„დღეს სიცოცხლეს სიყვარულის ტარება უჭირს“ - კვირის პალიტრა

„დღეს სიცოცხლეს სიყვარულის ტარება უჭირს“

ამბობს, რომ თავისი სამყაროს შექმნას ცდილობს, "ხილული სამყაროს მიღმა".­ მეგზურ-მეგობრებად ფიქრი და ლექსები აურჩევია, რომელთა მასაზრდოებელიც დიდი და, ცოტა არ იყოს, "შიშის მომგვრელი" სიყვარულია. "მარტო შენი თავის­ მსგავსებით­ ამ სიყვარულს ვერ მოიპოვებ, ცოტა მეტი უნდა იყო შენს თავზეც კი, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ამხელა სიყვარული გქონდეს. არ არის ამის მოპო­ვება იოლი და მერე მისი ტარება. ამ 40-45 წლის განმავლობაში ძალიან რთულია, ეს სიყვარული ატარო, გაშინებს წუთისოფელი, ხანგრძლივობა წუთისოფლისა გაშინებს... სიცოცხლის მიზანი სიყვარულის ზიდვაა და დღეს სიცოცხლეს სიყვარულის ტარება უჭირს, ემძიმება", - წუხილით მეუბნება პოეტი ტარიელ ხარხელაური, ან "უბრალოდ, კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს". მერე დასძენს, "ხანდახან გინდა შენი სამყარო გქონდეს, აღარც დიდი დრო დარჩა ამ წუთისოფელში და ისე უნდა იცხოვრო, დანარჩენი დრო შენს ფიქრთან გაატარო".

- მაინც როგორია თქვენი "სამყარო ხილული სამყაროს მიღმა", ან როგორი მოჩანს იქიდან ჩვენი ყოფითი სინამდვილე? რა გიადვილებთ ყოფას თქვენ და თქვენს ლექსებს?

- ჩემი სამყაროს შექმნას ვცდილობ, ჩემი მიზანი ესაა. ამ ყოფით სინამდვილეს მე და შენ ერთნაირად აღვიქვამთ, ეს სინამდვილე ის არაა, რაც შენ გინდა და რაც სამშობლოსთვის გემეტება. ეს არის შენი ქვეყნის და შენი ხალხის გულგარეთ ყოფნა. მასაზრდოებს უზომოდ დიდი სიყვარული, რაც ჩემ ირგვლივ შეიქმნა. იმის განცდა არასდროს მქონია, რომ ოდესმე ამას პოეზიით მოვიპოვებდი, ლექსით ამას შევძლებდი. მარტო შენი თავის მსგავსებით ამ სიყვარულს ვერ მოიპოვებ, ცოტა მეტი უნდა იყო შენს თავზეც კი, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ამხელა სიყვარული მოიპოვო, არც მისი ტარებაა იოლი. ამ 40-45 წლის განმავლობაში ეს სიყვარული ატარო, ძალიან რთულია, გაშინებს წუთისოფელი, ხანგრძლივობა წუთისოფლისა გაშინებს. დიდი სიყვარული როგორ არ არის შიშის მომგვრელი... 78 წლის ასაკში­ როგორ შეიძლება წერამ გაგიტაცოს, კალამმა გაგიტყუოს, წერო იმისთვის, რომ ხალხს უყვარხარ. არა, სწორედ­ მაგიტომ არ უნდა წერო, რომ ხალხს უყვარხარ, როცა აღარ შეგიძლია, პირიქით, უნდა გაჩერდე, ამით არ უნდა ისარგებლო, ცუდად არ უნდა გამოიყენო ეს სიყვარული. აი, ამისა მეშინოდა, ამიტომ მაშინებდა და მაშინებს ხანგრძლივობა სიცოცხლისა.­ ვაითუ ვერ შევძლო, ვაითუ ბოლომდე ისე ვერ გავიდე...

