„ფილმში უცხოეთში გასახლებული ქართველების მწარე ხვედრია ნაჩვენები“ - კვირის პალიტრა

„ფილმში უცხოეთში გასახლებული ქართველების მწარე ხვედრია ნაჩვენები“

ათიოდე დღის წინ სტამბოლში­ ძალიან ლამაზი საღამო გაი­მართა­ - საღამო, რომელიც გაჯერებული იყო ცრემლიანი სიხარულით და სამშობლოს მონატრებით! იქაური ქართველები დიდი სიყვარულით შეხვდნენ მსახიობებს, რომლებმაც სტამბოლში ერეკლე ბადურაშვილის ფილმ "ხიდის" ჩვენება გამართეს. ამ დაუვიწყარ საღამოზე­ მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე­ მოგვითხრობს:

- 13 ოქტომბერს სტამბოლში დაუვიწყარი საღამო გაიმართა: მაყურებელს ვაჩვენეთ ფილმი, რომელშიც ქართველი და თურქი მსახიობები ვმონაწილეობთ. "ხიდი" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენებით ვეცადეთ იქაური ქართველებისთვის ნოსტალგია შეგვემსუბუქებინა. თურქეთის ყველა საინფორმაციო საშუალება წერდა, რომ სტამბოლში ქართულ-თურქული, ერთობლივი ფილმის პრემიერა გაიმართა. ძალიან თბილი რეცენზიები იწერებოდა.

ფილმს, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ვიღებდით. სიუჟეტი რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილს მე ვუამბე:­ 1960-იან წლებში საქართველოს ნიკიტა­ ხრუშჩოვი სტუმრობდა. გავრცელდა ხმა, რომ მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის გამო რამდენიმე კაცი დააპატიმრეს. ერთი მათგანი ჩემი გმირი, დავით მიქელაძეა, რომელიც იძულებული გახდა კა-გე-ბეს მარწუხებს გაჰქცეოდა და თურქეთში გადასულიყო... იმის გამო, რომ ერეკლე შარშან გარდაიცვალა, მისი საქმე რეჟისორმა გიორგი ხარებავამ განაგრძო, თანაც, გადაღებები "კოვიდის" პერიოდს დაემთხვა და ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა.

- ყველაზე მეტად რა დაგეხმარათ თქვენს პერსონაჟზე მუშაობის დროს?

- თურქეთში მცხოვრები ქართველების ისტორიები, მათი მწარე ხვედრი: დღეს თურქეთში, არაოფიციალური მონაცემებით, 5 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში. როდესაც საქართველოში რუსეთის იმპერიამ ფეხი მოიკიდა, აქედან იმპერიისთვის არასაიმედო ქართველების გასახლება დაიწყო და წლების განმავლობაში არ შეჩერებულა. იმის გამო, რომ ბევრი ქართველი სარწმუნოებით მუსლიმანი იყო, თურქად ჩაწერეს, რაც უდიდესი შეცდომა იყო. დავით მიქელაძეც სწორედ ასეთი, ცხოვრების უკუღმართობით დაჩაგრული ქართველია: ცოლ-შვილი თურქეთშიც ჰყავს და საქართველოშიც. 25 წლის შემდეგ შინ ბრუნდება და ცოლს პატიებას სთხოვს. სამშობლოში დაბრუნებულს მოკლავენ, არ აპატიებენ, რომ ბევრი რამ იცის, ხოლო მის შვილს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, "თურქს" ეძახიან - აი, ასეთი ცხოვრება აქვს გამოვლილი ყველას, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან იძულებით გაასახლეს.

მე შევეცადე ამ როლით ჩემი სათქმელი­ მეთქვა - რომ ყველა კათოლიკე "ფრანგი" არ არის, ყველა გრიგორიანელი­ - სომეხი, ხოლო ყველა მუსლიმანი - თურქი ან "თათარი"... ეს რუსეთის იმპერიას აძლ­ევდა ხელს, ყველა ქართველს, რომელსაც განსხვავებული რწმენა ჰქონდა, სხვა ეროვნებად წერდნენ ან სამშობლოდან აძევებდნენ. ეს წარმოუდგენელი უსამართლობაა, შეიძლება ადამიანმა სარწმუნოება შეიცვალოს, მაგრამ თავის სამშობლოს და ეროვნებას ვერ შეიცვლის.

