გერმანელები კავკასიაში ახალ ომს წინასწარმეტყველებენ?! - Die Welt-ის სკანდალური სტატია, რომელმაც თბილისი, ბაქო და ერევანი უნდა დააფიქროს
გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ღაზას ჩრდილში: კიდევ სად არის მომდევნო ომის საფრთხე“ (ავტორი - პავლე ლოკშინი, კორესპონდენტი მოსკოვში). პუბლიკაციაში განხილულია კავკასიის სიტუაცია, კრიტიკულადაა განხილული ილჰამ ალიევის მოქმედება, რომელიც მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებულის პოზიციით სარგებლობს და ამჯერად უკვე შეიძლება სომხეთსაც თავს დაესხას.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„კავკასიაში არსებული სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. აზერბაიჯანელ დიქტატორს ილჰამ ალიევს შეუძლია ისარგებლოს იმით, რომ ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული და მთიანი ყარაბაღის დაუფლების შემდეგ თავისი მომდევნო შეტევა დაგეგმოს, ამჯერად უკვე უშუალოდ სომხეთის წინააღმდეგ, რასაც დასავლეთის უმოქმედობაც ხელს უწყობს: იმიტომ, რომ ევროპა აზერბაიჯანისგან ნავთობსა და გაზს სიამოვნებით ყიდულობს.
ილჰამ ალიევის ტრიუმფი
აზერბაიჯანის ტელევიზია ისტორიულ კადრებს აფიქსირებს, რომელიც ილჰამ ალიევის ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის კულმინაციას ასახავს: აზერბაიჯანის ლიდერს სამხედრო ფორმა აცვია. იგი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმყოფება, მუხლებზეა დაჩოქილი, კოცნის ფლაგშტოკზე დამაგრებულ დაშვებულ აზერბაიჯანის დროშას, შუბლით ეხება და შემდეგ, რეჟიმის ერთგული მასმედიის ტელე და ფოტოკამერების წინაშე მაღლა სწევს. ილჰამ ალიევის მოქმედება მთიანი ყარაბაღიდან სომხების წასვლის შემდეგ გასაგებია: სტეფანაკერტი, აზერბაიჯანულად - ხანკენდი - ისევ აზერბაიჯანის კუთვნილებაა.
ომის შემდეგ, რომელიც სულ რაღაც 24 საათი გრძელდებოდა, ილჰამ ალიევმა თავის კონტროლქვეშ მთელი მთიანი ყარაბაღი მოაქცია. ამ „ბლიცკრიგით“ მან დაასრულა ის, რაც სამი წლის წინ დაიწყო, ყარაბაღის მეორე ომის დროს. მისი მიზანი - 100 ათასი სომეხის გადასახლება თავიანთ სამშობლოში იმ რეგიონიდან, რომელიც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის - მიღწეულია. აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის კამერების წინაშე ილჰამ ალიევი უკვე აღარარსებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დროშაზე დგას და მას ფეხის საწმენდად იყენებს, „რესპუბლიკის“ ლიდერები კი ბაქოს ციხეში არიან ჩამწყვდეულები.
დიახ, ომი დასრულდა, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის სიმპტომები ჯერ კიდევ არ ჩანს. ღაზას ოპერაციის ჩრდილში, მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების მიმართ დასავლეთის მიერ გამოვლენილი სუსტი რეაქციით იმედმოცემულ აზერბაიჯანს ახლა უკვე თვითონ უშუალოდ სომხეთზე თავდასხმაც შეუძლია, განსაკუთრებით - სამხრეთ ნაწილზე, სადაც ე.წ. ზანგეზურის დერეფანი მდებარეობს [აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავთან და თურქეთთან შემაერთებელი მარშრუტი].
მამა ალიევი, ალბათ, გახარებულია შვილის წარმატებით
ხანკენდში წარმოთქმულ ილჰამ ალიევის სიტყვაში არაფერი არ იყო შემრიგებლური, მშვიდობის დასამყარებლად, პირიქით, მისი განცხადება უფრო მეტად სომხეთის მიმართ მუქარებს შეიცავდა. ილჰამ ალიევი ლაპარაკობდა „წმინდა მიზნებზე“, აზერბაიჯანელთა მოწამეობრივ სიკვდილზე მშობლიური მიწის გასათავისუფლებლად, მამამისის - დიდი ჰეიდარ ალიევის სულზე, რომელიც გახარებულია შვილის წარმატებით, სამშობლოს მიწა-წყლის გაერთიანების გამო.
სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს „სამამულო ომი“ („ანტიტერორისტული ოპერაცია“, - ასე უწოდებს ბაქო მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას). თუ სომხეთში გარკვეულ ძალებს შურისძიება აქვთ ჩაფიქრებული, მათთვის ხანკენდში აფრიალებული აზერბაიჯანის დროშა გაკვეთილი უნდა იყოს.
