"სული მეწვის უსუსური ბავშვებისა და ქალების ტანჯვას რომ ვუყურებ... თუმცა ძალიან სასიამოვნო ყოფილა განცდა, რომ სახელმწიფო გიცავს..." - რას ჰყვება ქალი ისრაელიდან?
"გარეთ დავდივარ საყიდლებზე, სხვა საქმეებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, კაფეებშიც კი ზის ხალხი. აქაურებს აქვთ განწყობა, რომ რაც უნდა მოხდეს, მათ ხელისუფლება დაიცავს და შესაბამისად, არც პანიკაში ვარდებიან"
ადამიანები, რომლებიც ომში ბრუნდებიან
"მთელი დღის მანძილზე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვარ. საღამოს, როგორც კი ქართულ საინფორმაციოს ჩავუჯდები, პანიკა მეწყება, არც საქართველოდან წყდება ზარები და ა.შ. არადა, ამ ეტაპზე აქ ნორმალური სიტუაციაა და ამიტომაც არ მოვდივარ! თუ აუცილებლობა იქნება, არ წამოვალ კი არა, თვითმფრინავს გამოვასწრებ. დღეიდან ვინც დამაპანიკებს, დაიბლოკება! დასანქცირების კანდიდატთა სია დიდია", - ეს პოსტი ისრაელში მყოფ ქართველს, ცირა ხუბულავას ეკუთვნის. 6 წელია ის უკვე ისარელის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნეთანიაში ცხოვრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ჯერჯერობით ჩვენ რკინის გუმბათი გვიცავს, მაგრამ ლიბანის მხრიდან საკმაოდ სერიოზული საფრთხე გვემუქრება. ალბათ იცით, რომ ტერორისტები ლიბანის მხრიდან უფრო გააქტიურდნენ. ნეთანია კი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშია, მაგრამ ლიბანის საზღვართან, ქალაქ ხაიფაზე უფრო ახლოს ვართ..."
"ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მშვიდად ვარ. მაქვს განცდა, რომ ისრაელის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ხალხის უსაფრთხოებისთვის. არადა, როგორც კი ქართულ საინფორმაციოებს ჩავრთავ, მართლა მაშინ მეწყება პანიკა!..."
"ტყუილს არაფერს ამბობენ, უბრალოდ... ერთ მაგალითს გეტყვით: გადის სიუჟეტი და გასდევს ტიტრები - ისრაელი დღეს. ეკრანზე კი ჩანს კიბუცების დარბევის პროცესი... გაგიჟდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, ზარებით ამიკლეს. მე ამ დროს გარეთ დავდივარ საყიდლებზე, სხვა საქმეებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, კაფეებშიც კი ზის ხალხი. აქაურებს აქვთ განწყობა, რომ რაც უნდა მოხდეს, მათ ხელისუფლება დაიცავს და შესაბამისად, არც პანიკაში ვარდებიან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო ყოფილა იმის განცდა, რომ სახელმწიფო გიცავს..."
"ორი წელია, საპროტესტო აქციები არ განელებულა, ძალიან დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საოცარი ერთსულოვნებაა. ქვეყნის გარეთ მცხოვრები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ებრალები დაბრუნდნენ; დასასვენებლად ვინც იყო და შეეძლო ომისთვის თავის არიდება, ისინიც ჩამოვიდნენ. ყველა მზად არის, იარაღი აიღოს ხელში..."
"სული მეწვის უდანაშაულო ხალხის, განსაკუთრებით უსუსური ბავშვებისა და ქალების ტანჯვას რომ ვუყურებ. ატირებული პატარა, თუნდაც ის ტერორისტის შვილი იყოს, ჩემთვის, როგორც დედისთვის, მსოფლიო ტრაგედიაა, მაგრამ სად არის გამოსავალი, რა უნდა ვთქვა? "ჰამასის" წევრებს თავად ჰყავთ მძევლებად აყვანილი საკუთარი შვილები და ოჯახები. აი, ახლაც, ისრაელი აფრთხილებს მათ, დაცალონ ის ტერიტორია, შენობები, სადაც მიწის ქვეშ ტერორისტები არიან, მაგრამ "ჰამასმა" გზა გადაუკეტა ამ ხალხს, ცოცხალ ფარად იყენებენ საკუთარ მოსახლეობას..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ბახტურიძე