ამინისტია თუ... ის, რაც შენია, დაკარგულია?! - კვირის პალიტრა

ამინისტია თუ... ის, რაც შენია, დაკარგულია?!

პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონზე მსჯელობენ, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის შეთავაზებას იმ კონკრეტული პირებისათვის, ვისაც დანაშაულებრივი გზით აქვთ საკუთრების უფლება მოპოვებული სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ამისთვის კი მათ კონკრეტული პირობების შესრულება მოუწევთ. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლზე - 180-ე (თაღლითობა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ცვლილების მიხედვით, თუ ამ ორი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაისაკუთრეს სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი და ეს დანაშაულებრივი ფაქტი 2023 წლის 1-ლ სექტემბრამდე მოხდა, სახელმწიფო კანონის დამრღვევებს სთავაზობს გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, ოღონდ საჭირო იქნება, ამ პირებმა 2024 წლის სექტემბრამდე სრულად აანაზღაურონ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი.ზიანი ანაზღაურებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთს, რომლის უკან დაბრუნება შესაძლებელია, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს მიწის საბაზრო ღირებულება. თუ პირი ამ პირობებს დაეთანხმება - დათმობს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას ან თანხას გადაიხდის, მის მიმართ ამნისტიის აქტი განხორციელდება. სიახლე არ გავრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმებზე, ან პირებზე, რომლებიც უკვე 2023 წლის 1-ლ სექტემბრის შემდეგ აღნიშნული გზით მოიპოვებენ მიწის ნაკვეთს. კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით არის მომზადებული და პარლამენტმაც პირველი მოსმენით მიიღო 85 ხმით. გადაჭრის თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებულ თუნდაც საკუთრების უფლების პრობლემებს ეს ინიციატივა, ან საერთოდ, რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.

- სასოფლო-სამეურნეო მიწის მითვისების ფაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ ხდება რაღაც დიდ ფართობებზე და ძირითადად ე.წ. მომიჯნავე მიწების მიერთებაზეა საუბარი. ამის გარდა, არსებობს ისეთი ფართობები, რომლებიც მოსახლეობას დამტკიცებული ჰქონდა სახელმწიფოს მიერ და დამტკიცების პროცესი განსაკუთრებით ბოლო არჩევნების დროს გააქტიურდა. იყო ისეთი მამაპაპეული ნაკვეთები, რომლებიც გაფორმებული არ ჰქონდათ - ანუ საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, ან სახლი ედგათ, იქვე რაღაც მოჰყავდათ და სახელმწიფომ მათ ეს ნაკვეთები დაუმტკიცა ბოლო არჩევნების დროს. ასევე არის ნაკვეთები, რომლებიც წინა არჩევნების პერიოდშია დამტკიცებული და სხვ. ახლა კი რატომღაც ამ დამტკიცებულ ნაკვეთებზე ედავებიან, სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ და აი, ახლა უკვე ამნისტიასაც ჰპირდებიან.

ამ დროს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ეკისრება იმ პირს, ვინც საბუთები შეიტანა მის მფლობელობაში არსებული მიწის რეგისტრაციისთვის, და არა საჯარო რეესტრის იმ სტრუქტურას, რომელიც საკუთრებას არეგისტრირებს. ეს რამდენად სამართლიანია, ცალკე პრობლემაა და შესწავლა სჭირდება. რატომ ითვლება თაღლითობით მისაკუთრებულად ის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დამტკიცებული? და მისაკუთრებული თუ იყო, სახელმწიფომ რატომ დაარეგისტრირა, ახლა რომ ედავებიან?

მეორე, თუ ის პირი, ვინც მიმთვისებლად ჩათვალეს, სოფლად ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევს, საბაზრო ფასით მისი დაჯარიმება არასწორია.შეცდომები გადასანაწილებელია იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვინც ამას არეგისტრირებს, და მოსახლეობას შორის, თუ მართლაც მიტაცებით დაისაკუთრა. ყოველივე ამას ამ კუთხით უნდა შეხედვა. ამნისტია ნიშნავს გათავისუფლებას და არა რაღაცის გადახდევინებას. თუ ფულს იხდის, რაღა ამნისტიაა?

მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც არის ნაკვეთები, რომლებიც ისტორიულად ამ ადამიანების წინაპრების იყო. მიწათსარგებლობა და მიწათმფლობელობა მარტო საჯარო რეესტრში ჩანაწერი ხომ არ არის? ეს ამავე დროს არის ისტორიული მეხსიერება ოჯახის, გვარის, თემის და ა.შ. და ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ამგვარი საკითხების განხილვის დროს, მით უმეტეს, დღეს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ისედაც ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს.

