალანდოდ დაკლულ ღორებს კი არ ვგულისხმობ ამჯერად, არამედ - ზუგდიდში საახალწლოდ მოკლულებს!
დიახ, ზუგდიდის ქალაქის ხელმძღვანელობამ ასე განაცხადა: უკვე ექვსი წელია, ასე ვანადგურებთ მაწანწალა ცხოველებსო. შუა ქალაქში, გამვლელების თვალწინ, ტროტუარზე თოფით დახოცეს შინაური ღორები და მერე ნაგავსაყრელზე გადაყარეს!
თქვე დალოცვილებო, ამ საახალწლოდ ვიღაცას რომ ღორები დაუხოცეთ და გადაუგდეთ, ეგ არაფერი (ვინ იცის, რა იმედს ამყარებდნენ მაგ ღორების გაყიდვაზე), მაგრამ გადაგდება რაღა ჯანდაბაა?! დავიჯერო, ზუგდიდში ან სხვაგან ერთი გაჭირვებული ოჯახიც კი არ არის, რომელსაც საახალწლოდ, "დამნაშავე ღორის ხორცი" გაახარებდა?!
ბოლოს და ბოლოს, იმ მელაკუდასთვის გეჭმიათ, გლდანში მე-7 სართულზე რომ აბოდი¬ალებულა, შიმშილისაგან გასავათებული!..
P.S. აქ სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ისევ "ზოოლოგიურ" თემაში უნდა დავრჩე: შალვა რამიშვილმა თავის გადაცემაში გორიდან ჩამოსული ამბავი გააშუქა - ზოოპარკის ხელმძღვანელობამ დათვი დაკლა და შეჭამაო; მერე ის ამბავი გამახსენდა (ახალგაზრდებს არ ემახსოვრებათ), სანამ მეორე აღმაშენებელი მოგვევლინებოდა - ანუ "მხედრიონობისას", ვიღაცამ თბილისის ზოოპარკში შველი რომ დაკლა, მხოლოდ ბარკალი მოაჭრა და დანარჩენი იქვე დააგდო; მერე ის, ვიღაცამ ჯაბა იოსელიანის საფლავის თხრა რომ დაიწყო ახლახან; მერე იმაზე ვიფიქრე, - ზოგიერთს თავისი მომავლის არ ეშინია-მეთქი? (ოღონდ "ზოგიერთში" გორის ზოოპარკის დირექციის დონეს არ ვგულისხმობ)... ეჰ, რა ვიცი, ნაბახუსევი გონების ამბავი... თუმცა, სრულიად "ფხიზლად" შევახსენებ იმ "ზოგიერთს": მაგ "მხედრიონსაც" ერთ დროს ცა ქუდად არ მიაჩნდა...
პროვოკატორი
ჟუნალი "გზა"