საიდუმლოებით მოცული შირაქის სამხედრო აეროპორტი - კვირის პალიტრა

საიდუმლოებით მოცული შირაქის სამხედრო აეროპორტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომუნისტების პერიოდში არსებულ სამხედრო აეროპორტის შესახებ ხალხი ათასგვარ ლეგენდას დღემდე ჰყვება. თუმცა არც წინათ და არც ახლა არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდებოდა იქ, რა დარჩა აეროპორტის გაუქმების შემდეგ ან რას უპირებს ამ ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც ამბობენ, ეკლიანი მავთულხლართებით შემოსაზღვრულ აეროპორტში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. იქ მომუშავე სამხედროებს საიდუმლოს შენახვა თურმე სამარის კარამდე მოეთხოვებოდათ და ყველას პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. როგორც ამბობენ, შირაქის ველის ეკლიანი ღობის მიღმა რამდენიმე გვირაბი იყო გათხრილი, სადაც თვითმფრინავები ჩადიოდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ. ერთ-ერთი საიდუმლო გვირაბის ბოლო მდინარე ალაზნის მიმდებარედ, აზერბაიჯანის საზღვრის შორიახლოს ყოფილა. იქიდან თვითმფრინავები მიფრინავდნენ, მერე ბრუნდებოდნენ და მიწისქვეშეთში უჩინარდებოდნენ. ხალხი სსრ კავშირის თითქმის ყველა სამხედრო-საჰაერო მოქმედებას შირაქის ველის აეროპორტს უკავშირებდა, თუმცა ყოველივე ეს სიმართლე იყო თუ არა, არავინ იცოდა. შირაქის სამხედრო აეროპორტის გამო დროდადრო ქიზიყს შიშის ტალღაც გადაუვლიდა, იქნებ რა ხდება ამ ბურუსით მოცულ გვირაბში და ემანდ, მის გასანადგურებლად თავზე ბომბები არ დაგვაყარონო, ჩიოდა ხალხი.

საიდუმლო აეროპორტში მოსახვედრად დედოფლისწყაროს ცენტრს უნდა გასცდეთ და გეზი სოფელ ზემო ქედისკენ აიღოთ. ათიოდე კილომეტრში, ცენტრალური გზის შორიახლოს, მიწიდან ამოწვერილ უამრავ ანგარს დაინახავთ. ყველას სახურავი ბალახითაა შებურული. როგორც ამიხსნეს, ასე იყო წინათაც, როცა აეროპორტი მოქმედებდა, ანგარები უცხო თვალისთვის შესამჩნევი რომ არ უნდა ყოფილიყო.

ცენტრალური გზიდან გადავუხვიეთ და ვიწრო სამანქანე ბილიკს გავყევით. ანგარებთან მისასვლელად 10-15 წუთი დაგვჭირდა. ახლოს მისულები, გავოგნდით, ვთვალეთ და ვერ დავთვალეთ - 30 ანგარამდე რომ ავედით, გავჩერდით, რადგან გვითხრეს, ზოგი ისეა მიწაში­ დაფლული, მიწის ზემოთ არაფერი ჩანსო. ყველა ანგარს ერთნაირი დიდი რკინის ჭიშკარი აქვს, გორგოლაჭებიანი და რელსებზე დამაგრებული. როგორც ჩანს, კარები ელექტროდენის საშუალებით იხსნებოდა და იხურებოდა. ყველა ანგარი დანომრილია. ალაგ-ალაგ რუსული წარწერებიც შევამჩნიეთ, მაგრამ მათი წაკითხვა უკვე შეუძლებელია, ვიღაცას გულიანად გადაუფხეკია. ერთ-ერთი ანგარის კარების ღრიჭოში რომ შევიხედეთ, თვითმფრინავების ნაცვლად ძველი საბჭოთა მანქანა დაგვხვდა.

