საგარეჯოს რაკეტებიდან პუტინის "კინჟალამდე" - რა მოხდება, თუ რუსეთის დიქტატორი გაგიჟდა და ჰიპერბგერითი რაკეტები ამერიკულ ატომურ ავიამზიდს ესროლა?!
„ჩემი ბრძანებით შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მუდმივ პატრულირებას იწყებენ „კინჟალებით“ აღჭურვილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, ეს ის „კინჟალებია“, რომლებიც ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ, ბგერის სიჩქარეზე ცხრაჯერ სწრაფად“, -განაცხადა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მას შემდეგ, რაც თავიდან უკმაყოფილება გამოხატა ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროსთან ორი ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის შეყვანის თაობაზე...
მართალია, ისრაელის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს დღეს მხოლოდ ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი დრეიფობს, ატომური ავიამზიდის - „ჯერალდ ფორდის“ ფლაგმანობით (მეორე საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი ატომური ავიამზიდის - „ეიზენჰაურის“ მეთაურობით, რომელიც უკვე გამოემართა აშშ-ის აღმოსავლეთიდან, ისრაელის სანაპიროსთან ეტყობა, ერთ კვირაში ჩააღწევს), მაგრამ პუტინის მიერ ჩინეთის დედაქალაქიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჟღერებული „კინჟალებით“ დამუქრება, ნიშანდობლივია...

„კინჟალი“ პუტინის პირად „ვუნდერვაფეს“ ანუ „იარაღ-საოცრებას“ წარმოადგენს, ისევე, როგორც მისი წინამორბედისთვის - ჰიტლერისთვის ასეთივე „ვუნდერვაფეს“ ბალისტიკური რაკეტა „ფაუ-2“ შეადგენდა...
„უფროსმა“ დიქტატორმა - ჰიტლერმა 1944 წლის სექტემბრიდან 1945 წლის აპრილამდე გაშვებული 3 225 ბალისტიკური რაკეტით - „ფაუ-2“-ით 2 700-მდე ლონდონელი მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა, ხოლო „უმცროსი“ დიქტატორის - პუტინის ბრძანებით აერობალისტიკურ „კინჟალებს“ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსი ოკუპანტები 2022 წლის 18 მარტიდან იყენებენ და მსხვერპლის სრულ რაოდენობას, ეტყობა, ომის ბოლოს დაითვლიან, როდესაც პუტინი „მასწავლებლის“ - ჰიტლერის ბედს გაიზიარებს...
მანამდე კი კრემლი ამ „კინჟალებით“ უკვე საერთაშორისო მასშტაბის დაშინებაზე გადადის...
შავი ზღვის სამხრეთი ნაწილის ნეიტრალური წყლებიდან ისრაელის სანაპირომდე პირდაპირი ხაზით 1 100 კმ-მდეა და რუსეთის პრეზიდენტმა თავის შეფარულ დამუქრებაში ტყუილად როდი გაუსვა ხაზი „კინჟალის“ ამ კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრს - ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ ბგერის სიჩქარეზე ცხრაჯერ სწრაფადო...
ანუ პუტინმა ღიად მიანიშნა, რომ შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, საჰაერო სივრცეში, მუდმივად პატრულირებად МиГ-31К ზებგერით გამანადგურებლებს ან, სულაც, შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს - Ту-22М3 -ებს Кинжал-ის ტიპის ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტების გაშვება და წვდომა შეეძლებათ თვით ისრაელამდეც კი!
მაგრამ ვინ შეიძლება გახდეს რუსული „კინჟალების“ სამიზნეები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან?
ნუთუ კრემლი გარისკავს და „ცახალის“ ღაზის სექტორში შეჭრის შემთხვევაში, ისრაელის ქალაქებსაც ისე „დაუშენს“ „კინჟალებს“, როგორც ამას უკრაინული ქალაქების მიმართ ომის 600 დღეღამეზე მეტია, აკეთებს?

