„უკანა გზაზე ჩვენს სახლში ავედი და, ალბათ, მამიდა და დედა ისე არ მიტირია, როგორც ჩვენი სახლის კართან ვიტირე“
"2008 წელს ახალგორიდან მთელი ოჯახი ავიყარეთ, დედა არ წამოგვყვა, არც სახლს დავუტოვებ ამათ და არც მამათქვენის საფლავსო. 4 წელი იცხოვრა რუსი ჯარისკაცებით სავსე ახალგორში. 2012-ში ჩემმა იქ შემორჩენილმა ახლობელმა ახალგორის რუსების პუნქტთან მომიყვანა სნეული და დაუძლურებული... სიკვდილის წინ მთხოვა, ახალგორში მამაშენის გვერდით დამასაფლავეო... დედის უკანასკნელ თხოვნას ვერ ვუღალატე და ჩემს სამ დასთან ერთად ახალგორში წავასვენე", - თავისი ოჯახის ისტორიას გვიამბობს ახალგორიდან დევნილი მარინა პავლიშვილი:
- ჩვენ ოჯახი ქართულ-ოსური იყო. მამა გვარად პავლიშვილი იყო, დედა - ქასოევა. ქართველები და ოსები ერთ სკოლაში დავდიოდით. არც გვიფიქრია, რომ ისინი სხვა ეროვნების ხალხი იყო, მაგრამ თურმე ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. როცა ცხინვალიდან მოვიდა არეულობის ამბავი, ჩვენთანაც დაიძაბა სიტუაცია. მახსოვს, ომი რომ დაიწყო, კინაღამ გული გამისკდა. ზურა, ჩემი შვილი და სალომე, დისშვილი, ახალგორში იყვნენ. მაშინვე წავედი. უამრავი ტანკი იდგა გზაზე. გადავუხვიე ლამისყანაზე და ჩემი სოფლის გზას დავადექი. ხიდზე, რომ გადავდიოდი, ტანკიდან მიკროფონით გამომძახეს, არ გადმოიარო, გადაგივლიო, მაგრამ არც მიფიქრია უკან დახევაზე.
ჩემს სოფელთან ახლოსაა ახალგორი, როგორც კი ხიდს გადახვალ, იქვე. ხიდი რომ გადავიარე, სოფლის შესასვლელთან ძველი სამხედრო "ვილისი" დავინახე. ვიღაცამ ავტომატი გადმოყო და დამიძახა, მანქანა გააჩერეო! ჩემი სოფლელებიც იქ იდგნენ, ოსები და ქართველები, და აყვირდნენ, ეგ ჩვენი მარინააო. მოკლედ, დედაჩემიც ვნახე და ბავშვებიც. დედამ მითხრა, აქ არაფერი ხდება, სიმშვიდეაო. ბებიას ზურაც აჰყვა, ბებოს მარტო აქ არ დავტოვებო. მოკლედ, მხოლოდ სალომე, ჩემი დისშვილი წამოვიყვანე. მაშინდელი მილიციის უფროსიც იქ იყო, ჩემი კლასელი ზვიად ტეხოევი, და მან მითხრა, აქ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, არეულობა ცხინვალშია, ისე დაიკავეს ტერიტორია, სათამაშო თოფიც კი არ გაუსვრიათ, დათმეს ახალგორიო! მოკლედ, დაიცალა იქაურობა ქართველი მოსახლეობისგან. ყველა წეროვანში წამოვიდა, არა მარტო ქართველები, ოსებიც.
- მას შემდეგ როგორ ჩადიოდით დედასთან?
- ცოტა ხანში წეროვანში ახალგორის გამგეობა ააშენეს, სადაც გვიწერდნენ საბუთს, რომლითაც დედას სანახავად ჩასვლა შემეძლო. რუსებს ვაჩვენებდით და გადავდიოდით. 2012 წლის აგვისტოს შემდეგ აგვიკრძალეს იქ შესვლა. დედასთან დაკავშირებას მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი, არადა, თავს ცუდად გრძნობდა. ჩემი კლასელის, ზვიად ტეხოევის დახმარებით ჩამოვიყვანე ოძისამდე, ქართველების პოსტამდე. ვუმკურნალეთ, მოვუარეთ, და გამოვაკეთეთ. ეს იყო ივნისის დასაწყისი. იმ წელს, ძალიან მწველი ზაფხული იყო, კორპუსში ძალიან გაუჭირდა დედას ყოფნა და მჭადიჯვარში, ჩემს დასთან წავიყვანე. იქ სიცხე ისე აღარ აწუხებდა. ოქტომბერში ისევ ცუდად გახდა, ენატრებოდა თავისი სახლი, სულ იქაურობას ახსენებდა, ტიროდა, მოსავლელია იქაურობა, კაკალია დასაკრეფი, ვაშლია ასაღებიო... ერთ დღეს დამ დამირეკა, დედა ცუდად არისო. მაშინ დედა 76 წლის იყო. წარმოიდგინეთ 4 წელი მარტომ იცხოვრა, არ ტყდებოდა და სახლს არ ტოვებდა, და ყველაფერმა ერთად იჩინა თავი... მაგრამ რამდენადაც სუსტად იყო, იმდენად სრულ გონებაზე დამხვდა. დამიბარა, სადაც მოვკვდები, იქ დამმარხეთ, ნუ იწვალებთო. დედამ იცოდა, მისი ახალგორში დაკრძალვა საწვალებელი გახდებოდა და მაშინაც კი ჩვენზე იზრუნა, მაგრამ მამას და დედას ისე უყვარდათ ერთმანეთი, ვთქვი, თვითმფრინავის ქირაობა რომ დამჭირდეს, ვიქირავებ და მაინც მამას გვერდით დავკრძალავ-მეთქი. ჩემი ეს სიტყვები გაიგონა, დამიძახა, ხელზე მომეფერა, მაკოცა და მითხრა, რა კარგი რამ თქვიო.
