ლეჩხუმი - არქეოლოგიის ყამირი
ჩვენი ქვეყანაც უძველესი მეტალურგიის კერაა. თუმცა მხოლოდ ცოდნა როდია საკმარისი, რათა რაც ჩვენია, სხვამ არ მიიწეროს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი ნინო სულავა იხსენებს, ვლადიმირ პუტინმა სოჭის ოლიმპიადაზე მთელ მსოფლიოს როგორ გამოუცხადა, რომ არგონავტები რუსეთში (სოჭში) ჩავიდნენ ოქროს საწმისისთვის, და არა კოლხეთში. დრონი მეფობენ და არა მეფენი - უსათუოდ მოვა ჩვენი დროც. მანამდე საქმე ისე უნდა ვაკეთოთ, რომ ეს დრო მალე მოვიდეს. ნინო სულავამ გერმანიაშიც იმუშავა, რათა მეცნიერებისათვის უძველესი კოლხური კონტაქტები (ფიბულები) გაეცნო. იქვე ის სამეცნიერო ლიტერატურაც შეისწავლა, რომელიც ამ უძველეს კონტაქტებს ადასტურებს, გარდა ამისა, უძველეს კვალსაც ეძებდა, თუ როგორ ურთიერთობდნენ ჩვენი წინაპრები მეტალურგიის საშუალებით უძველეს კაცობრიობასთან. მანვე შეკრიბა ქართველი მეცნიერების გუნდი და დაუკავშირდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ბრაიან გილმორს და მასთან ერთად ლეჩხუმში უძველესი მეტალურგიული ძეგლები გამოავლინა და შეისწავლა, - აქ სპილენძს ამუშავებდნენ! სახელოსნოები, რითაც საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი მდიდარი ეპოქა გაიხსნა: ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ჰქონდათ "ძველ ლეჩხუმელებს" სპილენძისა და რკინის სახელოსნოები, რათა ეცხოვრათ, ებრძოლათ და მსოფლიოსაც გასცნობოდნენ. ყოველ შემთხვევაში, კოლხეთში მოსულ არგონავტებს ძალიანაც გაუკვირდათ ( ძვ. წ. VIII ს-ში აღწერა ჰომეროსმა), რამხელა სიმდიდრე აქვთ კოლხებს, მეფე აიეტის მონა სპილენძის ცულით აპობს, მეფის მხედრებს კი სპილენძის მუზარადები ახურავთო. ასე იდგა კოლხური ბრინჯაოს კულტურის ზეობისა და აყვავების ეპოქა.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მიფიქრია, რაც თქვენ, მეცნიერებს, ალბათ, ზუსტად შეფასებული გაქვთ: როგორ, რა ძალებით აყვავდა ქრისტემდე 13 საუკუნით ადრე კოლხური კულტურა, რომელსაც ბრინჯაოს კულტურა ერქვა? მსგავსი რამ შუა საუკუნეებში დავითისა და თამარის დროს გვქონდა და შემდგომ, სამწუხაროდ, აღარასოდეს.
- ეს ყველაფერი მაღალგანვითარებული მეტალურგიის დამსახურებით აყვავდა. იცით, ეს რას ნიშნავდა ამ ეპოქაში? დაახლოებით იმ სახელმწიფოების ძლიერების ეკვივალენტი იყო, რომელთაც დღეს ატომური ბომბი აქვთ. ეს კულტურა ქრისტემდე II ათასწლეულში უკვე განვითარებული იყო საქართველოს დასავლეთსა და მის მიმდებარე: ქართლის ნაწილში თურქეთსა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში!
- იმხელა ტერიტორიაა, შეუძლებელია აღტაცება არ გამოიწვიოს.
