„ჰამასისა“ და ისრაელის კონფლიქტის განახლება ირანულ-რუსული პროექტია“ - კვირის პალიტრა

„ჰამასისა“ და ისრაელის კონფლიქტის განახლება ირანულ-რუსული პროექტია“

ღაზაში ისრაელის დაანონსებული სამხედრო ოპერაცია ჭიანურდება. არაოფიციალურად დაყოვნების რამდენიმე მიზეზი სახელდება, კერძოდ, ისრაელს ამუხრუჭებს მძევლები, რომლებიც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე თავდსახმის პირველივე დღეს გადაიყვანა ღაზაში, ასევე, მოსალოდნელი დიდი მსხვერპლი, რომელსაც სამხედრო ოპერაცია მოიტანს, მესამე ფაქტორი კი დასავლეთია, რომელიც კონფლიქტის ფართომასშტაბიან განვრცობას უფრთხის. თავის მხრივ, ისრაელს, კონკრეტულად კი პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი - მან პირობა დადო, რომ გაანადგურებს "ჰამასს", რომლის სამხედრო და პოლიტიკური დოქტრინა, პირიქით, ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად... ექსპერტი მამუკა არეშიძე ახლო აღმოსავლეთიდან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას გამორიცხავს, მაგრამ კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდას რეალურად მიიჩნევს.

- ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველა­ ეს ფაქტორი მუშაობს - 1. მძევლ­ების საკითხიც, ისრაელს დიდი მსხვერპლისაც ეშინია და დასავლეთისაც. მძევლების თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ისეთი განწყობაა, არა მგონია, ისრაელმა უკან დაიხი­ოს. თავისი არსებობის განმავლობაში ისრაელს არც ერთ ომში ასეთი მსხვერპლი არ უნახავს, მას 297 მარტო ჯარისკაცი დაეღუპა. აქედან გამომდინარე, უკან ვერ დაიხევენ - ნეთანიაჰუს მთავრობას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ახლა კიდევ მის სისუსტეში თუ დარწმუნდა საზოგადოება, მთლად პოლიტიკური გვამია; 2. ისრაელმა ახლა თუ დათმო, ეს ნიშნავს­, რომ მომავალში უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, სახმელეთო ოპერაცია აუცილებლად დაიწყება­. ისრაელი ჯერ იდეოლოგიურ და საინფორმაციო პრობლემებს­ აგვარებს, შესაბამის დროს ელოდება. ოფიციალურ იერუსალიმში დარწმუნებული არიან, რომ გაფრთხილების მერე ღაზას სექტორს ბევრი­ პალესტინელი დატოვებდა და მართლაც, მოსახლეობის ნაწილი გავიდა. მთავარი ის არის, რომ ქალაქში სახმელეთო დარტყმაც კი წერტილოვანი იქნება, მთავარი დარტყმის ობიექტი კი მიწისქვეშა კომუნიკაციებია, რაც წლობით აშენა "ჰამასმა" იარაღის საწყობებისთვის, რაკეტების სახელოსნოებისთვის, შტაბებისთვის... პლუს ამას, ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევი კომუნიკაციების მომზადება. მთავარია, ისრაელმა ეს ყველაფერი, ასევე­, "ჰამასის" ხელმძღვანელობა გაანადგუროს. "ცახალის" ხელმძღვანელობაში გადასარევად იციან, ვინ სად არის - არსებობს ტერმინი "მაშტაპი", რაც ნიშნავს აგენტს ღაზის ტერიტორიაზე, რომელიც პალესტინურ, არაბულ სამყაროში მუშაობს. ეს პალესტინელი არაბები ისრაელის დაზვერვაზე არიან მიბმული, ზოგ შემთხვევაში, ისინი ორმაგი აგენტები არიან, მაგრამ უმთავრესად ეს არის ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის აგენტურა, ამიტომ ისრაელმა სურათი ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, არ მჯერა, რომ ისრაელისთვის სრულიად მოულოდნელი იყო "ჰამასის" შეტევა, ეს იყო რამდენიმე ქვეყნისა და "ჰამასის" პროვოკაცია, რაც ცნობილი იყო ისრაელის ხელისუფლებისთვის (შესაძლოა ასეთ მასშტაბს არ ელოდნენ), მაგრამ ეს ვითარება გამოიყენეს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს და ერთხელ და სამუდამოდ "ჰამასს" ბოლო მოუღონ.