- "მე თუ არა ვთქვი,/ შენ თუ არა თქვი, /არა თქვა იმან,/ ან ვართ ყრუები, ბატონებო,/ ან კიდევ გვძინავს", - რა გაქვთ სათქმელი და ვინ არის ადრესატი?

- ეს ლექსი 90-იან წლებშია დაწერილი. ვიღაცის სასიამოვნოდ და გულის მოსაგებად კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არა, ის დამალული სიტყვები უნდა ამოვთქვათ, რაც ქვეყნისთვის გემეტება. ჩვენ ვერ მივეჩვიეთ თავისუფლებას, ვერ მივიღეთ ის, იმიტომ, რომ მე შენზე მაღლა ვაყენებ თავს. შეიძლება შენზე ბევრად მცირე ვარ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ დიდი ვარ და შენი მოსმენა არ მინდა, რადგან შენი სიმართლით ჩემს სამყაროს ამღვრევ.ჩვენ წარსულიდანვე გვიჭირს სიმართლის თქმა, მარტო დღევანდელობას ნუ გადავაბრალებთ, ეს ჩვენს ხასიათში ზის. სახელების დარქმევა გვიჭირს ყველაფრისთვის და ამან გაგვიტყუა, ამან მოგვიყვანა აქამდე. სახელი დავარქვათ ყველაფერს, სიმართლე თუ არ ვთქვით, ვერ განვიკურნებით.

- "ახლა ხომ მიხვდით, რა მოგვწია,/ რა ქნა სიყრუემ,/ ვით არშემდგარ ერს/ არშემდგარი ერი გვიყურებს"...

- ჩემს სამშობლოზე მაგრად, ქართველ კაცზე მეტად თუ რამ მიყვარს, ამის გაფიქრებაც კი მკრეხელობად მიმაჩნია. შენ შენი მითოლოგია უნდა იცოდე, შენი ისტორია, კულტურა, ცეკვა და სიმღერა უნდა იცოდე, ის, რაც სხვა ერისგან განგასხვავებს, გამოგარჩევს. არც ერთი ერის წარმომადგენელს არ შეუძლია ჰაერში ამხტარი გაჩერდეს, ამას ომარ მხეიძე ახერხებდა. ეს ქართველი კაცის გენში ზის. იმ დღეს ვუყურებდი ცეკვა "ყაზბეგურს", ძარღვებში ცხელი სისხლი თუ არ გიდუღს, ასე ვერ იცეკვებ. ცეკვა "ქართული" ნახეთ, როგორი­ არისტოკრატიზმია, როგორი დამოკიდებულებაა მამაკაცსა და მანდილოსანს შორის... ქართულ სიმღერას როცა ვუსმენ და ვაკვირდები, ერთი კაცი როცა მღერის, თითქოს ძალა არა აქვს, მთელი ანსამბლი, გუნდი როცა მღერის, თითქოს გარშემო შენი მთები მღერიან, თითქოს ყველაფერი მღერის. ძალა ერთობაშია, თუმცა ცალ-ცალკე სიმღერა, ცალ-ცალკე საქმე გვსიამოვნებს. ჩვენი გაერთიანება არავის აწყობს, ყველას გათიშულები ვუნდივართ, არავის სიამოვნებს ჩვენი იდენტობის შენარჩუნება, საამისოდ კი ჩვენ შევუქმენით ნოყიერი­ ნიადაგი. ახლაც, როგორც ადრე, როგორც კი ვინმე უცხოელი ქართულ ენაზე გამარჯობას გეტყვის, ყველაფერი შეგიძლია აპატიო. არა, არ უნდა ვაპატიოთ... დღეს ყველაზე უარეს მდგომარეობაში ჩვენი ქართული ენაა. თბილისში როცა ჩამოვდივარ, ამაზრზენია ჩემთვის ქალაქში სიარული - გავხედავ წარწერას და შინაარსს ვერ ვიგებ, არადა, ქართული ანბანითაა დაწერილი. ჩემს ქვეყანაში რატომ მრცხვენია ქართულად საუბარი, რომელი ენა შეედრება ჩემს ქართულს? ქართულად მელაპარაკე...მე-12 საუკუნეში მე შოთა რუსთაველმა ჩამომიყალიბა ქცევის კოდექსი. იმ საუკუნეში ქართველობა შემდგარი ერი იყო, დანარჩენები მიწურებიდან იყურებოდნენ, აზრზე არ იყვნენ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", ამის თქმა თუ შეიძლებოდა. დანარჩენები აზრზე არ იყვნენ, "მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები", ამის თქმა თუ შეიძლებოდა. ეს მე მე-12 საუკუნეში მქონდა და არავინ უნდა მარიგებდეს ჭკუას. ესაა ჩემი გულისტკივილი. რატომ მოვედით აქამდე, რომ სხვა მასწავლის, მე როგორ მოვიქცე, რატომ მასწავლის სხვა გენდერულ თანასწორობას, რაც მე რუსთაველის ეპოქაში მქონდა...

