„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სახიფათოა გამოხატვის თავისუფლებისათვის“ - კვირის პალიტრა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სახიფათოა გამოხატვის თავისუფლებისათვის“

მმართველი პარტიის ინიციატივით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება "სიძულვილის ენის" რეგულირებისთვის. კონკრეტულად, თუკი აქამდე მედია მედიაპროდუქტის ან რეკლამის გავრცელების დროს დაარღვევდა კანონს, ანუ გაავრცელებდა სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველ კონტენტს, ასეთ შემთხვევებზე "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ან მედიის სტრუქტურებში არსებული დამოუკიდებელი ორგანო, ბორდი, მსჯელობდა, დაირღვა თუ არა ნორმა და სტანდარტი. მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელი იყო. ახალი რედაქციით კი დაინტერესებულ პირს შეუძლია მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების პროგრამების შინაარსის შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუკი საქმე "მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვას" შეეხებოდა, ახლა კი მარეგულირებელს კონტროლის კიდევ ერთი ბერკეტი დაემატა "სიძულვილის ენისა და ტერორიზმის შესახებ" მუხლი.როგორც მედიაექსპერტები აღნიშნავენ, ეს შეზღუდვები შესაძლოა სახელმწიფოსთვის ის ბერკეტი აღმოჩნდეს, რისი საშუალებითაც კრიტიკული მედიის დასჯას და საერთოდ გაჩუმებას შეძლებს. როგორც "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებაშია ნათქვამი, მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს და წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სავსებით ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის უხამსობისა და სიძულვილის ენის საკითხების გადაწყვეტის უფლების მინიჭება გაცდენილია კომისიის ფუნქციებს,­ მას მედიაპროდუქტის შინაარსის რეგულირების საშუალებას აძლევს და სახიფათოა გამოხატვის თავისუფლებისათვის. ამასთან, მიაჩნიათ, რომ "კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენისა და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და ის შესაძლოა კრიტიკული მედიის სადამსჯელო ბერკეტად იქცეს. ამიტომაც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს". რა საფრთხეებზეა საუბარი და განსაკუთრებით ევროდირექტივების თვალსაზრისით, რაზეც მმართველი პარტია აპელირებს, ამ საკითხებზე მედიის ექსპერტს, "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" დირექტორს ნათია კუპრაშვილს ვესაუბრეთ.

- ძალიან ცუდ დროს მიიღეს ცუდი კანონი და ცუდი ინიციატივა. არის საფრთხე, მედია­ ისე დაიხუნძლოს ამ ვალდებულებებით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ვეღარ მოიცალოს. პირველ და მეორე მოსმენაზე კანონი­ ისე გაუარესდა, რომ ახლოსაც ვერ მივა თავდაპირველ ვერსიასთან, რომელიც ისედაც ცუდი იყო. მოსმენებზე კანონში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს და ახალი მუხლებიც დაამატეს, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს კანონს. პირველი მოსმენისთვის გატანილ იქნა სამი თემა და გარკვეულწილდ იკითხებოდა კორეგულაციის მექანიზმი, მაგრამ შემდეგ უკვე კანონს დაემატა უხამსობა, რაც შეიძლება ფართოდ ინტერპრეტირებადი მუხლი იყოს. მედიაპროდუქტის შინაარსის შესახებ უფრო მეტად გამოიკვეთა ბავშვებთან დაკავშირებ­ული საკითხები და შესაბამისად, პირდაპირ განსაზღვრეს რეგულირება. ეს ცვლილებები ახლა, როდესაც ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის ვალდებულებების შეფასების პროცესში, როცა ივნისში ძალიან კარგი ცვლილებები გვქონდა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომელიც კონსენსუსით იქნა მიღებული და მხოლოდ დასრულებას საჭიროებდა, გაუმართლებელია. ეს არის იმავე­ მუხლების დიდი უკუსვლა, რომლებიც 30 ივნისის ცვლილებებით გაუმჯობესებული გვქონდა.

- როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებები ახლა რატომ მიიღეს,­ როცა დღე-დღეზე ევროკომისიის შეფასება უნდა გამოქვეყნდეს?

