წინასწარ მომზადებული შეიარაღებული პროვოკაციებით დიდ ომებში შეტყუება ახლა ისრაელს ემუქრება... - კვირის პალიტრა

წინასწარ მომზადებული შეიარაღებული პროვოკაციებით დიდ ომებში შეტყუება ახლა ისრაელს ემუქრება...

მთელი მსოფლიო ორი კვირაა (სტატიის დაწერის მომენტისთვის) მოუთმენლად ელოდებოდა, თუ როდის დაიწყებდა ისრაელი ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას "ჰამასის" 7 ოქტომბრის სადივერსიო-ტერორისტული ქმედებების შურის საძიებლად, მაგრამ 21 ოქტომბრისთვის "ცახალი" ჯერ კიდევ არ იყო შეჭრილი ღაზის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობთ მებრძოლი და ათასობით ჯავშანტექნიკა მიაყენა მის საზღვარს.

რატომ ითრევს ფეხს ისრაელის მთავრობა, როდესაც "ჰამასის" სისხლიანი თავდასხმის შემდეგ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შურისძიება დაუყოვნებელი და დაუნდობელი იქნებოდა? ამის ახსნა შეიძლება მოვძებნოთ თელ-ავივში რამდენიმე საათით ჩაფრენილი აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის წარმოთქმულ სიტყვებში, როდესაც მან ისრაელისთვის აშშ-ის სრული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის დაპირების შემდეგ, ასეთი რჩევაც გაახმოვანა - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ განრისხებულმა ამერიკელებმა ბევ­რი შეცდომა ჩავიდინეთ და თქვენც მოთოკეთ რისხვა, რათა შურისძიების სურვილით შეპყრობილებმა ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთო...

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელების დიდ შეცდომად ის იგულისხმა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებისთვის პასუხსაგებად და ოსამა ბინ ლადენის მოსაძებნად ავღანეთში თავდაპირველად ამერიკელი სპეცრაზმელების მცირერიცხოვანი ჯგუფი გაგზავნეს, რაც საბოლოოდ თალიბებთან ოცწლიან ომად გადაიქცა, რითაც ამერიკამ და კოალიციის ბევრმა სხვა ქვეყანამაც ბევრი რამ დაკარგეს.

ახლაც "ცახალის" მიერ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, დიდი ალბათობით, შეიძლება გადაიზარდოს ისრაელ-არაბეთის მორიგ დიდ ომში და ისრაელს ბრძოლა ერთდროულად ოთხ-ხუთ ფრონტზეც კი მოუწევს, რაც ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოს, მიუხედავად მისი სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერისა, უკიდურესად ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. შეიძლება თვით ისრაელის არსებობა-არარსებობამდეც კი მივიდეს საქმე, რომლის დროსაც თელ-ავივი ხელთ არსებული ბირთვული არსენალის მეზობელი და არცთუ მეზობელი მტრული ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებაზეც აღარ დაიხევს უკან.

მაგრამ ვის უნდა ეს? თავად ისრაელს, აშშ-სა და ევროპას ნამდვილად არა, სამაგიეროდ, მის დამარცხებაზე და რუკიდან როგორც სახელმწიფოს გაქრობაზე ათწლეულებია ოცნებობენ პალესტინელები, არაბული სამყაროს უდიდესი ნაწილი და, ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველი ძალა. უფრო მეტიც, უფრო და უფრო ანტიისრაელურ პოზიციას იკავებენ ოსმალეთის შთამომავლები ანკარაშიც. გარდა ამისა, არის ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე, რომელსაც დღეს ჰაერივით სჭირდება ღაზის სექტორში შეიარაღებული კონფლიქტის გადაზრდა ფართომასშტაბიან ისრაელ-არაბეთის მორიგ ომში და ეს რუსეთია. ის რუსეთი, რომელსაც უკრაინასთან მისდა მოულოდნელად ომი ძალიან გაუგრძელდა. არადა, კრემლში ბლიცკრიგით გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებული.

