"რაღაც მომენტში, როგორც გუჯას ბიჭს, ანგარიშს მიწევდნენ, თუმცა სირთულეები მქონდა... მეუღლე დამეხმარა ძველი ლადო ბურდულის გადარჩენაში" - "იმპერატორის" მეამბოხე ცხოვრება 90-იანებიდან დღემდე
"მე ჩემს შემოქმედებას ვაკეთებ და თუ მოუსმენ, მიხვდები, რომ ის მართლა "იმპერიას“ ჰგავს. ლამაზია, ფერადი - ყველაფერს შემოქმედებითად ვუყურებ. თუ ვინმეს ის არ ესმის, მას ვერაფერს გააგებინებ. როცა ვერ ხედავს, ეს მისი პირადი პრობლემაა, რაშიც ვერ ჩავერევი,“ - გვეუბნება მუსიკოსი, ქართული როკისა და ალტერნატიული მუსიკა-მოძრაობის ავტორი, მსახიობი, ლადო ბურდული - იმპერატორი.
ამბობს, რომ საინტერსო და არც ისე მარტივი გზა გაიარა, თუმცა სულ ქმნიდა და დღესაც აქტიურად მუშაობს. წლების გადასახედიდან კი ბევრი რამ გადააფასა...
ის AMBEBI.GE-ს სტუმარია და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს.
- რომ არ დაბადებულიყავით ოჯახში, რომელშიც დაიბადეთ, იქნებოდით ისეთი, როგორიც ხართ?
- რა თქმა უნდა, არა. ჯერ ზოდიაქოს და გარემოს აქვს მნიშვნელობა და მით უფრო ოჯახს. ადამიანი დიდ დროს ოჯახთან ერთად ატარებს, იქ იზრდება და პიროვნებად იქ ყალიბდება. ბავშვობიდან ამ ცხოვრებაში მომაქვს მთავარი ღირებულებები - ოჯახი, სამშობლო, უფალი და ამ ყველაფრის ერთგულება.
- ხართ მუსიკოსი, მუსიკის ავტორი, მსახიობი, "იმპერატორი" - რეალურად ვინ ხართ?
- ვფიქრობ, რომ არტისტი, რომელიც თავისებურ სამყაროს ქმნის, რომელსაც ლადო ბურდულის შემოქმედება ჰქვია, სადაც ჩემს თავს იმპერატორად მივიჩნევ. ჩემი "იმპერია" ჩემი შემოქმედებაა.
- ვისაც არ ესმის, რომ იმპერატორი თქვენი, როგორც ხელოვანის სახელია, არ ცდილობთ მათთვის ამ კუთხით რაიმეს ახსნას?
- ნახევარ ცხოვრებაზე მეტი რაღაც ახსნებში გავატარე. 50 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ არ შეიძლება ადამიანებს ყველაფერი დეტალებში აუხსნა. რაც მთავარია, ზოგჯერ ვერც იგებდნენ. ამიტომ ჯობია, ჩემი საქმე გავაკეთო და ახსნას თავი დავანებო... მერე ზოგს მუდმივად კითხვის დასმის პოზიციაში ყოფნა უყვარს. ასეთი ჩასაფრებული ტიპი ჩემთვის მიუღებელია... მისთვის არ მცალია - შემოქმედებას, ოჯახს, შვილებს უნდა მივხედო, ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ვიღაცების ინტრიგანულ კითხვებს არ ვუპასუხებ... (გააგრძელეთ კითხვა)