როგორ იცვალა ფერი მზითევმა - კვირის პალიტრა

როგორ იცვალა ფერი მზითევმა

"ვეფხისტყაოსნის" გამორჩეული გამოცემის ტირაჟზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძისთვის რომ უთქვამთ, წიგნი ამ რაოდენობით არ გაიყიდებაო, ილია გაჭირვეულებულა, თქვენ არა გწამთ ეს წიგნი. ძველად მზითევში ატანდნენ "ვეფხისტყაოსანს" და ახლაც ისე იქნება, თუ კარგად გამოვეცითო.

ძველად რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ახლა კი არც ერთი სიძე არ დასჯერდება ამისთანა მზითევსაო, უთქვამს დათიკო ერისთავს.

ტირაჟზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუკი ძველი თბილისის ცხოვრებას ამ ჭრილში განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ "ამისთანა მზითევს" მართლაც აღარავინ დასჯერდებოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალისა და ვაჟის ურთიერთობაში­ გადამწყვეტ როლს მატერიალური მხარე უფრო ასრულებდა, ვიდრე რომანტიკული.

"რა დროს დაწესდა საქართველოში­ მზითევი ან როდის შემოიღეს უძრავი საკუ­თ­რების მზითვად გატანება, ამის განსაზღვრა ზედმიწევნით ჯერ არ შეიძლება,­ მაგრამ მზითევი ტერმინად დაბადების თარგმანში გვხვდება", - წერდა ივანე ჯავახიშვილი და ამით ხაზს უსვამდა მზითვის გამორჩეულ როლს საოჯახო ყოფასა და კულტურაში.

ამ ტრადიციამ საბჭოთა წლებში ფერი იცვალა და შედეგად მზითევზე საუბრისას გაიგებდით: "ლუდოვიკო" უყიდა", "სტენკა დაუდგა", "დვარეცი აუშენა", "ჟიგული" დაუყენა", "ცალ-ცალი კალოშით მოვიდა"...

დაამახინჯეს თუ გააკეთილშობილეს, არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ცხადია, ეპოქებმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის როგორც მზითევის "შინაარსი", ასევე, ზოგადად,­ ტრადიციებიც. საინტერესოა დღეს რა როლს თამაშობს ტრადიცია ყოფიერებაში:

"400-კაციანი ქორწილი გვქონდა. ტრადიციული ქართული ცეკვა, ცეცხლოვანი რუმბაც კი დავდგით"

besia-1698002464.jpg

სოფო ბედია, მომღერალი: - ჩემმა ოჯახმა ყველანაირად დამაფასა, როდესაც­ ოჯახი შევქმენი, ერთხელაც და მეორედაც,­ არ შევრცხვენილვარ, მაგრამბებიის ბეჭედი ნამდვილად არ მქონ­ია­ მზითევში, არც ხალიჩა, არც გასახამებელი ძველებური თეთრეული.

- ქორწილი ტრადიციული გქონდათ?

- ჩემი მეორე ქორწილი ტრადიციული იყო. სიძის ოჯახი ჩვენთან მოვიდა, მერე მაყრიონთან ერთად ისევ სიძის სახლში დავბრუნდით. 400-კაციანი ქორწილი გვქონდა. ასეთ დიდ სუფრებზე ხან ჩხუბი ხდება, ხან შელაპარაკება, ჩვენმა ქორწილმა კი ძალიან მშვიდად, ლამაზად ჩაიარა. არაჩვეულებრივი თამადა გვყავდა, კოლორიტული პიროვნება, პოეტი დათო ივანიშვილი. "სმენა­ იყოს და გაგონება" ან გინდა თუ არა, 5-ლიტრიანი ყანწი დალიეო, ასეთი­ რაღაცები არ ყოფილა, შესანიშნავად თამადობდა, სადღეგრძელოს მუსიკალური ნომერი ცვლიდა, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გვეწვია, მოცეკვავეები, მომღერლები...

- პირველი ცეკვა სიძე-პატარძალმა შეასრულეთ?

- არამარტო ტრადიციული ქართული ცეკვა, ცეცხლოვანი რუმბაც დავდგით, ცეკვისას სიძეს კინაღამ ხელიდან გავუვარდი, მაგრამ არ შემიმჩნევია ისე გამოვძვერი სიტუაციიდან, მეგრულად, სხარტად... მას მერე ლამაზი 10 წელი გავიდა...

- მართალია, რაღაც ნივთები არ მოხვდა­ თქვენი მზითვის ნუსხაში, მაგრამ მაინც ტრადიციული ყოფილხართ.