ამჟამად ქედელები ანგარებს შირაქის ველზე მოწეული ხორბლისა და ქერის შესანახად იყენებენ. ერთი ანგარის წინ, ხესთან, მწყემსის აბგა და ხალათი შევნიშნეთ. მოშორებით საბალახოდ გაშლილ საქონელსაც მოვკარით თვალი. მწყემსმაც დაგვინახა და შესახვედრად თავად გამოეშურა. გიორგი გაროზაშვილი ზემოქედელი აღმოჩნდა. "აქ ბოქსებია და ეგემანდ თვითმფრინავიც გდია. ამხელა აეროპორტიდან სულ ეს დაგვიტოვეს რუსებმა და წავიდნენ. აქ ახლა ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ხალხი დროებით მარცვალს ინახავს. ვერ გეტყვით, რამდენი ბოქსია. ახალ-ახალს ხან სად ვპოულობთ და ხანაც სად. 2008 წელს რუსების თვითმფრინავებმა კიდევ გადმოგვიფრინეს და შორიახლოს ჩამოყარეს ბომბები. ვინ იცის, იქნებ ფიქრობდნენ ქართველებს თვითმფრინავები ხომ არ აქვთ გადამალულიო. ამას წინათ მუნიციპალიტეტში ამბობდნენ, აეროპორტის აღდგენა უნდათო და გაგვიხარდა. სოფელი ზემო ქედი აეროპორტის ახლოსაა და ხალხი თუ დასაქმდება, მაგას რა სჯობს?“ - გვითხრა გიორგიმ.

aeroporti2-1698000268.jpg

ნააეროპორტალი ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში 5-6-სართულიანი დანგრეული კორპუსები ხალხს აგურ-აგურ ჩამოუშლია და საშენ მასალად გაუზიდია.

გიორგი გაროზაშვილი: - სანამ აეროპორტი არსებობდა, ყველა ბოქსში იდგა თვითმფრინავი. ძირითადად გამანადგურებლები, ჩყ-18-ები ჰყავდათ. სოფლიდან ვხედავდით, როგორ დაეშვებოდნენ და სხდებოდნენ. ბოქსებს რომ გასცდებით, ქვემოთ სამკილომეტრიანი ასაფრენი ბილიკია. მთელი დღე და ღამე არ ჩერდებოდნენ, აქედან სულ თვითმფრინავების გრიალი ისმოდა. მთელ საბჭოთა კავშირში თუკი სადმე რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო-საჰაერო მოქმედება ხდებოდა, თვითმფრინავები აქედან მიჰყავდათ. მათთან ჩვენი სოფლელი მძღოლები მუშაობდნენ, ოღონდ ბაზის გარეთ, ბაზასთან მივიდოდნენ თუ არა, ჩამოსხამდნენ მანქანებიდან და თავისიანს დასვამდნენ. არ უნდოდათ უცხოს ჩაეხედა შიგნით რა ხდებოდა. მთელ ბაზას რკინისეკლიანი მავთული ჰქონდა შემოვლებული და სამხედროები ყარაულობდნენ. ერთ მძღოლს, სანამ მანქანიდან ჩამოსვამდნენ, სპიდომეტრი დაუნიშნავს. მეორე დღეს რომ გამოუყვანეს ჭიშკართან მანქანა, 500 კილომეტრი ჰქონია გავლილი. ამხელა მანძილი სად გაატარეს ბაზის შიგნით, ვერაფრით მიხვდა.

- ამბობენ, ეს ტერიტორია გრძელი გვირაბებითაა დაქსელილი, რომელშიც თვითმფრინავებიც ეტეოდნენ. ერთი გვირაბის ბოლო მდინარე ალაზანთან ამოდისო.

- მიუხედავად იმისა, რომ რუს­ებმა ბაზა გააუქმეს და რისი წაღებაც­ შეეძლოთ წაიღეს, დღემდე საიდუმლოებითაა მოცული ამ მიწისქვეშეთის ისტორია. გეთანხმებით, ასეთ ამბებს ჰყვებოდნენ წინათაც, ახლაც ჰყვებიან, რადგან სინამდვილე დღემდე არავინ იცის. 55 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, აქ ავიაბაზა იყო და სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ჩვენს სოფელში კორპუსები იდგა, სადაც აქ მომუშავეთა ოჯახები ცხოვრობდნენ. მათი ბავშვები და ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით.

