რბილი „ლ“ და მთელი სამყარო - კვირის პალიტრა

რბილი „ლ“ და მთელი სამყარო

"ლ"-ს "სილბოზე" ზოგს ნერვები ძალიან ეშლება, ზოგს სულ ცოტათი და ზოგსაც საერთოდაც არა. მინდა იცოდეთ, რომ აი, ამ ბოლო კატეგორიაში თავადაც შევდივარ. თუ მაინცდამაინც მკითხავთ, როგორ, ეს "ლ" შენზე არ მოქმედებსო? გიპასუხებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ე.წ. მეგრულ ანუ ორგანულ "ლ-ს" ეხება, მაგრამ თუ იმ მეტყველებაზეა საუბარი, რაც "მოდაში შემოვიდა" და ერთგვარად ბლაგვი "ლ-ს" წარმოთქმას გულისხმობს, მოქმედებს და თანაც როგორ, თანაც, როგორ "გაჯეჯილდა" ეს "ცხელკარტოფილიანი" "ლ", სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან წააწყდებით. ჰოდა, ამ "ლ"-სა და საერთოდ, რბილი "ლ-ს" შესახებ სასაუბროდ სპეციალისტს მივმართე, - მუსიკოლოგ ანა გოშაძეს. ნუ გაიკვირვებთ, მეცნიერების ასეთი დარგიც არსებობს. ის მეტყველებისა და მუსიკის კავშირს სწავლობს.

- ქალბატონო ანა, სასიამოვნოა, რომ თქვენი პროფესია სამეცნიერო ასპარეზზე­ სერიოზულად გამოჩნდა. რა კავშირშია ის მეტყველებასთან, თუნდაც მის დამახინჯებასთან?

- სამეტყველო აპარატში ბგერათა ცვლილება, სიმღერა იქნება თუ მეტყველება, ტვინში ცვლილებასაც ასახავს. ალბათ, თქვენც გაგიგონიათ გამოთქმა, ნეტავ ამ ადამიანის ტვინში ჩამახედაო - "ტვინში ჩახედვის" უმოკლესი გზა სწორედ ადამიანის ბგერით-ხმოვან აპარატზე გადის.

- ანუ როდესაც ჩვენ ინტონაციებს ვცვლით, ჩვენი აზრებიც იცვლება?

- დიახ, როგორც დნმ ანალიზის მიხედვით არის შესაძლებელი ადამიანის გენეტიკის დადგენა, ასევე შესაძლებელია არტიკულაციის, სამეტყველო აპარატის მიხედვით. მშობლიურ ენაში თუნდაც რაიმეს შეცდომით გამოთქმისას შეიძლება დადგინდეს ადამიანის მიკუთვნებულობა რომელიმე რასისადმი.

- არ გამიკვირდება, რადგან მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი უცხოელი ქართველებმა "სულიკოს" სიმღერისას ამოიცნეს. ქართული ენა არ იცოდა, მაგრამ სიმღერას იმდენად კარგად მღეროდა, იმდენად გასწორებული ჰქონდა სამეტყველო აპარატში ბგერები, უთხრეს, შენ უსათუოდ ქართული წარმოშობის იქნებიო. შემდეგ საქართველოში გენეტიკური ნათესავებიც უპოვეს.

- ეჭვიც არ მეპარება. თუმცა, როდესაც საუბარია სამეტყველო ინტონაციის დროებით ცვლილებაზე, ამაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, რადგან ენა ცოცხალი ორგანიზმია და მყისიერად უბრუნდება თავის წიაღს. თუმცა, თუ სამეტყველო აპარატში რაიმე ცვლილება მყარად გაგრძელდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ცვლილება ტვინმა სერიოზულ საფუძველზე მიიღო. თუ რა არის ასეთი საფუძველი, მსჯელობის საგანია. ახალგაზრდების მეტყველებაში მოდად შემოვიდა და უკვე დამკვიდრდა რბილი, უფრო სწორად, "ბლაგვი" "ლ" და ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მეტყველების თვისებრივი შეცვლისთვის ემზადება, რაც განპირობებულია უამრავი გლობალური ფაქტორით: ინგლისური ენის მასობრივი გავლენით, აჩქარებული დროითა და უფროსების ცუდი მაგალითებით, გარემო ფაქტორებით. ეს სერიოზული საფიქრალია ქვეყნისათვის.რაც შეეხება მეგრულ რბილ "ლ-ს", ვფიქრობ, ის ორგანული ნაწილია მეგრულისათვის და იმდენად ჰარმონიულად "ზის" მასში, რომ ყურს არ ეხამუშება. არც უნდა ეხამუშებოდეს, რადგან თითოეული უძველესი კილოკავი და ინტონაცია გასაფრთხილებელია.

- მეგრულ "ლ"-ზეც გამიგონია, ასეთი რა მოხდა, რომ ვეღარ შეცვალეს, ძალიან ცუდად ხვდება ყურსო.

- ისე, რბილი "ლ" იმერულ დიალექტშიც გვხვდება და ქართლურშიც. მაგალითად, ჩემი საყვარელი ქუთაისელებიდან არცთუ ცოტა საუბრობს იმერული რბილი "ლ"-თი. უფრო მეტსაც გეტყვით - მთელ მსოფლიოში უამრავ ხალხს აქვს თავიანთ ანბანში ორგანული რბილი "ლ". მაგალითად, ინდოელებს,­ ფრანგებს, რომლებიც მეგრულ ენაზე ბევრად მეტად არბილებენ სამეტყველო ენას. დარწმუნებული ვარ, ფრანგს არ გაუკვირდება მეგრულის რბილი "ლ", ისევე როგორც ინდოელს, რომლის ენათა შრეები უძველესია და საოცარი ვარიაციებითაა შედგენილი.

უძველესობასთან დაკავშირებით კი გეტყვით, საიდან გაჩნდა მეგრულ ენაში რბილი "ლ". იქიდან, საიდანაც თავად მეგრული ენა, უძველესი დროიდან, როდესაც ენად ჩამოყალიბების პროცესი იწყებოდა. "მუსიკალურად" ბგერის შექმნის თვალსაზრისით ყველაფერი ასეა: ეს არის მომენტი, როდესაც მეგრული "ლ" უნდა გარდაიქმნას რაიმე მყარ ბგერად, რისთვისაც ის უნდა "გაუხეშდეს", "ისწავლოს" სასაზე ენის ისე მიბჯენა, რომ ჰაერის ტალღამ წარმოქმნას მყარი ბგერა, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი ვერ სრულდება. "ლ" ბგერა ამ კონდიციამდე ვერ ან არ მიდის, რაშიც, სავარაუდოდ, რაღაც გარემო ფაქტორებმა შეუშალა ხელი. ამიტომაც რჩება ისეთ რბილ თანხმოვნად როგორადაც დღეს ის გვესმის.

- ანუ მეგრული "ლ" ამ ხნის არის? ეს ხომ ათასწლეულებია?

- რა თქმა უნდა, ქართველური ენები სწორედ ათასწლეულებს ითვლის და ვითარდება. მიუხედავად ამისა, ამ პროცესების რაღაც ნაწილი ბგერა "ლ"-ს ვერ შეეხო, ისეთად დარჩა, როგორიც დღეს გვაქვს და იმდენად ჰარმონიულად არის შერწყმული მეგრულ ენასთან, რომ ყურს კი არ ჭრის, უხდება კიდეც.