ეს დაუჯერებლად მოჩანს, სამაგიეროდ, ამ „კინჟალებით“ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს აფრთხილებს, რომ ისრაელის სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკულ ატომურ ავიამზიდებსა და მათ თანმხლებ კრეისერებსა და ფრეგატებს ადვილად მისწვდება, თუკი ისინი გაბედავენ და მომავალ შესაძლო დიდ ომში ჩაერთვებიან?!
სხვანაირად იმის გაგება, რაც სპეციალურად სახალხოდ გააჟღერა პუტინმა პეკინიდან, შეუძლებელია...
მაგრამ ერთია, კრემლის მხცოვანი ბინადრის დაქადნება და მეორე, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სინამდვილეს და რეალურად წარმოადგენს თუ არა შავი ზღვიდან გაშვებული „კინჟალები“ საფრთხეს ხმელთაშუა ზღვაში მცურავი ამერიკული ატომური ავიამზიდებისთვის?
ჯერ მცირე დოსიე „კინჟალის“ შესახებ:
ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი 9-А-7660 Кинжал იგივე Х-47М2 Кинжал-ი კარგად ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის - 9К720 Искандер-М-ის საავიაციო ვარიანტს წარმოადგენს ანუ თუკი „ისკანდერის“ ორი აერობალისტიკური რაკეტის გაშვება ხდება ოთხღერძიანი თვითმავალი სარაკეტო დანადგარიდან, ერთი „კინჟალის“ სტარტს ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი МиГ-31К ახორციელებს, თუმცა მისი გაშვება შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან - Ту-22М3-დანაცაა შესაძლებელი (სამი რაკეტის).
„კინჟალი“ 3,8 ტ-იან „ისკანდერზე“ მსუბუქია, რადგან სასტარტო ძრავა არ სჭირდება - ჰაერში ის საბრძოლო თვითმფრინავს ააქვს და მაღალი სიმაღლიდან უშვებს, რის დროსაც ირთვება „კინჟალის“ სარაკეტო ძრავა, რომელიც მას 14 000 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური, ჰიპერბგერითი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს და ათას კმ-ზე მეტის გაფრენის შემდეგ, „კინჟალი“ რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს და ფეთქდება 500-კგ-იანი საბრძოლო ქობინი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსხვრევად-ფუგასური და კასეტური, ასევე - ბირთვულიც...

პუტინის „ხანჯლური“ დამუქრების ტექნიკურ შესრულებას ერთი, ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი უჩნდება - შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის ისრაელის სანაპირომდე ჩასაღწევად „კინჟალებს“... ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცის გადალახვა მოუწევთ და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, მგონი, უფრო მეგობრობს, ვიდრე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, ნატოს საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის სამხრეთის მიმართულების ცენტრი არ ემორჩილება ანკარას და მისი რადიოლოკაციური სადგურები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თავად თურქეთიდან მაშინვე დააფიქსირებენ შავი ზღვის თავზე რუსული „კინჟალების“ სტარტს, მით უმეტეს, რომ იქ პატრულირებადი „კინჟალის“ მატარებელი რუსული „მიგები“ და „ტუ“-ები წინასწარ ეყოლებათ აყვანილი კონტროლზე.
ადრეულად აღმოჩენილი, თუნდაც ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტის წინააღმდეგ შემზადება კი ისრაელის სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკულ საავიამზიდო ჯგუფებს არ გაუჭირდებათ, რადგან ამ ჯგუფში შემავალი სარაკეტო კრეისერები და მართვადი სარაკეტო შეიარაღების მქონე საესკადრო ნაღმოსნები შეიარაღებულნი არიან Aegis ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით, რომლებსაც Standard Missile 3 ტიპის ანტირაკეტებით ასე ნაქები რუსული „კინჟალების“ ჩამოგდება თავისუფლად შეუძლიათ, რაც უკრაინის ცაში უკვე გაკეთებული აქვთ Patriot PAC-3-ებს, არადა „სტანდარდის“ ანტირაკეტები „პეტრიოტისაზე“ ბევრად ძლიერია და თანამგზავრიც კი „ჩამოუხსნია“ დედამიწის ახლო ორბიტიდან...
მოკლედ, პუტინის მორიგი „ხანჯლური“ დამუქრების გასაქარწლებლად მკითხველს ამხელა სტატიით დრო დავაკარგვინე, რადგან დღეს ძალზე არარეალურად მოჩანს, კრემლმა „კინჟალების“ გამოყენება სცადოს ამერიკული ატომური ავიამზიდების წინააღმდეგ... მაგრამ რა მოხდება ხვალ, თუკი ყველაზე უარესი და საშინელი პროგნოზი გამართლდა და ისრაელის „ჰამასისადმი“ დაუნდობელი შურისძიება ახლო აღმოსავლეთის დიდ ომში გადაიზარდა?
პ.ს. ისე, ისტორია უცნაურად მეორდება - 40 წლის წინ, პირველი ცივი ომის დროს, კრემლის კიდევ ერთ ბინადარს - ბრეჟნევს საქართველოს საგარეჯოდან ალექსანდრე ნადირაძის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები ჰქონდა დამიზნებული ისრაელზე...