"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი" - კვირის პალიტრა

"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი"

"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ მე აქ ვარ... ჩემთვის ზღვაზე წასვლა ნიშნავდა უაზრო მზერებს, ხელის ჩემკენ გამოშვერას... ხალხი ვერ იაზრებს, რომ ამით ტკივილს გაყენებენ..."- ეს ნინო რურუას სიტყვებია - ახალგაზრდა გოგონასი, რომელსაც "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი ჰყავს და გარდა სოციალური ქსელისა, დღეს წარმატებულია სხვა მიმართულებითაც. როცა ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ სატკივარზე სახალხოდ ისაუბრა, მის ბევრ ნაცნობს გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ თურმე, ნინოს უსაზღვრო პოზიტივის მიღმა დიდი დარდი იმალებოდა და ეს კომუნიკაბელური გოგონა ერთ დროს საკუთარ თავში ჩაკეტილი გახლდათ, ბევრ ადგილას წასვლისგან თავს იკავებდა და ასე ცდილობდა, მისკენ გამოშვერილ თითსა და ცნობისმოყვარე მზერას დამალვოდა...

ninophoto-1697977211.jpg

- მას მერე, რაც "ინსტაგრამზე" დავდე ფოტო, სადაც დამწვრობისგან დარჩენილი ნაიარევი კარგად ჩანს, ბევრი ასეთი შეტყობინება მოვიდა: "ვაიმე, შენნაირ გოგოს ეს რატომ სჭირს? - ვაიმე, შემეცოდე, შენ რატომ დაგემართა?", "გული მწყდება, ეგ რომ გჭირს" და ა.შ. არადა, არავისგან ვითხოვ შეცოდებას... ასევე ბევრი შეტყობინება მომივიდა ხალხისგან, ვინც სხვისი ნათქვამის გამო კომპლექსდება და იმალება საკუთარ ნაჭუჭში. მწერდნენ გოგონები და ბიჭები, რომლებმაც ჩემი პოსტის ნახვის შემდეგ დაძლიეს თავიანთი კომპლექსები.

- ნინო, წლინახევრის ასაკში რა შეგემთხვა, შეგიძლია ამაზე ისაუბრო?

- უკაცრავად, მაგრამ არ მინდა საუბარი იმაზე, თუ რა და როგორ მოხდა. იცით, რატომ? ზოგიერთს უყვარს სხვების განსჯა. მერწმუნეთ, არც ერთ მშობელს, ნათესავს არ უნდა ბავშვს რაიმე ცუდი შეემთხვას და ყველას ვთხოვ, ამ ინტერვიუს ქვეშ ამ თემაზე საუბარს ნუ გააბამთ. ნუ გაიხდით სიამოვნებად სხვების უსაფუძვლოდ განსჯას... დამწვრობის მიღების შემდეგ რაღაც პერიოდი კომაში ვიყავი და ექიმებს არ სჯეროდათ, თუ გადავრჩებოდი, ჩემს მშობლებს იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ მოხდა სასწაული და ცოცხალი ვარ.

- რამდენი ხანი მკურნალობდი, რას გიყვებიან?

- როგორც ვიცი და ამაზე ხშირად არ ვსვამ კითხვას, რადგან მშობლებისთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი, დაახლოებით თვეზე მეტხანს ვიწექი საავადმყოფოში. დიდხანს არ შემიხორცდა ფეხი. მერე ეტაპობრივად მჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა: წლების მატებასთან ერთად, ნაწიბურები სიარულში მიშლიდა ხელს და ამის გამოსასწორებლად რამდენიმე, დაახლოებით 7-8 ოპერაცია გამიკეთეს, რომ ფეხის კარგად გაშლა შემძლებოდა.

- დამწვრობა მხოლოდ ფეხზე მიიღე, ხომ?

- ცალი ფეხი მთლიანად დავიწვი, მეორე მცირედით და ხელზე პატარა ნაიარევი მაქვს.

- ოდესმე ამის გამო კომპლექსი გქონდა?

