მუჰამედ ალი - სიცოცხლე სიკვდილის მხარდამხარ - კვირის პალიტრა

მუჰამედ ალი - სიცოცხლე სიკვდილის მხარდამხარ

სავარაუდოდ, ყველაფერი ასე დაიწყო: "შეძლებული ოჯახის შვილს ქუჩაში ხულიგნები დახვდნენ და მამის ნაჩუქარი ველოსიპედი წაართვეს, თან ცალი თვალიც ჩაულურჯეს. გამწარებულმა პოლიციელს შესჩივლა, მან კი აცრემლებულ შავკანიან ბიჭუნას ხელი მოჰკიდა და კრივის დარბაზში წაიყვანა", - ასე ყვებიან, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის, მართალია თუ არა, ერთი რამ კი უდავოა - 12 წლის კასიუს კლეი სწორედ იქ მოხვდა, სადაც მისი ადგილი იყო.

მიზანსწრაფულობა და ბუნებისაგან ბოძებული ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. ერთადერთი ქუჩური ჩხუბი 1960 წელს მშობლიურ ლუისვილში, ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუხდა: ჩვევად ჰქონდა - ვარჯიშის დროს ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას: "ჩემპიონი გავხდები, ჩემპიონი გავხდები.." ასე ბურდღუნებდა ქუჩაშიც ყოველდღიური გარბენების დროს. ეს იქვე ბართან ატუზულმა "ბირჟავიკებმაც" შეამჩნიეს. ერთ-ერთი მათგანი ქუჩის კუთხეში ჩაუსაფრდა და მუშტი უთავაზა. კლეი აღარ იყო 12 წლის, მას უკვე 18 წელი შესრულებოდა - მოძალადეს მუშტების სეტყვა დააყარა და მანამ არ მოეშვა, სანამ არ მოესმა, "კარგი მომეშვი, გახდები, გახდები ჩემპიონი!"

ოლიმპიადიდან მშობლიურ ქალაქში ოქროს მედალი ჩაიტანა და იმ ბარს მიაშურა, რომელზეც გარკვევით ეწერა: "მხოლოდ თეთრკანიანთათვის". "მათი ადგილზე მოსმა მინდოდა, მათ კი განმიცხადეს, ზანგებს არ ვემსახურებითო და კარისკენ მიმითითეს. გამოვედი და ჩემი ოქროს მედალი მდინარე ოჰაიოში გადავაგდე", - იგონებდა მოგვიანებით. "დუმილი ოქროა, თუ არ შეგიძლია საკადრისი პასუხის გაცემა", - ეს მისი "აფორიზმებიდანაა." მიაჩნდა, რომ შეეძლო უსამართლო სამყაროსთვის საკადრისი პასუხი გაეცა, ამიტომ პროფესიულ რინგში გადაბარგდა, ისლამი მიიღო და სახელად მუჰამედ ალი დაირქვა.

"დავფარფატებ როგორც პეპელა და ვიგესლები როგორც ფუტკარი," - ასე ახასიათებდა რინგზე თავისი ბრძოლის სტილს ალი. კრივის სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფერთან ერთად ალის უმთავრესი "იარაღი" რინგზე მაინც თავი იყო, ვინაიდან ფიზიკურად მასზე ძლიერი მებრძოლებიც ახსოვს კრივის ისტორიას, მაგრამ არა ასეთი მოაზროვნე. ალიმ იცოდა, როგორ მოექანცა მოწინააღმდეგე, რამდენ ხანს და როგორ უნდა გაეძლო მისკენ მომართული გამანადგურებელი დარტყმებისთვის, როდის "აფეთქებულიყო" და თავისი გრძელი ხელებით დარტყმის ტალღა საით მიემართა. წარმატების მისაღწევად არც მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ დამუშავებას ერიდებოდა. მოწინააღმდეგის დაცინვა, შეურაცხყოფა ალის ბრძოლების განუყოფელი ატრიბუტი იყო. ამ ყველაფერს თითქმის შოუს სახეს აძლევდა. მარტო ძირს დაცემული მოწინააღმდეგის ირგვლივ მისი "სარიტუალო" ცეკვა რად ღირდა.

მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული "ბინძურ" ბრძოლაში მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე პროფესიული კრივის ისტორიაში ერთ-ერთი "ბნელი" ფიგურა სონი ლისტონი იყო. ლისტონს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, ამბობდნენ, რომ მაფიასთან თანამშრომლობდა და დაქირავებული მკვლელის სამუშაოსაც ასრულებდა. ფიზიკურად ძალზე ძლიერი იყო. მაგალითად, ერთ-ერთი მოგებული ბრძოლის შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე რაუნდის განმავლობაში გატეხილი ქვედა ყბით ჩხუბობდა. ალისთან კი მე-7 რაუნდზე ბრძოლა შეწყვიტა მხრის ტრავმის გამო. ვარაუდობენ, რომ ასეთი იყო მოთხოვნა "ზემოდან".  ამერიკას არ სჭირდებოდა მკვლელობებში ეჭვმიტანილი ჩემპიონი სპორტის საკულტო სახეობაში. მატჩ-რევანშში კი საერთოდ მე-2 წუთზე "დაწვა" ისე, რომ მოწინააღმდეგის ხელი პრაქტიკულად არც შეხებია. არავინ ამბობს, რომ ალი მას პატიოსან ბრძოლაში ვერ დაამარცხებდა. ამისი თავად ალისაც სჯეროდა. ალბათ, ამიტომ უყვიროდა გამწარებული ძირს გაწოლილ ლისტონს: "ადექი ნაბიჭვარო, იჩხუბე!"

