დღეს ტბის ფსკერი კერძო მფლობელს ეკუთვნის, თავად ტბა კი სახელმწიფოს საკუთრებაა (?!) - კვირის პალიტრა

დღეს ტბის ფსკერი კერძო მფლობელს ეკუთვნის, თავად ტბა კი სახელმწიფოს საკუთრებაა (?!)

დიდი გლდანის ტბა (იგივე თეთრი ტბა, რომლის სიგრძე 900, ხოლო სიგანე 300 მეტრია) სოფელ გლდანის მახლობლად მდებარეობს და მისი არსებობა საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც ადგილობრივები მეუბნებიან, ტბას, რომელიც წვიმისა და თოვლის წყლებითა და მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, დღეს გაქრობის საფრთხე ემუქრება. ტბის დიდი ნაწილი წლების წინ კერძო მფლობელობაში გადავიდა და მესაკუთრემ რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყო, თუმცა 2010 წლის შემდეგ მისთვის ხელი აღარ უხლია. დღეს ტბა თანდათანობით შრება, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ტბას ოთხიდან ერთი სანიაღვრე არხიღა ამარაგებს წყლით, რაც მისი არსებობისთვის საკმარისი არაა. ტბაში წყალმცენარეები ლპება, თევზი იხოცება და ეს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის.

რევაზ ფიცხელაური, გლდანის მკვიდრი: - თეთრი ტბის დაშრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011-2012 წლებში შემოვლითი რკინიგზის გაყვანა დაიწყეს - გაკეთდა დიდი ტრანშე, სანიაღვრეები გადაიჭრა, რითაც ტბა ივსებოდა, მათი კალაპოტი შეიცვალა და წყალი გვირაბისკენ წავიდა (გვირაბი გადის გლდანულისკენ და 3-4 გზაარეული ნიაღვარი იქ ჩადის). ერთი სანიაღვრე ტბის მეპატრონის დახმარებით ხალხმა გავწმინდეთ და მხოლოდ ამ ერთი სანიაღვრით სულდგმულობს ტბა და ბოლომდე არ შრება. დღეს ტბა დაჭაობებულია, წყალმცენარეები ლპება, თევზი იხოცება და ირგვლივ საშინელი სუნია, ხალხი იწამლება... გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, ტბა მომწამვლელია და იქ ცხოველმა რომ გაიაროს, შესაძლოა სახლში დაავადება მიიტანოს.

პრობლემა ის არის, რომ ტბა 2006 წელს გასხვისდა ისე, რომ საბუთებში ტბა არაა ნახსენები, არამედ როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. დღევანდელი კანონით ტბა სახელმწიფო რესურსია. რამდენჯერმე შევხვდით მესაკუთრეს, რომელიც გვეუბნება, რომ ტერიტორიას მიხედავს. ხელოვნურ ტბებს აკეთებენ და ამას რატომ აშრობენ, სხვა რამ ხომ არაა ჩაფიქრებული? მეპატრონემ ტბის ფსკერის ნაწილი სამშენებლო კომპანია "ჯანოს" გადაუფორმა, რომლის დირექტორიც ისევ თვითონაა. ვეჭვობთ, რომ ამ ადგილას კორპუსების აშენება სურთ (ასევე, სტადიონისაც). მის მფლობელობაში დაახლოებით 30 ჰექტარია. დღეს ტბა ეკლიანი მავთულითაა შემოღობილი და ტბასთან მიახლოება შეუძლებელია. ვითხოვთ ტბის დაბრუნებას, მთავრობამ ან გამოისყიდოს, ან ჩამოართვას და თვითონ მიხედოს. სამი სანიაღვრე უნდა გაიწმინდოს და შეუერთდეს მეოთხეს, რომელიც ჩვენ გავწმინდეთ. იმ სანიაღვრეების გაკეთებას დიდი დრო თუ სჭირდება, ტბის გადარჩენის მეორე გზა ჭაბურღილებია, თუნდაც მისი საშუალებით მიეწოდოს ტბას წყალი, რათა მისი დაჭაობება აღარ გაგრძელდეს. ტბაში უამრავი სახეობის თევზი იყო, ახლა დახოცილი ყრიან. თვეებია, ვაპროტესტებთ და პასუხს არავინ გვცემს, გამგეობა მერიას, მერია კი გამგეობას უგზავნის განცხადებებს და ვართ ასე.