ილჰამ ალიევს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ყარაბაღელი სომხების მასობრივ წასვლაზე, რომლებსაც სულ რამდენიმე კვირის წინათ აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებებს ჰპირდებოდა. ამიერიდან აზერბაიჯანისათვის სომხეთი თანასწორი პარტნიორი კი არ არის, არამედ - დამარცხებული მტერია.
მიმდინარე თვის ბოლოს აზერბაიჯანი და მისი მოკავშირე თურქეთი ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარებას გეგმავენ - თანაც უკვე დაბრუნებულ მთიან ყარაბაღში და ნახიჩევანის ავტონომიაში, რომელიც ირანს და თურქეთს ესაზღვრება.
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც ორჯერ აღემატება გერმანული საარის მხარის ტერიტორიას, თითქმის 460 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათ სამშობლოს ძირითადი ნაწილისაგან სომხეთის ვიწრო ტერიტორია აშორებთ.
„ზანგეზურის დერეფანი“: სიკეთე თუ საფრთხე?
ილჰამ ალიევს განზრახული აქვს დერეფანი შექმნას თურქეთის მიმართულებით. იგი ამ პროექტში „თურქული სამყაროს გაძლიერებას“ ხედავს, რომელიც ორ მოძმე ხალხს - აზერბაიჯანელებსა და თურქებს გააერთიანებს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებული და შემდგომ დაბლოკილი რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვა, აზერბაიჯანის ინტერპრეტაციით, დერეფნების შექმნას ნიშნავს, რაც 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაშიც არის ჩაწერილი, რომელიც, მთიანი ყარაბაღის დაკავების შემდეგ, შეიძლება ითქვას, უკვე ანულირებულია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბაქოსა და ერევანს არასდროს ჰქონიათ ერთიანი აზრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი. სომხეთი შიშობს, რომ ბაქოს ექსტერიტორიული მარშრუტის შექმნა სურს, რომელსაც მთლიანად თვითონ გააკონტროლებს, სომხეთის მესაზღვრეების გარეშე. არის იმის საფრთხე, რომ ბაქო ერევანს სიუნიკის პროვინციის სამხრეთ ნაწილს წაართმევს, რომელიც ირანს ესაზღვრება და რომელზეც ზემოთ ხსენებული „ზანგეზურის დერეფანი“ გადის. ესე იგი, სომხეთი ირანისაგან იზოლირებული გახდება.
თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, სომხეთის სუვერენიტეტი მნიშვნელოვნად შეიზღუდება, იმიტომ, რომ სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ირანი ერევნისათვის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს, საქართველოსთან ერთად. ილჰამ ალიევი ხშირად აცხადებს, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც მალე სამშობლოს დაუბრუნდება.
ბაქოს წარმომადგენლები უარყოფენ, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ემუქრება. ბაქო აცხადებს, რომ აღიარებს სომხეთის სუვერენიტეტს და „ზანგეზურის დერეფანში“ მისთვის მთავარი იქნება მხოლოდ მგზავრებისა და ტვირთების ტრანზიტის უსაფრთხოება. უკიდურეს შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, დერეფანმა შეიძლება მეზობელი ირანის ტერიტორიაზე გაიაროს. მსგავსი განცხადებით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანიც.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ირანი დერეფნის კატეგორიული წინააღმდეგია - როგორც სომხეთის, ასევე - თავის ტერიტორიაზე. თეირანს აბსოლუტურად არ აწყობს ანკარა-ბაქოს ღერძის გაძლიერება.
ირანის საშიში აჩრდილი თურქეთ-აზერბიჯანისათვის
თურქეთი ირანისათვის ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. თეირანს დიდი ხანია, არ მოსწონს ბაქოს პოლიტიკაც, რომელიც თავის თავს ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების მფარველად თვლის. ყურადღება მივაქციოთ: ხანკენდში გამოსვლისას ილჰამ ალიევმა რამდენჯერმე ახსენა არა მხოლოდ აზერბაიჯანელი მოქალაქეები, არამედ - „მსოფლიოს ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით აზერბაიჯანელი“, რაც ირანისათვის მკაფიო გზავნილი უნდა იყოს.
თეირანი ბაქოს წინადადებას „ზანგეზურის დერეფნის“ თაობაზე ნეგატიურად აფასებს და მას რეგიონში ნატოს შემოსვლის მცდელობად თვლის, რაც ირანის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. სწორედ ასე განაცხადა მოჰამად ჯამშიდმა, ირანის პრეზიდენტის - იბრაჰიმ რაისის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ირანი არ იწონებს ილჰამ ალიევის იდეებს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი სომხეთზე ზეწოლას უფრო გააძლიერებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