„ჩემი აზრით, პუტინი ეჭვობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს“ - კვირის პალიტრა

„ჩემი აზრით, პუტინი ეჭვობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს“

სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია და "ქართულ ოცნებას" ვეტოებით ემუქრება. იმპიჩმენტს გადარჩენილი პრეზიდენტი ამჯერად "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს­ აპროტესტებს. მისი განმარტებით, კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევის რისკს წარმოშობს და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, კანონმდებლებს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონისა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მოქმედი რედაქციის უცვლელად დარჩენას სთავაზობს. "ვინც "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს აპროტესტებს, ყველა რევოლუციის მხარდამჭერია - სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა განცხადებები, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი", - ასე შეაფასა პრეზიდენტის პოზიცია ირაკლი კობახიძემ და კონსტიტუციის დარღვევაში­ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კობახიძის აზრს მმართველ გუნდში სხვებიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილს "კონსტიტუციის დარღვევა" არ შერჩება და პასუხს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე აგებს. იქნება თუ არა პრეზიდენტის "შემდეგი გაჩერება" პროკურატურაში, რა გავლენას იქონიებს ჩაშლილი იმპიჩმენტი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და როგორ დაჯგუფდება ოპოზიცია 2024 არჩევნებამდე, ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი­ გვესაუბრება:

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს შეაშინოს სალომე ზურაბიშვილი. კობახიძის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შურისძიების მდაბიური სურვილი. ტყუილად ცდილობენ. რამდენადაც ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის შეშინებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს "ოცნების" ამომრჩევლისთვისაც იყო გათვლილი, პრეზიდენტობის პოსტიდან კი ვერ გადავაყენეთ, მაგრამ აი, ნახეთ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ რა ვუქნათო. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - თუ "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ დარჩება, ზურაბიშვილს არაფერი ემუქრება, თუ ისევ მოიგებს არჩევნებს, მაშინ გამორიცხული არაფერია.

- თქვენ იმთავითვე გქონდათ ვერსია, თუ რატომ წამოიწყო იმპიჩმენტის პროცედურა "ქართულმა ოცნებამ". ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის გამართვამდე ამბობდით, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსკოვს მიანიშნა, სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის პოზიციის გამხმოვანებელი არ არისო. ისევ ასე ფიქრობთ?

- სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ. როდესაც­ სალომე ზურაბიშვილმა უგულებელყო ღარიბაშვილის უარი და მაინც წავიდა საფრანგეთში, მდინარაძემ თქვა, პრეზიდენტმა კი დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურას არ დავიწყებთ, ვინაიდან აზრი არა აქვსო. ზუსტად მეორე დღეს კობახიძემ თქვა, ვიწყებთო, და მდინარაძემაც დაადასტურა, გუშინ კი სხვაგვარად ვთქვი, მაგრამ დღეს ასე გადავწყვიტეთო. სრულიად აბსურდული იყო მათი განმარტება, თითქოს იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ წამოიწყეს, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დააფიქსირეს.

- რატომ მიიჩნევთ ამ განმარტებას აბსურდულად?

- როდიდან გახდნენ კონსტიტუციის დამცველები "ქართული ოცნების" ლიდერები?! როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ! სიმართლე ვთქვათ, არც "ოცნების" ამომრჩეველს ანაღვლებს კონსტიტუცია და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ვერც წარმომიდგენია, რომ "ქართული ოცნების" ისეთი ერთგული ამომრჩეველი, რომელსაც მოსწონს კობახიძე, მდინარაძე და ზარქუა, კონსტიტუციის დარღვევის გამო აღშფოთდეს. არც ის მგონია, იმდენად არ ესმოდეთ ძალაუფლების ტექნოლოგია, იმას ფიქრობდნენ, თუ პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად გამოიყვანდნენ, ამით ამომრჩეველთა გულებს მოიგებდნენ და ყურადღებას არავინ მიაქცევდა იმას, რომ მოინდომეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს ძვრა ვერ უყვეს. იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ძალიან ცუდი, წამგებიანი გადაწყვეტილება იყო შიდაპოლიტიკურად. რჩება ერთადერთი ვერსია - ეს ამბავი გათვლილი იყო გარე მოხმარებისთვის. იბადება ლოგიკური კითხვა, ქვეყნის გარეთ ვის მოაწონეს თავი? დასავლეთმა ნეგატიურად აღიქვა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, ერთადერთი, ვისაც ეს მოეწონებოდა, მოსკოვია. რუსი ჩინოვნიკები არც მალავენ გაღიზიანებას ზურაბიშვილის მიმართ და მისი შეფასებისას საკმაოდ უხეშ, შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ხმარობენ. ამიტომ გასაგებია, ვისთვის და რისთვის გაიმართა მთელი ეს ორომტრიალი. ჩემი აზრით, პუტინი და მისი გარემოცვა ეჭვობენ, რომ შეიძლება ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს.