ომია ისრაელსა და "ჰამასს" და არა პალესტინას შორის, როგორც მსოფლიო მედიაში ვრცელდება. პალესტინის მეორე ნახევარში, რომელიც მდებარეობს მდინარე იორდანეს მარჯვენა სანაპიროზე, ძალაუფლება ხელში აქვს პოლიტიკურ ორგანიზაცია "ფათჰს", "ჰამასის" დაუძინებელ მტერს. 2000-იან წლებში სამოქალაქო ომში ისინი საშინელი სისასტიკით ებრძოდნენ ერთმანეთს, რამაც უამრავი ადამიანი შეიწირა. დღეს მაჰმუდ აბასი, პრაქტიკულად, იორდანეს მარჯვენა სანაპიროს პრეზიდენტია, ვინაიდან ღაზა მას არ ემორჩილება.

ბევრ მემარცხენე პოლიტიკურ ძალას დასავლეთში იმდენად სძულს ისრაელი, რომ თავის მედიასაშუალებებს სათავისოდ­ იყენებს. ისრაელი არათუ ვერ ახერხებს საინფორმაციაო ომში გამარჯვებას, საკუთარ ტერიტორიაზეც აქვს პრობლემები - ადგილობრივი მემარცხენეები და ხასიდები პალესტინელების მხარდასაჭერად მიტინგს მიტინგზე მართავენ. მოკლედ, სიტუაცია აჭრ­ილია და ისრაელის ხელისუფლებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მაგ­რამ არა მგონია, საბოლოოდ ამ მუხრუჭმა იმუშაოს.

- საინფორმაციო ომის ნაწილი იყო, ალბათ, ღაზაში ჰოსპიტლის აფეთქება, რაშიც "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებს და პირიქით.­ როგორც იკვეთება, "ჰამასს" ამ საკითხის გამოყენებით სურდა არაბული ქვეყნების მოსახლეობის მობილიზაცია ისრაელის წინააღმდეგ.

- არ დავიწყებ მტკიცებას, ეს რაკეტა­ ისრაელის თუ "ჰამასის" პროვოკაციაა, თუმცა არ ჰგავს იმ სიმართლეს, რაც ვრცელდება როგორც დაღუპულთა რაოდენობაზე, ისე აფეთქების ორგანიზატორებზე. ისე არ ჩანს, რომ ამის შემოქმედი ისრაელი იყო, ან ამდენი დაღუპულია. არ გამოვრიცხავ, მესამე ძალას მოეწყო პროვოკაცია, რათა აფეთქება ისრაელს დაჰბრალებოდა. ამ დროისთვის მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთს ხაფანგს უგებენ. თუ ახლა დასავლეთი უკრაინის სივრცეში რუსეთს უქმნის პრობლემებს, რუსეთი და მისი მოკავშირეები­ დასავლეთს ახლო აღმოსავლეთში უქმნიან პრობლემას. პალესტინის მხარდამჭერი ბევრი განცხადება ვრცელდება, მაგრამ ისეთი ოფიციალური განცხადება, რომელიც სახელმწიფოებრივ მიდგომას ითვალისწინებს, არაბული სამყაროდან მარტო კატარმა გააკეთა. "ჰამასის" მხარდაჭერაში ბევრად აქტიურია შიიტური ირანი, რომელიც დასანახავად ვერ იტანს სუნიტებს (ჰამასელები სუნიტები არიან). "ჰამასთან" ურთიერთობაში აქტიურია არაარაბული თურქეთიც, ვიდრე არაბული სამყაროს წარმომადგენლები. საერთოდ, არაბების დიდი ნაწილისთვის პალესტინელები მიუღებელია ეთნიკურადაც კი - სხვაა არაბული ელიტა და სხვა - ძალით გაარაბებული პალესტინელები.

- ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ არ უნდა ომში პირდაპირ მონაწილეობა, მაგრამ, მეორე მხრივ, აცხადებს, რომ ისრაელის ღაზაში შესვლა მისთვის წითელი ხაზი იქნება. გამორიცხავთ კონფლიქტში ირანის ჩართვას?

