დაპირისპირება ევროკავშირში?! - რატომ არ "უყურებდა ზედ" ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელს და როგორ "მოტეხა" ის შეხვედრიდან ჯო ბაიდენმა - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ევროკავშირში?! - რატომ არ "უყურებდა ზედ" ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელს და როგორ "მოტეხა" ის შეხვედრიდან ჯო ბაიდენმა

გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ვაშინგტონში ხედავენ, თუ რამდენად „აწყობილად“ და „ჰარმონიულად“ მუშაობს ევროკავშირის ხელმძღვანელობა“ (ავტორი - სტეფანი ბოლცენი), რომელშიც განხილულია, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობაში არსებული უთანხმოება (კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს შორის), ასევე - აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის პრობლემები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ევროკავშირის სამიტზე ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯო ბაიდენი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და პირადად შეხვდა, ამ დროს კი ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტთან ინდივიდუალურ აუდიენციას მოკლებული იყო. შედეგი: ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გადადებულია.

როგორც ამბობენ, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ჯო ბაიდენს ახლო ურთიერთობები აკავშირებთ. ისინი ერთმანეთს „შენობით" მიმართავენ: „ძვირფასო ჯო“ და „ურსულა“. ევროკომისიის ეროვნებით გერმანელმა თავმჯდომარემ პარასკევს აშშ-ევროკავშირის სამიტი ძალიან ფამილარული მიმართვით დაიწყო - პრინციპში, ეს გასაგებიცაა: ურსულას შვიდი შვილიდან (იგი პროფესიით გინეკოლოგია) ორი ამერიკაში დაიბადა და, შესაბამისად, აშშ-ის მოქალაქეები არიან. ბოლო დროს ფრაუ ურსულა შვილიშვილების - ამერიკის მოქალაქეების „ამაყი ბებიაც“ გახდა. მოკლედ, ევროკავშირის ლიდერის ოჯახიც კი მოწმობს მის მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, მის გვერდით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელიც იჯდა. წარმოშობით ბელგიელი ბევრად ჩამოუვარდებოდა გერმანელ ფრაუს, მას არაფერი ჰქონდა ბელგიურ-ამერიკული, პირადი კავშირების წარმოსაჩენად, ამიტომ შარლ მიშელი „დაიჩაგრა“: ჯომ ურსულა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაასეირნა, მიშელს კი პირადად - „ტეტ-ა-ტეტ“ არც შეხვედრია. იგი მხოლოდ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ იმ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, რომელსაც ევროსაბჭოს საგარეოპოლიტიკური კომისარი ჯოზეპ ბორელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრებოდნენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამოჩენილმა ხაზგასმით განსაკუთრებულმა ურთიერთობამ დამკვირვებლები აიძულა, მათი ყურადღება გაემახვილებინათ სამიტის ფორმატზე, რომელშიც ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეები თანაბარ საფუძველზე მონაწილეობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე რიგ საკითხებში (განსაკუთრებით საგარეოპოლიტიკურში) ევროსაბჭოს თავმჯდომარეს ექვემდებარება, მაგრამ ბოლო დროს მათი ერთობლივი ვიზიტები ერთგვარ შაბლონად იქცა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს, საგარეო პოლიტიკაში თავისი შეხედულებები გაატაროს, ზოგჯერ კი ამ დროს ამლაშებს კიდეც. გასულ კვირას იგი, შარლ მიშელთან შეუთანხმებლად და ჟოზეფ ბორელის (საგარეპოლიტიკური კომისრის!) გარეშე, გაემგზავრა ისრაელში, ყველაფერში მხარი დაუჭირა ისრაელს. მისმა ქცევამ ბრიუსელში მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. თავის მხრივ, შარლ მიშელმა და ჯოზეპ ბორელმა პალესტინელებისადმი დახმარების გაფართოებას მიაღწიეს.

თუ როგორ „აწყობილად“ მუშაობენ ევროკავშირის ლიდერები და რამდენად „ჰარმონიულია“ მათი ურთიერთდამოკიდებულება, ამაში შეიძლება ვაშინგტონური "ქორეოგრაფიის" სხვა წარმოდგენითაც დავრწმუნდეთ: ურსულა ფონ დელ ლაიენი და შარლ მიშელი თეთრ სახლში სხვადასხვა დროს მივიდნენ, თეთრ სახლში მოლაპარაკების დროს ურსულა და მიშელი, მართალია, ერთად ისხდნენ, მაგრამ ერთმანეთს არც დალაპარაკებიან, ურსულას შარლისთვის არც შეუხედავს, მხოლოდ ჯოს უყურებდა. უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ წაიყვანა ვარდების ბაღში ურსულა ჯო ბაიდენმა? რაზე ლაპარაკი სურდა ისე, რომ შარლ მიშელს არ გაეგო? ისე კი, რა დასამალია და ხმები დადის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს, ნატოს გენერალური მდივნის პოსტი 2024 წელს ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიკავოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ეკონომიკური ურთიერთობა „ბუქსაობს“. ყველასათვის ცნობილია, რომ ჯო ბაიდენის მიერ აშშ-ის ეკონომიკის სუბსიდირების პოლიტიკის წყალობით, ევროპულმა კომპანიებმა მრავალმილიარდიანი ზარალი განიცადეს, თუმცა ვაშინგტონის შეხვედრაზე სავაჭრო სიტუაცია „პოზიტიურად და პროგრესულად“ შეფასდა.

ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობაში ბევრი პრობლემაა შექმნილი, რომლებიც განსაკუთრებით „ნედლეულით ვაჭრობას“ ეხება - აშშ თხევად გაზს აწვდის ევროკავშირს, მაგრამ ევროკავშირი, რომელმაც ამერიკას სამაგიეროდ იშვიათი ლითონები უნდა მიაწოდოს, ამას დროულად ვერ ახერხებს. ევროკავშირთან შედარებით უფრო აქტიურად მოქმედებს იაპონია, რომელმაც უკვე გააფორმა კონტრაქტები ამერიკულ კომპანიებთან. პრობლემაა ფოლადთან და ალუმინთან დაკავშირებული ტარიფებიც, რომელთა მოქმედების ვადები 2023 წლის ბოლოს იწურება. ბევრი სავაჭრო დავა, რომლებიც დონალდ ტრამპის მმართველობის დროს წარმოიქმნა, ჯერ კიდევ არაა მოგვარებული.

ასე რომ, აშშ-ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებში ბევრი საკითხი გადასაწყვეტია და თუ შეთანხმებები არ დაიდება, შეიძლება პრობლემები მტკივნეული გახდეს, განსაკუთრებით - გერმანიისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო