პუტინის "სისხლიანი რეკორდი" - უკრაინის პატარა ქალაქი, რომელიც რუსებისთვის დიდ ჯოჯოხეთად იქცა
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 20 ოქტომბერს ხერსონში უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა: ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას...
ზელენსკის ეს განცხადება შეიძლება შეფასებულიყო, როგორც უკრაინელი სამხედროებისთვის მორიგი გამხნევებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მცდელობა, თუმცა სერიოზულ დანაკარგებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში თავად... რუსი პროპაგანდიტი სამხედრო ბლოგერებიც მინიშნებით ალაპარაკდნენ, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ქმედებით თითქმის დაამტკიცა ეს ეჭვი, როდესაც გამოაქვეყნა ფრონტზე უკრაინელების საბრძოლო დანაკარგების წარმოუდგენლად გაბერილი ციფრები, რითაც საკუთარი არმიის წარუმატებლობის გადაფარვას შეეცადა...
მაინც ასეთი რა მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება-არ დაწყების პერიპეტიებზე იყო გადატანილი?
საქმე ის არის, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წამოიწყეს ფარტომასშტაბიანი შეტევა ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში ავდეევკის მიმართულებით.
ქალაქი ავდეევკა და მისთვის ბრძოლა ნამდვილად უკვე შესულია თანამედროვე ომების ისტორიის სახელმძღვანელოში და ერთგვარ რეკორდს ხსნის, რადგან უკრაინის არმია დონეცკის ოლქის ამ ქალაქს... 2014 წლიდან იცავს!
ომამდე ამ პატარა უკრაინულ ქალაქში 30 ათასამდე მოსახლეც კი აღარ ცხოვრობდა და ის წესით არ უნდა წარმოადგენდეს ისეთი სტრტეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომ მის დასაპყრობად წლების განმავლობაში ამდენი მებრძოლი და ჯავშანტექნიკა შეაკლა, მაგრამ რუსეთში სხვანაირად ფიქრობენ...
კრემლს ყელში გაჩხრეილი ძვალივით აწვალებს ეს ავდეევკა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს ოკუპირებული დონეცკიდან მხოლოდ ათიოდე კმ-ში თუ მდებარეობს და მაშინ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თვით კიევს ალყას არტყამდნენ, მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მელიტოპოლი და ბერდიანკი ფაქტობრივად უბრძოლველად დაიპყრეს, ამ პატარა ავდეევკას ცხრა წელზე მეტია ვერაფერს უხერხებენ...
სწორედ 10 ოქტომბერს წამოწყებულ რუსულ მთავარ შეტევას ავდეევკის საბოლოოდ დასაპყრობად თურმე თავისი ფარული მიზანიც ჰქონია, რისი აღიარებაც ინკოკნიტოდ დაიწყეს რიგმა რუსმა ოფიცრებმა სოციალური ქსელების საშუალებით, როდესაც ავდეევკასთან ბოლო დღეებში რეკორდული რაოდენობის მებრძოლები ჩაეხოცათ.
მათი აღიარებით, რუსეთის გენერალიტეტმა ავდეევკის სასწრაფო აღება თურმე პუტინისთვის ერთგვარ „საჩუქრად“ გადასაცემად ჩაიფიქრა, როდესაც მათი უმაღლესი მთავარსარდალი როსტოვში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს (რომელიც პუტინს პრიგოჟინმა ოთხი თვის წინ „წაუბილწა“, როდესაც იქ ტანკებით შეიჭრა) ესტუმრებოდა...
პუტინი ორიოდე დღის წინ მართლაც მივიდა როსტოვის შტაბში, მაგრამ „უსაჩუქროდ“ დარჩა და შტაბის ეზოში ვიდეოკამერების წინ გენშტაბის უფროსს გერასიმოვს ხაზგასმით დაავალა „მოკითხვის“ გადაცემა ყველა მეთაურისთვის, რითაც მათ, სავარაუდოდ მკაცრად შეახსენა დაპირების-ავდეევკის დაპყრობის- არ შესრულება...