- ირანი ამ ომში ჩამბმელი არ არის. ის ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მაქსიმალურად დაასუსტოს ისრაელი "ჰესბოლას" მეშვეობით. "ჰესბოლა" ირანზეა მიბმული და იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ მარტოს შეუძლია ისრაელს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- მსოფლიო ლიდერების ვიზიტები ისრაელში რა როლს შეასრულებენ ამ პრობლემის გადაჭრაში?

- ოფიციალური და ღია ვიზიტებით და დემარშებით პოლიტიკა აღარ კეთდება. პოლიტიკა კულუარებში კეთდება, სხვა ხალხი აკეთებს, სხვა პირები არიან წინა პლანზე. მთავარია, როგორ იმუშავებენ ბრიტანეთის სპეცსამსახურები, მათ მსოფლიოში ყველაზე უკეთ იციან ახლო აღმოსავლეთი.

- რამდენად მაღალია ომის რეგიონულ კონფლიქტად გადაქცევა? ექსპერტების ნაწილი არც მესამე მსოფლიო ომს გამორიცხავს.

- რეგიონის დონეზე ფართომასშტაბური­ ომი იქნება, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი - არა. რეგიონულ ომში ჩაერთვებიან ისრაელი, "ჰამასი", "ჰესბოლა" და სხვადასხვა წვრილი ისლამისტური ორგანიზაცია. ყველანი ისრაელს დაესევიან და ვიღაცას თუ ჰგონია, მაგალითად, "ჰესბოლა" პატარა ორგანიზაციააო, ძალიან ცდება. მას შეუძლია დაახლოებით 100 ათასი კაცის, მძიმე არტილერიის გამოყვანა (ავიაციის გარდა, ყველაფერი საკმარისად აქვს). კონფლიქტში არც ერთი არაბული ქვეყანა აშკარად არ ჩაერთვება, მათ პრობლემები არ სჭირდებათ. იმასაც გააჩნია, რა მასშტაბს მიიღებს, მთელ პერიმეტრზე გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა თუ წავიდა, ან ისე მოხდა, რომ კონფლიქტში მდინარე იორდანეს მარჯვენა სანაპიროც, ანუ "ფათჰის" კონტროლირებადი პალესტინის ტერიტორიაც ჩაება, მაშინ არ ვიცი, რა მოხდება. მგონი, ისრაელის ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, მაქსიმალურად მოახდინოს ომის იდენტიფიკაცია არა პალესტინასთან, არამედ "ჰამასთან".

- რამდენად შესაძლებელია ისრაელის მიზნის მიღწევა - "ჰამასის" განადგურება. "ჰამასი" რომც განადგურდეს, იდეოლოგია დარჩება.

- ისლამისტური იდეოლოგია, რასაკვირველია, დარჩება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ ისლამს და არა მაჰმადიანურს. "ჰამასი" შეიქმნა კონკრეტული ამოცანისთვის - ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ზღაპარია, რომ უნდა შეიქმნას 2 სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე და ცალკე იყოს პალესტინა და ცალკე ისრაელი. ეს "ჰამასის" გეგმებში არ ჯდება, მას სურს ისრაელის გაქრობა და მის ადგილას პალესტინის სახელმწიფო. ასეთი იდეოლოგია სხვა არც ერთ ისლამისტურ ორგანიზაციას არ აქვს. "ჰამასის" განადგურების შემთხვევაში, ისრაელს კვლავ ექნება პრობლემები სხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ ამ იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია აღარ იქნება. ორგანიზაცია, რომელზეც დაფუძნებულია "ჰამასის" იდეოლოგია, არის "ძმები მუსლიმანები" - მე-20 საუკუნეში შეიქმნა და ბევრ სახელმწიფოში აქვს ფესვი გადგმული, მათ შორის ერდოღანის სამართლისა და განვითარების პარტიაც ამ იდეოლოგიაზეა შექმნილი, ოღონდ უფრო ზომიერია. ბევრი სხვა ორგანიზაციაა მუსლიმანურ სამყაროში, რომლებიც "ძმები მუსლიმანების" იდეოლოგიაზეა შექმნილი, ისევე როგორც "ჰამასი", ოღონდ ის რადიკალური ფრთაა...