- ასეთი ეჭვი "ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა ოპოზიციონერებსაც აქვთ.

- დიახ, მაგრამ მე გამოვრიცხავ ამას. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩემი გამოცდილება პოლიტიკაში, ამას გარდა, ვიცნობ ზურაბიშვილსაც და ივანიშვილსაც. ქართულ პოლიტიკაში ორმაგი და ათმაგი თამაშები არ გამოდის, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება სიყალბე. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, შეუძლებელია ასეთი კონსპირაციები, ყველა ყველას იცნობს, ვის რა უნდა გამოაპარო? "ხალხის ძალა" და "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების" რომ იყო, ყველამ იცოდა, კითხვის ნიშანიც კი არავის ჰქონია. მანამდე კი, ქრისტიან-დემოკრატები რომ "ნაციონალების" პროექტი იყო, ესეც ყველამ იცოდა. პოლიტიკური გამოცდილებაც რომ არ მქონდეს და ივანიშვილსა და ზურაბიშვილსაც არ ვიცნობდე, ფაქტები თავად მეტყველებს. ნახეთ, რა ხდება - ვეცდები მოზომილი ვიყო შეფასებაში, მაგრამ "ქართული ოცნების" პოლიტიკა არ არის პროდასავლური, ამასთან, ანტიუკრაინულია და დიდწილად პრორუსულიც. 2022 წლიდან დღემდე ხელისუფლება აგინებს დასავლეთს, აგინებს უკრაინას და არ აგინებს რუსეთს, მეტიც, რაც არ უნდა დაგვიშავონ, ხმას არ იღებს, რუსები­ კი გვაქებენ. საქმე მაინც კეთდებოდეს, ქების მეტი მათგან ხეირი არაფერში გვაქვს. ამ დროს ზურაბიშვილი რას აკეთებს?! ყველაფერს "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოს - პროუკრაინულ და პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს, დადის ევროპაში და იბრძვის ევროინტეგრაციისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ივანიშვილს კი არა, ღარიბაშვილსა და კობახიძეს უპირისპირდება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ღარიბაშვილი და კობახიძე კი არა, ივანიშვილი ადგენს! ეს იციან ამერიკამაც, საფრანგეთმაც და ინგლისმაც. თუ ზურაბიშვილი ივანიშვილს უპირისპირდება, როგორ შეიძლება მასთან იყოს შეკრული?! ბუნებრივია, ივანიშვილი ცდილობს ბოლომდე კონფრონტაციაში არ შევიდეს დასავლეთთან, უკანდასახევს იტოვებს, მაგრამ ამას ნამდვილად არ აკეთებს ზურაბიშვილის ხელით. ამაზე არაფერი მეტყველებს.

- როგორი იქნება კობახიძესთან ბრძოლა­მოგებული ზურაბიშვილის შემდგომი ნაბიჯი, მისი პასუხი მუქარაზე?

- ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის საკითხის გარკვევამდე იმავეს გააგრძელებს - მაინც წავა საზღვარგარეთ და შეხვდება დასავლელ ლიდერებს. შემდეგ აქტიურად ჩაერთვება­ შიდა პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, დააპიროს ისეთი ოპოზიციური ერთობის შექმნა, რომელიც იმ ამომრჩეველზე იქნება ორიენტირებული, რომელსაც არც "ნაციონალების" მობრუნება უნდა და "ოცნებაც" გვარიანად ამოუვიდა ყელში. შესაძლებ­ელია მის გვერდით ვიხილოთ გახარიას პარტია და ასევე სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

- ზოგიერთი ვერსიით, შეიძლება სწორედ ზურაბიშვილმა შეძლოს "ლელოსა" და გახარიას პარტიის გამაერთიანებლის როლის შესრულება.

- ეს შესაძლებელიც არის და სასურველიც. როგორც ვიცი, "ლელოს" უფრო უჭირს შემრიგებლური ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე გახარიას პარტიას. არადა, ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო პლატფორმა, რომელიც შეკრებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც "ნაციონალური" დღის წესრიგით არ მოძრაობს და გახდებოდა კრიზისში მყოფი "ნაცმოძრაობისა" და ასევე კრიზისში მყოფი "ოცნების" ტოლფარდი პოლიტიკური ძალა. ბევრი ამომრჩეველი დაინახავდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია ისე, რომ "ოცნების"­ ადგილი "ნაციონალებმა" არ დაიკავონ. არ ვიცი, მართლა შეძლებენ თუ არა "ლელო" და გახარიას გუნდი შეთანხმებას, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ძალიან კარგი ამბავი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.

