„თუ ბირთვული ომი დაიწყო, ჭკვიანად მოქცევა არ გვიშველის...“ - კვირის პალიტრა

„თუ ბირთვული ომი დაიწყო, ჭკვიანად მოქცევა არ გვიშველის...“

გასულ კვირას საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის პოსტიდან გადაყენება ვერ შეძლო. 150-წევრიან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, პრეზიდენტის გადასაყენებლად კი 100 ხმა იყო საჭირო. მმართველი პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს კვლავ რადიკალური ოპოზიციის მოკავშირეობასა და მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ადანაშაულებს. "თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ... როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპული პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და, ამავე დროს, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატურად ცნო", - მიმართა "ქართული ოცნების" უმრავლესობას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 18 ოქტომბერს, საკუთარი იმპიჩმენტის პროცედურაზე სიტყვით გამოსვლისას, რა დროსაც პრეზიდენტს მმართველი პარტიის კრიტიკა არ დაუშურებია - პარლამენტის ტრიბუნიდან მან არაერთხელ მიანიშნა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ინტერესებით მოქმედებს. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ვფიქრობ ამ საიმპიჩმენტო პროცედურის წამოწყებით "ქართულ ოცნებას" კუნთების ჩვენება სურდა, მაგრამ უკუეფექტი მიიღო. თავიდანვე ყველაფერს ისე წარმოადგენდნენ, რომ პრეზიდენტი მარიონეტია და არაფრისმაქნისი, არა აქვს თავისი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გამოაჩინა თავისი პრინციპული პოზიცია და განსხვავებული დამოკიდებულება ბევრი საკითხისადმი, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ მისი ერთგვარად დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მიიღო უკუშედეგი - იმპიჩმენტი არ გამოვიდა და პრეზიდენტი გააგრძელებს იმის გაკეთებას, რაც სურს.

ჩემი შეხედულებით, ამის მიზეზი გახდა ირაკლი კობახიძის ახირებული პოლიტიკაც. ის უზარმაზარ შეცდომებს უშვებს. მისი და მისი ჯგუფის მტკიცებით, ვინც მათთან არ დგას, ის აუცილებლად "ნაციონალურ მოძრაობაშია", იდეფიქსად ექცათ, რომ ყველა, ვისაც თავისი აზრი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და წარმომადგენლად გაასაღონ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, გიორგი გახარიაც და ა.შ. არადა, ამ "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გაჭირვება აქვს, არაერთი, ვინც რეალურად მათი ლიდერი და წარმომადგენელი იყო, წავიდა ან აპირებს წასვლას პარტიიდან.

მმართველი ძალის ეს დამოკიდებულება დიდი შეცდომა და საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის სრული უგულებელყოფაა. ასტრალში ცხოვრობენ, აზრზე არ არიან, რა ინტერესები აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უკვე ყელში აქვს ამოსული "ნაციონალური მოძრაობაც", "ქართული ოცნებაც" და მთელი პოლიტიკური სპექტრიც. "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა კონტაქტი მოსახლეობასთან. ჰგონიათ, ის პარტიული აქტივი თუ ადმინისტრაციულ სამსახურებში დასაქმებულები, რომლებიც ჯერ კიდევ უსიტყვოდ ემორჩილებიან მმართველ ძალას, სრულად წარმოადგენენ ჩვენს საზოგადოებას, არადა, ასე არ არის.

- თქვენ ახსენეთ ირაკლი კობახიძე, ფიქრობთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს? და საერთოდ, თქვენი აზრით, ამ პროცესებში რა როლი აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს?

- არა მგონია, დიდი როლი ჰქონდეს. ვფიქრობ, ჯერჯერობით მშობელივით შორიდან აკვირდება ბავშვების თამაშს და ვიდრე ძალიან სახიფათო რამეს არ წამოიწყებენ, არ ერევა. ამასთანავე, ის არ ერევა დიდწილად იმ ამბებში, რაც მას პირადად არ ეხება, ბოლოს და ბოლოს, სხვა საქმეებიც აქვს, კი არის ჩემზე ცოტა ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ხანდაზმული ადამიანია.

- ამ პროცესმა სალომე ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, თუ გააძლიერა და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სწორედ ის იქცეს ე.წ. მესამე ძალის ლიდერად?

- ივანიშვილისა არ იყოს, ზურაბიშვილიც არ არის ახალგაზრდა, თუმცა, ალბათ, აქვს პოლიტიკური გათვლები. ჩემი აზრით, თუ მას სურდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა, დაახლოებით ერთი წლის წინ უნდა გადამდგარიყო და შეექმნა პოლიტიკური პარტია. მომავალი არჩევნებისთვის მას მანევრირების დიდი დიაპაზონი არა აქვს, უფრო სწორად, არა აქვს მასში მონაწილეობის უფლება. თუ მანამდე ალიანსი შექმნა უკვე არსებულ ოპოზიციურ ძალებთან, ეგ არ ვიცი, ვფიქრობ, ეს მისთვის დიდად სახარბიელო სცენარი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთი წლის წინ გადადგომის შემთხვევაში, მას ნამდვილად ექნებოდა მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ისე, სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, თანაც ისე, რომ დასავლეთიდან მიიღოს დიდი მხარდაჭერა და დახმარება.

