წინასწარ განწირული იმპიჩმენტი, „ნაცმოძრაობის“ „რეალითი-შოუ“ და სახიფათო კანონპროექტი
სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩება, რომ მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვიოს. თუმცა ჩვენ, ქართველები, დაკავებული ვართ შიდაპოლიტიკური იწილობიწილოთი - მაგალითად, წინასწარგანწირული იმპიჩმენტებითა და შეთქმულებების თეორიით იმის თაობაზე, თუ ვინ ვისთან არის გარიგებული ან შეკრული. გასული კვირის შეჯამება დავიწყოთ იმ მოვლენებით, რომლებიც პარლამენტში ვიხილეთ.
იმპიჩმენტი, რომელიც ჩავარდა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წინ ოპოზიციის ნაწილი (მაგალითად, ალეკო ელისაშვილი და გახარიას პარტია) ავითარებდა ვერსიას, რომ "ოცნებას" "ნაცმოძრაობიდან" გადმობირებული ჰყავდა დეპუტატები და სალომე ზურაბიშვილს გადააყენებდნენ. თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა, რის შემდეგაც განვითარდა ვერსია, რომ "ოცნებას" სულაც არ სურდა სალომე ზურაბიშვილის გადაყენება და ამიტომაც არ "მოისყიდა" დეპუტატები.
რა ვნახეთ პარლამენტში 18 ოქტომბერს?! პირველ რიგში, "ოცნების" ავტოგოლები. დიახ, კობახიძეს, მდინარაძესა და სხვებს საკუთარ კარებში გაჰქონდათ გოლები და თავიანთ ამომრჩეველს საგონებელში აგდებდნენ. კერძოდ, თურმე სალომე ზურაბიშვილი არავის სურდა პრეზიდენტად, მაგრამ "ოცნებამ" მაინც გაიყვანა ამ პოსტზე და თურმე მმართველი გუნდისთვის მიუღებელი იყო ზურაბიშვილის ძველი განცხადებები აგვისტოს ომის თაობაზე.
ანუ რა გამოდის? ამომრჩეველს არ სურდა სალომე ზურაბიშვილი, დიდად არც "ოცნებას" ეხატებოდა გულზე და მაინც დასვეს საქართველოს პრეზიდენტად? ანუ უფრო უხეშად თუ ვიტყვით, მიუღებელი კანდიდატი ამომრჩეველს მოახვიეს თავზე? რა გამოდის, "ოცნება" 2018 წელს პოლიტიკური მაზოხიზმით იყო დაკავებული?
ანუ მმართველი პარტიის ამომრჩეველი რას იფიქრებს? 2024 წელს "ოცნებას" ხომ ეყოლება ისევ საპრეზიდენტო კანდიდატი (ოღონდ ის უკვე ხმოსნებმა უნდა აირჩიონ) და რა იცის ახლა ამომრჩეველმა, იქნებ იმ კანდიდატთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა აქვს "ოცნებას", მაგრამ ამირანივით გულში მღერის და სათქმელს მხოლოდ 4 წლის შემდეგ იტყვის?! ჯობდა ეთქვათ, დიახ, ჩვენ ვუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ დღეს აღარ ვუჭერთ და მიუღებლად მიგვაჩნიაო. "მოსულა" ასეთი რამ პოლიტიკაში, ვიდრე იმის მტკიცება, რომ 2018 წელსაც ყველასთვის მიუღებელი იყო ზურაბიშვილი, მაგრამ გაიტანა თავისი მმართველმა პარტიამ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პრეზიდენტი ემიგრანტების შთამომავალი და კარგი გვარიშვილია. რეალური პოლიტიკა ასე არ კეთდება და ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს ქვეყანაში, ზემოხსენებულ ტაქტიკას "ოცნება" გადაჰყვებოდა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას - პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს, უბრალოდ, უფრო მწვავედ ილაპარაკა. პროცესი დამთავრდა იმით, რომ იმპიჩმენტი ჩავარდა. თუმცა "ოცნებისა" და პრეზიდენტის ჭიდაობამ ის მოიტანა, რომ სალომე ზურაბიშვილი შედგა უკვე როგორც ოპოზიციის ახალი ლიდერი. არიან პარტიები, რომლებსაც სურთ მასთან თანამშრომლობა ("ლელო", გახარიას გუნდი, პრეზიდენტს რევერანსებს უკეთებს ალეკო ელისაშვილიც). ასე რომ, შესაძლოა ე.წ. მესამე ცენტრი ვიხილოთ უკვე სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ეჭვიანობს მიხეილ სააკაშვილი და თვითონაც წერს ფბ-ში და თავის თანაგუნდელებსაც ალაპარაკებს, რომ რეალურად იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილისა და "ოცნების" დადგმული სპექტაკლია. "ნაცმოძრაობის" თემას ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი ის ვთქვათ, რომ "ოცნების" არ იყოს, როგორც პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მართებს ამომრჩევლისა და საზოგადოდ, საქართველოს მოსახლეობის მეტი პატივისცემა.
