"წარმოვიდგინოთ, რომ შეიარაღებული ჯგუფი გადმოდის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, კეტავენ ცენტრალურ მაგისტრალს, იკავებენ სოფლებს...ვართ ამისთვის მზად?!"
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენ გვერდზეა და რა დროს რას მოიფიქრებს და დააპირებს, არ ვიცით, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის. უნდა გვახსოვდეს, ძალიან, ძალიან სახიფათო ფაზაში ვართ, სადაც ფიზიკური გადარჩენის გარანტიაა ძლიერი ჯარი, ეროვნული ერთიანობა და რაც შეიძლება ბევრი მეგობარი ქვეყანა", - გვეუბნება საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი, რომელიც საინტერესო ანალიზს გვთავაზობს და რისკების თავიდან აცილების გზებზე მსჯელობს. გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 16 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- კონფლიქტში ირანის ჩართვა როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე, სახელდობრ საქართველოზე?
- ჩვენ გლობალური მასშტაბით არაფერს ვწყვეტთ, რადგან ლილიპუტი ქვეყანა ვართ ლილიპუტი შესაძლებლობებით - ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სამხედრო რესურსებით. ჩვენ გადამწყვეტი სიტყვა არ გვეთქმის. ამ რეგიონულ ომში გიგანტური ძალები იქნებიან ჩართული, ამიტომ თავის დასაზღვევად ჩვენ გვჭირდება: 1. სამხედრო რესურსის მაქსიმალურად მობილიზება; 2. მნიშვნელოვანია, სად ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რომელ ბანაკში ვართ, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რათა არ აღმოვჩნდეთ ამ სამხედრო დაპირისპირებაში, კონკრეტულად, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნეს გამოყენებული, მაგალითად, ირანის საწინააღმდეგოდ - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია; 3. თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების 100%-იანი რკინის გარანტია, რაც ნიშნავს, რომ ან ნატოს წევრი ვართ, ან ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება აშშ-ის ბაზები - ანუ საქართველოს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენ გვერდზეა და რა დროს რას მოიფიქრებს, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის... ასეთი ჰიპოთეზური სცენარი რომ წარმოვიდგინოთ (დაახლოებით ისეთი, როგორიც "ჰამასმა" ისრაელში დაატრიალა) - შეიარაღებული ჯგუფი გადმოვიდეს როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთით, სოფლების დაკავებით და მათ შორის, ტყვეების აყვანით და ხოცვა-ჟლეტითაც, მაშინ რას ვაკეთებთ? რა დროს რას მოინდომებს რუსეთი, რა დროს აგირევს შიდაპოლიტიკას და ქაოსში ჩაგაგდებს, ეს მან იცის, მაგრამ შენ ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო.
- მზადყოფნა რას გულისხმობს?
- ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის საოკუპაციო ზოლის მუდმივ მონიტორინგს, სწრაფი რეაგირების სამხედრო ჯგუფებს, რომლებიც ყველანაირ პერიმეტრს და გეოგრაფიულ ტერიტორიას გააკონტროლებენ. ჩვენ სწრაფი რეაგირების ძალები უნდა გვყავდეს, რადგან საოკუპაციო ხაზი ძალიან ახლოს არის ცენტრალურ მაგისტრალსა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან. გორი-ხაშურის მაგისტრალი რამდენიმე მონაკვეთზე ძალიან ადვილად შეიძლება გადაიკვეთოს, გადაიჭრას. საჩხერის მიმართულებითაც შეიძლება გადაიკეტოს გზა, ცალკეა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორია, ანაკლია-ორსანტია-ჯვარი და ენგურის კაშხალი - ეს არის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაუცველია. აქეთ თრუსოს ხეობაა. გუდაური-სტეფანწმინდის გზა თუ გადაიკეტა და ხეობა დაიკავეს, ეს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს წლების განმავლობაში აპრობირებული მთელი რიგი პროცედურები საოკუპაციო ხაზის გარშემო, უნდა გვქონდეს ძლიერი მონიტორინგის, თვალთვალისა და დაზვერვის