- წარმოების პრობლემები უკავშირდება მფლობელობისა და მით უმეტეს, უკანონო მფლობელობის საკითხს?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სამ თვესაც არ გვყოფნის და ამავე დროს, გვაქვს სოფლად შრომითი რესურსების ძალიან დიდი ნაკლებობა. სოფლად დასაქმებულია მოსახლეობის 18%, რიცხობრივად დაახლოებით 247 ათასი კაცი, მაშინ როცა ჩვენ, მინიმუმ, 280 ათასი და საშუალოდ, 300 ათასი კაცის დასაქმება გვჭირდება იმ პირობებში, როდესაც არა გვაქვს ინდუსტრიული ანუ ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობა. ამასთან, გვაქვს ურთულესი ვერტიკალური ზონალობა და დემოგრაფიულად დაცარიელებული სოფლები. ასეთ დროს კი ღვთის მადლით ვიღაც რომ ამუშავებს მიწას და იმას ეუბნები, უნდა წაგართვა და თან თუ არ გინდა დაგიჭირო, ფული გადამიხადეო, სწორია? მით უმეტეს, ეს ფართობები დათვლილიც კი არ არის, მიწის ბალანსი არ არის გაკეთებული. ამასთან, ეს კეთდება მაშინ, როდესაც მოსახლეობას არა აქვს რეგისტრირებული ის ნაკვეთები, რომლებიც მათ სხვადასხვა დროს რეფორმის ხარჯზე გადაეცათ და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ცოტა სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო, ნდობა უნდა გამოეცხადებინათ თემებისთვის, სოფლებისთვის და ადგილზე შექმნილი კომისიებისთვის, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, ვინ რას ფლობს კანონიერად და ვინ უკანონოდ. რა იცის ეს მიწის მართვის სამსახურმა, რომელიც აგერ, თბილისის ცენტრში ზის და იქ საერთოდ ნამყოფიც კი არაა, ან საჯარო რეესტრმა?

- თქვენი შეფასებით, ახლა რისთვის დასჭირდათ ამის გაკეთება, მით უმეტეს, როგორც ამბობთ, ამით პრობლემა ვერ მოგვარდება?

- როგორც ჩანს, მთავრობას სურს რამე ჩაეთვალოს გაკეთებულად. ჩემი დაკვირვებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ ხმა აიმაღლა იაგო ხვიჩიამ, რომელიც ადგილზე გაეცნო ამ პრობლემებს და მოგვარებას ითხოვს. როგორც ჩანს, ახლა ამის საპირწონედ ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, რათა აჩვენონ, თითქოს მოსახლეობაზე ზრუნავენ. მაგრამ ვიმეორებ, ეს რა ზრუნვაა? მიწა ისეთი საკითხია, მოსახლეობა არ გაჩერდება და ქუჩაში გამოვა. ქართველი კაცი არანაირ სოციალურ პრობლემაზე ხმას არ იღებს, მაგრამ მიწა ისეთი თემაა, რომლის გამოც ის ხმას აიმაღლებს.ისტორიული მაგალითი გავიხსენოთ - ქართველი გლეხი თავის პატარა მამულს, თავის საკარმიდამოს, მისი დიდი სამშობლოს, საქართველოს სახელით იცავდა და პირიქით. აი, ასეთი ორგანული კავშირი იყო. ბახტრიონის აჯანყება სწორედ მიწის გამო მოხდა, რადგან მიწაზე ოსმალური კანონი შემოიტანეს და ეს ქართველმა კაცმა არ მოითმინა, მღვდლის შეურაცხყოფა საბაბი იყო. ამიტომ ვამბობ, რომ მიწის პრობლემებს კვალიფიციური ხედვა სჭირდება, რადგან ძალიან ფაქიზი საკითხია. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც მიხვდნენ, რომ მიწის გამო რეალურად კონფლიქტია და მოგვარება ასე გადაწყვიტეს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ვინც ამას აკეთებს, მიწის მართვის სამსახურში, პროფესიონალები და სპეციალისტები არ მუშაობენ. 2007 წელს მიწის მართვის სპეციალობა რომ გაუქმდა, მას შემდეგ კადრები არ მომზადებულა. დღეს მიწის ფართობების დაზუსტებული მონაცემებიც არა გვაქვს, არ ვიცით, როგორ იცვლება მუნიციპალიტეტებს შორის და ა.შ. ამიტომ ძალიან მაინტერესებს, ეკონომიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროები განვითარების პარამეტრებს როგორ გეგმავენ, როდესაც არ იციან, რამდენია სახნავი, რამდენი საძოვარი, რამდენია სავარგულებით დაკავებული და ა.შ. ახლა ამბობენ, ვმუშაობთო, და ამას გააკეთებენ 60 კაცით, მაშინ, როცა 4 წლის განმავლობაში 13 სოფლის სისტემური რეგისტრაცია ვერ გააკეთეს? ჩვენი საჯარო რეესტრი წელიწადში 50 ათასზე მეტს ვერ ატარებს და მხოლოდ სოფლად 1 მილიონ 200 ათას კაცზე მეტს აქვს მიწა დასარეგისტრირებელი. ეს არის პრობლემა - როცა ეს არა გაქვს გაკეთებული, მიწის რეგისტრაცია არ მომხდარა, პრობლემა ამნისტიით როგორ უნდა მოაგვარო, თორემ თავისთავად ღონისძიება სწორია. ღონისძიებების რიგითობაა არეული და ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება და ეფექტური ვერ იქნება.