გიორგი მულაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - 1981 წელს მეცნიერმა აფხაზავამ საფუძვლიანი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ამ ტბის 40% ივსებოდა ატმოსფერული ნალექით, დანარჩენს უზრუნველყოფდა მიწისქვეშა წყლები. 2010 წელს მიმდებარედ სარკინიგზო გვირაბის გაჭრა დაიწყეს (მაგრამ დახარვეზდა­ და 2015 წელს გაუქმდა, აღარ გაგრძელდა მუშაობა და უზარმაზარი თხრილი დარჩა), რომელიც აზიანებს ატმოსფერული ნალექების შემკრები არხებიდან გადმომავალი წყლის მიმართულებას, დიდი ნაკადი ტბამდე ვეღარ აღწევს და შესაბამისად ვეღარ ავსებს. გარდა ამისა, იმ ტერიტორიაზე იყო წყლის რეზერვუარი და იქიდანაც ზედმეტ წყალს უშვებდნენ, რაც მუდმივ შენაკადად ჰქონდა ტბას. რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, ამ ტბის ფსკერი გაყიდულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად, 2004 წელს მცხეთის გამგეობას აქვს გადაცემული ვინმე გია აბუაშვილზე, რომელმაც დღევანდელ მფლობელს მიჰყიდა. მყიდველმა ტბის წინ ტერიტორიას პარკის სახე მისცა და მართლაც ლამაზი სანახავი იყო. თეთრი ტბის ფსკერის უდიდესი ნაწილი ამ ქალის ხელშია მოქცეული და დაახლოებით 15-20% სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ტბის გარშემო ტერიტორიას, წინა ნაწილი ეკუთვნის მფლობელს, ხოლო დანარჩენი, მთელი წრე, სახელმწიფოს საკუთრებაა. ფაქტობრივად, უნიკალური შემთხვევაა, როცა ბუნებრივი, საუკუნეზე მეტი ხნის ტბა (1920 წლიდან მოიხსენიებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, გაცილებით ადრინდელი პერიოდისაა) საძოვრად არის დარეგისტრირებული. ძველად აქ მარილის საბადო იყო და მის სიღრმეებში რომ ჩადიოდნენ, ერთ-ერთი გათხრის დროს წყალი იმდენად სწრაფად ამოსულა, ძლივს გამოუსწრიათ და მთელი ინფრასტრუქტურა ტბაშია ჩარჩენილი.