- დიახ, სწორედ ასე იყო. სწორედ მაღალი მეტალურგიული კულტურის საფუძველზე მიმდინარეობდა ურთიერთობები დანარჩენ კაცობრიობასთან. რის შესახებაც არაერთ ნიშანს ნახავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ საოცრად საინტერესოა "ფანტასტიკური ცხოველის" გამოსახულება, რომელსაც არაერთი სტატია მივუძღვენი უცხოეთშიც, არის ხალხი, რომელთაც მთელი სიცოცხლე შესწირეს იმას, რომ ამ კულტურის შესახებ დღევანდელ კაცობრიობას გაეგო. ასეთი იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძეც. სწორედ ამიტომ გამამგზავრა გერმანიაში, რათა ასეთი კავშირები მეკვლია. ბევრი საინტერესო რამ აღვწერე ევროპასთან იმდროინდელ კონტაქტზე. ეს არ არის მარტივი სამტკიცებელი, მაგრამ შეგვიძლია არქეოლოგიური მასალის გავრცელებით ვიმსჯელოთ. მაგალითად,კოლხური უძველესი ნივთები დღეს აღმოჩენილია ეგეოსის კუნძულზე, სამოსზე კოლხური გამოსახულების იდენტური გამოსახულებებია ჩრდილოეთ იტალიასა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე. ერთსა და იმავე რამეს ვხედავთ დედამიწის ორ სხვადასხვა ადგილას.რაც შეეხება ლეჩხუმში სპილენძის სახელოსნოების აღმოჩენას, ამაში დახმარებისათვის ჩვენი მადლიერება ნამდვილად ეკუთვნის ოქსფორდის უნივერსიტეტსა და მის პროფესორს ბრაიან გილმორს. ის საკუთარი ხარჯით ჩამოდის და საკუთარი ხარჯითვე, წესების სრული დაცვით, მიაქვს ჩვენი მეტალურგიული ნიმუშები ოქსფორდში ანალიზების ჩასატარებლად. დადგინდა, რომ ლეჩხუმის მთებში ქრისტემდე 13 საუკუნით ადრე იყო სპილენძის სახელოსნოები.
- უცებ წარმოვიდგინე, 3000 და მეტი წლის წინ ლეჩხუმში ჩემი წინაპრები, რომლებიც ქვის ქანებიდან წერაქვებით იღებენ სპილენძს, მერე ადნობენ და მრავალ ნაკეთობათა შორის საყვარელ ქალებსაც უმზადებენ სამკაულებს. მაგრამ ბრაიან გილმორს, ამ უცხოელს, რატომ უნდა აინტერესებდეს ჩვენი სპილენძი?
- გილმორი მეცნიერია, მთელ მსოფლიოში იკვლევს მეტალურგიას, მათ შორის, კავკასიაშიც. ჩვენი მეცნიერების შრომებსაც კარგად იცნობს და ერთ-ერთი პირველი დაფიქრდა, თუ რატომ არის მოხსენიებული კოლხურ მეტალურგიაში, ძირითადად, რკინა და არა სპილენძი. არადა, ეს მართლაც არაბუნებრივია, - ჩვენ ვართ უძველესი მეტალურგები, გვაქვს სპილენძის უამრავი არტეპაქტი ე.ი. სპილენძსაც აუცილებლად ვამუშავებდით, ის ხომ რკინაზე ადრე არსებობდა. რატომ არის ჩვენს ისტორიაში მხოლოდ რკინის სადნობი სახელოსნოები მოხსენიებული და სპილენძის ეპოქა, ფაქტობრივად, გამოტოვებულია. ამიტომაც ჩამოვიდა გილმორი ოქსფორდიდან და წაიღო ნიმუშები აჭარა-გურიის რკინის უძველესი სახელოსნოებიდან. იცით, რა აღმოჩნდა? აჭარა-გურიაში მეტალურგიული სახელოსნოების დიდი ნაწილი სწორედ სპილენძს ამუშავებდა და არა რკინას. მაგალითად, ოზურგეთში: ნაგომარი ასკანა, მშვიდობაური, ცეცხლაური... სულ სპილენძის სახელოსნოები იყო. აი, ასე შეივსო ჩვენს ისტორიაში სპილენძის "გამოტოვებული საფეხური". მათ შორის, ლეჩხუმში, რომელიც არქეომეტალურგიაში ყამირად ითვლებოდა.
- თანაც სპილენძი გაცილებით ნაზია, ვიდრე რკინა. ამიტომ ჩვენი წინაპრები ბევრად მეტ და ნატიფ ნაკეთობას დაამზადებდნენ, ვიდრე რკინით. რკინა შეიძლება უფრო დიდი საქმეებისთვის ჰქონდათ გამიზნული.
- რა თქმა უნდა. ინგლისელებთან ერთად რამდენიმე ექსპედიციაში ვიმუშავეთ და ვხედავდით მათ აღფრთოვანებას, რასაც ვპოულობდით, იმის გამო. ლეჩხუმში, სოფელ დოღურეშში, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე ვმუშაობდით. წინასწარი დაზვერვებით, სწორედ ეს ადგილი ჩანდა არქეოლოგიურად მდიდარი და ასეც აღმოჩნდა. რატომ ლეჩხუმი? ჩვენს ექსპედიციაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა დოღურეშელმა მითხრა, ამ ადგილებში 90-იან წლებში სპილენძის 9 ზოდი იპოვეს, ბათუმში წაიღეს და გაყიდესო.