- მთელი ცხოვრება ამ კომპლექსთან მიწევდა ჭიდილი. ბავშვობაში, როცა სადმე გავდიოდი, მაგალითად მდინარეზე ან ზღვაზე, ვამჩნევდი უაზრო მზერას, ხელის გამოშვერას, მოჩურჩულე ხალხს და ა.შ. ეს ტკივილს მაყენებდა, კიდევ უფრო მაკომპლექსებდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს ჩემი ნაიარევები არავის შეემჩნია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩემ გარშემო ბევრმა არ იცოდა, რაიმე თუ მაწუხებდა. მქონდა ჩემი იდეალური სამყარო შექმნილი -ინსტაგრამზე ვაქტიურობდი, ვაქვეყნებდი ფოტოებს, მაგრამ არასდროს არსად ჩანდა ჩემი ფეხი. ამიტომ ბევრი მწერდა: რატომ მალავ? მთლიან სხეულს არსად გვიჩვენებო... პანდემიის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ცხოვრებაში პირველად წავედი აუზზე. მანამდე სულ მეშინოდა ამის გაკეთების. მტანჯავდა ფიქრი: იქ რომ მივალ, ხალხი როგორ შემომხედავს და რას იფიქრებს ჩემზე-მეთქი? ამიტომ, პირველად რომ მივედი, შემოფარებული მქონდა რაღაც, რომ არავის შეემჩნია ნაწიბურები. იმ დღეს აუზზე დასთან და მის დაქალთან ერთად ვიყავი. ჩემი და ყოველთვის აქტიურად მაგულიანებდა, რომ არაფერი მქონდა დასამალი, ახლა მისი მეგობარიც ამას მეუბნებოდა და გადავწყვიტე: მოდი, ფოტოს გადავიღებ და სოციალურ ქსელში განვათავსებ-მეთქი. იმ დროს 15 000 გამომწერი მყავდა და სიმართლე გითხრათ, დიდ გამოხმაურებას არც ველოდი.

ninooooooooooo-1697977250.jpg

- ანუ ერთგვარი ცდა ჩაატარე. რამ მოგცა ძალა საიმისოდ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველასთვის გეთქვა შენი სატკივარის შესახებ?

- სხვათა შორის, ერთი აფრო-ამერიკელი გოგო, რომელსაც ლამის მთლიანი სხეული ჰქონდა დამწვარი, ვიდეოს ხშირად დებდა, ასევე სხვა მოდელებიც, რომლებსაც განსხვავებული ვიზუალი აქვთ და უნებურად, მათ მომცეს ეს სტიმული; მათმა შემყურემ ვიფიქრე, რომ არც მე მაქვს არაფერი დასამალი. პირიქით, იქნებ ჩემი სითამამით ვინმეს მოტივაცია თავადაც მივცე-მეთქი... მოკლედ, გადავიღე ფოტო და როგორც კი ჩემს გვერდზე განვათავსე, " აფეთდა" იქაურობა; მოდიოდა მესიჯები: ვაიმე, არ ვიცოდი, რომ ეს გჭირდაო ან არ ვიცოდი, ამდენ რამეს თუ განიცდიდიო და ა.შ. ბევრი მწერდა, რომ კარგი ნაბიჯი გადავდგი და იქვე საკუთარ ამბავსაც მიზიარებდნენ, შვილებზეც მიყვებოდნენ; იმასაც აუცილებლად აღნიშნავდნენ, თუ რამხელა ძალა მივეცი მათ ჩემი ამ ნაბიჯით...სამწუხაროდ, ზოგიერთმა მომწერა: შენ კი მოახერხე და ეს ნაბიჯი გადადგი, მაგრამ მე მიჭირს ასე მოქცევა. ვერ ჩავიცვამ ისე, როგორც მინდა, ვმალავ ჩემს სხეულსო.

- მათი გესმის, ალბათ...

- რა თქმა უნდა, მესმის. მართალია, ბევრი რამ დავძლიე და ამდენი ხანი რაც მტკიოდა, ხალხს გავუზიარე, მაგრამ არის რაღაცები, რის გამოსწორებაზეც დღემდე მეფიქრება. იცით, ძალიან დიდხანს ვეძებდი პლასტიკურ ქირურგს, რომელიც ნაიარევს სრულად მომაშორებდა. უამრავ ექიმს ვესაუბრე და ვერავინ მომცა იმედი, რომ ნაწიბურები გაქრებოდა და ამის მოსმენა ყოველ ჯერზე მტკივნეული იყო. უფრო მეტიც, ზოგი ამბობდა, ზედმეტი ჩარევით შესაძლოა, უარესი შედეგი მივიღოთო. მოკლედ, ბოლოს და ბოლოს დავნებდი და საკუთარ თავს აღარ ვებრძვი. უბრალოდ მივიღე რეალობა ისე, როგორც არის და მახარებს ის ფაქტი, რომ არაფრის დამალვა აღარ მომიწევს. ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს უსიამოვნო დასანახი, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ...

- ბევრმა გითხრა, არ ვიცოდი, ამხელა დარდს თუ ატარებდიო. როგორ ახერხებდი ამ ყველაფრის ასე შენიღბვას, პოზიტივის შენარჩუნებას?