- იმ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი, თუ "ლელოსა" და გახარიას გუნდის შეთანხმება ვერ მოხერხდა?

- ასეთ შემთხვევაში არა მგონია გახარიას პარტიამ ან სხვა რომელიმე "არანაცურმა" პარტიამ შეძლონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლისთვის სალომე ზურაბიშვილის გარშემო "არანაცური" პლატფორმის შექმნა საუკეთესო ვარიანტია.

- "არანაცურ" პარტიებს იმ შემთხვევაშიც გაუჭირდება "ნაციონალებისა" და "ოცნებისთვის" კონკურენციის გაწევა, თუ ეს ორი პარტია ისევ გააგრძელებს შეცდომების დაშვებას?

- "ნაციონალური მოძრაობა" მაინც სააკაშვილის პარტიაა. ამ პარტიამ ოპოზიციაში ყოფნის დროს პოპულარობის პიკს 2022 წელს მიაღწია. მაშინ სააკაშვილიც უფრო პოპულარული იყო, ნიკა მელიაც ფორმაში იყო და პარტიის სათავეში ისეთი სახეები იყვნენ, რომლებიც "ნაციონალური" ხელისუფლების დანაშაულებთან არ ასოცირდებოდნენ. ეს იმის განცდას ქმნიდა, რომ პარტიის განახლება მიდიოდა. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ეს ილუზიები გაქრა, დეკანოიძე წავიდა, ნიკა მელია საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა, სააკაშვილი საავადმყოფოდან არ ისვენებს - ხან ჭორვილაში ლაშქრობას აწყობს, ხან რაღაც კაბინეტებს ხსნის და ხან რა უცნაურობას იგონებს. კი, "ნაციონალები" უმძიმეს კრიზისში არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. სანამ სააკაშვილი ცოცხალი და პოლიტიკურად აქტიურია, ეს პოლიტიკური ჯგუფი მხარდაჭერას არ დაკარგავს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ნამდვილად დაზარალდა. ორი მომენტია - პარტიის მხარდაჭერას განსაზღვრავს ის, რომ ამომრჩეველს ივანიშვილი ყოვლისშემძლე ჰგონია. სააკაშვილისგან განსხვავებით, ის თავის ამომრჩეველს არ უყვარს, უბრალოდ, ძალიან მაგარ კაცად მიაჩნიათ, ფიქრობენ, რომ მიწის ქვეშ რა არის, ისიც იცის. იმ ხალხის კვალიფიკაცია, რომელთა საშუალებითაც ივანიშვილი ქვეყანას მართავს, ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე, მდინარაძე თუ ლილუაშვილი, პლინტუსს დაბლაა. ჯონდი ბაღათურია მაგათთან შედარებით ტალეირანია, ამიტომ მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს. ყველა ფიქრობს, რომ "ეს ბატონმა ბიძინამ იცის", ის აკეთებს ყველაფერს, სულ არ აინტერესებთ კონსტიტუციის დარღვევით კეთდება რამე თუ რუსეთის სასარგებლოდ. ფიქრობენ, რომ რადგან ბიძინა ასე აკეთებს, ასეა საჭირო. მაგრამ ამ ხალხმა ახლა დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა თანამდებობიდან ქალის მოხსნა და ვერ მოხსნა. მათთვის ნათელი ხდება, რომ ეს კაცი ვერც ისეთი ყოვლისშემძლე ყოფილა, როგორიც ჩანდა. ესე იგი, ხელისუფლების მხარდამჭერთა ერთი ნაწილი იფიქრებს, ეს არც ისეთი მაგარი ყოფილა, რომ მიშა შეაკავოს და რატომ მივცე ხმაო. მეორე ნაწილი არ უარყოფს ივანიშვილის ყოვლისშემძლეობას და იფიქრებს, რომ იმპიჩმენტის ამბავი თამაშია, ზურაბიშვილი ივანიშვილის ხელდასხმით მოქმედებს და დროთა განმავლობაში ღარიბაშვილს, კობახიძესა და სხვა ოდიოზურ ფიგურებს სხვა, უფრო სერიოზული სახეებით ჩაანაცვლებს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არჩევნებში ხმები დააკლდება. მე რომ ახლა ოპოზიციაში ვიყო, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ერთი მხრივ, ვეცდებოდი, ხალხში ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის მითი გამექრო და მეორე მხრივ, ხელს შევუწყობდი კონსპირაციებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებზე ახალ გუნდს დაეყრდნობა. ყველა ვარიანტში დაანგრევდა ეს "ოცნებას", მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს.

ხათუნა ბახტურიძე