პუტინისთვის კონკრეტული ავდევკა თუ ბახმუტი, არაფერს წარმოადგენს, მას უფრო გლობალური პრობლემის მოგვარება სურს - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (უკრაინასთან ომს როგორც „მოფერებით“ ეძახიან რუსეთში) „გამარჯვებით“ დამთავრების უწყება თავისი მოსახლეობისთვის, მაგრამ ამისთვის აუცილებლად საჭიროა, რომ რუსეთმა ბოლომდე დაიპყროს დონეცკის ოლქი, რისთვისაც ჯერ კიდევ ბევრი უკლია და ამიტომაც შეაკლა „ვაგნერელები“ ჯერ ბახმუტის აღებას და ეხლა იგივეს იმეორებს ავდეევკის მიმართებაშიც.
ავდეევკის მიმართულებით დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევებისას 10-16 ოქტომბრის პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინის მხარის მონაცემებით შეადგინა- 5 550 ცოცხალი ძალა, 136 ტანკი, 256 ჯავშანმანქანა, 197 საარტილერი დანადგარი, 3 თვითმფრინავი, ერთი შვეულმფრენი, 90-მდე დრონი.
გასაგებია, რომ უკრაინული მხარე შეიძლება ზრდიდეს მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგების რიცხვს, მაგრამ როდესაც ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი სლადკოვი (ეს სწორედ ის სლადკოვია, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის შესასვლელში ქართველი მებრძოლების მიერ უკანალში დაჭრილ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ ხრულოვს ახლდა და თავადაც ფეხში დაიჭრა) ასეთ სიტყვებს დაწერს თავის ბლოგში - „არ მინდა, რომ ჩვენ ავდეევკა ნებისმიერ ფასად ავიღოთ“, ხოლო სხვა ანარაკლებ ცნობილი რუსი პროპაგანდისტებიც ვეღარ დამალავენ - ავდეევკასთან დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო - ე.ი მართლაც რაღაც ძალზე სერიოზული დაემართათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ავდეევკასთან შეტევისას...
რუსი ოკუპანტების მრავალწლიანი საბრძოლო წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კი იმაშია, რომ უკრაინის გენშტაბმა 2014 წლიდან მოყოლებული (სხვათაშორის, 2014 წელს დონბასელ პრორუს სეპარატისტებს ოთხი თვით დაპყრობილი ჰქონდათ ავდეევკა, სანამ ისინი იქიდან უკრაინის არმიამ არ გაყარა) ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები ააგო ავდეევკის მიმართულებაზე, რომელთა გადალახვა ძალზე ძნელია. ბახმუტშიც რომ ასეთი დონის თავდაცვითი რკინა-ბეტონის ბუნკერები ყოფილიყო მოწყობილი, პუტინი ვერც „ვაგნერელებით“ მიაღწევდა საწადელს...
ამასთან ავდეევკაში მდებარეობს ევროპაში უდიდესი კოქსოქიმიური ქარხანა, რომლის ტერიტორიასაც უკრაინელი სამხედროები კარგად იყენებენ თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად.
თუმცა, რუსი ოკუპანტების შეტევების მთავარ სამიზნეს ეხლა, ნახევრადდანგრეული ავდეევკის გარდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიკონი წარმოადგენს, რომელიც სწორედ კოქსოქიმიური ქარხნის წარმოების ნარჩენებისგანაა აღმართული 40 მ სიმაღლეზე და მისი ზედა ნაწილიდან უკეთ შეიძლება საარტილერიო ცეცხლის კორექტირება და შეტევა გადმოსულების მოგერიება, ამიტომაც ამ ტერიკონის დაპყრობა რუსული მოიერიშე ჯგუფების მთავარ საბრძოლო ამოცანად რჩება...
მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა ავდეევკის ფლანგებიდან მოსავლელად და მის დასაპყრობად, რუსეთის საოკუპაციო ძალებს რეკორდულად დიდ საბრძოლო დანაკარგებად დაუჯდათ და ჩანაფიქრიც ვერ განახორციელეს, კრემლის ბრძანებით რუსი გენერლები უდავოდ კვლავ მიაყრიან „საზარბაზნე ხორცს“ ავდეევკის შემდგომ იერიშებში, რადგან რუსეთში უკვდავია სტალინისდროინდელი ლოზუნგი- Мы за ценой не постоим...