რაკეტებზე საშიში იარაღი - როგორ "აფეთქებენ" მსოფლიოს სოცქსელში "ჩაბუდებული" რუსული სპეცსამსახურები - კვირის პალიტრა

რაკეტებზე საშიში იარაღი - როგორ "აფეთქებენ" მსოფლიოს სოცქსელში "ჩაბუდებული" რუსული სპეცსამსახურები

შეიძლება ვინმემ იკითხოს: საქართველოს პარლამენტში სუს–ის უფროსი ძალზე საინტერესო ყოვლეწლიური ანგარიშით გამოვიდა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს და რა დროს სოციალური ქსელები და ტროლ–ბოტები არიანო. მოთმინება მკითხველო, მოთმინება – ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვითომ სპეცსამსახურების მიერ სოციალური ქსელებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ამ გზით შორსმიმავალი ფარული მიზნების მიღწევა ძალზე დაშორებულია ზემოთ ნახსენებ ორ აქტუალურ საკითხთან? რა თქმა უნდა არა! დღეს მსოფლიო ელექტრონული საინფორმაციო ქსელი უკვე გახდა უდიდესი პოტენციური საფრთხის მატარებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სპეცსამსახურები ინტერნეტს მხოლოდ ღია ინფორმაციის მოსაპოვებლად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. ამჟამად კიბერსივრცე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ფარული დაპირისპირების და ბრძოლის არენადაა ქცეული.

1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ტერმინები: კიბერთავდასხმა, ჰაკერი, კიბერშპიონაჟი, კიბერომები, კიბერტერორიზმი და ა.შ. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა კიბერჯაშუშობის შემთხვევები და სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული საინფორმაციო სივრცე გახდა სპეცსამსახურების ფარული სამიზნე.

დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება (ჭორაობა, საქმიანი მიმოწერა, გადასახადების გადახდა, ბანკთან ანგარიშსწორება და აშ.), არამედ სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოვიდ პანდემიის დროს გახდა. ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის გარეშე შეუძლებელია სატრანსპორტო, თავდაცვის, კავშირგაბმულობის, საბანკო-საფინანსო და ა.შ. უწყებების ნორმალური მუშაობა. სწორედ ინტერნეტის შეუცვლელობამ აქცია კიბერსივრცე სპეცსამსახურებისა და ტერორისტების მთავარი სამიზნედ.

თუ ადრე ჰაკერები იოლად გამდიდრების მსურველი ავანტიურისტები ან სათვალიანი ახალგაზრდა გენიოსები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი „ეგო“ ყველაზე საიდუმლო სახელმწიფო სამსახურების საიტების გატეხვით დაეტკბოთ, დღეს “კომპიუტერული ომები” და ჰაკერების მცირე "ხულიგნობა" უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. გასულ წლებში მათი ძირითადი მიზანი კომერციული ბანკების, ტოტალიზატორებისა და სამორინეების ინტერნეტგვერდების "გატეხვა" და ფინანსური აფერის დატრიალება იყო. მადა ჭამაში მოდისო და ჰაკერებმა თავიანთი შესაძლებლობების უფრო სერიოზულ ასპარეზზე გამოცდა მოინდომეს. და მალევე შეძლეს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების, სპეცსამსახურების, საიდუმლო კვლევითი ცენტრებისა და სამეცნიერო ლაბორატორიების ინტერნეტგვერდებზე შეღწევა. ამ "გართობამ" თანდათან პოლიტიკური და რელიგიურ–ტერორისტული ელფერიც მიიღო.

უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალიზაციამ და ჩვენი პლანეტის მოსახლეობის სწრაფვამ სოციალური ქსელებით ურთიერთობისა და ელექტრონული მედიით სარგებლობისკენ, უფრო გააიოლა და გაამარტივა სპეცსამსახურების საქმიანობაც. თუ აქამდე შეტევების მთავარი მიზანი ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად კი სამხედრო და სპეცსამსახურების) საინფორმაციო კომპიუტერული სისტემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება იყო, ამჟამად სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ტვიტერი, ტიკ–ტოკი, „ვქონტაქტე“, „ოდნოკლასნიკი“ და სხვ.) და “ფორუმები” გახდა სპეცსამსახურების დეზინფორმაციული ოპერაციების მთავარი ობიექტი. ასეულ მილიონობით ადამიანი ყოველ დილას ფინჯანი ყავით (ჩაიც შეიძლება ხანდახან) და სოციალური ქსელების გაცნობით იწყებს. ეს კი მართლაც, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა “ფეიკ ნიუსების” გასავრცელებლად.

