"ის, რომ ქართულ ბალეტს ნინო ანანიაშვილი ჰყავს, დიდი ფუფუნებაა. მასთან ერთად დარბაზში გატარებული საათები, განვითარების უდიდესი წყაროა"
"როგორც დედა მეუბნება, ახალგაზრდობაში, მას შემდეგ, რაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სპექტაკლს პირველად დაესწრო, მუდამ ოცნებობდა, რომ მისი შვილიც ბალერინა გამხდარიყო. მე კი, როდესაც სიარული ვისწავლე, თურმე ბავშვობიდანვე თითის წვერებზე დავდიოდი...", - ამბობს უმშვენიერესი ქართველი ბალერინა - ანა ქსოვრელი... იგი თავის საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება...
- ანა, რამდენი წლისამ შედგით ფეხი ამ საოცარ სამყაროში?
- რვა წლის ვიყავი, როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგი ამ საოცარ პროფესიაში... თავდაპირველად, დედამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანა. არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება, როცა საბალეტო დარბაზში პირველად მოვხვდი, გაოცებული, აღტაცებული და საოცრად ბედნიერი ვიყავი, რაღაც ახლის და ძალიან საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში. ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი ლინდა ხუციშვილი იყო, მანვე მირჩია, რომ მოგვიანებით სწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გამეგრძელებინა, ათი წლისამ კი უკვე მისაღები გამოცდები ჩავაბარე და პროფესიულ დონეზე შევუდექი ამ საოცარი . ს დაუფლებას.
- ვინ აღმოაჩინა თქვენში ბალერინა?
- როგორც დედა მეუბნება, ახალგაზრდობაში, როცა ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სპექტაკლს პირველად დაესწრო, მას შემდეგ ოცნებობდა, რომ მისი შვილიც ბალერინა გამხდარიყო. მე კი, როდესაც სიარული ვისწავლე, თურმე თითის წვერებზე დავდიოდი, პატარაობიდანვე ცეკვით ვიყავი გატაცებული, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ვცეკვავდი, ამიტომ ოჯახმა მალევე აღმოაჩინა ჩემში ეს პოტენციალი და ნიჭი. სწორედ ასე მოხდა ჩემი თანაზიარება ბალეტის ამაღელვებელ სამყაროში.
- სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?
- ძალიან მიყვარს ხელოვნება, ვფიქრობ, მის გარეშე ცარიელი იქნება ახლანდელ დროში ცხოვრება. მე კი ბალეტით ვცხოვრობ, მთლიანად ამით ვარ დაკავებული, ჩემი განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი ამ დარგში.
- პროფესიული ზრდა, წარმატებები, ნინო ანანიაშვილის მოწაფეობა, იმ დასის წევრობა, სადაც ხელმძღვანელი მსოფლიო პრიმაბალერინაა - რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყველაფერი?
- ის, რომ ქართულ ბალეტს ნინო ანანიაშვილი ჰყავს, დიდი ფუფუნებაა. მასთან ერთად გატარებული საათები განვითარების უდიდესი წყაროა, რაც ყოველდღიურად მაღალ საფეხურზე ასასვლელ გზას გიკვალავს.
რაც შეეხება პროფესიულ ზრდას, ჩვენი თეატრი ამის ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენთან ხშირად ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ვარსკვლავები, როგორებიც არიან - ხულიო ბოკა, ანხელ კორელა, ჯუზეპე პიკონე, ელენე გლურჯიძე და ბევრი მათგანი, ჩვენ მათთან რეპეტიციებს გავდივართ, ისინი გვიზიარებენ თავიან გამოცდილებას და გვასწავლიან, თუ როგორ მივაწოდოთ მაყურებელს ჩვენი ცეკვა უფრო საინტერესოდ.
დიდი პასუხისმგებლობაა იყო ოპერისა და ბალეტის დასის წევრი, ამ დასის სახელით წარსდგე მაყურებლის წინაშე, რადგან შესრულება მაღალ დონეს მოითხოვს. ასევე დავძენ, რომ ქართველი მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულია, რაც ვფიქრობ, შესანიშნავია, ეს ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ხელოვნების ამ დარგს.
- საზღვარგარეთ გასტროლებზე ხშირად დადიხართ?..
- დიახ, ხშირად გვაქვს და დიდი ბედნიერებაა ჩვენი ქვეყნის სახელის გატანა საზღვრებს გარეთ. ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გვიღებენ ყველგან. ეს ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია - როცა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე წარსდგები და დასასრულს, ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გხვდებიან. ასევე საინტერესოა სხვადასხვა ეროვნების ადამიანების, ქვეყნის, კულტურის გაცნობა. ხელოვანისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს.
- თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა?
- ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია დიდი გამოცდილება გქონდეს, შემოქმედებითი ზრდა, ცხოვრებაში ყოველთვის საინტერესოა ახალ-ახალი გამოწვევები, თუმცა სადმე წასვლას ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემთვის საინტერესოდ მიდის პროფესიული გზა...
- რამდენად რთულია იყო ბალერინა?
- მოგეხსენებათ სირთულეებიც ახლავს ჩვენს პროფესიას, დაუღალავი შრომა, საათობით გატარებული საათები დარბაზში, ტრავმები , დისციპლინა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ყველაზე მთავარი, შინაგანი სიძლიერეა, და ის, რომ გქონდეს მიზანი, რომელიც ყველა სირთულესთან გამკლავების გზას გაპოვნინებს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნოემბერში გვექნება კლასიკური ბალეტის პრემიერა - “ბაიადერა”, რისთვისაც ახლა ვემზადებით. ულამაზესი ბალეტია სანახაობრივად, ქორეოგრაფია არაჩვეულებრივი, ასევე, ახალი კოსტიუმები, დეკორაციები, საკმაოდ რთული შესასრულებელია, ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურად ვშრომობთ დაუღალავად, რათა მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა შევთავაზოთ, რასაც მოუთმენლად ველი.
(სპეციალურად საიტისთვის)