- მართლაც, ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ლაღი ვარ. კარგია, როცა გარშემო დადებით ენერგიას ასხივებ, მაგრამ საღამოს საკუთარ თავთან დარჩენილი სხვა რამეებზე ვფიქრობდი... დილით კი ისევ ვპოულობდი ძალას საიმისოდ, რომ ოთახიდან ღიმილით გამოვსულიყავი.ბევრი რამ გავიარე ამ წლების მანძილზე და ძალიან შევიცვალე, ვფიქრობ - უკეთესობისკენ... იცით, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. შეიძლება კლასელებმა არ იცოდნენ ჩემი ნაიარევების შესახებ, მაგრამ მე მაინც, კლასის გარეთ ვერ მნახავდით. ყოველთვის საკლასო ოთახში, მუდოსავით ვიჯექი. უნივერსიტეტში უფრო გავიხსენი, გავლაღდი. მოკლემკლავიან მაისურს რომ ვიცვამდი და ნაიარევს მოკრავდნენ თვალს, თავიდან კითხვას თავს ვარიდებდი, ვერ ვყვებოდი რა შემემთხვა, მაგრამ მერე რაღაცნაირად, ესეც გადავლახე. რას ვიზამთ, არავის გვინდოდა, მაგრამ მოხდა ასე და ჩვენ ვერ შევცვლით ბედისწერას.

- შენი ცხოვრებისეული მიზანი რა არის?

- ახლა დავრწმუნდი, რომ ადამიანების ნუგეშისცემის და დახმარების მიზანი გამაჩნია... მეც ვიყავი თავის დროზე ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ შინ მისულს მშობლები ვერაფერს მამჩნევდნენ. ვიმეორებ, ბევრს დაუცინია ჩემთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მდინარეზე წავიდოდი საბანაოდ. იქ ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ხელს გამოიშვერდა ჩემკენ და ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. უცნაური იცით, რა არის? _ ასე ხშირად მოზრდილი ადამიანები იქცეოდნენ... სამწუხაროა...

- ნინო, შენს ამჟამინდელ საქმიანობაზეც მიამბე...

- წლების წინ უნივერსიტეტში ვმუშაობდი ოფის-მენეჯერად, შემდეგ უკვე სოციალური ქსელებში ჩავერთე და ერთ-ერთი ბლოგერის ასისტენტიც ვიყავი. მერე სტაჟირებით "პალიტრა ჰოლდინგში" მოვედი და უკვე ორი წელია, აქ ვმუშაობ: ვარ ორგანიზაციული, კულტურისა და შიდა კომუნიკაციების მენეჯერი ეიჩარ დეპარტამენტში და ვცდილობ ჩვენი თანამშრომლებისთვის პოზიტიური გარემო შევქმნა. ყველასთან მეგობრულ ურთიერთობას ვცდილობ და ვფიქრობ, ძალიან მაგარი თანამშრომლები გვყავს... ამ ეტაპზე ინფლუენსერიც ვარ, უცხოურ ბრენდებთან მაქვს კომუნიკაცია და მათგან ვიღებ სხვადასხვა "პიარბოქსებს".

- ვფიქრობ, შენ მოახერხე საკუთარი თავის შეყვარება და ეს მნიშვნელოვანია.

- ასეა და ძალიან მინდა, ყველამ შეძლოს ეს. თუმცა, ჩვენს რეალობაში ამის მიღწევაც რთულია, გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც ცდილობს, ყველას რაიმე ნაკლი უპოვოს, სხვების ბულინგით იღებენ სიამოვნებას. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი დაკნინებით თავიანთი კომპლექსები დამალონ. ასეთები შენში ეძებენ ნაკლს იმიტომ, რომ გადაფარონ ის, რაც თავად შინაგანად აწუხებთ... რატომ არ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი, როცა მაქვს ის ყველაფერი, რაც საჭიროა ბედნიერებისთვის?! გარშემო მოსიყვარულე ადამიანები მეგულება. ისეთები, ვისაც ვუყვარვარ ჩემი ნაიარევით და უფრო მეტიც, ისინი მას ჩემი სილამაზის ნაწილს უწოდებენ.ცხოვრება ხანმოკლეა და მინდა ყველას ვუთხრა: იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ და ნუ მიაქცევთ სხვებს ყუადღებას, რადგან ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც ნაკლს გიპოვით და სამწუხაროდ, ესეც ცხოვრების ნაწილია.შეიყვარეთ ყველა თქვენი ნაიარევი თუ სხვეულის ის ნაწილი, რომელიც გაკომპლექსებთ და რაც მთავარია, ვეცადოთ, გვიყვარდეს საკუთარი თავი და გარშემო მყოფები.

ლიკა ქაჯაია

(სპეციალურად საიტისთვის)