- "ეს რომ ასეა,/ამიტომ გვაქვს თავში საცემი,/სამშობლო - ცნება/რომ გვგონია მზა ტანსაცმელი, /ვისაც სად გვინდა, /როგორც გვინდა, ისე მოვირგოთ"... კი არ ვერგებით და ვარგებთ, არამედ ვირგებთ სამშობლოს?...

- ძირითადი აქცენტი ამაზე მაქვს გადატანილი, რომ სამშობლო არ არის შენი გამოსაყენებელი, სამშობლოს უნდა გამოადგე. რაფიელ ერისთავმა ბრძანა, "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა", - ესეც ლამაზ სიტყვებად მივიღეთ და შინაარსს არ ვაკვირდებით, ეს სიტყვები­ მარტო მხატვრული ნათქვამი და მეტაფორა გვგონია. არა, ეს შენი იდენტობის შინაარსია, შენი ქართველობის შინაარსი. როცა ვაჟა ამბობს, "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვბუბუნებო", ნეტავ ჩამახედა ქართველი კაცის გულში, დაწოლის წინ რამდენი იტყვის იმავეს. არა, დღეს ქართველი ლოცულობს, ღმერთო, მე მამყოფე კარგად, ოღონდ მე ვიყო კარგადო. ამაზე ვლოცულობთ, ეკლესიაშიც ამის გამო შევდივარ, რომ ჩემთვის ვილოცო, მე შენთვის არ ვლოცულობ ეკლესიაში, შენს გაჭირვებაზე მე თვალს ვხუჭავ, იმიტომ, რომ არ მინდა შენმა გაჭირვებამ კომფორტი დამირღვიოს...

- "გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ, /ვკარგავთ თუ... უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია?", მანამდე კი შენატრით იმ საქართველოს, რომლის "ახლანდელი აღარც ჩრდილია".