"ერთადერთი, რისიც არ მესმის, ომია", - ესეც ალის "აფორიზმებიდანაა". ამერიკა ვიეტნამში იბრძოდა. ალი ჯარში გაიწვიეს. არ წავიდა, რაც ჩემპიონის ტიტულის დაკარგვად დაუჯდა. კინაღამ ციხეშიც ჩასვეს, მაგრამ 10 ათასი დოლარი გადაიხადა და დისკვალიფიკაცია აკმარეს. ალი 3 წლით ჩამოშორდა კრივს. ამასობაში ჩემპიონის ტიტული გასული საუკუნის მეორე ლეგენდამ - ჯო ფრეიზერმა მოიპოვა. შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ორივე მათგანის  სპორტული დიდება მათ შორის შემდგარი დიდი დაპირისპირებიდან მომდინარეობს. იმ სამი ბრძოლიდან, რომელიც მათ გამართეს, სპეციალისტებს დღესაც უჭირთ "საუკუნის საუკეთესო ბრძოლის" ტიტულის მისანიჭებლად ერთი მათგანის გამორჩევა.

ალისა და ფრეიზერს შორის თავიდან საუკეთესო ურთიერთობა იყო. მათი მეგობრობა მაშინ დამთავრდა, როდესაც ბრძოლის თარიღი გამოცხადდა. ალი ჩვეულებისამებრ ლანძღავდა და ამცირებდა მოწინააღმდეგეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 1971 წლის 8 მარტს მეთხუთმეტე რაუნდში ალიმ პირველად გამოსცადა ნოკდაუნის (დღემდე ამტკიცებს, ფეხი დამიცდა და იმიტომ დავეციო) და, საერთოდ, რინგზე დამარცხების სიმწარე. ალის ჩვეული პლასტიკა დაკარგული ჰქონდა, "ალმოდებული" ფრეიზერის არაჩვეულებრივმა ბრძოლისუნარიანობამაც თავისი გაიტანა.

მატჩრევანში 1974 წელს გაიმართა. ამ დროისათვის ფრეიზერს უკვე დაკარგული ჰქონდა ჩემპიონის ტიტული, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ რინგზე მართალია "უტიტულო", მაგრამ მაინც მსოფლიოს 2 საუკეთესო მებრძოლი იდგა. ბრძოლაში ალიმ მთელი თავისი ნიჭი და ოსტატობა გამოავლინა. მისი უსწრაფესი და მრავალფეროვანი კომბინაციებით თავბრუდახვეული ფრეიზერი უშედეგოდ იქნევდა თავის სახელგანთქმულ მარცხენას. ალიმ ქულებით ერთხმად გაიმარჯვა.

იმავე წელს კი ჯორჯ ფორმენთან სატიტულო ბრძოლაში თავისი "პეპლისა და ფუტკრის" ტაქტიკით ჩატარებული შედევრი წარმოადგინა. 7 რაუნდის განმავლობაში ვირტუოზულად მიჰყავდა ბრძოლა კულმინაციამდე. ფორმენი ვერსაიდან მიუდგა რინგზე "მოცეკვავე", ხანაც ყრუ დაცვაში მყოფ მოწინააღმდეგეს. მერვე რაუნდში კი ალის ცრუკომბინაციაზე წამოეგო და ნიკაპში უძლიერესი დარტყმა მიიღო. ფორმენი 90 გრადუსით შეტრიალდა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა და მოცელილი დაეცა. თუმცა, ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ბრძოლა წინ იყო.

1975 წელს მანილაში, 30-გრადუსიან სიცხეში გამართულ მუშრი-კრივს სპეციალისტებმა "ტრილერი" უწოდეს. 14 რაუნდის განმავლობაში ალი და ფრეიზერი გამწარებული ანადგურებდნენ ერთმანეთს. მე-14 რაუნდის ბოლოს ალი სასოწარკვეთილი ითხოვდა მოეშორებინათ მისთვის საძულველი ხელთათმანები. მეორე კუთხეში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ფრეიზერი ერთადერთი საღი მარცხენა თვალითაც ვეღარაფერს ხედავდა (მარჯვენა თავიდანვე დაზიანებული ჰქონდა კატარაქტით). ფრეიზერს ბრძოლის გაგრძელება აუკრძალეს, ამან ალის სულზე მიუსწრო (მოგვიანებით მისთვის უჩვეულო გულწრფელობით განაცხადა, ბრძოლა რომ გაგრძელებულიყო, რინგზე აღარ გავიდოდიო). ალი გაჭირვებით წამოდგა სკამიდან, გამარჯვების ნიშნად ხელი ასწია და ძალაგამოცლილი დაეცა რინგზე. მეორე დღეს კი ფრეიზერის შვილს მოუხმო და ბოდიში მოუხადა იმ შეურაცხყოფისთვის, რომელსაც მამამისს წლების განმავლობაში აყენებდა. მანილას გახსენებისას ალი ამბობდა: "დავინახე, იმ დღეს სიკვდილმა როგორ ჩამიარა". როგორც ჩანს, განსაცდელის სიახლოვემ ბევრი რამ სხვაგვარად დაანახვა.

17 იანვარს 70 წელი შეუსრულდა. როგორც ამბობს, კვლავ "ფორმაშია" და თავის უძლიერეს მოწინააღმდეგეს, "პარკინსონს" ებრძვის, - ასეთი აღმოჩნდა დიდებისათვის გაღებული საფასური.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)