„მესამე მსოფლიო ომი საქართველოში დაიწყო...საქართველომ და მოლდოვამ ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაიწყონ, საკითხი გადაწყდებოდა“ - ალექსეი დანილოვის სკანდალური განცხადება
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს, საქართველოში დაიწყო და დღეს მისი ცხელი ფაზა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
„მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ტერიტორიების ნაწილი წაართვა. შემდეგ იყო 2014 წლის თებერვლის სიტუაცია. თუმცა ომი „გრილ“ მდგომარეობაში იყო, დღეს კი აქტიურ სტადიაში გადავიდა. ცხელ ფაზაში ის გადავიდა 2022 წლის 24 თებერვალს. ხოლო ის, რაც ეხლა ხდება ისრაელში და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე - ეს მხოლოდ შედეგია. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს ხანში ვიხილავთ“, - აცხადებს დანილოვი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ რეაგირება სათანადოდ მოახდინოს.
„ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, მათ შორის აშშ-ში, ხვდებია, რომ რაც შეიძლება სწრაფად არის წერტილი დასასმელი. ერთხელ და სამუდამოდ“, - აცხადებს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი.
მისი თქმით, საქართველომ და მოლდოვამ რუსეთისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაიწყონ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, უფრო სწრაფად გადაწყდებოდა აგრესორის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი.
„თუმცა ეს ამ ქვეყნების, მათი ხელისუფლებების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც რუსებზე გავიმარჯვებთ, სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, - აცხადებს დანილოვი.