"პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: "არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება..." - ლუდმილა შკრებნევას კრემლური ცხოვრება და ყოფილი პირველი ლედის მეორე ქორწინება ასაკობრივი დიდი სხვაობით - კვირის პალიტრა

"პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: "არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება..." - ლუდმილა შკრებნევას კრემლური ცხოვრება და ყოფილი პირველი ლედის მეორე ქორწინება ასაკობრივი დიდი სხვაობით

რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრებითა და პოლიტიკური საქმიანობით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. რუსეთის ლიდერის პირად ცხოვრებაზე საუბრისას კი ვერ გამოვტოვებთ ლუდმილა პუტინას, მის პირველ მეუღლეს, რომელთანაც მან 33 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ორი შვილი შეეძინათ, ურთიერთობის ბოლო წლებში კი მედია პუტინის საყვარლებზეც ალაპარაკდა.

22 წლის ლუდმილა შკრებნევამ მომავალი პოლიტიკოსი 1980 წელს თეატრის სალაროსთან გაიცნო, როცა 27 წლის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მეგობრებისთვის ბილეთი იპოვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2013 წელს მათ სწორედ ამ შენობაში გამოაცხადეს, რომ 33-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

putinebi-1697806385.jpg

პუტინისა და შკრებნევას ურთიერთობა მუდამ განხილვის საგანი იყო, მაგრამ გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ლუდმილა პუტინას ინტერვიუებიდან, სადაც ის ყოფილ მეუღლეზე და პუტინის მძიმე ხასიათზე საუბრობდა.

როგორც ლუდმილა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ისინი გაცნობიდან 3,5 წლის შემდეგ დაქორწინდნენ, წლების შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებას ნანობდა კიდეც. როგორც ყოფილი პირველი ლედი აღნიშნავდა, პრეზიდენტობის პირველ წლებში პუტინი არ უთმობდა დროს თავის გარდერობს. მის კარადაში მხოლოდ 2-3 პიჯაკი, რამდენიმე პერანგი, ჯინსის შარვალი და პულოვერი იყო.

ხელის თხოვნის ეპიზოდი ლუდმილა პუტინამ ვლადიმერ პუტინის შესახებ ბიოგრაფიული წიგნისთვის "Владимир Путин. Дорога к власти" გაიხსენა, რომლის ავტორიც ოლეგ ბლოცკია. როგორც მან აღნიშნა, ხელის თხოვნისას პუტინმა ისე დაიწყო საუბარი, გოგონამ იფიქრა, რომ მის მიტოვებას აპირებდა.

screenshot-2023-10-20-133109-1697800086.png

ისინი 1983 წლის 28 ივლისს შეუღლდნენ. იმ პერიოში ლუდმილა 25 წლის იყო, მომავალი პრეზიდენტი კი - 30 წლის. იმ დროს პუტინი უკვე КГБ-ს რიგებში იყო, ქორწინებიდან 2 წელში მათ პირველი შვილი შეეძინათ, სულ მალე კი პუტინი დრეზდენში გაუშვეს, მან ოჯახიც წაიყვანა და იქ შეეძინათ მეორე შვილი. რუსეთში ისინი 1990 წელს დაბრუნდნენ, მაშინდელ ლენინგრადში ლუდმილა პუტინამ, რომელიც ფილოლოგი გახლავთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, 1999 წელს კი ის მთელმა რუსეთმა გაიცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის მეუღლე.

2000 წელს, როცა პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, პირველმა ლედიმ ემოციები ვერ დამალა და ისე გაუხარდა, ატირდა კიდეც, ეს მან ჟურნალისტებს თავად უამბო. როცა 2008 წელს პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადაც დასრულდა და ის პრემიერი გახდა, თავად პუტინმა განაცხადა, რომ ცოლს ეს არ მოეწონა. 2008 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ლუდმილა პუტინას მედიასთან ურთიერთობა.

წიგნის ავტორ, ჟურნალისტ ოლეგ ბლოცკისთან საუბრისას ლუდმილა პუტინა ქმრის შესახებ რამდენიმე ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: „ქალმა ოჯახში თავისი საქმე უნდა შეასრულოს“ და „არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება“.

screenshot-2023-10-20-140931-1697800087.png

როგორც პირველი ლედი აღნიშნავდა, პუტინი სადილობისას ძალიან პრეტენზიული იყო, თუ კერძი ვიზუალურად არ მოეწონებოდა, შეიძლება ის არც გაესინჯა. რაც შეეხება "კაგებესთან" თანამშრომლობას, ეს ამბავი ლუდმილამ პუტინის გაცნობიდან რამდენიმე წელში გაიგო.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ჩემს გამოცდას ცდილობს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ მაკვირდება და ამოწმებს ჩემი გადაწყვეტილებების სისწორეს“, - აღნიშნავდა ლუდმილა ინტერვიუში.