ერთი სიტყვით, დღეს მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ისეთი ქაოსია, რომ რთულია რამის პროგნოზირება. მსხვილი თუ წვრილი მოთამაშე, რეგიონული ლიდერი თუ არალიდერი, ყველა ცდილობს მოემზადოს იმ სიტუაციისთვის, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის შედგენა დაიწყება. მსოფლიო ომს რაც შეეხება, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსოფლიო ომი არ დაიწყოს, ოღონდ თავისი სატელიტებისა და მოკავშირეების ხელით გააკეთებენ სისხლიან საქმეს. რეგიონული ომები, გაყინული კონფლიქტების გალღობა, სისხლის ღვრა - ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება. მაინც მგონია, რომ ერთმანეთს არ შეეჯახებიან, ვინაიდან ეს, პრაქტიკულად, მსოფლიოს განადგურებას ნიშნავს. მე პირადად ბირთვული იარაღის გამოყენებასაც არ გამოვრიცხავ, რეგიონულ ომში ძალიან თუ გაჭირდა, ისრაელი მას აუცილებლად გამოიყენებს, იმიტომ, რომ დღეს მისი არსებობა-არარსებობის საკითხი დგას.

- "არ დავუშვებთ, რომ "ჰამასის" მსგავსმა ტერორისტებმა და პუტინისთანა ტირანებმა გაიმარჯვონ, ორივეს სურს მეზობელი­ დემოკრატიის განადგურება",­ - ამ სიტყვებით სრული მხარდაჭერა გამოხატა ჯო ბაიდენმა.

- ამერიკის ჩარევა, ძირითადად, იარა­ღის მიწოდებასა და თანხების გამოყოფაში გამოიხატება, ასევე ამ ქვეყნების მიმართ საერთაშორისო დახმარების ორგანიზებაში. დარწმუნებული იყავით, რომ ევროპის ბევრ ქვეყანას უკვე მოჰბეზრდა უკრაინის დახმარება. ისინი მართლები არიან თუ არა, ეს მეორე საკითხია, თუმცა ზოგიერთის პოზაში დგომა ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ, რომ დღევანდელი უკრაინის პრობლემა ხვალ შეიძლება მათი პრობლემა­ გახდეს. მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილონ. ისრაელ-"ჰამასის" ომი არ დასრულდება, შერიგება არ მოხდება, ეს კონფლიქტი ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რომელიმე მხარე არ განადგურდება.

- თურქეთისა და რუსეთის ინტერესებზე რას იტყვით.

- თურქეთს ისლამური სახელმწიფოების ლიდერობა სურს. მისი მეორე ამოცანაა თურქულენოვანი სახელმწიფოების ალიანსი - თუ აქამდე პოლიტიკურ კავშირზე იყო საუბარი, მაისიდან მან სამხედრო ბლოკზე დაიწყო ლაპარაკი - ძირითადად, თურქეთი-აზერბაიჯანი-ცენტრალური აზია და კიდევ სხვა რეგიონი, მაგალითად, ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა უნგრეთი. ერდორღანის მთავრობის პირობებში, რომელსაც უაღრესად მოქნილი და ავანტიურული პოლიტიკა აქვს, თურქეთის ამბიციები უზომოდ გაიზარდა. თურქეთი "ჰამასს" აშკარად მხარს არასოდეს დაუჭერს, მაგრამ აქტიურად ეხმარება (ირანივით არა, რა თქმა უნდა. ირანში "ჰამასს" თავისი შტაბბინა აქვს, ანკარაში არა). რუსეთს რაც შეეხება, ის ორ ფრონტზე თამაშობს - ცდილობს ისრაელთანაც კარგად იყოს და მის მტრებთანაც. "ჰამასისა" და ისრაელის კონფლიქტის განახლება ირანულ-რუსული პროექტი იყო. ახლა რუსეთი ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს, რისიც აღარავის სჯერა. საქართველოსთან აგრესიული და ხუთდღიანი ომით რუსეთმა ისეთი იმიჯი შეიქმნა, რომ თავისი ინტერესების დასაცავად ყველაფერზე წამსვლელია. რუსეთმა უკრაინაში ისე ჩაისვარა, რომ მისი პრესტიჟი ნულს ქვემოთაა, უბრალოდ, მის სამხედრო პოტენციალს უწევენ ანგარიშს.