ფარცხალაძის საკითხი
პარლამენტის 18 ოქტომბრის სხდომაზე ჯერ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა, მერე კი დეპუტატებმა (უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან) კითხვები დასვეს. პრეზიდენტმა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა. გასაგებია, რომ რეგლამენტი არ ავალდებულებდა სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ, ალბათ, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა. აქვე, სამართლიანობისთვის ვიტყვით, რომ არც უმრავლესობამ გამოიჩინა პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი - როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, უმრავლესობის დეპუტატები კი ფეხზე არ წამოდგნენ. პრინციპში, დეპუტატების კითხვები უფრო პოზიციის დაფიქსირება იყო. თუმცა იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა - ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რატომ შეუწყვიტა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა მაშინ, როდესაც მანამდე აცხადებდა, ფარცხალაძემ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს მოქალაქემო, თან ყოფილ მთავარ პროკურორს მოქალაქეობა შეუწყდა იმპიჩმენტის პროცედურის წინადღეს, რამაც ახალი კონსპირაციული თეორიები დაბადა. ამ კითხვას აუცილებლად სჭირდება სალომე ზურაბიშვილის პასუხი. შეგახსენებთ, რომ ჯერ პრეზიდენტი ითხოვდა, არიქა, სასწრაფოდ მომაწოდეთ დოკუმენტები, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჩამოვართვაო. შემდეგ უარი განაცხადა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მერე გადაიფიქრა და დღეს ფარცხალაძე აღარ არის საქართველოს მოქალაქე.
პრეზიდენტმაც, დეპუტატმაც, მინისტრმაც თუ ნებისმიერმა საჯარო მოხელემაც კარგად უნდა იცოდეს - მონარქები არ არიან და თანამდებობა არ მიუღიათ მემკვიდრეობითობის პრინციპით. ისინი ანგარიშვალდებული არიან საქართველოს მოსახლეობასთან. დიახ, საქართველოს მოსახლეობა, მინიმუმ, იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა ფარცხალაძის მოქალაქეობის ეპოპეის შესახებ განმარტოს თავისი პოზიცია და უთხრას მოქალაქეებს, ამ საქმის თითოეულ ეტაპზე რა მოტივებით ხელმძღვანელობდა. მეტი პატივისცემა საქართველოს მოსახლეობას!
კვიპროსიდან ჭორვილამდე
ამასობაში „"ნაცმოძრაობა" შიდა დრამებით იყო დაკავებული. კერძოდ, ე.წ. ახალი მენეჯმენტი კვიპროსში გადაფრინდა, სადაც კეზერაშვილისგან, სავარაუდოდ, "ჯანსაღი რჩევები" (ვეჭვობთ, რომ არა მარტო რჩევები) მიიღო. გაბუტულ მელიას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პარტიიდან გარიცხავენ, იქით კი სააკაშვილი თავის "ხაზს" ავითარებს. იცით, ალბათ, რომ სააკაშვილს თავისი სპეცწარმომადგენელი ჰყავს სოფო ჯაფარიძის სახით. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სოფო ჯაფარიძემ აქციის გამართვა გადაწყვიტა სოფელ ჭორვილაში. ჭორვილელებმა ის ხალხი, რომელიც ჯაფარიძემ ჩაიყვანა სოფელში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასტუმართმოყვარედ გამოისტუმრეს უკან. საბოლოოდ მივიღეთ მორიგი სახალისო ფეისბუკმემები.