"... ახალგაზრდობას თუ გავიხსენებ, ვიტყვი, რომ ჩვენი შეხვედრები - ეს განსაკუთრებული ისტორიაა. არასოდეს ვაგვიანებდი პაემნებზე, ის კი პირიქით - მისთვის საათ-ნახევრით დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვდგავარ მეტროსთან. პირველი 15 წუთი ნორმალურად ველოდები, 30 წუთსაც არა უშავს, მაგრამ როცა უკვე ერთი საათი გადის, უბრალოდ, ვტიროდი ხოლმე წყენისაგან. შეხვედრის დროს კი ემოციების გამჟღავნების თავიც არ მქონდა".

screenshot-2023-10-20-145413-1697800087.png

ლუდმილა პუტინას გერმანელი მეგობარი ირენ პიჩი, რომელიც მწერალიც გახლდათ, მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან რთული ხასიათის პიროვნებაა და ის 1998 წელს, ლუდმილას ჰამბურგში ყოფნისას, მეუღლეს ფულს არ აძლევდა. ლუდმილამ ისიც კი თქვა, რომ ქმარი არ აძლევს საკრედიტო ბარათის გახსნის საშუალებას.

„არასდროს გავხდები ისეთი, როგორიც რაისა გორბაჩოვა იყო“, - თქვა მოგვიანებით პუტინამ.

როგორც გერმანელი მწერალი აღნიშნავდა, ვლადიმერ პუტინი არ მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელებს.

putina-1697800168.jpg

„არასდროს ვინტერესდებოდი პოლიტიკით, ეს არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. თუმცა პუტინთან ურთიერთობა და მასთან ერთად დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნო იყო“.

კითხვაზე, თუ რა გახდა პრეზიდენტისა და პირველი ლედის ქორწინების დასრულების მიზეზი, ლუდმილა პუტინამ თავის არიდება სცადა და განაცხადა, რომ არასდროს მოსწონდა მედიის ჩართულობა მათ პირად ცხოვრებაში. როგორც ლუდმილა პუტინამ აღნიშნა, დაშორების შემდეგ ისინი აგრძელებენ ურთიერთობას და კარგი მეგობრები არიან.

Россия 24-თან ინტერვიუში ლუდმილამ განაცხადა: „ისე მოხდა, რომ ორივეს საკუთარი ცხოვრება გვაქვს“.

putin2-1697800250.jpg

ლუდმილა აღიარებდა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ამასვე ამბობდა ინტერვიუებში:

„ეს საშინელებაა. ამის შემდეგ უკვე ერთმანეთს ვეღარ მივმართავთ. ვეღარ შევძლებთ თავისუფლად მოგზაურობას იქ, სადაც მოვისურვებთ, ვეღარ შევძლებთ იმაზე საუბარს, რაც გვსურს, მე კი მხოლოდ ახლა დავიწყე ცხოვრება“, - ამბობდა ლუდმილა.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და ეკლესიური კავშირი არ დაურღვევიათ.

„ჩვენი ქორწინება იმიტომ დასრულდა, რომ ჩვენ თითქმის ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ვლადიმერი საქმეშია ჩაფლული. ჩვენი შვილები გაიზარდნენ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მე კი ძალიან არ მიყვარს საჯაროობა“, - განაცხადა პუტინის ყოფილმა მეუღლემ.

2015 წელს, დაშორებიდან 2 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა, რომ პერიოდულად ყოფილ ცოლს ხვდება. "მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე, იშვიათად, მაგრამ მაინც. ჩვენ კეთილი დამოკიდებულებები გვაქვს - შეიძლება ითქვას, უკეთესიც კი, ადრინდელთან შედარებით".

აპირებდა თუ არა პუტინი პირადი ცხოვრების სხვასთან დაკავშირებას, რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ხუმრობით უპასუხა:

"იცით რა, ჯერ ჩემი ყოფილი მეუღლე, ლუდმილა ალექსანდროვნა უნდა გავათხოვო, შემდეგ კი საკუთარ თავზეც ვიფიქრებ", - უპასუხა 2014 წელს პუტინმა ჟურნალისტებს.

z6ajebtspev08ix7ngxa6flzvjax-agm-xl-1697800322.jpg

2016 წლის იანვარში რუსულმა მასმედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ 57 წლის ლუდმილა შკრებნევა მეორედ გათხოვდა - პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე ცოლად გაჰყვა 37 წლის არტურ ოჩერეტნის, რომელიც "პიროვნებათაშორისო კომუნიკაციის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და საგამომცემლო სახლის - "ლიტერატურნაია უჩობას" მფლობელია. ჟურნალისტებმა ლუდმილას გათხოვების ინფორმაცია მას შემდეგ გაიგეს, როცა რეესტრში სანკტ-პეტერბურგის სახლი ლუდმილა პუტინას ნაცვლად, ლუდმილა ოჩერეტნაიას საკუთრებაში იყო.

მათი პირადი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, "დახურულია" და მასმედიის წინაშე არ ჩნდებიან. უცხოელმა ჟურნალისტებმა ბევრჯერ სცადეს რაიმე ინფორმაციის მოპოვება თავად არტურ ოჩერეტნიზე, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი იპოვეს. ოჩერეტნის თანაკლასელებიც კი ვერაფერს იხსენებენ საინტერესოს ლუდმილას ახალი მეუღლის შესახებ. ის იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც "გაზპრომისა" და მმართველი პარტიისთვის ღონისძიებებს მართავდა, იმედოვნებენ, რომ ლუდმილამ ახალგაზრდა კაცი 2000-იან წლებში გაიცნო.

უცნობია, სად ცხოვრობენ რუსეთის ყოფილი პირველი ლედი და მისი ახალი მეუღლე. 2017 წლის მარტში ისინი ლონდონის აეროპორტ "ჰიტროუში" შენიშნეს.