"საქართველოსთან კიდევ ერთი ომი რუსეთს ძვირად დაუჯდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთან კიდევ ერთი ომი რუსეთს ძვირად დაუჯდება"

2012 წლის შემოდგომაზე რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო სწავლების სერიის ჩატარებას აპირებს. წვრთნები "კავკასია-2012" სექტემბერში ჩატარდება და არა მხოლოდ ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათის იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ყველა სახის შეიარაღებული ძალები, არამედ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიც. არსებული ინფორმაციით, მანევრების მიმდინარეობის დროს ერთ-ერთი მიზანი დაზვერვის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და არმიისთვის ზურგის უზრუნველყოფის  ღონისძიებათა დამუშავებაც იქნება, რაც აჩენს ვარაუდს, რომ რუსეთი მანევრების პროგრამას ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის შესაძლო ომის გათვალისწინებით ამუშავებს.

გვესაუბრება სამხედრო საკითხების ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

- დაგეგმილია ფართომასშტაბიანი და ძვირად ღირებული წვრთნები, რომელთაც რამდენიმე მიზანი აქვს. უპირველესად, წვრთნის განმავლობაში განხილული და გაანალიზებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელსაც რუსეთი თავის სამხრეთ ფლანგზე, ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პრობლემად განიხილავს. ეს, რა თქმა უნდა, იქნება თეორიული თამაში და არა პირდაპირ სამხედრო ძალის გამოყენება, თუმცა, ბუნებრივია, ამგვარად შეეცდებიან შეაფასონ, თუ როგორ იმუშავებს რუსული სამხედრო მანქანა ამ მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო გახდება. ეს წვრთნები ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენების კონტექსტის გაუთვალისწინებლად ვერ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სასაზღვრო დავა აქვს ჩინეთთან, ის ამჟამად კავკასიის პრობლემას გაცილებით წინ აყენებს და სამხედრო ძალების თავმოყრას სწორედ აქ აპირებს. მოკლედ, თავის სამხრეთ ფლანგს ამაგრებს, რადგან ის დღემდე თავის მთავარ მოწინააღმდეგეებად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს. შესაბამისად, ერთი მხრივ, თავს იზღვევს, რომ ირანთან დაპირისპირებას ჩრდილოეთ კავკასიაში არ მოჰყვეს გართულებები და ჯაჭვური რეაქცია, მეორე მხრივ კი ამ სამხედრო სწავლებით რუსეთი შეეცდება დასავლეთს დაანახოს, რომ კავკასიაზე გავლენის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. ამასთან, შეეცდება, რომ ამერიკისა და ირანის დაპირისპირების შემთხვევაში გაცილებით დიდი დივიდენდები მიიღოს, ანუ ამ გზით მოახდინოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე ზეგავლენა, რათა საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ დაათმობინოს. ვეჭვობ, ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი აქტიურად ჩაერთოს, თუმცა ამგვარი ირიბი მოქმედებებით ივაჭრებს და შეეცდება მოგება ნახოს.

- რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?

- როდესაც ამხელა სამხედრო კონტინგენტის ერთ რეგიონში თავმოყრა იწყება, ბუნებრივია, ჩნდება საფრთხეებიც. უამრავ ქვედანაყოფს მოუწევს დისლოკაციის ადგილის დატოვება და სამხედრო მზადყოფნაში მოსვლა, რაც სამხედრო კონფლიქტის რისკს ზრდის. სამწუხაროდ, არსებული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ადეკვატური ზომების მიღება დღეს ნამდვილად არ შეუძლია, თუმცა არსებობს რუსეთის შემაკავებელი სხვა ფაქტორები. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საკმაოდ ფართო მასშტაბით ვმონაწილეობთ ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში, რაც გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევს. თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოსთან კიდევ ერთი ომი რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

- ზემოთ პოლიტიკური ვაჭრობა ახსენეთ და ისიც თქვით, რომ ამერიკა-ირანის დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთი შეეცდება რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. ამ ვაჭრობაში საქართველო ხომ არ იქნება ხურდა?

- აქამდეც ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენ ვაჭრობის ობიექტი ვართ, რომ ამერიკას როცა დასჭირდება, მაშინ მიგვატოვებს და ა.შ. თუმცა დღემდე მიმდინარე პროცესები გვაჩვენებს, რომ ევროპასაც და ამერიკასაც ჩვენს რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები მზარდია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამგვარი ვაჭრობა რუსეთთან არ გაიმართება და საქართველოს არ ექნება ხურდის ფუნქცია. თუმცა ამისთვის საჭიროა საქართველომაც აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ეცადოს ამ პროცესებში საკუთარი ინტერესები მომგებიანად დაიცვას.

რაც შეეხება საფრთხეს ირანის მხრიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშვება, თუ ირანისა და ამერიკის დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან და ომი ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ საბრძოლო პროცესში გადაიზრდება. ამ შემთხვევაში საქართველო მართლაც აღმოჩნდება ირანის მოწინააღმდეგე კოალიციაში. თუმცა პროცესების ამგვარი ფატალური განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. დღემდე არსებული გამოცდილებით, სამხედრო ოპერაციებისას ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად ავიადარტყმებით აყენებდა მოწინააღმდეგეს ზიანს და ომიც მცირე ხანს გრძელდებოდა ხოლმე.

- არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკამ ავიადარტყმებისთვის შესაძლოა ქართული აეროდრომები გამოიყენოს და აქ განალაგოს ჰოსპიტალი და სხვა ლოჯისტიკური საშუალებები.

- მე ეს ნაკლებსავარაუდო მგონია. ავიაიერიშები, ძირითადად, განხორციელდება მცურავი საშუალებებიდან, საქართველოს ამ პროცესში მონაწილეობის შანსი ძალიან მინიმალურია. საქართველოში ერთი აეროდრომის გამოყენებაზეა ვითომ ლაპარაკი, მაგრამ ეს რომ ასე იყოს, ამისთვის მზადება უკვე დაიწყებოდა. რაც შეეხება აქ ჰოსპიტლის აგებას, ესეც საეჭვოა, რადგან, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დანაკარგი ძალიან მცირე იქნება. არა მგონია, იმდენი დაჭრილი და გარდაცვლილი იყოს, რომ ამას ცალკე სამხედრო ჰოსპიტალი დასჭირდეს. ამერიკის მეხუთე ფლოტი, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, ვფიქრობ, ჰოსპიტალურ მომსახურებასაც თვითონვე აუვა. ამიტომ ირანს საქართველოში სამხედრო მოქმედებების დაწყების საფუძველი ნამდვილად არ ექნება, თუმცა თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება.

- ანუ თქვენ ამერიკის ირანთან სამხედრო დაპირისპირებას გარდაუვლად მიიჩნევთ?

- ვფიქრობ, ომის ალბათობა ძალიან მაღალია, რადგან ირანი არ აპირებს თავის უგუნურ პოლიტიკაზე უარის თქმას. ჯერჯერობით მათ პოზიციაში პოზიტიური ცვლილებები არ შეიმჩნევა და ჯიუტად ცდილობენ ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რაც რეგიონისთვის დიდი საფრთხეა.

ნათია დოლიძეს (სპეციალურად საიტისთვის)