"ადვოკატის პროფესია ოკეანეში ცურვას ჰგავს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვს" - კვირის პალიტრა

"ადვოკატის პროფესია ოკეანეში ცურვას ჰგავს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვს"

„ხალხს ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს ადვოკატების მიმართ, ჰგონიათ, ადვოკატმა აუცილებლად კანონს გვერდი უნდა აუაროს, რაც არასწორი წარმოდგენაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო გზა კანონსა და ადამიანს შორის, როცა პირის გამართლებას ვცდილობ“

კარგა ხანია "კვირის პალიტრის" მკითხველებისგან სამართლებრივ საკითხებზე შემოსულ კითხვებზე იურისტი გვანცა გურგენიძე კომპეტენტურ რჩევა-დარიგებებს­ აძლევს. გადავწყვიტეთ ის უფრო ახლოს გაგვეცნო ჩვენი მკითხველისთვის და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე:

iuristi-gvantsa-gurgenidze-1667677531.png

- თბილისის 142-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, გამიმართლა, კარგი მასწავლებლები მყავდა. მეც კარგად ვსწავლობდი. სკოლის დამთავრებამდე ვერაფრით გადავწყვიტე, რა პროფესია ამერჩია, ხან ფიზიკოსობა მინდოდა, ხან ქიმიკოსობა, ფილოლოგობა. ბოლოს იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე. ვიფიქრე, დავამთავრებ იურიდიულს და თუ არ მომეწონება, მერე შემიძლია ბევრი სხვა განხრით წავიდე-მეთქი. მაგრამ ისე მომეწონა, ბოლომდე შემოვრჩი. დღეს ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ფაკულტეტზე 750 პირველკურსელი ვიყავით, საოცარი ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან, რომლებსაც ამ ასაკში საოცარი მიღწევები ჰქონდათ. განათლების მისაღებად ზოგი ამერიკაში იყო ნამყოფი, ზოგი სხვა ქვეყანაში. როგორი ადამიანიც ჩამოვყალიბდი, ამაში დიდი გავლენა ჰქონდა იმ 4 წელს და იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა. აქტიური სტუდენტი ვიყავი, კონფერენციებში, დისკუსიებში, სასამართლოში დებატებში, ყველგან ვმონაწილეობდი.

თავიდანვე სისხლის სამართალი მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა პროკურატურაში მუშაობა, მით უმეტეს, კარგი სისტემა აქვს, კურსდამთავრებულებისთვის ტესტირებას აცხადებენ და პროკურატურაში ასაქმებენ. ასე რომ,21 წლისამ პროკურატურაში შევაბიჯე. თითქმის ყველა მსჯავრდადებულთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა მაინც წამოვიდა ცოტა აგრესია - როცა 21 წლის გოგოს ხედავენ პროკურორად, დიდად არ გენდობიან. მაშინ ეს გამოწვევად მესახებოდა და ძალიან მიხაროდა, როცა ნეგატიური განწყობის შემდეგ ამ ხალხის პატივისცემას ვიმსახურებდი. ახლა ვფიქრობ, შესაძლოა უფრო კარგია, როცა პროკურორები 30 წლის ასაკში ხდებიან, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მეტი ნდობით სარგებლობდნენ ხალხში. ის პერიოდი მაინც კარგად მახსენდება, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე.

gvanca-gurgenidze-iuristi-1689159101.jpg

- სასამართლო პროცესებზე ბრალმდებლად გიწევდათ გამოსვლა?

- რა ფუნქციაც აქვს პროკურორს, ყველაფერს ვაკეთებდი. ეს არის საგამოძიებო ზედამხედველობა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა ბრალმდებლად. ეს იყო ჩემი საყვარელი ნაწილი, იმიტომ, რომ საჯარო გამოსვლის ელემენტები აქვს და საშუალებას გაძლევს ხალხთან იკონტაქტო, გიწევს გაახმოვანო კანონი, რომ მივიდეს მოქალაქეებამდე. პროცესი, კარგი გაგებით, ერთგვარად სპექტაკლსაც ჰგავს, სასამართლო დარბაზი სავსეა ხალხით, შენ გამოდიხარ როგორც პროკურორი და კანონის სახელით საუბრობ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, შენს ნათქვამს 100-პროცენტიანი დამაჯერებლობა აქვს მოქალაქეებისთვის. როცა პროკურორი ხარ, სახელმწიფოს ნდობა არ უნდა დააკარგვინო მოქალაქეს, თუნდაც ბრალდებულს, იმიტომ, რომ ბრალდებულებმა კარგად იციან, რა დააშავეს და შენ გიყურებენ არა როგორც სადამსჯელო ღონისძიებას, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც აცხადებს კანონის ნებას.