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები რა გავლენას იქონიებს ქვეყნის ევროინტეგრაციის, კერძოდ, ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესზე?

- არა მგონია, ეს დიდად შემაფერხებლად იქცეს. მოისმენდით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომელშიც ამბობს, დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაამტკიცეს, რომ უფრო მდგრადი არიან, ვიდრე ოლიგარქიო. მისი თქმით, საქართველოს რეპუტაციას ზიანი მიადგა, მაგრამ იქვე ამბობს იმასაც, ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ, რათა ეს ზიანი აღმოვფხვრათ და უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდესო. ვფიქრობ, ეს იმედისმომცემი განცხადებაა. სიმართლე გითხრათ, არა მგონია, იმაზე მეტად ავნოს ამან ევროინტეგრაციის პროცესს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მოახერხა და ავნო სხვა არაერთი ქმედებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტისას იმპიჩმენტის პროცედურას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამასთან, იმ დროს, რა პროცესებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ასეთ მარტივ რაღაცებზე ყურადღებას, ვფიქრობ, არავინ გაამახვილებს.

- მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში შექმნილ რთულ და გამოწვევებით სავსე ვითარებაში, სულ უფრო მეტი კითხვა ისმის საქართველოს უსაფრთხოების სისტემების შესახებ. გასულ კვირას პარლამენტს სტუმრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა. სხდომის ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, დაიხურა, მაგრამ მოვისმინეთ არაერთი საჯარო განცხადებაც. ამ განცხადებების გაანალიზებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოების სისტემები მსოფლიოში, რეგიონსა და უშუალოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს?

- ამ სფეროში ჩახედული არა ვარ და შესაბამისად, აზრის გამოთქმაც მხოლოდ საკითხზე ზედაპირული დაკვირვებით შემიძლია. ის, რაც მოვისმინე და რასაც ვხედავ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიბიძგებს აზრისკენ, რომ შესაძლოა მცირე ინციდენტებზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, მაგრამ ზოგადად არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობენ და ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენთან ქვეყნის უსაფრთხოების ნორმალური სტრატეგია არ არსებობს. ჩემი აზრით, მსოფლიოში იმდენად რთული ვითარებაა, ჩვენი სამთავრობო ელიტა ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ცუგცვანგის მდგომარეობაში არიან, პრევენციული, შემარბილებელი ღონისძიებები არც იგეგმება.

რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა მაშინ, როცა საგარეო კურსად გამოცხადებული გაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა? იქით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორობა სურთ, ცდილობენ რუსეთს არაფერი აწყენინონ... მოკლედ, მშვიდობის მტრედობას ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიოში ახლა უმწვავესი ბრძოლა მიდის 2 დოქტრინას შორის - გაუნათლებელ, ბნელ, რადიკალურ, არადემოკრატიულ ძალებსა და დასავლურ, დემოკრატიულ ფასეულობებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ადგილის მონახვა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აშკარად არ შეუძლია ეს. ისინი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე ფიქრობენ და არა იმაზე, ჩვენი შვილები როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ...

- როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია იყო. იმავდროულად, მისთვის დასმულ შეკითხვაზე, ვინ არის საქართველოს მთავარი მტერი? - მას რუსეთი არ დაუსახელებია, არამედ განაცხადა, "მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები".

- პირველად უნდა გითხრათ, რომ სიტყვას "ეგზისტენციალური" არასწორად ხმარობენ. თუ ლილუაშვილს "ეგზისტენციალური" ჰგონია "სასიცოცხლო", ძალიან ცდება. მეორე, მისი განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბარი დაახლოებით იმ დონეზე მიდის, ორჯერ ორი რომ ოთხია. მთავარი გამოწვევა მმართველი პარტიისთვის შეიძლება არის ოპონენტი პარტია, მაგრამ არა ქვეყნისთვის. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რაც მსოფლიოში ხდება, უხისტესი წინააღმდეგობა დემოკრატიულ და რადიკალურ ძალებს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - აქეთ რუსეთი, იქით თურქეთი, ირანი, ცოტა მოშორებით კი ერაყი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც სწორედ ასეთი ბნელი რადიკალური და ექსპანსიონისტური ძალის მიერ არის გამოწვეული. დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ ვიპოვოთ გზამკვლევი მსოფლიო გეოპოლიტიკის ამ შფოთიან ოკეანეში.

- ლილუაშვილმა ისაუბრა ბირთვულ საფრთხეებზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც მუშაობენ, რომ თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა და ა.შ., და თქვა ფრაზა, რასაც არაერთი დამცინავი გამოხმაურება მოჰყვა. "გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა და თავშესაფრების გამოყოფა. თუმცა ეს აქტუალური გახდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყანაში, ისე გარეთაც", - განაცხადა ლილუაშვილმა.

- ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს. საქართველოც ვერ გადაურჩება ბირთვულ ზამთარს. იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, არ ვიცი, რა ჭკვიანად მოქცევა უშველის. ვიცი, რომ ამ ამბავზე ბევრს ხალისობდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე საერთოდ არ მეცინება, იმაზე ვფიქრობ, ვის ხელშია საქართველოს უსაფრთხოება.

ამ ეტაპზე ორი მიმართულებით არსებობს ბირთვული საფრთხე: 1. შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და 2. ისრაელ-ირანის დაპირისპირების შემთხვევაში, ასევე შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ. ფაქტობრივად ორივე ტერიტორია საქართველოსთან ისე ახლოს არის, რადიაციას ვერაფრით გავექცევით. არ ვიცი, ჭკვიანად მოქცევა საქართველოს ამისგან როგორ დაიცავს?!

- ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი, მეორე მხრივ, "ჰამას"-ისრაელის დაპირისპირება, რაც შესაძლოა მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. კეთდება უკიდურესად მძიმე პროგნოზებიც - ექსპერტების ნაწილი მესამე მსოფლიო ომის საფრთხესაც არ გამორიცხავს. საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესების განვითარებას და თქვენი აზრით, ამ ღირებულებების დაპირისპირებებში სად არის საქართველოს ადგილი?

- უპირველესად ვიტყვი, რომ პირადად მე და ჩემი ოჯახი ისრაელის გვერდით ვდგავართ. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს იქაურ მეგობრებთან და თუ რამით შემიძლია მათი დახმარება, მზად ვარ. სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს პოზიციაც. საქართველომ გაცილებით აქტიური და პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს. არ შეიძლება ასე ყოფნა, როგორც "ოცნების" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თურმე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვერ გავაკეთოთ, მაგრამ სიტყვით მაინც შეგვიძლია განუხრელი მხარდაჭერის გამოცხადება. ეს შეგვეძლო უკრაინასთან დაკავშირებითაც.

ორი აზრი არ არსებობს, ჩვენი ადგილი დემოკრატიულ სამყაროშია დასავლურ ღირებულებებთან. რაც შეეხება კონფლიქტის მასშტაბს, ოპტიმისტი ვიქნები და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ მოხდება და დედამიწა გადაურჩება მესამე მსოფლიო ომს. ასეთი გამოწვევები ადრეც არაერთი ყოფილა. ბოლო მასშტაბური დაპირისპირება იყო 1973 წელს. ამ კონფლიქტში ბევრი ქვეყანა იყო ჩართული. მაშინ ისრაელმა იომ-ქიფურის ომი მოიგო, მეტიც, დაიკავა გოლანის მაღლობი და ღაზის სექტორიც. ჩემი აზრით, ამჯერადაც ეს გლობალურ ომში არ გადაიზრდება, ამის მთავარი მიზეზი კი ის მგონია, რომ ირანი მასშტაბურ კონფლიქტში ჩართვის უფლებას თავს ვერ მისცემს. საქმე ისაა, რომ როგორც კი ჩაერთვება ირანი ომში, ვფიქრობ, ქვეყანაში გადატრიალება მოხდება. ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ქვეყნის თეოკრატიულ მმართველობას. გახსოვთ, ალბათ, ბოლო წლებში რა მასშტაბური წინააღმდეგობის მოძრაობები იყო ირანში. ეს საპროტესტო მუხტი არ განელებულა. ბევრჯერ ვარ ირანში ნამყოფი, ბევრს ვიცნობ იქ, ხშირად ვეკონტაქტები ტელეფონით და ამას ჩემი პირადი დაკვირვებითაც ვამბობ. თუმცა ვითარება ისეთია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ არა ვარ პესიმისტურად განწყობილი.

- პოზიტიური ნაბიჯი გადადგა "ჰამასმა", როდესაც ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა - დედა-შვილი უკვე გამოყვანილია ღაზის სექტორიდან. იმავდროულად, ისრაელმა ძალიან დააყოვნა სახმელეთო ოპერაციის დაწყება. თქვენი აზრით, იქნება ეს ოპერაცია?

- ვფიქრობ, აუცილებლად იქნება, თქვენი გაზეთი რომ გამოვა ორშაბათს, შეიძლება უკვე დაწყებულიც იყოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, ისრაელმა ეს ოპერაცია მაშინ დაიწყოს, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება. ამ ქვეყნის განცხადებით, "ჰამასისა" და "ჰესბოლას" პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას. მთავარია, მოხერხდეს და ირანის ჩართვა დაპირისპირებაში გამოირიცხოს. როგორ მოახერხებენ ამას ამერიკელები, არ ვიცი, მაგრამ თუ ირანი გამოირიცხა, ღაზის, "ჰამასისა" და "ჰესბოლას" პრობლემა გადაიჭრება. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება საკმაოდ გაართულებს სიტუაციას ევროპაშიც, სადაც ტერორისტული საფრთხე მნიშვნელოვნად გაზრდილია.

სამწუხაროდ, ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, ყურადღება გადავიდა უკრაინიდან ისრაელზე. ცხადია, სამხედრო რეზერვი, რაც დასავლეთში არსებობს და აქამდე უკრაინაში მიდიოდა, ახლა ორად განაწილდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ერთ თვეში ბევრი რამ გამოჩნდება.