- რასაკვირველია. მეგრულ ოჯახში გავიზარდე და განსაკუთრებულად ვიცით სტუმრის მიღება, გამასპინძლება, სულ რომ არ შიოდეს, სუფრა მაინც უნდა გაუშალო, მოემსახურო. რა თქმა უნდა, ღიმილი აუც­ილებელია. მოკლედ, უნდა გაახარო სტუმარი და ხარობდე სტუმრის მიღებით - ეს ჩემთვის მართლა დაუწერელი კანონივითაა.

მე მიყვარს ხარისხიანი იუმორით გაზავებული ურთიერთობები, რასაც ჩემს მეუღლეს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს, გვახარებს და გვახალისებს. ყველას უხარია ჩვენთან სტუმრობა, ეს მნიშვნელოვანია.

- მეგრული თუ ასწავლეთ მეუღლეს?

- მიშამ ჩემზე კარგად იცის მეგრული. მე ხომ მეგრელი დედამთილი მყავს, თვითონ მიშა სოხუმელია, მეგრულ ტრადიციებზეა გაზრდილი. დიდი პლუსია, დედამთილიც რომ მეგრელი მყავს. ერთი სულისკვეთება გვაქვს, ვმეგობრობთ, მეგრელებს როგორ გვიყვარს ერთმანეთი, ეგ ცალკე თემაა. ნამდვილად სატრაბახოდ გვაქვს ეგ ამბავი.

ბავშვებსაც ტრადიციულად ვზრდი. ზრდილობიანები უნდა იყვნენ, ადამიანები უყვარდეთ, მადლობა და ბოდიში იცოდნენ, კომუნიკაბელური, თბილი და კარგად აღზრდილები იყვნენ, ეს მთავარია. როგორც ჩემმა მშობლებმა გამზარდეს, ისე ვზრდი შვილებსაც, ცოტა მეტ თავისუფლებას ვაძლევ, ვიდრე ჩვენ გვაძლევდნენ, მაშინ სხვა დროც იყო... 90-იან წლებში არ იყო სიმშ­ვიდე. ახლა ჩვენი შვილები, ღვთის წყალობით, მშვიდობიან ქვეყანაში იზრდებიან. ოჯახშიც შესაფერისი გარემო აქვთ, სოცი­უმიც, კარგ ადამიანებად რომ გაიზარდონ. ჩემთვის ეს არის უმთავრესი, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ, პირველი ადამიანობაა. უფროს ბიჭს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სიმღერა მისი საქმე არ არის. უფრო კომპიუტერული პროგრამები აინტერესებს, იუთუბერია, ანიმაციების კეთება მოსწონს, რეჟისორობა სურს. უმცროსს, ანდრიას, სმენა აქვს, სიმღერაც შეუძლია, მაგრამ ფეხბურთი იტაცებს. კვარაცხელიას ფანია. კარგი მონაცემები აქვს და ღმერთმა ქნას, განავითაროს. ორივეს ხელს ვუწყობ, რომ ჩანაფიქრი აისრულონ, ასახელონ საქართველო, ჩვენი ტრადიციები.

"ვისაც საშუალება აქვს, მზითევში შვილს ბევრ რამეს ატანს, ვისაც არა - სიყვარულს"

ekakvaliashvili3045-1698002464.jpg

ეკა კვალიაშვილი, მომღერალი: - ჩემი შვილი რომ გათხოვდა, სახლისთვის რაც სჭირდებოდა, ის ავეჯი გავატანე. ვისაც საშუალება აქვს, შესაძლოა უფრო მეტს აკეთებს, ვისაც არა, სიყვარულს ატანს.ტრადიცია არ ნიშნავს აუცილებლობას. არაფერს ვეთანხმები, რაც ვალდებულს მხდის. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ადამიანების მოგონილია და ამიტომ თავს არ ვიბოჭავს­ ასეთი რაღაცებით. როცა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება საქმე, მაშინ ყველაფერს იზამ, მაგრამ სხვა დროს ჯობს თვითონ ახალდაქორწინებულები გაისარჯონ, მშობლები კი მიეხმარებიან. დედაჩემმა და მამაჩემმაც ასე დაიწყეს, 4 ჩანგალი, 4 ჭიქა, 4 კოვზი ჰქონდათ და იმხელა ოჯახი შექმნეს... არ მახსოვს, ერთ ან მეორე ბებიას მანქანები მოეყენებინოთ და მზითევი გადმოეცალოთ. თვითონ შექმნეს ყველაფერი. უფრო მეტად აფასებდნენ ერთმანეთის შრომას და მთელი ცხოვრება გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.

წელებზე ფეხი დავიდგა და კერძო სახლი ვუყიდო შვილს, ან სიძეს აუცილებლად მანქანა დავუყენო, ასეთი რაღაცები ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა წრეგადასულად მეჩვენება.