- ხომ არ გაიხსენებთ რომელიმე საქმეს?

- არიან ბრალდებულები, რომლებსაც თავიდანვე შეატყობ, რომ არ აიგივებენ თავს მომხდარ დანაშაულთან და არც შენ გაძლევენ საშუალებას გააიგივო. ამასთან, მყოლია ბრალდებულები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთან კომუნიკაცია ძალიან საინტერესო იყო. მათ ჰქონდათ მიზნები, გეგმები, ადეკვატურად საუბრობდნენ სასამართლოში, აანალიზებდნენ, რომ რაღაც შეეშალათ და აღარ აპირებენ მსგავსის განმეორებას. არის ადამიანების მეორე ნაწილი, რომელიც იმდენად გაიგივებულია საკუთარ დანაშაულთან, მათი სხვაგვარად პერსონიფიცირება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ეს მამაკაცები უმეტესად ოჯახში ძალადობისთვის იყვნენ ბრალდებულები. ოჯახში ძალადობა, დევნა, მუქარა იმ ტიპის დანაშაულებია, რაც არ უნდა სცადოს სახელმწიფომ - ჩართოს ფსიქოლოგი დამნაშავესთან სამუშაოდ, სხვა უამრავი საშუალება გამოიყენოს, მაგრამ შეიძლება შედეგი ვერ მივიღოთ. თვითონ თავს მხოლოდ მოძალადეობასთან აიგივებენ.

პროკურორი ცდილობს სასამართლოს აჩვენოს ბრალდებულის პორტრეტი და თქვას, ეს ადამიანი იმსახურებს ციხეში ყოფნას თუ არა. ხშირად ისეა შესისლხორცებული ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრალდებულები, გიჩნდება იმის შიშიც, ეს ადამიანი ციხიდან რომ გავა, სად უნდა წავიდეს, რა უნდა აკეთოს. ამიტომ მოძალადეებთან მუშაობის კორექციის პროგრამები მაქსიმალურად გასააქტიურებელია. ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ ბევრ მამაკაცს სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰქონდა ცოლის მიმართ და როცა პროკურორი ქალი საქართველოს სახელით გამოვდიოდი, სულ მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ქალები ძლიერები არიან.

gvanca-gurgenidze-1674981760.jpg

- ციხეში პირველი ვიზიტი როგორ გახსოვთ?

- კარგად მახსოვს ეს დღე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე მოწყობილ სივრცეში ხვდები ბრალდებულს, ციხე მაინც დამთრგუნველია, მაშინაც კი როგორც პროკურორი, თავისუფალი ადამიანი შედიხარ და იცი, რამდენიმე საათში უკან გამოხვალ. ამიტომ სულ ვუმეორებდი ჩემს ბრალდებულებს ამას.

- ვინც ნანობდა ჩადენილს, მათ უწევდით ანგარიშს?

- ერთი ძალიან კარგი რამ არსებობს კანონში - პროკურორის დისკრეცია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არსებობს დანაშაული, პროკურორს შეუძლია ჩათვალოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჯდება საჯარო ინტერესში. ბევრი ქურდობის საქმე მქონია, როცა მოხუცები მაღაზიიდან იპარავდნენ საკვებ პროდუქტებს. მაგალითად, მქონდა საქმე, როცა მოხუცმა მამაკაცმა ჩაი და პური მოიპარა. მიუხედავად იმისა, ფორმალურად სახეზეა ქურდობის ყველა ნიშანი, ხშირად ჩამითვლია, რომ არ იყო სწორი ამ ადამიანის დევნა დაწყებულიყო. ამ დროს წყდება დევნა ან ხდება განრიდება. განრიდებას ვიყენებდით, როცა 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვნებს ქურდობისთვის აკავებდნენ. განრიდებაც პირობითია. მაგალითად, შეიძლება მოზარდს დაეკისროს რომელიმე წიგნების წაკითხვა, რომელზეც ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ კარგ ზეგავლენას მოახდენს მოზარდზე; ან დაეხმაროს ის რამდენიმე საათი იმ მაღაზიის თანამშრომლებს, საიდანაც რამე მოიპარა. ან "კათარზისში" რამდენიმე საათით მოხუცების მოვლამ მოუწიოს. ეს კეთდება იმისთვის, რომ მოზარდმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიმუშაოს, მთავარია, ის სწორ გზაზე დააყენო.

- ხშირად ამბობენ, რომ მათ უკან დგანან ზრდასრული ადამიანები, მსგავსი ფაქტები თუ გამოგივლენიათ?