- ეტყობა, ამაზე ფიქრი შენც დიდი ხანია­ გაწვალებს, შვილო, ეს რომ არ გტანჯავდეს, სხვა შემთხვევაში, ამ სტრიქონებამდე­ არ მიხვიდოდი. ისევე გაწამებს, როგორც მე. მე ახლა ჩემი შვილიშვილების თაობასთან დავდივარ სკოლებში და იქიდან ბედნიერი გამოვდივარ, იმიტომ, რომ ეს თაობა­ პატრიოტულ ლირიკას ირჩევს. უნიჭიერესი თაობა მოდის და, სამწუ­ხაროდ, მამები და პაპები მათ იმ გარემოს არ ვახვე­დრებთ, რაც ამ ბავშვებმა დაიმსახურეს. ასე თუ გაგრძელდა, თუ ასე დაცარიელდა საქართველო, სამშობლო დაკარგული გვაქვს. დღეს საქართველო ჩემს დაცლილ სოფელსა ჰგავს, სიმონიაანთ ხევს - სახლი ბევრია, მაგრამ რამდენიმე სახლის საბუხრიდანღა ამოდის კვამლი ზამთარში. ჩვენ რომ გავრბივართ, ხომ ატყობთ, ეს სიცარიელე ნელ-ნელა როგორ ივსება არაქართველით... გაჭირვებას კი არ უნდა გაექცე, გაჭირვებას უნდა ებრძოლო შენს ქვეყანაში. რამდენჯერ დავსვი ეს კითხვა და პასუხი ერთია - მაშ, რა ვქნათ? ჩვენს ქვეყანას უპატრონოს და დაუსახლებელს არავინ დაგიტოვებს, ესაა ჩემი სატანჯველი და საფიქრალი, ჩემი ტკივილი ეს არის. ჩემს სოფელში რომ არაბი ოჯახი დასახლდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩემთვის, ტყვიის სროლას უდრის. დაცლი - შემოვა, სიცარიელეს არ დატოვებენ, ეს უნდა შეივსოს, შენს ხარჯზე უნდა შეივსოს...

- "სთქვი მამულო, რა გაწუხებს,/ სთქვი, დავდგები დარიალთან"...

- დღეს მარტო დარიალიდან კი არ მოდის, ყველა კუთხიდან გვაქვს საფრთხე. დარიალი იმასთან მოგონებაა, რა საფრთხეც დღეს გვემუქრება, ასე თუ გავაგრძელეთ. სამშობლოზე ხელისუფლებამ კი არ უნდა იფიქროს, მე უნდა ვაიძულო სამშობლოზე ფიქრი და მისი მსახურება. საზოგადოება ჩამოშორდა სამშობლოს, დისტანცირებულია ხელისუფლებიდან, ხელისუფლება საზოგადოების ძალას ვერ გრძნობს, ამიტომ საზოგადოების სამართავია და მოსავლელი სამშობლო.ერთ სტრიქონს წაგიკითხავთ, ახალი ლე­ქ­სი­დან: "გათახსირდა ყველაფერი,/ ყველაფერი­ გათახსირდა, /გულს გულგარეთობითა და/ შუბლის ძარღვის გადახსნიდან,/ გადაჭრილი­ ძარღვებიდან ჩაყვითლებულ სახეს ვიბან,/ აღარ მინდა არაფერი,/ არც სამშობლო აღარ მინდა!/ გათახსირდა ყველაფე­რი,­ /ყველაფერი გათახსირდა!/" - ამას ვგრძნობ­ ახლა. რაღაცას რომ წერ, ზოგჯერ­ წინ უსწრებ დროს, შეიძლება ეს დღევანდ­ელობას არც ასახავდეს, მაგრამ ამის შიში მაქვს...

80 წლისა იყო პატრიარქი, როცა ლექსი "თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე" წავუკითხე: "თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა-/მექცეოდეს სამშობლო და მე არა მტკიოდეს.../ხან თუ გაბეზრებული ფიქრს ნისლივით ამოვშლი,/­იქ ვარ ჩამომჩვარული, სადაც უნდა ვხვიოდე./თქვენო უწმინდესობავ, ამ შემზარავ ქაოსში/როგორ შესამჩნევია ჩემი ქვეყნის სიობლე". ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა ხელი დამადო და მითხრა, რატომ ხარ, ტარიელ, ასეთი პესიმისტიო. ეს პესიმიზმი არაა, ეს ჩემი სათქმელია იმაზე, რასაც ვგრძნობ. სათქმელის დამალვამ მიგვიყვანა აქამდე, ადრე ამის თქმა არ შეიძლებოდა, ლექსში ტკივილის განცდა არ შეიძლებოდა... მშრალი სტრიქონებით არ შეიძლება ესაუბრო ქართველ კაცს, იმიტომ, რომ თვითონ ბუნებით მდიდარია, ასე და ამ ტკივილებზე უნდა ესაუბრო, ღამე ტკივილთან ერთად უნდა დაიძინო.