"შემიძლია ვთქვა, რომ მზითევი არ მქონია..."

natuka-1698002463.jpg

ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი: - ერთი ჩემი ბებია დედის მხრიდან მარო თარხნიშვილი იყო, მამის მხრიდან - ეკატერინე მაყაშვილი. ის ტრადიციები, რაც ქართველებისთვის არის ფასეული, წარმოუდგენელია, ბავშვობიდანვე არ ყოფილიყო ჩემი თანამგზავრი. ტრადიციებს დღემდე ვიცავ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მომწონს და არ აქვს გამართლება.

- მაგალითად?

- ჩემთვის არ აქვს გამართლება 500 და 600-კაციან ქორწილებს, უზარმაზარი ვალის აღებას, მოტივით "რას იტყვის სხვა". ასევე მიუღებელია ქელეხის ტრადიცია, რომელსაც დღეს ქეიფის ფორმა მიეცა. ქელეხს სხვა დანიშნულება ჰქონდა ჩვენთან, ეს იყო პატივისცემა იმ ადამიანების, ვინც შორიდან მოდიოდა მისასამძიმრებლად და მიცვალებულის პატივის მისაგებად.

რაც მიყვარს ტრადიციაში და რაც ჩემთვის ძვირფასია დიდი ბებიის სახსოვარი ნივთებია. ერთი ნივთი მაჩუქეს, როდესაც სკოლა დავამთავრე, მეორე, უმაღლესში რომ ჩავაბარე, მესამე, როდესაც შვილი გავაჩინე. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ მზითევი არ მქონია...

ცნობილმა მებაღემ მიხეილ მამულაშვილმა ბებიაჩემს, ეკატერინე მაყაშვილს, გამხმარი ყვავილი აჩუქა წარწერით "ჩვენი მეგობრობის სამახსოვროდ", მეგობრობის 30-ე წლისთავზე. ეს ყვავილი დღესაც ჩარჩოში ჩასმული მიკიდია. ჩემთვის ეს უფრო ფასეულია, ვიდრე ძვირფასი ბეჭდები.­ როცა პირველი სტიპენდია ავიღე, დედას ბეჭედი ვუყიდე, შემდეგ ის ვერცხლის ბეჭედი დედაჩემმა ჩემს შვილს უსახსოვრა, როდესაც სტუდენტი გახდა. ეს, ალბათ, ტრადიციად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაფერს, რასაც ხედავ ოჯახში, რაც მოგწონს, იმას იტოვებ, რაც არა, შეგიძლია შეცვალო. მე მაინც ვფიქრობ, ქართველები ვართ და ტრადიციას ბოლომდე ვერ წავშლით, თუმცა მსუბუქი, ცოტა სახეშეცვლილი შეგვიძლია შევინარჩუნოთ. ჩემთვის ტრადიციაა ჯვრისწერა და არა ხელის მოწერა.მე შესაძლოა ჩემს შვილს მაინცდამაინც ქორწილში არ ვაჩუქო "ვეფ­ხისტყაოსანი", ბიბლია და სხვა წიგნები, თორემ, რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ჩვენს ოჯახებშიც ინახება. ჩემში აგრესიას იწვევს ლომისობის მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. საფლავებზე ჭამა-სმა ჩემთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს მეკვლეობის ტრადიცია. არ მიყვარს მიკროფონიანი თამადები. ერთად­ერთი შვილი მყავს და როცა დაოჯახდება, აუცილებლად ვუსახსოვრებ რაღაცას.

დღეს მზითვის ფორმა შეიცვალა, ორი უკიდურესობაა: შეიძლება ერთმა მხარემ ბინის გასაღები აჩუქოს, მეორემ მანქანის გასაღები. შეიძლება რაც იმწუთას სჭირდებათ, ის აჩუქო. ახლა მკვიდრდება ასეთი ტრადიცია, ახლობელს ეკითხები, რა სჭირდება, რომ აჩუქო, ისეთი რამ, რაც გამოადგება, გაუხარდება.

ყველაზე ფასეულია მთელი გულით ნაჩუქარი ნივთები, რომელიც თაობებს დარჩება. მაგალითად, მაქვს ზარდახშა, რომელიც ადრე ჩემს ბებიასა და დედას ჰქონდათ, ახლა ჩემია, მე კი ჩემს შვილს ვუსახსოვრებ. კი, ქორწილშიც გვაჩუქეს ოქროს ნივთები, მაგრამ 90-იანების შემდგომ მათი უმრავლესობა ლომბარდში წავიდა. შთამომავლობითი საჩუქარი ყველაზე ძვირფასია.

- მსმენია, ადრე მზითევში პენუარები მიჰქონდათო...

- ისეთი პენუარები იყო, რომ ჩაიცვამდი, გფხაჭნიდა. ახლა ახალშეუღლებულებს საჭირო ნივთებს ჩუქნიან, თანამედროვესა და პრაქტიკულს.