"ანჯელინა ჯოლის მარია კალასის როლზე დამტკიცება იგივეა, ვერიკო ანჯაფარიძე რომ განასახიეროს შორენა ბეგაშვილმა, რომელიც თავის ამპლუაში შესანიშნავია, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ანჯელინა ჯოლის მარია კალასის როლზე დამტკიცება იგივეა, ვერიკო ანჯაფარიძე რომ განასახიეროს შორენა ბეგაშვილმა, რომელიც თავის ამპლუაში შესანიშნავია, მაგრამ..."

როგორც ცნობილი გახდა, რეჟისორი პაბლო ლარაინი მარია კალასის შესახებ ფილმს იღებს. საოპერო მომღერლის როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებს. Maria – ასე ჰქვია ბიოგრაფიულ დრამას და ის კალასის ტრაგიკულ ცხოვრებასა და შემოქმედებით კარიერაზე ისტორიას ჰყვება... ანჯელინა ჯოლიმ როლზე თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება კალასის პერსონაჟის განსახიერებას და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი მხატვრული სახე სრულყოფილად შექმნას.

სიუჟეტი პარიზში 1970-იან წლებში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ეპიზოდში გამოყენებული არა ერთი ვინტაჟური კოსტიუმი თავის დროზე კალასს რეალურად ეცვა. ოქტომბრის დასაწყისში ფილმის შემქმნელებმა პირველი კადრები გამოაქვეყნეს, სადაც მაყურებელმა როლისათვის გარდასახული ჯოლი იხილა. ახლახან კი ინტერნეტში გადასაღები მოედნის ფოტოებიც გავრცელდა... ფილმი კინოთეატრების ეკრანებზე 2024 წელს გამოვა...

გადაღებიდან გავრცელებულმა კადრებმა განსაკუთრებული ყურადღება საოპერო ჟანრის წარმომადგენლებისგან მიიპყრო. როგორც მოსალოდნელი იყო, ანჯელინა ჯოლის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა, უმეტესი მათგანი სკეპტიკურ განწყობას არ მალავს, მათ შორის - მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... მან თავისი მოსაზრება "კვირის პალიტრას" გულწრფელად გაუზიარა:

- როდესაც მსახიობი მარია კალასის როლს ირგებს, მისი ადრინდელი აქტივობა იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ეს როლი ითამაშოს... ვთქვათ, მერილ სტრიპს ან ჰელენ მირენს, სხვა, ასეთი იმიჯის მსახიობს რომ მარია კალასის როლი შეესრულებინა, ნაკლებად გამიკვირდებოდა, მიუხედავად მათი ფიზიკური განსხვავებისა... ეს მსახიობები ყოველთვის ბიოგრაფიულ, ძალიან ძლიერ ადამიანებს ასახიერებდნენ... თუნდაც ფანი არდანის მარია კალასი - მე ვთვლი, რომ გარეგნულად ბევრად უფრო დახვეწილი იყო.

foto-1697734156.jpg
რეჟისორი პაბლო ლარაინი

ანჯელინას სხვა ჰაბიტუსი აქვს, სხვა აურა, სხვა პიროვნებაა, სხვა ხასიათით... ის რომ „შლაპას“ დაიხურავს და დახვეწილად ჩაიცვამს, მისი თვალები, გამომეტყველება, პატარა, „კურნოსა“ ცხვირი, სქელი ტუჩები, სულ სხვაა და არ არის მარია კალასი! მიმაჩნია, რომ ეს როლი ანჯელინა ჯოლის შემოქმედებაში ყველაზე წამგებიანი როლი იქნება... გრიმს გაუკეთებენ, ათასნაირად შეეცდებიან შეცვალონ, მაგრამ თვალებს, მის გამოხედვას, პროფილს რა ვუყოთ?.. მარია კალასის დემონური ღიმილი, დამაჯერებელი ხმა, ძლიერი ქალბატონის სიტყვა, წყალი რომ არ გაუვა, რასაც ის იტყვის, დრამატიზმი თვალებში, გამომეტყველებაში...

ანჯელინა ჯოლი რომ მარია კალასის როლს ასრულებს, ჩემთვის იგივეა, რომ ვერიკო ანჯაფარიძე განასახიეროს შორენა ბეგაშვილმა, რომელსაც პატივს ვცემ, თავის ამპლუაში შესანიშნავია, მაგრამ ეს ორი ხომ სრულიად განსხვავებული ფიგურაა და მიკვირს, ასეთი ჭკვიანი ქალბატონი - ანჯელინა ჯოლი რატომ დათანხმდა მისთვის წამგებიან როლს...

- აზრთა სხვადასხვაობაა მარია კალასის გარეგნობაზე... თქვენ რას იტყვით?

- მე არ ვთვლი, რომ მარია კალასი ლამაზი ქალი არ იყო... პირიქით, არსებობენ განსხვავებული გარეგნობის ქალბატონები, რომელთა ვიზუალშიც არის ძალიან დიდი აზრი, სიღრმე, დრამატიზმი, სიძლიერე და ასეთები ჩემთვის უფრო ლამაზები ჩანან, ვიდრე - მხოლოდ აპრეხილი ცხვირით, სქელი ტუჩებით, თითქოს უფრო დახვეწილი გარეგნობით...

ამერიკაში ასეთ ქალებს - pin up girls-ს ეძახიან... პოსტერების და აფიშების ქალბატონები. ჩემი აზრით, მერლინ მონროც ასეთი ქალბატონი იყო. ძალიან ძნელია შეადარო, მაგალითად, ანა მანიანი და მერლინ მონრო. ერთში ძალიან დიდი აზრია, დრამატიზმი, ტრაგიზმი, მეორეში, რაც ზემოთ მოგახსენეთ... თუნდაც ის დემონურობა, რაც მარია კალასს ჰქონდა მის სიცილში, გამოხედვაში... და ის შეადარო „ბანბანერკაზე“ დახატულ სააფიშო ქალბატონებს...

(სპეციალურად საიტისთვის)