რა ენაზე საუბრობდა სტალინი არასაქმიანი შეხვედრების დროს და რატომ არ აწერდა ხელს ქართულად? - კვირის პალიტრა

რა ენაზე საუბრობდა სტალინი არასაქმიანი შეხვედრების დროს და რატომ არ აწერდა ხელს ქართულად?

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დიდი ბელადი იოსებ სტალინი კარგა ხანია, ცოცხალი აღარ არის და საბჭოთა კავშირიც უკვე დიდი ხანია, დაშლილია, მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ზოგს გორში დაბადებული ლიდერის საყვარელი ქალები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მმართველობის პერიოდი აინტერესებს. ჩვენ შევეცადეთ წყროებში მოგვეძიებინა, თუ რა ენაზე საუბრობდა იოსებ სტალინი მაშინ, როცა გარემოცვაში რუსები არ ჰყავდა...

რუსული აქცენტით, დაბალი ტონითა და ნელა მოსაუბრე ბელადის შესახებ საინტერესო ცნობები გელა ჩარკვიანმა საკუთარ წიგნში - „ინტერვიუ მამასთან“ აღბეჭდა. ამ წიგნმა უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები დააინტერესა, რადგან გელა ჩარკვიანის მამა, კანდიდ ჩარკვიანი პირადად იცნობდა იოსებ სტალინს და მას უამრავჯერ შეხვედრია. კანდიდ ჩარკვიანი იყო საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 15 წლის განმავლობაში.

„კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, იმ ეპოქას, როცა უზარმაზარ საბჭოთა იმპერიას და, ფაქტობრივად, მთელ ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკს ორი ქართველი მართავდა – ბელადი იოსებ სტალინი და მისი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების უზადო შემსრულებელი - ლავრენტი ბერია. დამეთანხმებით, სიტუაცია უნიკალურია და ალბათ აღარასდროს განმეორდება“, - ვკითულობთ გელა ჩარკვიანის წიგნში.

screenshot-2023-10-22-171211-1697980352.png
Getty Images

წიგნში ნათქვამია, რომ სტალინმა ძალიან მაღალ დონეზე იცოდა ქართული ენა და მშობლიურ ენაზე კარგადაც საუბრობდა. თუ ირგვლივ რუსები არ იყვნენ, ის ყოველთვის ქართულად საუბრობდა და თუ სხვა ნაციონალობის ადამიანები იმყოფებოდნენ, სტალინი ამბობდა: „ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებ ენაზე“. საქმიანი საუბრები, ძირითადად, რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა რუსული ტერმინოლოგიის შერჩევა მისთვის რთული იყო. რუსულისა და ქართული ენის გარდა, დიდი ბელადი გერმანულ ენასაც სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოსკოვში ცხოვრობდა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა თბილისში ძველ მეგობრებთან, მათ შორის, ალიოშა სვანიძესთან, რომელიც სტალინის პირველი მეუღლის, ეკატერინე სვანიძის ძმა იყო.

სტალინს უყვარდა ქართული ლიტერატურა და მუდმივად კითხულობდა, მათ შორის, იმ წიგნებსაც, რომელსაც საქართველოს ცკ-დან უგზავნიდნენ. სტალინს ძალიან მოსწონდა დავით კლდიაშვილი.

118144-1000-1697980660.jpg
კანდიდ ჩარკვიანი, ეროვნული ბიბლიოთეკა

როგორც კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, 1951 წელს როცა სტალინი საქართველოში იმყოფებოდა, ბორჯომიდან ხაშურში წავიდა. მის მშობლიურ გორში ვერ გაიარა, არც თბილისში ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში სტუმრობა კანდიდ ჩარკვიანმა სთხოვა და წერილიც მისწერა. სტალინმა კი უპასუხა - თბილისში რომ ჩამოვიდე, იტყვიან, „რატომ არ ჩავიდა ბაქოში ან ერევანშიო?“.

წიგნში კანდიდ ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ბელადს საზოგადოების აზრი აინტერესებდა. როცა სტალინის თხზულებათა პირველი ტომი გამოიცა, მან წიგნზე ხელი რუსულად მოაწერა, ჩარკვიანმა სთხოვა, ხელი ქართულად მოეწერა, მაგრამ სტალინმა უპასუხა: მაშინ ყველა რესპუბლიკა მომთხოვს, ხელი მათ ენაზე მოვაწერო, მომიწევს ხელი უზბეკურად, სომხურად მოვაწეროო“. სტალინი ცდილობდა, საზოგადოებას არ დაენახა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

1951 წელს საქართველოში მყოფ სტალინს უშიშროების მინისტრმა რუხაძემ მოახსენა, რომ ქვეყანაში ორმაგი სეპარატისტული შეთქმულება მზადდებოდა, საერთო ქართული და მეგრული. ამას მოჰყვა ხელმძღვანელ მუშაკთა, მათ შორის, ჩარკვიანის გადაყენება და 35 000 ადამიანის გადასახლება საქართველოდან...(წყარო)