- მსგავსი საქმეები მქონია, ვხვდებოდი, რომ მოზარდს ვიღაცამ უბიძგა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბავშვები მათ ენდობიან და არ უმხელენ პოლიციას მათ ვინაობას. ასეთ პირებზე გასვლა რთულია.

ბევრჯერ მომისმენია, უნდა დაიწიოს სასჯელის ასაკიო, ეს ტრაგიკული მოთხოვნაა. როცა არ გეყოლება ქუჩაში ამდენი ბავშვი, არ გეყოლება მშობლისგან მიტოვებული ბავშვები, დანაშაულიც შემცირდება.

gvanca-gurgenidze-1698042055.jpg

- პროკურატურის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში წახვედით, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერდით, რატომ?

- ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მაგრამ, ვფიქრობ, სანამ ახალგაზრდა ხარ და გაქვს ენერგია ჯობია სხვა სფეროში, თუნდაც საჯარო სამსახურში დახარჯო, რადგან იქ დიდ გამოცდილებას იღებ. მე უფრო სისხლის სამართლის საქმეები მომწონდა და ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავინაცვლე - ეს იყო იურიდული დეპარტამენტი, სადაც ვმუშაობდით კანონებსა და მინისტრის ბრძანებებზე. ეს სულ სხვა ტიპის ადრენალინია, ეს არის სამართალშემოქმედების ცოცხალი პროცესი. ჩვენი კანონპროექტები იგზავნებოდა პარლამენტში და როცა უსმენ როგორ კამათობენ შენს შეთავაზებულ ვერსიაზე პარლამენტარები, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი, მრავალმხრივი გამოცდილებაა საჯარო სამსახურში მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში 1000-მდე საქმე გადის პროკურატურაში შენს ხელში, ხოლო თუ დამწყები ადვოკატი ხარ, შეიძლება გქონდეს ერთი ან ორი საქმე, წელიწადში მაქსიმუმ 24 საქმე. ეს ციფრებიც აჩვენებს განსხვავებას და ეს გამოცდილებისთვის კარგია. როცა შს სამინისტროში ვმუშაობდი, მაშინ შემომთავაზეს პერსონალური ინსპექტორის სამსახურში მუშაობა. ეს სიახლე იყო, ვთვლი, რომ ერთ-ერთი საინტერესო სფეროა სისხლის სამართლის შემდეგ. როცა საქმე პერსონალური ინფორმაციის დარღვევას ეხება, იპარავენ ჩვენს მონაცემებს, ხანდახან ვერც ხვდება ადამიანი, რომ მისი უფლებები ირღვევა, არა აქვს გაცნობიერებული, რომ ეს დანაშაულია. ხშირად მხვდება ხალხი, რომლებსაც აქვთ ფულადი ვალდებულება რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და ბანკები ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ატყობინებენ ამ ამბავს. ამაზე, წესით, ბუნებრივი რეაქცია უნდა იყოს, რომ უჩივლო მათ, ინსპექტორი ჩაატარებს მოკვლევას და რეაგირება ექნება სახელმწიფოს. როცა საქმის თემატიკა შევიცვალე, მივხვდი, რომ დადგა დრო საჯარო სამსახურიდან წასვლის, მეტი თავისუფლება მინდოდა და მზად ვიყავი გავმხდარიყავი ადვოკატი. ასე რომ, ბოლო ორი წელია ადვოკატურაში ვარ. ადვოკატურაში პროფესიულად ზრდასრული, გამოცდილი უნდა გადახვიდე, რადგან ეს პროფესია ოკეანეში ცურვას ჰგავს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვს და რაც უფრო მომზადებული ხარ, მით უკეთესი. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა შევქმენით საადვოკატო კომპანია. მანამდე ერთი საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, მეორე კი არასამთავრობო ორგანიზაციაში. მომწონს კანონის სამსახურში ყოფნა და კანონის ხალხისთვის გაცნობა. არადა, ხალხს ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს ადვოკატების მიმართ, ჰგონიათ, ადვოკატმა აუცილებლად კანონს გვერდი უნდა აუაროს. ეს არასწორი წარმოდგენაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო გზა კანონსა და ადამიანს შორის, როცა პირის გამართლებას ვცდილობ.

ხშირად უკითხავთ, ბოროტ ადამიანს თუ დაიცავო. მე ვპასუხობ, დაცვის უფლება აქვს ყველას, არ არის აუცილებელი გამართლდეს ბოლომდე, როცა დანაშაული სახეზეა, მაგრამ თუ არსებობს შანსი, რომ მაინცდამაინც პატიმრობა არ მიესაჯოს და მსუბუქი სასჯელი გამოიყენონ მის მიმართ, ესეც კარგია.

მე ვუძღვები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც სისხლის სამართალია.