გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ პუტინი?! - კვირის პალიტრა

გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ პუტინი?!

18 ოქტომბერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი CTBT-ის (ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების) რატიფიკაციის გაუქმების შესახებ. ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებიდან გამოსვლის ინიციატივა ოქტომბრის დამდეგს პუტინმა წამოაყენა და განა­ცხადა, რომ ეს იქნება აშშ-ის პოზიციის "ანარეკლი". ცნობისთვის, აშშ იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ­ არასოდეს მოუხდენიათ რატიფიცირება. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა დასავლეთის კომენტარები, რომ რუსეთი ვითარების ესკალაციას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ 19 ოქტომბერს სახელ­მწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან რეგიონში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე ილაპარაკა. მისი თქმით, თუ ქვეყანა დადგება ამ საფრთხის წინაშე, თავშესაფრები არ გვიშველის, ამიტომ "ჭკვიანად უნდა ვიყოთ". ცხადია, თუკი მსოფლიოში ატომური საფრთხე შეიქმნება, ჩვენ "ჭკვიანად ყოფნა"­ ვერ გვიშველის და სწორედ თავშესაფრები გაზრდიდა ჩვენი გადარჩენის შანსს... რამდენად რეალურია ატომური საფრთხე, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელს გიორგი რუხაძესა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ.

გიორგი რუხაძე:

- ამ შემთხვევაში­ ლაპარაკია არა ბირთვული იარაღის გამო­ყენებაზე, არამედ გამოცდაზე. რუსეთი ბირთვულ იარაღს ისედაც ცდიდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ხვალ-ზეგ უფრო ნაკლებად გამოცდის - ბირთვული იარაღი რომ გამოცადო, უნდა შექმნა რაღაც ახალი, საამისო ფული ან სხვა რესურსი რუსეთს დღეს არა აქვს, ამიტომ განსაკუთრებით ქართული პერსპექტივიდან ამ საკითხზე არ დავფიქრდებოდი, რადგან ჩვენთვის უფრო საშიში სხვა რამ არის, ვიდრე ბირთვული იარა­ღის გამოცდა. რომც გამოცადონ, თბილისში ხომ არ გამოცდიან, ალბათ, სადღაც ოკეანის სიღრმეში ან სადმე უდაბნოში. ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ.

- მსოფლიო უსაფრთხოებისთვის­ თუ ზრდის საფრთხეს?

- არა, ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს და არც ყოფილა ამაზე მსოფლიო გამოხმაურება. რუსეთი თუ რამეს აპირებდა, აქამდე გააკეთებდა. წელიწად-ნახევარია უკრაინას ეომება და ნელ-ნელა უკან იხევს, თუ რამის სროლა უნდოდა, აქამდე იზამდა.

- რუსეთი რომ აგებს, ეს ატომური იარაღის გამოყენების რისკებს არ ზრდის?

- ბირთვული იარაღის გამოყენება ასე მარტივად არ ხდება, "ჰამასის" რაკეტა ხომ არ არის, რომელიღაც შენობას ესროლო? შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რაც გაანადგურებს ათობით ქალაქს და მერე ქარი ან მდინარე სად წაიღებს, კაცმა არ იცის. ეს დაემუქრება თავად რუსეთის ტერიტორიასაც. ბირთვული იარაღის გამოყენებისას დაფარვის არეალის გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და შეიძლება ისეთივე ზარალი მოუტანოს რუსეთს, როგორიც უკრაინას. უფრო მსხვილი მასშტაბის აფეთქება გლობალური კატასტროფა იქნება და, თუ ვინმე ისე გაგიჟდა, რომ დედამიწის დანგრევა დააპირა, რა გითხრათ? მეორე მხრივ, როგორც კი რუსეთი დააპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამას პასუხი უმალ მოჰყვება, მსოფლიოში სხვა ბირთვული სახელმწიფოებიც არიან. გარდა ამისა, ვიდრე გამოიყენებს, ბირთვული სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები გულზე ხელდაკრეფილი ხომ არ ისხდებიან, დაუყოვნებლივ იქნება პრევენციული მოქმედებები. თუ რუსეთი მზად არის თვითგანადგურებისთვის, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია.

- ამ გადაწყვეტილებით რისი ჩვენება­ სურდათ?

- ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მუქარაა­ და მეტი არაფერი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე გადაწყვეტილება მხოლოდ შანტაჟს ისახავდა მიზნად და მგონი, ესეც ამ სერიიდანაა, მიზანი კი, სავარაუდოდ, ის არის, რომ შეწყვიტონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მხარდაჭერა და ა.შ. ზუსტი პასუხი მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების მიმღებებმა იციან, მით უმეტეს, რომ საუბარია გამოცდაზე, რომლის თავი, როგორც გითხარით, რუსეთს დღეს არა აქვს. უბრალოდ, კრემლი მსოფლიოს ახსენებს, ჯერ კიდევ რაღაც შეგვიძლია და ჯობია მოგვისმინოთო... თუკი ამას დავუკავშირებთ ლილუაშვილის განცხადებას, რომ თურმე საქართველო ჭკვიანად უნდა იყოს, რადგან თავშესაფრები არ გვიშველის, სასაცილოა. ბირთვული საფრთხის შექმნა საქართველოზე არ არის დამოკიდებული და ჭკვიანად ვიქნებით თუ გავგიჟდებით, სულ რომ ხვალ დავესხათ რუსეთს თავს, ეს ვერ გამოიწვევს ბირთვულ აფეთქებას. თუ ბირთვული საფრთხე მართლაც შეიქმნება, მაშინ ერთადერთი მცირე შანსი მაინც თავშესაფარია და ჭკვიანად ყოფნა ვერ გვიშველის.

გიორგი კობერიძე: - ეს ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია, ვერბალური საკანონმდებლო სიგნალები დასავლეთისთვის, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო თამამი და ხისტი ხდება, რაც დასავლეთისთვის სიახლე არ არის. მედვედევმა ამ ხნის განმავლობაში ოცდაათჯერ მაინც ილაპარაკა ატომური იარაღის გამოყენებაზე და დასავლეთი უკვე მიეჩვია რუსების მუქარას. ამ ყველაფერს განსაკუთრებული შედეგები, ალბათ, არ მოჰყვება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა კიდევ გააგრძელოს ეს პროცესი და მსგავსი შეთანხმებებიდან გამოვიდეს, რაც დასავლეთს ადარდებს. "ცივი ომისეული" ეტაპი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ხანგრძლივ პერსპექტივას, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მართლა სადმე გამოცადოს ბირთვული შეიარაღება, ვგულისხმობ ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას, გადაიღოს ამ გამოცდის ვიდეოები და გაავრცელოს, რათა მეტი შიში დათესოს, მაგრამ რუსეთის ქმედებები პროგნოზირებადი გახდა და აღარ არის ისეთი, როგორიც თავიდან ჩანდა. დასავლეთში თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რუსეთი ხვალ რას მოიმოქმედებდა, მაგრამ მათი ყოველი ნაბიჯი დღეს უკვე თვალნათელია და მათი რიტორიკის გახისტებაც აღარავის აშინებს.

- თუკი რუსეთს ომში დამარცხების საფრთხე შეექმნება და თავს კედელთან მიყენებულად იგრძნობს, ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება რამდენად რეალურია?

- ეს საფრთხე მინიმალურია. რუსეთის ხელისუფლებაში სხედან მკვლელები, მაგრამ არა თვითმკვლელები. მათ არ სურთ ისეთი პრეცედენტის შექმნა, სადაც თავდასხმით ომში ატომური იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ატომური ბომბი გამოიყენეს მხოლოდ ერთხელ და ისიც თავდაცვით და არა თავდასხმით ომში. თავდასხმით ომში ამ იარაღის გამოყენება დასავლეთს მიაყენებს კედელთან და მას სხვა გზა აღარ ექნება, რომ ან უშუალოდ ჩაერიოს ამ ომში, ან მწვანე შუქი აუნთოს უკრაინას, რათა ომი გადავიდეს სხვა მასშტაბზე, რუსეთის ტერიტორიაზე და მოიხსნას აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა შეიარაღებაზე. ეს უპირველესად რუსეთს დააზარალებს და, რა თქმა უნდა, უკრაინასაც. თუმცა იმას, რომ რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღის საჩვენებელი გამოცდა­ გამართოს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მეტიც, პირიქითაც მგონია. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბირთვულ იარაღს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - რეალურად თავდაცვის იარაღია და მისი მფლობელი გამოიყენებს, თუკი მის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე.

ბირთვული იარაღის შეტევითი პოტენციალი ძალიან მცირეა. ეს სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ დარტყმის ადგილი დროებით გაუვალი იქნება, როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე გამომყენებლისთვის. თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებ ქალაქის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მასშტაბი დამანგრეველი იქნება და რუსეთის ხელისუფლება მთელი მსოფილოს სამიზნე გახდება. ამიტომ მეეჭვება, ეს გააზრებული არ ჰქონდეს კრემლს, უბრალოდ, ჰგონიათ, ამით დასავლეთს დააშინებენ.

რუსა მაჩაიძე