- "გავშიშვლდი, ნიღბები დავყარე,/ ვირღვევი, სხეულში ბზარია,/ ო, როგორ ხარხარებს სამყარო,/ ო, როგორ შეშლილი ჟამია"... ესეც ადრე განჭვრიტეთ? რას გვიქადის ეს შეშლილი ჟამი, როცა ასე "მღვრიეა სამყარო"?

- ეს ლექსიც 20 წლის წინანდელია. დღეს რაც მსოფლიოში ხდება, ზღვარგადასული გონის ნააზრევია. აქ ერთი მხარე არა, ყველა დამნაშავეა. ამ პანდემიამაც რომ არაფერი გვასწავლა? ხომ გვეგონა, რომ გვასწავლიდა, მაგრამ - არა. ერთხელ შემოგილაწუნა უფალმა, ახლა მეორედ გილაწუნებს და მესამედ იქნება საშინლად მკაცრი, რომელსაც ვეღარ გაუძლებს სამყარო. სულ ვამბობ ხოლმე, სიკვდილი ჩემი მეგობარია, როცა ჩემ იქით არის, მაგრამ როგორც კი ჩემი სახლის კარს შემოაღებს, ის ჩემი ოჯახის წევრია. სიკვდილი სხვისა გგონია, მაგრამ შენი ოჯახის წევრი უნდა იყოს, შენთან უნდა ცხოვრობდეს სიკვდილი. რატომ? - ის შენ სიცოცხლეს გაგიადვილებს და იმიტომ. ეს ადვილი სიცოცხლეა, რა დღეშიც ის გვყავს ჩაგდებული? არაა ეს ადვილი სიცოცხლე, სიცოცხლის მიზანი სიყვარულის ტარებაა, სიყვარულის ზიდვა, და დღეს სიცოცხლეს სიყვარულის ტარება უჭირს, ემძიმება. ამ წუთისოფელში არამარადიულობას სიკვდილი უნდა გახსენებდეს, იმასაც, რომ მარტო შენი თავისთვის არა ხარ დაბადებული.

- "საქართველოვ, არ გრცხვენია?!/ ღმერთის, შემოგევლე, ღმერთის". - ვის და რატომ ანამუსებთ, ბატონო ტარიელ?

- განა მე სწორად ვიცხოვრე და განა მე მთლად ყველაფერი გავიღე ქვეყნისთვის? რაც ჩემზე იყო, განა ყველაფერი გავაკეთე? ყოველთვის, როცა დამნაშავეს ვეძებთ, ჯერ საკუთარ თავში ვეძებოთ. ჩემი თავი ჩემი სარკეა, ვიხედები და ვხედავ, რამდენის თქმის უფლება მაქვს.

"რაღა დაგვრჩა გარდა თმენის,/ შევეგუეთ სულში ფურთხვას,/ ნუ უყურებთ, საქართველო/ ისევ სხვის დაკრულზე ბუქნავს./ შინ სტუმარი მასპინძელობს,/ მე დასისხლულ მაჯებს ვლოკავ,/ ტაში, ტაში საქართველოვ -/ გააგრძელე ასე როკვა", - ესეც 90-იანი წლების ლექსია. ეჰ, რაც თავი მახსოვს, სულ სხვის დაკრულზე ვბუქნავთ და ესეც ძალიან მტკივა...

- და მაინც, "რაკი ვმოძრაობთ,/ რაკი ვბორგავთ,/ რაკი ვხმაურობთ"... იქნებ ეს მოძრაობა გახდეს ძალის მომცემი მოჯადოებული წრის გასარღვევად, გადასარჩენად...

- ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ რის ხარჯზე? ილიაზე როცა ვფიქრობ, სულ მისი სიტყვები მახსენდება: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"