რას ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე "ნაცმოძრაობის" ბოიკოტზე
ყველანაირი ბოიკოტი, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. ჩვენ საკრებულოს სხდომაზე ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ეხება. აქ ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ ისინი საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტისთვის იყენებს, არასწორია და არ შეიძლება, რომ გამოძიების გარეშე ვინმეს ბრალი დასდონ.
„რაც შეეხება მიზეზს, მინდა ძალიან მარტივად ვთქვა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირი და ყველას მიმართ ძალადობა მიუღებელია. ეს ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველა ძალადობის მიმართ გამოძიება არის ადეკვატური და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ბრალდებები, რომელიც ისმის მომხდარი ფაქტის პირველივე წუთებიდან, რა თქმა უნდა, არასწორია, არ შეიძლება გამოძიების გარეშე ბრალი დასდო ვინმეს, რომ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი”, - განაცხადა ტყემალაძემ.
ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ირაკლი ეძგვერაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ასევე მინდა ვთქვა და მოვუწოდო ჩვენს კოლეგა ირაკლი ეძგვერაძეს, რომ კარგი იქნება თუ ის თვითონ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს გამოძიებას იმისათვის, რომ მოკლე ვადებში გაეცეს ყველა კითხვას პასუხი”,- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
"ინტერპრესნიუსი"