სოფო ჯაფარიძეს არაფერს ვერჩით. პირიქით, როგორც ვიცით, მას, როგორც საკრებულოს დეპუტატს, ბევრი მოქალაქე ემადლიერება ყურადღებისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებში. საინტერესო სხვა რამეა - ნუთუ „"ნაცმოძრაობის" მოქმედი, ყოფილი თუ პოტენციური ლიდერები ვერ ხვდებიან, რომ პარტიის ბოლოდროინდელი საქმიანობა ანეკდოტს დაემსგავსა? აქეთ სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის მისაღებს ხსნის უსააკაშვილოდ - "ვივამედის" კლინიკის ბინადრის როლს მისი ბოტასები და კოსტიუმები ასრულებენ და სიტუაცია მავზოლეუმის პაროდიას ჰგავს. იქით ახალ მენეჯმენტს ეტყობა, რომ აშკარად რცხვენია კეზერაშვილთან ვიზიტების, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მაფიოზის სინონიმია, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვს. ძალიან საინტერესო მომენტია - იმას არ ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი უდანაშაულოა, არამედ ამბობენ, რომ დიახ, "საქართველოს ინტერესებისთვის" ყველასთან ითანამშრომლებენ, მათ შორის კეზერაშვილთან (რეალურად "დონ კეზერა" მათ თვლის თავის თანამშრომლებად, რომლებსაც, თუ ცუდად მოიქცევიან, გააგდებს სამსახურიდან). სულ იქით კი ნიკა მელია ტიკ-ტოკის ვიდეოების ჩაწერით ერთობა და ოხუნჯობს, "პრაიმ ჰაუსში" შევალ, თუ ჩემთან ერთად კობახიძესაც შემოუშვებენო (არადა, ქართული პოლიტიკა დიდი ხანია დაემსგავსა "პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ცუდ ვარიანტს). წარმოიდგინეთ, რა სუსტია ოპოზიცია, რომ ზემოხსენებული პარტია მეორე ადგილზეა ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით. და წარმოიდგინეთ, რა სურათს მივიღებთ პარლამენტში, თუ მხოლოდ ამ პარტიამ და "ოცნებამ" გადალახეს საარჩევნო ბარიერი.
სახიფათო კანონი
სანამ საზოგადოების ყურადღება საიმპიჩმენტო აურზაურზე იყო გადატანილი, პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში. ერთი შეხედვით, ცვლილებებს კეთილშობილური მიზნები აქვს - მედიაში სიძულვილის ენისა და უხამსობის აღკვეთა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო და თავად არანაირი ინტერესი არა აქვს, მაგრამ...
მარტივად ავხსნით - თუ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩათვალა, რომ რომელიღაც მედიასაშუალება სიძულვილის ენით მაუწყებლობს ან უხამსობას ქადაგებს, უფლება აქვს დააჯარიმოს. რა თქმა უნდა, მედიასაშუალებას შეუძლია იდავოს სასამართლოში. ჩვენთან კითხვები რომ არ არსებობდეს კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, პრობლემა არ არის. თუმცა კითხვები არსებობს და შესაბამისად, არის იმის საფრთხე, რომ ხელისუფლებამ (ნებისმიერმა - მოქმედმა თუ მომდევნომ) ეს კანონი გამოიყენოს, რათა კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მედიის მარწუხებში მოქცევა სცადოს. ექსპერტების შეფასებით, კანონი იძლევა ინტერპრეტაციების საშუალებას. ბუნდოვანია, რა იგულისხმება სიძულვილის ენაში. მხარეების ერთმანეთს "პრორუსულს", "მოღალატეს" და "სისხლიანებს" რომ ეძახიან, არის თუ არა ეს სიძულვილის ენა? კომუნიკაციების კომისიამ შესაძლოა ჩათვალოს ეს სიძულვილის ენად და დააჯარიმოს მედია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკოსების ლექსიკას თუ გავითვალისწინებთ (ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც) შესაძლოა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა ტელევიზიის წლიურ ბიუჯეტად დაგიჯდეს. საინტერესოა, რატომ არ გამოიტანეს ეს კანონპროექტი საზოგადოების განსახილველად? ან მედიის წარმომადგენლებს რატომ არ ჰკითხეს აზრი, თუ რას ფიქრობდნენ ამ კანონპროექტზე? ამ კითხვებზე პასუხები აუცილებელია, თუ, რა თქმა უნდა, ევროპის დასანახავად მაინც დემოკრატიულობაზე გვაქვს პრეტენზია.
P.S. ამასობაში პუტინი გამოდის ბირთვული შეთანხმებიდან და იწყებს ატომური იარაღის გამოცდას. იმავეს გააკეთებენ სხვა ატომური სახელმწიფოებიც. მსოფლიოში სიტუაცია დაემსგავსება დენთის კასრზე ასანთით თამაშს.“BBC-მ სტატიაც გამოაქვეყნა სათაურით "90 წამი შუაღამემდე", სადაც წერს, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბირთვული იარაღის ჟღარუნს... მთავარი შანტაჟისტი პუტინია. თუმცა ყველაზე საშიში ჯაჭვური რეაქციებია. არ დაგვავიწყდეს ინდოეთისა და პიკისტანის კონფლიქტიც. ორივეს აქვს ბირთვული იარაღი...
გიორგი კვიტაშვილი