- თუკი ეს ხალხი იძულებული გახდება, რომ პასუხისმგებლობის შიშით მიწები დააბრუნოს, რეალურად ეს ხომ დანაწევრებული ფართობები იქნება, რადგან საუბარია იმაზე, რომ მიწების ასე მითვისება თუ უკანონოდ დამუშავება ხდება მათ საკუთრებასთან არსებულ რაღაც პატარ-პატარა ფართობებზე. მაშინ ასე მცირე ფართობებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ხომ ვეღარ მოიხმარს ვერც სახელმწიფო და ასეთი მიდგომა რისთვის სჭირდებათ?

- 1960-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომ გლეხს, რომელიც დასაქმებულია კოლმეურნეობაში, პირად საკუთრებაში 2500 კვმ მიწაზე მეტი არ უნდა ჰქონოდა, ხოლო საბჭოთა მეურნეობაში მომუშავეს არ უნდა ჰქონოდა 1500 კვმ-ზე მეტი. ვისაც მეტი ჰქონდა, წაართვეს. ამას ჰქვია "ჩამონაჭერი მიწები", რომელთა საერთო ფართობმა 36 ათასი ჰექტარი შეადგინა და აგრარული ბალანსის ფორმირებაში არ მონაწილეობდნენ. კაციშვილმა არ იცოდა, ვინ იყო მისი პატრონი, მიგდებული იყო, ან არაფერი არ იწარმოებოდა, ან იწარმოებოდა პარტიზანულად და რეალურად ამდენი მიწა ტყუილუბრალოდ ცდებოდა. ეს თქვენი კითხვის პასუხად, რადგან გვაქვს მაგალითი, ჩამონაჭრების წართმევას რა მოჰყვება და ეს მაშინ, როცა, როგორც ვთქვით, ისედაც პრობლემები გვაქვს სოფლის მეურნეობის წარმოებაში.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება ამ მიწებისთვის სტატუსის შეცვლას ფიქრობს, რათა მერე გაყიდვა გაუმარტივდეს?

- ჩემი და ჩემი მეგობრების ბრძოლის შედეგი იყო, რომ საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო და სხვათა შორის, მისი დამსახურებაცაა, რომ ჩვენი წინადადება გავიდა და დღეს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით - რომ მას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს და მისი მესაკუთრე შეიძლებს იყოს მხოლოდ სახელმწიფო, ავტონომია, მუნიციპალიტეტი, საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეთა გაერთიანება. მანამდე კი იყო ჩანაწერი, რომ ამ მიწის უცხოელზე გასხვისება შეიძლებოდა. სხვათა შორის, ეს კობახიძის დამსახურებაა, რადგან მაშინდელ მთავრობას სხვა მიდგომა ჰქონდა. მაგრამ ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამას მუდმივად აპროტესტებდა და ამბობდნენ, რომ მიწა უნდა მივყიდოთ უცხოელებს, რადგან ისინი უფრო ეფექტიანად გამოიყენებენო, და რადგან კონსტიტუცია უკრძალავდა, მერე თაღლითური გზებით დაიწყეს მიწების გასხვისება. ამას მიწისთვის კატეგორიის შეცვლით ახერხებდნენ. ამ პრობლემაზე აღარ გავაგრძელებ, რადგან ეს ცალკე დიდი თემაა. ასეთი თაღლითური გზებით ძალიან ბევრი მიწა გაყიდეს, მათ შორის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარბენი ტრასებიც კი. ამაში სხვა უწყებებიც, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გამოვხატეთ პროტესტი ამაზე, მაგრამ უშედეგოდ. ასე რომ, ასეთი განუკითხაობაა ქვეყანაში და სიმართლე გითხრათ, არც იმას გამორიცხავ, რომ ამ ე.წ. დაბრუნებულ მიწებზეც იგივე მოხდეს. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ასე ასხვისებდეს. ყველგან არსებობს კანონი, რომლის თანახმად, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწას კატეგორია ეცვლება, ეს უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აუცილებლობით დასაბუთებული. რაც მთავარია, თუ ასე მოხდა, მაშინვე ამოქმედდება მეორე ნორმა, რომელიც ავალდებულებს, რომ სხვა ადგილას იმავე რაოდენობით მოხდეს მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ათვისება. ჩვენთან კი ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, რამდენს და როგორ უცვლიან კატეგორიებს, ერთი დიდი ბაკქანალიაა.

რუსა მაჩაიძე