უფრო მეტიც: სოციალურ ქსელებში “ტროლ–ბოტების” გამოყენებით უკვე სავსებით რეალურია ნებისმიერი, თვით მსოფლიოს უძლიერესი, ქვეყნების განვითარების გეოპოლიტიკური მიმართულების შეცვლა, საპრეზიდენტო არჩევნებში ფარული ჩარევა და სეპარატისტული მოძრაობების ხელშეწყობა. მკითხველი. ქვემოთ მოტანილი ფაქტების გაცნობის შემდეგ, თავად დარწმუნდება ამაში.

გავიხსენოთ: 2010 წლის მიწურულს დაწყებული და 2011 წელს გაგრძელებული „არაბული გაზაფხულის“ დროს ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციების ორგანიზება და მომიტინგეთა მობილიზება სწორედ ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით ხდებოდა.

picture1-1697781216.jpg

„არაბული გაზაფხულის“ დასაწყისი

უკანასკნელ წლებში რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სოციალურ ქსელების გამოყენებით აქტიურად ჩაერიოს სხვა ქვეყნების საპრეზიდენტო არჩევნებში და ხელი შეუწყოს სეპარატისტული მოძრაობებს, რათა მოახერხოს ამ ქვეყნების გეოპოლიტიკური ორიენტირების შეცვლა ან თუნდაც საზოგადოებრივი განხეთქილების პროვოცირება. რეალურად რუსეთი გახდა “ახლი თაობის ომის” ინიცატორი, სადაც უმთავრეს იარაღს წარმოადგენს ინტერნეტის მეშვეობით სოციალური ქსელებით დეზინფორმაციის გავრცელება. ამით რუსეთი ცდილობს ერთმანეთს დაუპირისპიროს სამიზნე ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ფენები და მათ შორის გააღვივოს პოლიტიკური, სოციალური, რასობრივი და რელიგიური შუღლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უკვე რეალობაა და ვერსად გავექცევით, უბრალოდ გასაკვირია, რომ დასავლეთის ქცეყნების ხელისუფლება ასე გვიან გამოფხიზლდა. მათთვის ნუთუ უცნობი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების დეზინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ომის მრავალფეროვანი ოპერაციების შესახებ?

სოციალური ქსელების ფარული მანიპულირების საშუალებით საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობის გამო რუსეთის ხელისუფლება სამ სერიოზულ დანაშაულშია მხილებული: 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ამერიკის მოსახლეობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება; სოციალური ქსელებით ფარული ზემოქმედება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმზე და კატალონიის ესპანეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის მხარდასაჭერად ასევე სოციალური ქსელების გამოყენება.

კრემლი“ ირჩევს აშშ-ის პრეზიდენტს

რამდენიმე წლის წინ “ფბ”-ს სოციალური ქსელის უსაფრთხოების მთავარმა სპეციალისტმა ალექს სტამოსმა საკუთარ ბლოგში ძალზე საინტერესო ინფორმაცია გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ 2015-2017 წლებში მათთან დაახლოებით 150 ათასი დოლარის ღირებულების სამი ათასზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განთავსდა 470 ყალბი აქაუნთიდან. სტამოსის ვარაუდით, ისინი ურთიერთდაკვშირებულები იყვნენ და დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდნენ.