ისრაელის დიდ ომში ჩათრევა რუსეთისთვის ნიშნავს დასავლეთისა და უპირველესად აშშ-ის ყურადღებისა და სამხედრო დახმარებების გადართვას უკრაინიდან ისრაელზე, რაც პუტინის რეჟიმს შედარებით გაუადვილებს უკრაინელებთან ომს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ შემუშავებულია მოქმედებების სპეციალური მექანიზმი, როდესაც იგეგმება და ხდება კიდეც შეიარაღებული თუ ტერორისტული პროვოკაცია, რომლისთვისაც განრისხებული მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად გაგცემს პასუხს, მოხდება კონფლიქტის ესკალაცია და ის გადაიზრდება დიდ და ხანგრძლივ ომში, რაც იყო კიდეც დაგეგმილი.

ამაში ახალი არც არაფერია და ეტყობა, საუკუნეების განმავლობაში ასეც ხდებოდა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნიშანდობლივ მაგალითს მოვიყვანთ.

1964 წლის აგვისტოში სამხრეთ-ჩინეთის ზღვის ტონკინის ყურეში საზღვაო ინციდენტი მოხდა - იქ მოდრეიფე ამერიკულ სადაზვერვო ხომალდს კომუნისტური ჩრდილოეთ ვიეტნამის სამი კატარღა დიდი სიჩქარით მიუახლოვდა და ამერიკელების გამაფრთხილებელ ცეცხლს ტორპედოების გაშვებით უპასუხა. მართალია, ტორპედოები ასცდა ამერიკულ ხომალდს, მაგრამ განრისხებულმა პრეზიდენტმა ჯონსონმა საპასუხოდ ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპიროს დაბომბვის ბრძანება გასცა და... აშშ 1973 წლამდე ვიეტნამის ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რაც 58 ათასი ამერიკელის სიცოცხლედ დაუჯდა.

იყო თუ არა საბჭოთა სპეცსამსახურების კვალი იმაში, რომ კომუნისტი ვიეტნამელების კატარღებმა ტორპედოების გაშვებით გამოიწვიეს ამერიკელები?

გადის 16 წელი და 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი ავღანეთის ოკუპაციას იწყებს, რაც 1989 წლამდე გაგრძელდა და მილიონზე მეტი ავღანელის სიცოცხლე შეიწირა. სამაგიეროდ, სწორედ ავღანეთის ომმა დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დაშლა, რაც ამერიკელებმა უდიდეს გამარჯვებად მიითვალეს, რადგან... სწორედ მათმა სპეცსამსახურებმა "წამოიკიდეს" კრემლის მაშინდელი მხცოვანი მმართველები "საუკუნის ბლეფზე" - თითქოს ამერიკა ავღანეთში აპირებდა სამხედრო ბაზების გახსნას და იქიდან ბირთვულქობინიანი რაკეტების საბჭოთა კავშირისთვის დამიზნებას. მოსკოვმა კი თავის ჭკუაში დაასწრო ამერიკელებს და თავად შეტოპა ავღანეთის ომის ჭაობში.

ორმხრივ "ომებში შეტყუება" ამით როდი დასრულდა - 2001 წლის 11 სექტემბერი, საშინელი ტერაქტები და განრისხებული ამერიკელები ავღანეთში სხდებიან მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტის, ბინ ლადენისთვის "პასუხის მოსათხოვად", ეს საბოლოოდ ოც წელიწადს გრძელდება და ბოლოს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთიდან სასწრაფო ევაკუაციით მთავრდება.

