როგორია პირველი ლედის როლი პრეზიდენტის ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

როგორია პირველი ლედის როლი პრეზიდენტის ცხოვრებაში

პირველი ლედი - რა მოვალეობები აქვთ და რა გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე პირველი სახელმწიფო პირების მეორე ნახევრებს - ამაზე ვესაუბრეთ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

- მსოფლიოში ზოგიერთი პირველი ლედი ქმარს ჩრდილავდა თავისი აქტიურო­ბითა და ხალხის სიყვარულით, თუმცა პასიური პირველი ლედიც ბევრი გვინახავს.­ იყო ერთი პირველი ლედი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი პრეზიდენტის­ გვერ­დით, ინტელექტუალურად ძლიერი ქალი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა­ პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიღებაში­ - ნენსი რეიგანს ვგულისხმობ. ასე რომ, როგორი უნდა იყოს პირველი ლედი, სტანდარტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დაუწერელი კანონივითაა, პირველი ლედი, ძირითადად, თავის თავზე იღებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, მით უმეტეს ქალების, ბავშვების, ავადმყოფების, გაჭირვებულების და ა.შ., ოღონდ ამას არავინ ავალდებულებს, უბრალოდ, ეს საქმიანობაა წინ წამოწეული, რადგან პირველ ლედის სურს გამოიყენოს თავისი მაღალი სტატუსი და შესაბამისად, რომელ მინისტრსაც არ უნდა სთხოვოს თანადგომა კეთილ საქმეში, უარს არავინ ეტყვის. აი, ასეთი ადამიანური და არა იურიდიულად განმტკიცებული გავლენის ფენომენის მატარებლები არიან სახელმწიფოს პირველი ქალები, მაგრამ რომ გადმოვიხედოთ, ჩვენკენ, მიჭირს მკაფიო ანალოგის მოძებნა.

2-1698001177.jpg

პრეზიდენტობის ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა შევარდნაძეს და შესაბამისად, მისი მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველი ლედი, მაგრამ ეს სწორედ ის მაგალითი იყო, როდესაც პირველი ლედი მხოლოდ თავისი საქმიანობით იყო დაკავებული, ჟურნალს ხელმძღვანელობდა და შორს ეჭირა თავი პოლიტიკისგან. რამდენიმე ინტერვიუ ჩამოართვეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აქტუალურ თემებზე და მერე ეს სალაპარაკო გახდა, იმიტომ, რომ რამდენჯერმე არაკორექტული რამ თქვა - იმ ტიპისა, 8 ლარად შეიძლება ოჯახის რჩენაო... ეს იმ ქალის ფრაზა იყო, რომელსაც რეალურად სამეურნეო საქმიანობაზე ფიქრი, ალბათ, არც დასჭირვებია.

1-1698001176.jpg

- ქრონოლოგიურად მივყვეთ: პირველი ლედი ნანული შევარდნაძემდე მანანა გამსახურდია იყო.

- კი ბატონო, მანანა გამსახურდია იყო პირველი ლედი, ოღონდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კულისებში იყო ორი ქალი... პოლიტიკურ კულისებში-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ისინი აქტიურები იყვნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მერე ხან პრეზიდენტს, ხანაც მას დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს სთხოვდნენ შესრულებას, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამას ხშირად უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა.

7-1698001176.png

- რას გულისხმობთ?

- საერთოდ, როცა ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და მათ შესრულებაზეც ზრუნავს, სულერთია, პირველი ლედი იქნება, პრეზიდენტის ცოლისდა, შვილი თუ ბიძაშვილი, ეს უკვე ორხელისუფლებიანობისმაგვარ სიტუაციას ნიშნავს - სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიმღები ორი პირი არ არის მისაღები. მაგალითად, ნენსი რეიგანი გადაწყვეტილებას­ კი იღებდა, ოღონდ ქმარს აცნობდა თავის მოსაზრებებს, თორემ პრეზიდენტის გვერდის­ ავლით გადაწყვეტილებების გაორება არ ყოფილა. თუ ეთანხმებოდა რეიგანი, და, როგორც წესი, ეთანხმებოდა, ხომ კარგი, თუ არადა...

ზვიადის გარემოცვაში იყო ეგ პრობლემა­ - ვიღაცებს ბრძანებებს ქალები აძლევდნენ და აჩქარებდნენ პროცესებს, მაგალითად, სამოქალაქო ომის დროს ვისთვის უნდა ესროლათ და ა.შ., მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შესაძლოა თვითონ ზვიადის ხასიათიდანაც გამომდინარეობდა. ის მორიდებული კაცი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე ძალიან შეუპოვარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავისთავად, იუმორიც ჰქონდა, ყველაფერი, მაგრამ, როგორც იტყვიან, პროცესზე რომელიმე მიმართულებით მიმწოლი არ იყო. შესაძლოა მისთვის ხელსაყრელიც იყო უფრო გაბედული და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის გვერდით ყოფნა, ამ შემთხვევაში მეუღლის. ამიტომაც, ალბათ, ზოგჯერ თვითონ ზვიადი უშვებდა წინა ფლანგზე მეუღლეს. ამასთან, მათ არატიპურ სიტუაციებში მოუწიათ ყოფნამ. ზვიადის მეუღლე გაბედული, ენერგიული ქალი იყო. ხშირია, როდესაც ცოლი ინიციატივიანია, ქმარი კარგავს ინიციატივებს. იგივე ითქმის პირველი პირის ოჯახზე.

