„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ნუ შეგეშინდებათ!“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ნუ შეგეშინდებათ!“

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ქალების განზრახ მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მკვლელობის მცდელობის კი - 18. 2023 წლის ოფიციალური მონაცემები პროკურატურას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა თუ გადავხედავთ ახლო წარსულს, რამდენიმე შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. მაგალითად, 19 სექტემბერს დოლიძის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა, როცა ყოფილმა მეუღლემ ცოლი და სიდედრი მოკლა; 26 სექტემბერს კაცმა ყოფილი­ ცოლი მოკლა, 14 წლის შვილი (გოგონა) კი დაჭრა; საგარეჯოში 6 ოქტომბერს 14 წლის გოგონა 28 წლის ქმარმა მოკლა. საქართველოში გენდერული ნიშნით ქალების განზრახ მკვლელობის ფაქტების სტატისტიკა შემაძრწუნებელია. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელს ინდირა რობაქიძეს:

- სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტი, რომ ფემიციდი საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თქვენი ცენტრი კი არის ერთგვარი პრევენცია, რათა საქმე ფემიციდამდე არ მივიდეს. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება სჭირდება?

- მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მუდამ მზად ვართ დახმარებისთვის. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იცავს მსხვერპლს, ეხმარება მას რეაბილიტაციაში. გვაქვს 24-საათიანი საკონსულტაციო ცხელი ხაზი- 116006, ასევე ნებისმიერ პირს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მოვიდეს და მიიღოს დახმარება, ჩვენი კარი მუდამ ღიაა.კრიზისულ ცენტრებში დაზარალებულების რეაბილიტაციისთვის მუშაობენ ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, იურისტები და ყველა ის უწყება, რასაც საჭიროებს მსხვერპლი. მსხვერპლი, ისევე, როგორც მასზე დამოკიდებული პირები (შვილები)­ უზრუნველყოფილი არიან თავშესაფრით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურებით, მედიკამენტებით... უზრუნველყოფილია სამართლებრივი კონსულტაციები­ განქორწინების, ალიმენტის, დამცავი ორდერის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თუ სხვა საკითხების შესახებ. ამჟამად ქვეყანაში გვაქვს 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი.

- რა პროცედურებს გადის მსხვერპლი თქვენთან მოხვედრის შემდეგ?

- 2023 წლის 1-ლ ივლისამდე, იმისთვის, რომ თავშესაფრით გესარგებლა, აუცილებელი იყო მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც განსაზღვრავენ შსს, სასამართლო, პროკურატურა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებს არ სურდათ სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია და ასეთ დროს ჩვენ დაზარალებულს ვაიდენტიფიცირებდით სავარაუდო მსხვერპლად და არა უგვიანეს 72 საათისა მას მსხვერპლის სტატუსი ენიჭებოდა. ამის შემდგომ ვათავსებდით დაზარალებულს თავშესაფარში. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულს არ სურს კომუნიკაცია ამ უწყებებთან, შესაძლებლობა აქვს პირდაპირ თავშესაფარში მივიდეს და შეავსოს მხოლოდ სპეციალურად შემუშავებული კითხვარი. ძალადობის მსხვერპლს შეუძლია თავშესაფარში დარჩეს დაახლოებით ერთი წლით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყვეტთ მათთან ურთიერთობას. თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც ვეხმარებით. მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკებით მათ უფინანსდებათ საცხოვრებლის ქირა. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის შემდეგ მსხვერპლი მოძალადესთან დაბრუნდება, ძალადობაგამოვლილმა უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ჩვენ ვასწავლით მას, როგორ იცხოვროს დამოუკიდებლად, მიიღოს გადაწყვეტილებები. მოძალადესთან დაბრუნების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, თბილისში 1%-იც არ არის, საქართველოს მასშტაბით კი დაახლოებით 3-4%-ია.

- რეგიონებში რა ვითარებაა?

- რეგიონებში მუდმივად გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ძალიან დიდია დასწრება, თვითონ გამოხატავენ თანამშრომლობის სურვილს. ყველა შეხვედრის შემდეგ ცხელ ხაზზე ზარები აქტიურდება და ეს ცხადყოფს, რომ საინფორმაციო შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება სტატისტიკას, მომართვიანობა ყოველ წელს 10-15%-ით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ გვენდობიან, იციან, რომ ვიცავთ.

აუცილებელია ვებრძოლოთ არასწორ წარმოდგენებს "რომ გაიზრდები, გაგათხოვებ, ჩაგაბარებ პატრონს" - ეს ნიშნავს, რომ იმთავითვე უდებ თავში შვილს, რომ იპოვოს პატრონი და 99%-ით, აუცილებლად გახდება ძალადობის მსხვერპლი. არავის და მით უმეტეს, ქალებს, პატრონი არ სჭირდებათ, ჩვენ ვართ საკუთარი თავის პატრონები.

- ყველაზე ხშირი რა სახის ძალადობაა და ვისაუბროთ არასრულწლოვნების ძალადობის სახეებზეც.

- სრულწლოვნებში ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორე ადგილზეა ფიზიკური, თუმცა სარეაბილიტაციო პროცესის დროს იკვეთება, რომ ძალადობის ყველა ფორმაა მოცული. როცა რეაბილიტაცია იწყება, მსხვერპლი მერე არქმევს სახელს, რა სახის ძალადობა იყო. თუ ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის, უნდა წამოხვიდე.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, გვაქვს ბავშვთა დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი - 111. ყველას შეუძლია დარეკოს, როგორც ბავშვებს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ბავშვებზე ძალადობაზე. ზარები სურვილის შემთხვევაში ანონიმურია. მთავარია კიდევ ერთ რამ - როდესაც ძალადობის შემსწრე ხდები, ეს არ ნიშნავს, რომ შენი საქმე არაა, ეს შენი პასუხისმგებლობაა, არ უნდა გაჩუმდე, თვალი არ უნდა დახუჭო, თორემ პირდაპირ ხელს უწყობ ძალადობას, ფემიციდს. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს - როდესაც ძალადობის შესახებ ამბავს აშუქებთ, აუცილებელია ტიტრში მითითებული იყოს ჩვენი ნომრები, რათა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ყველა ძალადობის მსხვერპლს დავეხმარებით. ვინც თავს თვლის მსხვერპლად, ბავშვი იქნება, ქალი, კაცი თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ნუ შეგეშინდებათ!

სოფო კაჭარავა