ამ ტექსტებში არ იყო პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები, რომლებიც უშუალოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა. რუსეთის სპეცსამსახურები უფრო “დახვეწილ” მეთოდებს იყენებენ. “ტროლების” მიერ გაგზავნილი ტექსტები ეხებოდა აშშ ყველაზე რთულ და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნო-რელიგიურ საკითხებს (ვითომდა აფროამერიკელების დისკრიმინაციას და მუდმივ ჩაგვრას; “ლგბტ”-ს უფლებებს; იარაღის ტარების უფლების გაუქმებას და ა.შ.). “ტროლები” უფრო აღვივებდნენ და ამწვავებდნენ იმ პრობლემურ თემებს, რომლებიც ამერიკის საზოგადოებაში დაპირისპირების საგნად იყო ქცეული. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტექსტების დიდი ნაწილი აშშ-ის კონკრეტულ რეგიონებსა და მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე იყო გათვლილი. “ტროლების” მიზანი იყო აშშ საპეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეთნორელიგიურ ჯგუფებში ურთიერთდაპირისპირების და შუღლის მაქსიმალური გაღვივება.

ალექს სტამოსის ვარაუდით, 150 ათასი დოლარის ღირებულების რეკლამას დაახლოებით 130 მილიონი ამერიკელი გაეცნო ანუ რუსეთიდან მართული “ტროლები” “ტვინს უწამლავდნენ” აშშ-ის მოსახლების 40%-ზე მეტს! ამის შემდეგ “ფეისბუქის” ადმინისტრაციას ისღა დარჩენოდა, რომ პირდაპირ განეცხადებინა: 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში რუსეთიდან მართულმა ორგანიზაციებმა “ფეისბუქზე” ყალბი გვარებით შექმნეს და აქტიურად აქვეყნებდნენ პოსტებს, რათა გავლენა მოეხდინათ აშშ მოქალაქეებზეო. “ფბ”-ს მენეჯერებმა ისიც აღიარეს: ჩვენდა უნებურად კრემლის პროპაგანდისტურ ოპერაციებს ვუწყობდით ხელს და სოციალური მედია გამოყენებულ იქნა, როგორც საინფორმაციო იარაღიო.

picture2-1697781216.jpg

პუტინის რჩეული კვლავ ტრამპი იქნება?

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი და „ყოფილი“ კა–გე–ბე–შნიკი ვლადიმერ პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა იმ ჰაკერული ოპერაციის დაგეგმვას, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევას ისახავდა მიზნად. ეს მოსაზრება ლოგიკას არაა მოკლებული, რადგანაც პუტინი მკაცრად აკონტროლებს ყველა ოპერაციას, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები ქვეყნის გარეთ ახორციელებენ და აქედან გამომდინარე, მან ჰაკერული თავდასხმის შესახებ ყველა დეტალი იცოდა. დარწმუნებული ვარ იგივე განმეორდება 2024 წლის აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც: პუტინი ეცდება მისთვის სასურველ კანდიდატს (სავსებით შესაძლებელია მისი რჩეული კვლავ დონალდ ტრამპი გახდეს) დაეხმაროს.

“ბრექსიტი” კრემლიდან იმართებოდა?

ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა ეჭვები, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჰაკერები ბრიტანეთის მედიასაშუალებების, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ. შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში და დემოკრატიული ფასეულობების განადგურების მცდელობაში.

picture3-1697781216.jpg

2017 წლის 15 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2016 წლის რეფერენდუმის დროს სოციალურ ქსელ ტვიტერის რუსმა მომხმარებლებმა, სულ რაღაც 48 საათის განმავლობაში, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მხარდამჭერი 45 ათასამდე შეტყობინება გააგზავნეს. აღმოჩნდა, რომ ტვიტერის რუსი მომხმარებლების აქტივობამ კულმინაციას მიაღწია 23 და 24 ივნისს - ანუ კენჭისყრის დღეს და რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს.