- არ მიკვირს. მსგავს ფაქტებს, სამწუხაროდ თანამედროვე შავ არქეოლოგიაში დღესაც ვაწყდებით. გატაცებული ზოდების შემქმნელი, ალბათ, დოღურეშის ერთ-ერთი უძველესი სახელოსნოდან იქნებოდა.
- არქეოლოგების ვარაუდით, ცხეთადეხვირის ტერიტორიის სახელოსნოდან, სადაც ბრინჯაო, სპილენძის ზოდი და უნიკალური ყალიბია აღმოჩენილი, Aამ ყალიბში აბზინდების შესამკობელს ამზადებდნენ. შესაძლოა აბზინდებიც აქვე მზადდებოდა.
დოღურეშში მხოლოდ ერთ ადგილას კი არა, სამგან არის სპილენძის სახელოსნოები, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ქურის საბერავი კერამიკის მილიც იქვე ვიპოვეთ. მილიდან ქურაში ჰაერი შედიოდა და ცეცხლს აჩაღებდა. წიდებში წაბლის ნახშირიც აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ იქ წაბლის ტყეც იყო მადნის სადნობი ცეცხლის გასაჩაღებლად. ახლაც არის ფოთლოვან ტყეში შერეული წაბლის ხეები. ასე რომ, სახელოსნოებში დიდი მუშაობა იყო. სახელოსნოებს ხევების პირას აკეთებდნენ, რადგან ხევში მდინარეა, ხოლო სპილენძს ზედმეტი მინარევებისგან სწორედ წყალი რეცხავს დნობისას. დოღურეშის ხევში დღესაც მიედინება დოღურეშის წყალი. რა თქმა უნდა, იქვეა თიხაც ღუმელისათვის - ანუ ყველაფერია, რაც მეტალურგიას სჭირდებოდა. ამიტომაც არის აქ 30 უნიკალური არქეომეტალურგიული ძეგლი!
- რატომ მთებში? ბარში არ არის სპილენძი?
- გეოლოგიურად სპილენძის მადანი სწორედ ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზეა ჩალაგებული. ამ ძარღვებს მდინარეები აშიშვლებდა და ხალხი ამუშავებდა. სპილენძის ქანები დღესაც ძარღვებად არის განლაგებული ჩვენს მთებში. მოპოვებულ სპილენძს იქვე ადნობდნენ. სხვათა შორის, რკინის სახელოსნოებიც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ორს მივაკვლიეთ. ეს ადასტურებს, რომ სპილენძი უფრო მეტად იყო საჭირო. ლეჩხუმში სხვანაირი სახელოსნოც გამოვლინდა, ვიდრე, სხვაგან კოლხეთის კულტურაში, თუნდაც აჭარა-გურიაში. ლეჩხუმში სპილენძის სადნობად გამოყოფილია აუზისმაგვარი მოედანი, რომლის იატაკი დაფარულია ცეცხლგამძლე თიხით, ხოლო კედლები ქვის ყორით არის ამოყვანილი. სწორედ ამ განსხვავებით განცვიფრდა ჩვენი ინგლისელი არქეოლოგი, ეს საქართველოს ტერიტორიაა და ასე განსხვავებულად ლითონს როგორ ადნობდითო.
- მაგრამ ჩვენი ძალაც ხომ ჩვენს მრავალფეროვნებაშია.
- უსათუოდ. ლეჩხუმის ამ კვლევებმა მთელი კოლხური ბრინჯაოს კულტურის ისტორია სპილენძით შეავსო. რაც აქამდე არ იყო ცნობილი, ის აღმოვაჩინეთ - რომ ჩვენი პრეისტორიული წინაპრები ამ ტერიტორიებზე რკინასთან ერთად დიდი რაოდენობით სპილენძს ადნობდნენ. ეს აღმოჩენა სიახლეა, ამიტომ მოითხოვს სამეცნიერო კვლევებს. ჩვენი ისტორიისთვის ეს ის რგოლია, რომელიც აკლდა. საბედნიეროდ, ჩვენ ის ვიპოვეთ და შევავსეთ.