- ფილმში თურქი მსახიობებიც მონაწილეობენ, ვინ არიან ისინი?

- ჩემი შვილის როლს პოპულარული თურქი ვარსკვლავი ემრე ყიზილიმაკი ასრულებს. ფილმის გადაღებაში დიდი წვლილი შეიტანა ისმეთ აჯარიმ, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ფესვები საქართველოში, კერძოდ, აჭარაშია. ის ხიმშიაშვილების შთამომავალია, სტამბოლში უზარმაზარი დასახლება ააგო და "აჭარა" დაარქვა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ამ ფილმში ნინი ბადურაშვილი ასრულებს.

- როგორ შეხვდნენ თქვენს ჯგუფს სტამბოლში მცხოვრები ქართველები?

- მხოლოდ სტამბოლში ქართველთა რიცხვი ერთ მილიონს აღწევს. ამასიაში­, სტამბოლის ახლომდებარე სოფელში, სულ ქართველები ცხოვრობენ. ისე კი ქართველები მთელ თურქეთში არიან მიმოფანტული. ისინი დიდი სიხარულით შეგვხვდნენ! არ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ სიყვარული, ნოსტალგია... თურქეთში­ მცხოვრებ ქართველებთან მე ყოველთვის კარგი­ ურთიერთობა მქონდა და ბევრ მათგანს უთქვამს, რატომ ვართ აქ? ჩვენი­ სამშობლო ხომ გურჯი­სტანიაო. სულ ნატრობენ, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და მათ, ვისი ფესვებიც ტაო-კლარჯეთში, ქართველ მეფეთა სავანეშია, საქართველოში "თათრებს" არ ეძახდნენ!

რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეიძლება ერთმორწმუნემ გიღალატოს, დაგარბიოს, სხვა რწმენის მქონემ კი გიმეგობროს და გაგიტანოს?! რუსეთის იმპერიის დროს 200 ათასი კაცი დედაბუდიანად გადაასახლეს, აჭარა და მესხეთი დაიცალა ქართველებისგან. დოკუმენტურ ფილმს ვიღებ, რომელსაც ჰქვია "დიდაჭარა - დიდი წიგნი". ვეცდები ამ ფილმში ვაჩვენო, თუ როგორ შეიცვალა ჩემი აჭარა მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ აქედან საუკეთესო პატრიოტი ქართველები გააძევა!

- მშვიდი და დალაგებული სიტუაცია არც დღეს გვაქვს... როგორ ფიქრობთ, ამ არეულ, დაძაბულ დროში, რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ, რათა გადარჩეს?

- ჩვენი წინაპრები სულ ცდილობდნენ გავეშებულ დიდ იმპერიებს ხელიდან დასხლტომოდნენ და როგორმე თავი გადაერჩინათ. დღეს ჰაერივით გვჭირდება ეროვნული ძალა, რომელიც ჩვენი ერის გამრავლებაზე, მის კეთილდღეობაზე იფიქრებს. სწორედ ასეთი ძალა უნდა იყოს ქვეყნის სათავეში. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მაინც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, რადგან იქაური სოფლები თანდათან იცლება. სადაც ჩვენ არ ვიქნებით, იქ სხვები დასახლდებიან და გამრავლდებიან - ამის მიხვედრას რა დიდი ექსპერტობა და პოლიტიკოსობა უნდა?!

- თქვენს ფილმს დავუბრუნდეთ: თბილისში­ როდის გაიმართება მისი ჩვენება?

- 17 დეკემბერს ერეკლე ბადურაშვილის­ დაბადების დღეა. განზრახული გვაქვს ფილმის ჩვენება ამ დღეს დავამთხვიოთ და ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები, ხელოვანები, მედია - მოკლედ, ყველა, ვინც ამ ფილმით არის დაინტერესებული.

ხათუნა ჩიგოგიძე