სეპარატისტული კატალონიის ჩრდილოელი მეგობარი

ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა. როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, სოციალური ქსელებით გავრცელებული სეპარატისტების მხარდამჭერი გზავნილების ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან, ნაწილი კი ვენესუელიდან მოდიოდა და ჰაკერების კატალონიის კრიზისში ჩარევის მიზანი, ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა იყო.

picture4-1697781216.jpg

2021 წლის მაისის ბოლოს, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2017-2020 წლებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი აღმოჩნდა აბსოლუტური ლიდერი. "ფეისბუკმა" ოთხ წელიწადში გაანადგურა „ტროლებისა და ბოტების ფერმების“ 150-ზე მეტი ქსელი, რომლებიც შეიქმნა და გამოიყენებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი გახდა ლიდერი „დეზინფორმაციული ქსელების” რაოდენობით. ამავდროულად, რუსეთთან დაკავშირებული 27 ქსელიდან, "ფეისბუკის" ანალიტიკოსების აზრით, 15 ქსელი უკავშირდებოდა ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს (ე.წ. ტროლების ფერმას) და სკანდალურად ცნობილი რუსი ბიზნესმენის, შემდეგ ძალზე საეჭვო ავიაკატასტროფაში დაღუპული ევგენი პრიგოჟინის ფირმებსა და ორგანიზაციებს. 4 ქსელი უკავშირდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, 2 კი - მედიაკომპანიებს. ასევე, გამოავლინეს დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინატორი ერთი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. რუსეთის მხრიდან თავდასხმები, ძირითადად, რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე და ნაწილობრივ - შეერთებულ შტატებზე იყო მიმართული. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე დეზინფორმაციული თავდასხმების ყველაზე პოპულარული სამიზნეები იყო შეერთებული შტატები (27), უკრაინა და დიდი ბრიტანეთი (11-11).

“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების დღევანდელი წუხილი გასაგებია, თუმცა ჩემი აზრით ძალზე დაგვიანებულია “თითზე კბენა”. რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერნეტსივრცისა და საოციალური ქსელების გეპოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 2007 წლის გაზაფხულზე იყო. მაშინ არც ევროპელ და არც ამერიკელ ლიდერებას არ გამოუთქვამთ სერიოზული პროტესტი და ეს “ცელქობა” რუსეთს შეჩა.

2007 წლის აპრილამდე არასოდეს ყოფილა, რომ ერთი ქვეყნის ელექტრონული სივრცის წინააღმდეგ ვინმეს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები გამოეყენებინა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში პირველი სერიოზული კიბერომი ერთი სახელმწიფოს (კერძოდ ესტონეთის) წინააღმდეგ, ორგანიზებული იყო 2007 წლის აპრილ-მაისში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და მათი “საერთო რეჟისურით” მიმდინარეობდა.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ამ პროცესში შემდგომ აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ქვეყნების რუსი ეროვნების მოქალაქეები (მათი უმრავლესობა რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული, ნაწილი კი „სასარგებლო იდოტები“ იყვნენ, რომლებიც ბრმად გამოიყენეს) . მაშინ კიბერტერორისტების მიერ შექმნილი და ინტერნეტით გავრცელებული სპეციალური პროგრამების საშუალებით დავირუსებული კომპიუტერები უბრალო “ზომბირებულ ყუთებად” იქცნენ და მფლობელებისგან დამოუკიდებლად ჰაკერების დავალებებს “უსიტყვოდ” ასრულებდნენ.

ერთი თვის მანძილზე დიდი შეფერხებებით მუშაობდა ესტონეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სამინისტროების, ბანკებისა და წამყვანი გაზეთების საიტები.

მაშინ ესტონეთის უდიდესი ბანკი – “ჰანსაბანკი”, იძულებული გახდა, რამდენიმეჯერ მრავალი საათით შეეჩერებინა კლიენტთა საბანკო ოპერაციების ინტერნეტმომსახურება. ამ პერიოდში მისმა ზარალმა რამდენიმე მილიონ დოლარს გადააჭარბა. ესტონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ერთი კვირის მანძილზე ელექტრონული ფოსტის გარეშე დარჩნენ.

მაშინ, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, ესტონეთის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან დააყენა საკითხი, რომ კიბერტერორიზმი და ჰაკერების ორგანიზებული შეტევები გათანაბრებოდა ნატო-ს წევრი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიას. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრი ესტონეთში. თუმცა ქართული ანდაზა: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“ – რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაცაა ცნობილი და ისინი სულ ახალ და ახალ კიბეროპერაციებს გეგმავენ – მათ შორის საქართველოშიც.

(პირველი ნაწილის დასასრული)