"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას არ გაათავისუფლებს თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი მოქალაქეები არ გააღიზიანოს"
მალე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება, მაგრამ გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არ იქნება ირაკლი ბებუა, რომელსაც 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აფხაზეთის დროშის დაწვის გამო. აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო სახელმწიფო სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დაუთ ხუტაბას თქმით, "გამარჯვების 30-ე წლისთავის დღეს იმ კაცის გათავისუფლება, რომელმაც აფხაზეთის დროშა დაწვა, მკრეხელობაა". ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 სექტემბერს მიიღო დადგენილება "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ", სადაც ჩამოთვლილია, თუ ვის შეეხება ამნისტია. ირაკლი ბებუა ასეთთა რიცხვში ვერ მოხვდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში ბებუასთან ერთად კიდევ 9 პირია. მართალია, სუს-ის უფროსი ამბობს, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ირაკლი ბებუას და, თამუნა ბებუა ამბობს, რომ ირაკლის ქრონიკულ დაავადებებთან ერთად, წელისა და თავის არეში გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავს, ამასთან, უკიდურესად მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას პატიმარი ქართველისთვის, რა ხდება ახლა ოკუპირებულ რეგიონში, ოკუპაციიდან 30 წლის შემდეგ რა პირობებში უწევთ ცხოვრება იქ მყოფ ქართველებს, ამ საკითხებზე კონფლიქტოლოგი, აფხაზეთიდან დევნილი ნუკრი ნოდია გვესაუბრება:
- ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით ირაკლი ბებუას გადმოყვანას, მაგრამ არ ხერხდებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას არ გაათავისუფლებს თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი მოქალაქეები არ გააღიზიანოს.
- შერიგებისა და თანასწორობის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მინისტრობისას მან შეძლო ისეთი 7 ქართველის გათავისუფლება, რომლებსაც, აფხაზების შეფასებით, მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.
- დიახ, ვიცი, ერთ შემთხვევაში ჩვენც დავეხმარეთ, რეკომენდაცია გავუწიეთ. მაშინ შეთანხმება შედგა, პატიმრები გავცვალეთ. ახლაც ასეთი რამ უნდა მოხდეს.
- ლილუაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ბებუას გათავისუფლებისათვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, თუმცა მისი განცხადება დამაიმედებელი არ არის პატიმრის ოჯახისთვის. როგორც ბებუას და ამბობს, უკვე მესამე წელია რაც ინტენსიურ კავშირზე არიან სუს-თან, შერიგების სამინისტროსთან და მუდმივად იღებენ დამაიმედებელ დაპირებებს, თუმცა შედეგი არ ჩანს. რა არის ამ საქმეში მთავარი დაბრკოლება, ბებუაში გასაცვლელი პირი ვერ მოიძია ქართულმა მხარემ?
- სპეციფიკური საკითხია, შეიძლება საჯარო საუბარმა საქმე გააფუჭოს. სხვათა შორის, აფხაზებმა ახლახან თავად მოითხოვეს IPRM-ის ფორმატის აღდგენა. გაგვიჩნდა იმედი, რომ ბებუას საკითხი ამ ფორმატში მოგვარდება.
- ჟენევის ფორმატში რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხის განხილვა?
- ქართულმა მხარემ ჟენევის ფორმატშიც დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ბებუას საქმის მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად IPRM-ის ფორმატი უფრო პროდუქტიულია.
- დანარჩენი პატიმრების შესახებ რა იცით?
- იმედია, დანარჩენებს ამნისტია შეეხებათ.
- თქვენი ინფორმაციით, კონფლიქტის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, რა პირობებში ცხოვრობენ ეთნიკური ქართველები?
- წლებთან ერთად კონფლიქტურ რეგიონებში მძიმდება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური თუ უფლებრივი მდგომარეობა, მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ ჩართულობისა და დეოკუპაციის პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, თუმცა განახლებული სტრატეგიის დოკუმენტებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მისი შეფასება შეუძლებელია. ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ამ დრომდე 2010 წელს შემუშავებულ ჩართულობის სტრატეგიას ეყრდნობა, რომელიც ვეღარ პასუხობს რეგიონში არსებულ ცვლად პოლიტიკურ რეალობას. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე სახელმწიფომ უნდა შემოგვთავაზოს რამდენიმე ალტერნატიული ხედვა. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ერთიანი, პოლიტიკურად და სამართლებრივად შეთანხმებული პოზიციის უქონლობის ერთ-ერთი შედეგი ისიც არის, რომ დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში იმედი დამყარებულია გარეშე ძალებზე (გაერო, აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, მეგობართა ჯგუფი). რა თქმა უნდა, ამ ძალებს უდიდესი ზეგავლენა შეუძლიათ არსებულ ვითარებაზე, მაგრამ კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღები საქართველოშია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია, რომ ის, რაც იყო 1992 წლამდე, ვეღარ აღდგება და საჭიროა ფიქრი, თუ როგორი იქნება საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს მომავალი. პარადოქსია, მაგრამ აფხაზეთის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. არ არსებობს აფხაზთა და ქართველთა თანაცხოვრების მოდელი, ომით ორად გაყოფილი საზოგადოების უფლებების დამცავი მექანიზმები. ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი დაპირებები თუ განცხადებები. შექმნილი ვითარება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს - ერთი მხრივ, აფხაზების თვალში ქართველთა მოსალოდნელი აგრესიისაგან მათ ერთადერთ დამცველად და უსაფრთხოების გარანტიად გამოჩნდეს, მეორე მხრივ კი დაუსაბუთოს დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ საქართველო მზად არ არის კონფლიქტის ცივილიზებულად გადაწყვეტისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მისი მოგვარებისთვის. აქ კი იბადება კითხვა: მაშინ, როცა რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, როგორ აპირებენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას? რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს გეგმა ამ საკითხზე?
- დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს, რომ აფხაზი ხალხი რუსული კულტურის ნაწილად მიიჩნევს თავს. დე ფაქტო მთავრობის ასეთი პოზიცია რამდენად შეესაბამება საზოგადოებრივ განწყობას?
- ნამდვილად არ შეესაბამება. სინამდვილეში აფხაზებს არც რუსული კულტურის ნაწილად მიაჩნიათ თავი და არც რუსეთის საზღვაო ძალების განლაგებას მიესალმებიან ოჩამჩირეში. კარგად იციან, რომ რუსებისგან ისინი განწირული არიან. სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიდის აფხაზი ხალხის ასიმილაცია როგორც რუსეთის, ისე სომხების მხრიდან. ძალიან დიდია სიკვდილიანობა და ძალიან შემცირებულია შობადობა. შეიძლება ითქვას, ეს ეთნოსი უკვე გადაშენების პირას არის და გამოსავალიც არ ჩანს. ასეთ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების დაფიქსირებული სწორი პოზიცია.
ხათუნა ბახტურიძე