იმპიჩმენტზე „უკეთესი“
ჩვენთვის უცხო არ არის, როდესაც ხელისუფლება რაღაცას ვერ აღწევს და წაგების აღიარება არ უნდა, ცდილობს ვერმიღწეული იმაზე უკეთესად შემოგვასაღოს, რასაც მანამდე ყველაზე დიდებულ რამედ წარმოაჩენდა. სხვა თუ არაფერი, 2008 წელს მაპ-ის არმოცემის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების კომენტარები გავიხსენოთ, რომ გვარწმუნებდნენ, "მაპ-ზე უკეთესი" მოგვცესო. ეს ისე, მაგალითისთვის, თორემ ახლა ნატოსა და მაპ-ისთვის ვის სცალია, როდესაც კობახიძეს ყველა მაპ-ზე უკეთესი რამ ჰქონდა გასაკეთებელი - რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ზურაბიშვილზე შური ეძია. იძია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მისი ასეთი დაჟინება ვერავინ ამოხსნა, ზოგმა ისევ ბიძინას ინტერესები დაინახა, ზოგმა საერთოდ, ზურაბიშვილი-ივანიშვილის გარიგება, ზოგმა რუსეთთან თავის მართლების ცდა, ზოგმა კი კობახიძის მიერ ახლავე პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ცხადია, ეს ყველაფერი ვარაუდია და ფაქტად გვაქვს ის, რაც მოხდა ამ დღეებში.
ამ დღეებში კი მთავარი ის იყო, რომ კობახიძემ ამოიჩემა, ზურაბიშვილს კონსტიტუციას არ დავაჩაგვრინებო, თითქოს თვითონ უარესი არ დამართა, როცა ცვლილებებისთვის ცალკე კანონი მოიგონა და იურისტებს შორისაც კი დღემდე კამათია, რომელი ნორმა ითვლება ძალაში შესულად და რომელი არა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რიგითმა მოქალაქემ რომ მოინდომოს, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ე.წ. მოქმედ კონსტიტუციაში ვერ ნახავს იმ ნორმებს, რასაც კობახიძე მოქმედად თვლის.
ამას თავი დავანებოთ, კონსტიტუციის დასაცავად გამართულ პროცესზეც კობახიძისგან ოპონენტების შეურაცხყოფა მოვისმინეთ, რასაც მისი მდუმარე ამალა, რომელიც სასამართლოში ახლდა და კაცმა არ იცის, რისთვის, ამას აღფრთოვანებული ისმენდა და არც ერთს არ მოსვლია აზრად, შეწუხებული სახე მაინც მიეღო. მერე უკვე პარლამენტში მისულ პრეზიდენტს "ქართული ოცნება" თავისი სატელიტებით დემონსტრაციულად ეტიკეტის დარღვევით დახვდა - დარბაზში შესულ პრეზიდენტს არც მიესალმა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის წევრები წამოდგნენ. არადა, თავად პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ "სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა". დემონსტრაციული უზრდელობით უმრავლესობამ პრეზიდენტს რა დააკლო, ძნელი სათქმელია, მაგრამ აშკარად რომ აჩვენა საკუთარი პოლიტიკური უსუსურობა, ფაქტია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, მთელი ამ პროცესით "ოცნებას" რისი ჩვენება სურდა, რატომ დაიწყო ის პროცესი, საიდანაც ვერც გამარჯვებული გამოვიდოდა და როგორც აღმოჩნდა, ვერც ღირსება შეინარჩუნა, ტურავა და გოცირიძე კი "ოცნების" ნათქვამს რომ არ გადაუხვევდნენ, ისედაც ვიცოდით. თუ იმის დემონსტრირება სურდათ, რომ ოპოზიციის ყიდვაც კი შეუძლიათ, წინასწარ ამაზეც ჰქონდათ პასუხი - უმეტესობა სხდომაზე არ შედიოდა და შემსვლელი ისე ცოტა რჩებოდა, რომ გაყიდულიყო, მინიმუმ, პრეზიდენტობა უნდა შეეთავაზებინათ.
დასაწყისში "მაპ-ზე უკეთესი" ვახსენეთ და მას შემდეგ, რაც "ოცნება" მიხვდა, პრეზიდენტს ვერ გადააყენებდა, იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ მთელ ამ პროცესში ყველაზე კარგი "კონსტიტუციის დამრღვევი" ზურაბიშვილისთვის თავისი ადგილის მიჩენა იყო, მაგრამ მთელი ამ პროცესის შემდეგ ვითომ გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაიჯერა? ალბათ, არა, რადგან პრეზიდენტის დანაშაულზე ისევ ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც აქამდეც ცდილობდა "ოცნებისთვის" თავის მოწონებას. ამან კი, როგორც ჩანს, კობახიძე ისე გააღიზიანა, რომ სალომე ზურაბიშვილს სამომავლოდ კონსტიტუციური დანაშაულისთვის სისხლის სამართლით გასამართლებით დაემუქრა. არადა, მისმა ზარქუამ ზურაბიშვილზე თქვა, თან ფრანგულად, პრეზიდენტი გაგიჟდაო.
დაბოლოს, ისე არ მოხდეს, რომ "კოჭლი იხვი", როგორც სამართლიანად უწოდა ზურაბიშვილს "ოცნების" თავმჯდომარემ, (რადგან მას ვადის გასვლამდე ცოტა დრო აქვს დარჩენილი და ეს ტერმინი სწორედ ამას გამოხატავს და სხვა არაფერს), შესაძლოა პრეზიდენტობის ვადის ბოლოს გამარჯვებულიც აღმოჩნდეს და რეიტინგულიც. ნუთუ ამას თხრიდა ამ თვეების განმავლობაში "ოცნება" თუ კობახიძე?
რუსა მაჩაიძე