ურევია თუ არა რუსული სპეცსამსახურების ხელი თითქოსდა მხოლოდ საუდის არაბეთის მიერ მოწყობილ 11 სექტემბრის ტერაქტების მომზადებაში? რუსეთს მაშინ ჩეჩნეთში მეორე ომი ჰქონდა. კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩეჩნეთის პრობლემები მათ ქვეყანას სწორედ ამერიკელებმა მოახვიეს თავს. ამიტომაც იქნებ სამაგიეროს გადახდაზეც ფიქრობდნენ ისეთი გრანდიოზული ტერაქტებით, ამერიკელებს რომ საშინლად განარისხებდა, რათა მათ ცხელ გულზე ბინ ლადენის ძებნის გარდა მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები. შედეგად, ის რესურსები, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას უნდა მოხმარებოდა, ავღანეთის უძირო ხვრელში გაუჩინარდა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პროვოცირება აშშ-ს ვერ დაჰბრალდება, რადგან ეს თავად კრემლის გადაწყვეტილება იყო. თუმცა უკრაინისთვის ამხელა ამერიკული სამხედრო დახმარება პუტინისთვის ნამდვილად დიდ კატასტროფად გადაიქცა.

ისე, ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, განა რა იყო 1992 წლის გაზაფხულზე რუსეთიდან საქართველოში შემოსული სომხეთისთვის განკუთვნილი სარკინიგზო ტვირთების მასობრივი ძარცვა აფხაზეთის მონაკვეთზე, რისი აღკვეთაც ფორმალურ საბაბად იქცა ქართული გვარდიისა და პოლიციის აფხაზეთისკენ დასაძრავად? განა ეს არ იყო წინასწარ გათვლილი პროვოკაცია, რომ ქართველების საპასუხო ნაბიჯი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება იქნებოდა, რაც შემდგომში უკვე სრულფასოვან ომში გადაიზრდებოდა?

ან რა უნდა დაერქვას 1998 წლის გალის მოვლენებს, რომელთა ინიციატორად მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მიერ გალის რაიონში გამართული მარულა იქცა, რასაც აფხაზი სეპარატისტების სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა გალის ქართულ სოფლებში და ქართული შინაგანი ჯარიც შევიდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ქართველების დაცვის მოტივით.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასაც ხომ წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების წინასწარგანზრახვით დაცხრილვა და ქართველი მშვიდობისმყოფელების დახოცვა, რასაც ქართული არმიის საპასუხო ქმედებები მოჰყვა და ეს ყველაფერი მაშინვე რუსულ-ქართულ ომში გადაიზარდა.

ანალოგიური მექანიზმი თავისი ინტერესებისთვის ძალზე წარმატებით გამოიყენა აზერბაიჯანმა ჯერ 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც მცირე პროვოკაციის ხელზე დახვევით წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი და მიაღწია თავისი ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი ნაწილის აღდგენას, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში, ასევე კონკრეტული ინციდენტის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე მისი მოქალაქეების აფეთქების გამო საბოლოოდ დაასრულა ყარაბაღზე დე ფაქტო იურისდიქციის აღდგენა.

დღეს ისრაელი დიდი არჩევანის წინაშე დგას - გააგრძელოს ინტენსიური და დაუნდობელი საჰაერო დაბომბვები ღაზის სექტორში და ამას დასჯერდეს, თუ მაინც წამოიწყოს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო სახმელეთო ოპერაცია, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით გადაიზრდება ისრაელ-არაბეთის მორიგ დიდ ომში. ამან კი ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას, რადგან მის წინააღმდეგ თითქმის მთელი მუსლიმანური სამყაროა მობილიზებული.

p.s. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა: "ჯერ კიდევ თებერვლის დასასრულიდან და მარტის დასაწყისიდან, როდესაც ჩვენთან აგრესია დაიწყო, მე ვამბობდი: ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, მაშინ უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ამ საკითხს, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა. ისინი თვლიან, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც რუსებზე გავიმარჯვებთ, მაშინ ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს", - დანილოვის მოსაზრების შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია, თუმცა ერთგვარად მასაც ასდის პროვოკაციის სუნი.

ირაკლი ალადაშვილი