ინფრასტრუქტურა, უნდა გვყავდეს ძლიერი სწრაფი რეაგირების ძალები როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ისე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურში, რომელსაც აბარია მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. მოსალოდნელი ექსცესების აღკვეთა ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა, რომელიც თავისი შესაძლებლობითა და რაოდენობით, დასამალი არ არის, ძალიან შორს არის იმ ოპტიმალური რაოდენობისა და შესაძლებლობისგან, რაც გვჭირდება ასეთი რთული, უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების დროს. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 90 ათას კაცს შეადგენს, სომხეთის - 60 ათასს (თურქეთზე აღარაფერს ვამბობ), ამ დროს ჩვენი, კანონით დადგენილი, ზღვრული, მაქსიმალური რაოდენობაა 34 ათასი კაცი და ღმერთმა უწყის, ამ რაოდენობას ვაღწევთ თუ არა. სომხეთს, რომელიც ჩვენზე პატარაა, ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი ჯარი ჰყავს, აზერბაიჯანს - 3-ჯერ მეტი. ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ და დაცული, ან ძალიან დიდი სარკაზმია, ან საქართველოს მოსახლეობის დაცინვა. უნდა გვახსოვდეს, ძალიან სახიფათო ფაზაში ვართ და ჩვენი ფიზიკური გადარჩენის გარანტიაა ძლიერი ჯარი, ეროვნული ერთიანობა და რაც შეიძლება ბევრი მეგობარი ქვეყანა.
- ამ სამი კომპონენტიდან გვაქვს კი რომელიმე?
- უნდა ვიმუშაოთ, რომ სამივე გვქონდეს - ეს არის ჩვენი ხელისუფლების პირველი ამოცანა. ნებისმიერ დროს შეიძლება ოკუპაცია განახლდეს. საზოგადოდ, ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტი შიდა პროდუქტის 7-8-დან 15%-მდე უნდა იყოს, ვინაიდან ქვეყანა გადარჩენაზე მუშაობს, ჩვენი ბიუჯეტი კი არის შიდა პროდუქტის 1,4%. ყველანაირი ისტორიული გამოცდილებით, ქვეყანამ ოკუპაციის პირობებში რომ გაძლოს, გადარჩეს, ჯარი შეინახოს, მას სამხედრო ბიუჯეტის მინიმალური რაოდენობა მაინც სჭირდება. ჩვენ საჭიროზე 6-7-ჯერ ნაკლები ბიუჯეტი გვაქვს. ამ ხელისუფლებასთან პირადული არაფერი მაკავშირებს და იცით, რომ წინა ხელისუფლებასაც მწვავედ ვაკრიტიკებდი. ახლანდელსაც ვაკრიტიკებ. იმ ხელისუფლების დატოვებულია ის ბევრი მანკიერი, მახინჯი პრაქტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ გადაიბარა და უფრო განავითარა. ჩვენ იმ ეპოქაში ვართ, როცა სამხედრო ძალა ბევრ რამეს წყვეტს და მხოლოდ ლამაზი სიტყვებით, განცხადებებით და დეკლარაციებით პოლიტიკა არ კეთდება. ამის სადემონსტრაციოდ ყარაბაღს მოვიყვან. სამხედრო ძალა არის ყველაზე მძლავრი და ეფექტური როგორც საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, ისე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ა.შ. ვინც ამას არ აღიარებს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვია და ეროვნული ინტერესების მოღალატე. რადიკალურად უნდა შეიცვალოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა და სწრაფი ტემპით დავიწყოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან დაახლოება. ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების ერთადერთი გზა და გარანტიაა რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. აუცილებელია ეროვნული ერთიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერთიანდებით ჯანსაღი ძალების გარშემო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც მოსკოვში დარბიან, სურათებს იღებენ კრემლის ფონზე და პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებენ საქართველოში, უნდა აილაგმონ საქართველოს ტერიტორიიდან. იმის მაგივრად, უწყებები პოლიტიკური პარტიების პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებით იყვნენ დაკავებული, აჯობებს მთელი რესურსები გადაიტანონ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების აღმოჩენასა და მათ განეიტრალებაზე.