მოკლედ, დედა რომ გარდაიცვალა, მჭადიჯვარში ჩავედი. ეს სიფრიფანა ქალი პლედში გავახვიე, უკანა სავარძელზე დავჯექი, ჩავიწვინე მკვდარი დედა კალთაში და ასე ჩამოვასვენეთ თბილისში... შემდეგ ბევრი ვირბინე უშიშროებაში, რუსულად გავაკეთე საბუთები, რათა ახალგორში დამეკრძალა.
ჩემი ბიძაშვილები, მეზობლები, კლასელები საზღვარზე მელოდებოდნენ. ქართულ პოსტამდე უპრობლემოდ ვიარე, მერე რუსების, იმის იქით ოსების პოსტი უნდა გამევლო. ადგილზე რომ მივედით, რუსებმა სასტიკი უარი გვითხრეს, ვერ გაგატარებთ. თქვენს საბუთში წერია, რომ ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი, თქვენ უნდა გეწეროთ, რომ ინფექციით არ არის გარდაცვლილიო! ოთხი საათი საზღვარზე ვიდექით. ამასობაში ცხინვალიდან პასუხი მოვიდა, მხოლოდ შვილები შევიდნენო. აქეთ კატაფალკის პატრონი აწუწუნდა, ჩემი მანქანა არაა, რომ შევიდე და წამართვან, რა ვქნაო. მოკლედ, არ ვაციე, არც ვაცხელე და კატაფალკიდან ჩემს მანქანაში ყვავილების გადატანა დავიწყე. რუსი სამხედრო მეკითხება, რას შვრებიო? უნდა გადმოვცალო ყვავილები, აქ უნდა დაგიტოვოთ მიცვალებული, რაც გინდათ, ის უყავით-მეთქი. ალბათ, ვერ წარმოიდგენენ იმას, რაც შემდეგ გავაკეთე: მიცვალებული ჩემს მანქანაში გადმოვასვენე, საჭესთან დავჯექი და მანქანა დავძარი. იმდენად დიდი შოკი იყო ეს რუსებისთვის, გაოგნებულებმა მითხრეს, წადიო! აი, ასე სიმწრით დავასაფლავე დედაჩემი. რამდენიმე წლის მერე მამიდაჩემი გარდაიცვალა და ისიც წავასვენეთ. მამიდა რომ დავკრძალეთ, უკანა გზაზე ჩვენს სახლში ავედი და, ალბათ, მამიდა და დედა ისე არ მიტირია, როგორც ჩვენი სახლის კართან ვიტირე.
- ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას მას შეხვდით. შეგიძლიათ გვიამბოთ, რასთან დაკავშირებით?
- როდესაც ზვიად გამსახურდიამ თავისი პარტია ჩამოაყალიბა, ცხინვალში ჩავიდა, იყო ახალგორშიც თავის მომხრეებთან ერთად. მაშინ ქართველებმა სთხოვეს, მიტინგს ნუ ჩაატარებთ ეს ოსებსა და ჩვენს შორის დაძაბულობას გამოიწვევსო...
1990-იან წლებში, როცა პირველი კონფლიქტი დაიწყო, ბევრმა ქართულ-ოსურმა ოჯახმა ახალგორი დატოვა. იაფად ყიდდნენ სახლებს და მიდიოდნენ. ჩემს სოფელ ხიდშიც დაიცალა რამდენიმე სახლი.
ცუდი დრო იყო, ვისაც ოსური გვარი ჰქონდა, თავს დაცულად ვერ გრძნობდა. თბილისში მაშინ მაღაზიაში ვმუშაობდი. ტაბელი გვქონდა გაკეთებული და იქ რომ ოსური გვარი ენახათ, მაშინვე პრობლემა ექმნებოდა ადამიანს. ერთი ფეტეევი გვყავდა, სიიდან ამოვშალეთ და ისე ვამუშავებდით. ეს მეც შემეხო. მეუღლე ოსი მყავს და ბავშვი საბავშვო ბაღში რომ შევიყვანე და გვარი გაიგეს, უკან გამოსვლისას მომაძახეს, ამ ბავშვს რაიმე რომ მოუვიდეს, ჩვენ პასუხისმგებელი არა ვართო.
- დღეს რა მდგომარეობაა ახალგორში?
- დღესაც საოცარი ურთიერთობა აქვთ ახალგორელებსა და თბილისში წამოსულ ქართველებსა და ოსებს. ჩვეულებრივ ხალხში არაფერი შეცლილა. ქართველ ოჯახს ვერ იპოვით, სადაც ან რძალი, ან სიძე, ან ვინმე არ ჰყავდეს ოსი. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ბევრ ოსს ძალიან უნდა ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, მოსტირიან აქაურობას. ეკონომიკურად ძლიერად არიან, სულიერად კი საშინლად უჭირთ.
რუსუდან შაიშმელაშვილი