საინიციატივო ჯგუფის წევრები საკრებულოს გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძესაც შევხვდით, მეპატრონესაც, თუმცა უშედეგოდ. ბოლო პერიოდში რამდენიც ტბამ უკან დაიწია, მეპატრონემ იმ ზოლზე დარგო ხეები, ტბაზე სარეკლამო ბანერები იყო და ისიც მოუხსნია, რეკრეაციული ზონა უნდა გავაკეთოო. სარეკრეაციო ზონას უპირველესად ტბის გადარჩენა სჭირდება. ჩვენი მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან ვერ წარმოგვიდგინა ვერც ერთი საბუთი, რა მოიმოქმედა ტბის გადასარჩენად. კანონში წერია, რომ ყველა ბუნებრივი ტბა სახელმწიფო საკუთრებაა. აუცილებელია: 1. ტბის წყლით შევსება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაჩქარება, რათა ტბა გადარჩეს; და 2. ტბის ფსკერს დაუბრუნდეს სტატუსი. ტბაში წყალი ბინძურდება, წყალმცენარეები და თევზი ლპება, რაც არაერთი დაავადების გამომწვევია. აქვე სკოლაა, ბავშვები დადიან, მოსახლეობაა... ჩვენი მოთხოვნისა და ხელმოწერების საფუძველზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და დადგინდა, რომ დარღვეულია ატმოსფერული ნალექების შემკრები არხების მიწოდება ტბისთვის და გასცა 5 რეკომენდაცია: ტბას აღუდგეს მასაზრდოებელი წყლები, გამოიძებ­ნოს ალტერნატივა - ჭაბურღილი ან GWP-ს წყალი, ტბა გასუფთავდეს და ა.შ. ფაქტობრივად, სახელმწიფო უწყებამ აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცა პირდაპირი დავალება, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ტბა, მესაკუთრემ მავთულხლართებით შემოღობა, ჩარაზა, და სახალხო საკუთრებამდე რომ მიაღწიო, ფულს გახდევინებს (შესასვლელად 2 ლარი უნდა გადაიხადო). ლისის და კუს ტბები ყველასთვის ხელმისაწვდომია, აქ კი - ფულს იხდი იმაში, რომ ხალხის საკუთრებამდე მიაღწიო. ისიც საინტერესოა, რომ მფლობელმა ამხელა ფართობი, 28 ჰექტარი, 5.000 ლარად იყიდა. მოსახლეობა დავდივართ განცხადებებით, ხან არხს ვწმენდთ, მესაკუთრე კი წლებია უყურებს მის კვდომას. სანამ ხალხი არ ავყვირდით, ხმა არ გაუღია და ყოველ წელიწადს მარტო იმას ზომავს, რამდენით დაიკლო ტბამ. ჩვენთვის მთავარია, ტბა იყოს ცოცხალი და სივრცე იყოს ხელმისაწვდომი - ავდიოდეთ შვილებთან, მეგობრებთან ერთად, ვისვენებდეთ.

tba-1697990441.jpg

კოტე ზარნაძე, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი:

- მერია ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტს, რომელსაც ამ დღეებში გავასაჯაროებთ და თეთრ ტბასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები ჩატარდება.

მესაკუთრემ ეს ტერიტორია 2008 წელს იყიდა 5.400 ლარად და მას ოფიციალურად ტბის სტატუსი არა აქვს. ტბა როგორ გაიყიდა, დოკუმენტები როგორ გაფორმდა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. იმის გამო, რომ ჩვენამდე იურიდიულად არასწორი ინფორმაცია მოვიდა, ყველაფრის გამოსწორება რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ. წყალი ჩემი არაა და ფსკერი ჩემიაო, ცოტა სიგიჟეა. მესაკუთრეს არანაირი ვალდებულება არა აქვს ჩაწერილი ხელშეკრულებაში და რა უნდა მოსთხოვო? ტბას ზემოდან, ერთი მხრიდან აქვს შესასვლელი დატოვებული. მერიის ბალანსზეა ჩრდილოეთის მხარეს პატარა ნაწილი და ზუსტად მაგ ტერიტორიის გამოყენებით გვინდა მიწისქვეშა წყლების პოვნა, რათა ტბა შეივსოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევა არ არის საკმარისი, ამას დამატებითი კვლევები სჭირდება. აქ არის რამდენიმე ფაქტორი: ერთია შემოვლითი რკინიგზის პრობლემა - ტბის უკან გაიჭრა დიდი გვირაბი, მოხდა დონეთა ცვლილება, ანუ ტბამ წყალი დაკარგა და წლების განმავლობაში ტბის გარშემო მშენებლობა მიმდინარეობს. როცა ტბა მიწისქვეშა წყლებით იკვებება, იქ ნებისმიერმა ხელოვნურმა ჩარევამ შეიძლება წყლის მიმართულება შეცვალოს.

დაახლოებით 2 კვირაში ტექნიკური მოთხოვნები მზად გვექნება, ჩატარდება ტენდერი და მოსახლეობას შედეგებს გავაცნობთ. ყველანაირად ვეცდებით ტბის შევსებას.