- ჩემთვის ეს არის საბოტაჟირება 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 მუხლის, რომელიც სწორედ მედიას ეხება. როდესაც შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა, ითქვა, რომ ეს არის ერთადერთი მუხლი, რომელიც არ შესრულებულა. ვარჰეიმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან მალე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში, კერძოდ, პოლიტიკურ ნაწილში - გათავისუფლდა ნიკა გვარამია. ასევე დასრულდა საქმეები, დაკავშირებული მედიის მფლობელებთან... პროგრესი იყო იურიდიულ ნაწილშიც, რადგან ფართო კონსენსუსის შედეგად შეიცვალა კანონი და ყველას მოეწონა. ამ დროს კი, როდესაც მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, სრული საბოტაჟირება მოხდა ამ უცნაური ცვლილებების დაჩქარებულად მიღებით.

- "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ეს ევროდირექტივის შედეგია.

- ევროკავშირი მართლაც ელოდებოდა,­ რომ 30 ივნისის ცვლილებების შემდეგ გაგრ­ძელდებოდა მსჯელობა ნორმატიულ აქტებზე. კანონში ჩაწერილიც იყო, რომ უნდა შეცვლილიყო "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი", რომელსაც უნდა შეექმნა სიძუ­ლვილის ენასა და ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები. ნაცვლად იმისა,­ კომუნიკაციების კომისიას ამ ნორმატიულ აქტებზე ემუშავა, უკან დაბრუნდა. ბოლო 8 თვის განმავლობაში "მაუწყებლობის შესახებ" კანონი კონკრეტული მუხლების გამო, მაგალითად, სიძულვილის ენაზე,­ სამჯერ შეცვალეს. დეკემბრის ცვლილებები იყო იმაზე უარესი, ვიდრე ახლა გვაქვს. ივნისში მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ევროსაბჭომ მიგვითითა, ახლა კი გვაქვს კვლავ ცუდი ცვლილებები...

- ცვლილებები მიღებულია, მალე ამოქმედდება და რა პრობლემებს შექმნის?

- ჯერ კიდევ გვაქვს შეცვლის დრო, თუკი პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. "ოცნებას" კი აქვს შანსი, თუკი ამ პროცესის გადარჩენა უნდა, არ დაძლიოს ვეტო. ახლა მოქმედი კანონი სრულად შესაბამისობაშია ევროდირექტივასთან, რადგან ჯერ ეს ახალი ცვლილებები არ ამოქმედებულა. არსებული ასევე შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციების მე-7 პუნქტს და მისაყვანია ბოლომდე. ამისთვის კი სწრაფად უნდა ვიმუშაოთ ნორმატიულ აქტზე, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ უნდა მიიღოს.

- რომ ამოქმედდეს ეს ცუდი ვარიანტი,­ მედია და საზოგადოება რა საფრთხეების წინაშე დადგებიან?

- როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ მედია სიძულვილს აფრქვევს, ტერორიზმს ქადაგებს და ა.შ., ეს ხალხზე მოქმედებს და შესაძლოა არც მოინდომოს გაარკვიოს, რამდენად სწორია ესა თუ ის ბრალდება. არა მგონია, მაინცდამაინც ამ მუხლებით დახურონ მედიები, მაგრამ ანტიკამპანიის გაჩაღება მედიის წინააღმდეგ და ბევრი დავის წარმოშობა შესაძლებელია, რის გამოც მედია ვეღარ მოიცლის სხვა საკითხებისთვის და დაკავებული იქნება ამ დავებში თავის მართლებით. თავის მართლების რეჟიმში კი მედიას თვითცენზურაც უჩნდება და აღარ სცალია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მედია და საზოგადოება საბოლოოდ გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, რაც საგანგაშოა. მედიის რეგულაციების მუხლებით უმეტესად და ყველგან სარგებლობენ ხელისუფლების, პოლიტიკური ელიტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები - ანუ ის ხალხი, ვისგანაც დაცვა საზოგადოებას სჭირდება და არა პირიქით. საზოგადოებას არ სჭირდება მედიისგან დაცვა, მაგრამ მაინც ხდება ამ თემით მანიპულირება. ეს მხოლოდ სახელისუფლებო ინტერესია.

რუსა მაჩაიძე