6-1698001176.jpg

- ერთი მხრივ, ეს მამაკაცისთვის თითქოს მომგებიანი არ არის, მეორე მხრივ, ზვიად გამსახურდიას შემდგომ თითქმის ყველა პრეზიდენტი ცდილობდა რაღაც პარალელები ჰქონოდა გამსახურდიასთან და ამით საზოგადოების კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხომ იყო ასე?

- კი, მაგრამ ზვიადის მიმართ კეთილგანწყობა ოჯახის ხარჯზე არ იყო. სააკაშვილს თავის დროზე ბევრი ხმა მოუტანა სანდრა რულოვსმა, ბევრისთვის სიმპათიის მთავარი ობიექტი სწორედ ის იყო თავისი მეგრული სიმღერით, რომელსაც ევროპული აქცენტით მღეროდა და კოლორიტს ქმნიდა სააკაშვილის გარშემო, თან სიმპათიური ქალია და ამან ითამაშა როლი. ამასთან, ის თვალში საცემად არ ერეოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. შეიძლება კარს მიღმა ერეოდა, მაგრამ ისე, როგორც ზვიადის ცოლისა და ცოლისდის აქტიურობის ამბავი გამოდიოდა კულისებიდან, ასეთი რამ სანდრას შემთხვევაში არ ყოფილა. ამას რატომ მოგახსენებთ - პირველ ლედის სხვა ფუნქცია ჰქონდა სააკაშვილთან, მიუხედავად იმისა,­ რომ თუ ვინმე ჰბაძავდა გამსახურდიას და ცდილობდა ზვიადისთანა პრეზიდენტი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მიშაა, მაგრამ მეუღლის საკითხში მან სხვანაირი მოდელი შექმნა, ვიდრე ზვიადს ჰქონდა. როგორც მერე ვიხილეთ, სააკაშვილი ყველა საკითხში თვითონ ერეოდა, მომღერალს რა კაბა ეცმებოდა ან რომელი არქიტექტურული კონსტრუქცია სად უნდა დადგმულიყო. ბუნებრივია, თუ კაცი თვითონ ერევა ყველა საკითხში, ის გადაწყვეტილების მიღების უფლებას არავის მისცემს. მისთვის ყველა საკითხი სათავისო იყო.

9-1698001176.jpg

- ედუარდ და ნანული შევარდნაძის წყვილს თავისი ქარიზმა ჰქონდა... შეხმატკბილებული ჩანდნენ.

- უდავოდ, იმდენად შეხმატკბილებული, რომ ედუარდ შევარდნაძე ნანულის სიკვდილის შემდეგ აბსოლუტურად სხვანაირი იყო, გატყდა... მახსოვს, სადღაც ღია ცის ქვეშ იყო ღონისძიება. მე მაშინ პრესმდი­ვანი ვიყავი და ჟურნალისტები მომადგნენ, ინტერვიუ გვინდა ნანულისთანო. მივედი, ერთად იდგნენ ედუარდი და ნანული, ინტერვიუ უნდათ ჟურნალისტებს-მეთქი. ედუარდი მოემზადა, თქვენთან არა, ქალბატონ ნანულისთან-მეთქი. კაი კაცოო, გაუკვირდა. მოვიდნენ ჟურნალისტები, მოშორებით დადგნენ და საუბრობენ. მაშინ დავაფიქსირე, მანამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება, შევარდნაძე თვალს ადევნებდა, თუ როგორ იძლეოდა ნანული ინტერვიუს და შეყვარებული ბიჭის სახე ჰქონდა - ჩემზე მათი ურთიერთობა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მგონი, პარალელი იძებნება ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს შორის - ისევე როგორც ნანულის არ ჰქონდა გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ანალოგიურად, ივანიშვილი პოლიტიკაში იყო, ოღონდ მისი მეუღლე პოლიტიკაში არ ჩარეულა, თუმცა ყველა საზეიმო სიტუაციაში ივანიშვილს მეუღლე გვერდით ჰყავდა. მეუღლესთან ურთიერთობა ინტენსიურად ჰქონდა საჯარო სიტუაციებში, ოღონდ გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკური აქტივობის დროს, ისევე როგორც შევარდნაძესთან, ივანიშვილთანაც მეუღლის ფიგურა არ ჩანს. გარდა იმისა, რომ მეუღლისა და მისი გარემოცვის გვერდით კეთილგანწყობილი ახალგაზრდა ქალი დგას.

margvela1.jpg

- მაია ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილზე რას მეტყვით?

- რა გითხრათ, ბუნდოვანი იყო ჩიჩუას როლი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, მაგრამ პოლიტიკური გააქტიურება ყოფილი პირველი ლედის უფრო შეიმჩნევა მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტი აღარ არის. მას შემდეგ მარგველაშვილი უფრო აქტიურად ერთვება სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში, სადაც მისი მეუღლეც ხშირადაა. მედიაში ხშირად ფიგურირებს მისი ინტერვიუები პოლიტიკის საკითხებზე, ისეთივე პოზიციის, როგორიც მის მეუღლეს აქვს.

საზღვარგარეთს თუ გადავხედავთ, სილამაზის სიმბოლო იყო პირველი ლედი, კენედის მეუღლე ჟაკლინ კენედი, რომლის ფუნქცია ის იყო, რომ დაემშვენებინა კენედი,­ მის გვერდით მომხიბლავი ქალი ყოფილიყო...