დღემდე არავინ იცის, სად არის გვირაბების ჩასასვლელი ან ამოსასვლელი, ანგარებში რა ხდებოდა. ბოქსებიდან არ ყოფილა გვირაბებში ჩასასვლელი, ის სხვაგანაა. ბოქსი იმდენია, თვლა არა აქვს. ჩვენთვის ხელმისაწვდომი რომ გახდა და ვნახეთ, შიგნით უკვე აღარაფერი იყო, ყველაფერი გაზიდული ჰქონდათ.

90-იან წლებში, როცა რუსის ჯარი საქართველოდან წავიდა, ვხედავდით, როგორ გაჰქონდათ ყველაფერი თვითმფ­რინავებით. საბჭოთა პერიოდში ამ აეროდრომზე ჯდებოდა ყველაზე დიდი თვითმფრინავი "რუსლანი". სწორედ "რუსლანით" გაზიდეს აქედან ბევრი რამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი თვითმფრინავიც "რუსლანით" წაიღეს. მხოლოდ ერთი დაგვიტოვეს და ახლა აქვე დგას დაფხავებული.

- ეგ თვითმფრინავი რატომ დატოვეს?

- გაფუჭებული ყოფილა და დაგვიტოვეს სამახსოვროდ. ამ ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილის დამხმარე ნაგებობებიც იდგა, მაგრამ მოსახლეობამ აგურ-აგურ დაშალა. ხომ ხედავთ, ყველა ანგარს მიწა აყრია და ზედ ბალახია აბიბინებული. ეს სპეციალურად არის გაკეთებული, თვითმფრინავების ფარეხების შესანიღბად. წინათ ელექტრობაც იყო ამ ტერიტორიაზე, წყალიც, მაგრამ ხალხი დაუდევარია, ყველაფერი დაშალეს და დაანგრიეს.

- ამბობენ, აქ კვლავ უნდათ ავიაბაზის გაკეთება ამერიკელებსო. არ გეშინიათ, ასე ახლოს თუ ბაზა იქნება?

- ამ ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში რუსის ჯარი იდგა და არაფერი დაგვმართნია, ამერიკელების აქ ყოფნა რანაირად იქნება საშიში? ნეტავ ისე მოხდეს, როგორი ხმებიც დადის. ირანის საზღვარიც ახლოსაა და საჯილდაო ქვად ამიტომ არის ქცეული ჩვენი შირაქი.

გიორგისთან საუბრის შემდეგ რუსების დანატოვარი თვითმფრინავის სანახავად გავეშურეთ. ერთ დროს, ალბათ, მტრის მეხისდამცემ ჩყ-18-ს თითქმის ყველა ნაწილი ამოცლილი აქვს. ბაზის ტერიტორიაზე უამრავი დამხმარე ნაგებობის ნარჩენია. დიდხანს ვეძებეთ ყბადაღებული ბომბების საცავი, მიწისქვეშა ბუნკერი, მაგრამ ამაოდ...

პ.ს. შირაქის ველს სოფელ ზემო ქედის უნახავად ვერ დავტოვებდით. სოფლის უკიდურესი მარცხენა მხრიდან კავკასიონის ქედებს შერწყმული ალაზნის ველის საოცარი ხედი იშლება. ალაზანსა და კავკასიონს შორის აზერბაიჯანის საზღვარია, იქით კი ერთ დროს ჩვენი ტერიტორია, საინგილო. აზერბაიჯანი, ირანი... - ამ თვალსაწიერიდან გასაგებია, თუ რატომ იყო საჭირო საქართველოს ამ ლამაზი კუთხის მიწისქვეშა გვირაბებით დაქსელვა, იქ ბომბდამშენების გუგუნი და ამ ყველაფრის ისეთი ბურუსით შენიღბვა, დღემდე რომ ვერავინ გაფანტა.

საიდუმლო ყოფილი აეროპორტის ტერიტორია საღამოს დავტოვეთ. მზე ანგარების ძირში ჩაესვენა. მანქანის უკანა შუშიდან კვლავ დავიწყე ბალახით დაფარული ანგარების დათვლა, მაგრამ მაინც ვერ დავთვალე.

ნელი ვარდიაშვილი