„ოცნება“ პრეზიდენტს ახალი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით ემუქრება“ - კვირის პალიტრა

„ოცნება“ პრეზიდენტს ახალი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით ემუქრება“

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ "საქართველოს კონსტიტუციის მორიგი დარღვევისას" დადგეს სალომე ზურაბიშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი... ეს სამართლებრივად რამდენად შესაძლებელია, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური მუქარაა, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა:

- მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის საკითხი დასრულდება პარლამენტში ან საკონსტიტუციო სასამართლოში, და არა აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მუქარა, რომ თუ მომავალშიც პრეზიდენტი რაღაცას სწორად ვერ გააკეთებს, იქნება რეაგირება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუკი მომავალში­ ჩათვლიან, რომ პრე­ზი­დენტმა რომელიღაც ქმედებით დაარ­ღვია კონსტიტუცია, ისევ ის გზა უნდა გაიარონ, მიმართონ საკონსტიტ­უციო სასამართლოს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ჩათვლის, რომ დაირღვა კანონი, შემდგომ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.­ იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს თავად მმართველი პარტიის წევრებმა თქვეს, ადრეც არღვევდა, მაგრამ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მიგვიმართავსო, და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი პასუხი ეს არის - კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს და ერთ ქმედებაზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ განზოგადდება.

მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იმპიჩმენტს აქვს ორი საფუძველი: კონსტიტუციის დანაშაული და სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული. შესაბამისად, თუკი ვინმე მსჯელობს ამაზე, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მისი პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება, ამას კონსტიტუცია გამორიცხავს, ეს არის პრეზიდენტის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუკი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდინა დანაშაული და ამაზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რეაგირება არ შეიძლება. ასეთი ეჭვის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც იმავე წესით წარიმართება, რაც კონსტიტუციის დარღვევისას ხდება. უბრალოდ, მტკიცების პროცესი მიმართული იქნება არა თეორიულ წიაღსვლებზე, ვის როგორ ესმის ან სურს გაიგოს ესა თუ ის ნორმა, არამედ კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ ქმედებაზე. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, თუ რამდენად აშკარაა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, და არა იმაზე, დაარღვია თუ არა კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმა.

- სამართლებრივად როგორ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

- გარკვეულწილად მუქარასავით გაისმა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ არა, თანამდებობაზე რომ არ იქნება,­ მერე მივცემთ პასუხისგებაშიო. ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს არაერთი ბრალი არაერთი სისხლის სამართლის დასჯადი მუხლით აქვს წარდგენილი და ეს ბრალი ეხება მის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას ჩადენილ ქმედებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სააკაშვილის საქმისგან განსხვავებით, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - თუკი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არსებობდა საფუძველი ან პროკურატურაში, ან პარლამენტში, ანუ თვალნათელი იყო დანაშაული და არ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საქმის აღძვრას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. შეუშლის კი არა, გამორიცხავს, რადგან დადგება საკითხი, თუ რატომ თავის დროზე არ დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა, თუკი დანაშაული სახეზე იყო. ამიტომ მათ სამართლებრივ რჩევას მივცემ - თუკი ვაჟკაცები არიან, არ დაელოდონ სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვას. სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედების გამო იმპიჩმენტი, თუკი საფუძვლიანი აღმოჩნდა, ხომ დასრულდება მისი გადაყენებით და შესაბამისად, თუკი დანაშაული აქვს ჩადენილი ან ჩაიდენს, აღარ დაელოდონ მისი ვადის ამოწურვას და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციურ მოწყობაში პრეზიდენტის დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მის აბსოლუტურ თავისუფლებას. თუკი დანაშაულს ჩაიდენს, ამისთვის არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა. შესაბამისად, ერთი მხრივ, კი არსებობს გარანტია, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის უსაფუძვლო ხელყოფა, მაგრამ ამავე დროს, კონსტიტუციური და ეროვნული ინტერესების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულებაცაა, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ასე რომ, ნახევრად სიმართლის თქმა კონსტიტუციურად არ არის სწორი მმართველი პარტიის ლიდერებისგან. როგორც მოგახსენეთ, მუქარა აშკარად პოლიტიკურია და სამართალთან კავშირი არა აქვს. გასაგებია, რომ იმ ფიასკოს შემდგომ, რაც ამ სულელური იმპიჩმენტის გამო მიიღეს, პოლიტიკურ შურისძიებას ფიქრობენ, მაგრამ მათი მუქარა სამართლებრივად ძალიან უსუსურია და, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. ამიტომაც არ იყო სწორი ამ თამაშის დაწყება. თუ იცი, რომ პოლიტიკურად შენთვის წამგებიანია და მაინც იწყებ ამ ომს, შედეგს რომ ვერ მიიღებ, ამით ხომ შენს მოწინააღმდეგეს გააძლიერებ? სალომე ზურაბიშვილს ძვრა ვერ უყვეს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ჯიბეში ჩაიდო საკონსტიტუციო სასამართლო. ამით მხოლოდ ზურაბიშვილი გააძლიერეს. ამ დღეებში ვინმეს რეიტინგები რომ გაეზომა, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის რეიტინგი მათ ყველაზე რეიტინგულზე გაცილებით მეტი იქნებოდა.

რუსა მაჩაიძე